თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, შენობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დანგრევის ნაცვლად სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

გადაწყვეტილება სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.

განათლების სამინისტროს პრესრელიზის ცნობით, კომისიის წევრებმა განიხილეს იმ სკოლების საკითხი, რომელთა შენობების მდგომარეობის შესახებ დასკვნები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო.

აღინიშნა, რომ სამინისტრო თითოეულ ასეთ სკოლასთან მიმართებით, შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების მოთხოვნით, მიმართავს ექსპერტიზას და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე.

უწყების განცხადებით, 21-ე სკოლასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.

“ამის შემდეგ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, შენობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის პირობებში, გაგრძელდება. ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

უწყების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში დაიწყებენ. პროცესი ექსპერტების უშუალო ზედამხედველობით წარიმართება, რათა უზრუნველყოფილი იყოს შენობის სრული უსაფრთხოება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულებამდე.

გარდა 21-ე სკოლისა, კომისიის სხდომაზე განიხილეს მისაქციელის საჯარო სკოლის საკითხიც. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის კრიტიკული დაზიანებების გამო, არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს, მოსწავლეები კი სწავლას დროებით ალტერნატიულ სკოლაში გააგრძელებენ.

სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და სხვა ოფიციალური პირები.