კომენტარი

უპასუხო ზარები

1 ივნისი, 2015 • • 1624
უპასუხო ზარები

გავიგე, უახლოეს მომავალში, პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას განიხილავთ. გამიხარდა, არიქა! ვიფიქრე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რამდენიმეწლიანმა ფეთქვამ იმის შესახებ, რომ გართობისთვის ადამიანის დაპატიმრება უსამართლობაა, შედეგი გამოიღო-მეთქი. ვიფიქრე, გაახსენდა სახელმწიფოს ის ათასობით მოქალაქე, რომლებიც არაფრის გამო ჩააყუდეს თავის დამპალ ციხეებში, ადამიანურად მიხვდნენ, რამხელა ბოროტებას ჩადიოდნენ ამ კანონით-მეთქი, მაგრამ ასეთი გულუბრყვილობაც არ ვარგა. შენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ჩემო სახელმწიფოვ, მალევე ქვა, რომ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, არამედ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილიაო. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ, რომელიც უპასუხოდ ტოვებდა საკუთარი მოქალაქეების განწირულ ზარებს არათუ დეკრიმინალიზაციაზე, არამედ კანონის შემსუბუქებაზეც კი, ორ წამში უპასუხა ზარს – ბრიუსელიდან.

 

მერე ცოტა შემრცხვა. რატომ უნდა მეფიქრა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქ და ახლა მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებაზე, წუხილზე დაფიქრდა და გადაწყვეტილებაც შესაბამისად მიიღო? ხომ ზუსტად ვიცით, რომ კოლონიური კომპლექსით შეპყრობილი სოციალურად გულგრილი ჯიპოსნებისთვის ასე თითქმის არასდროს ყოფილა? საქართველოს ხელისუფლებას, ფაქტია, არასდროს ადარდებდა ვინმე. არც მონურ პირობებში სიცოცხლეგამწარებული „დასაქმებულები“, არც 17 მაისს დარბეული ლგბტ აქტივისტები, არც მარიხუანას მოხმარებისთვის გალიაში დამწყვდეულები, არც უმცირესობები და არც უმრავლესობები, არც ურბანული პოლიტიკა, გამწვანება, უჰაერობისგან დამხრჩვალები თუ ტყის ჩეხვით განპირობებული მეწყერისგან წყალწაღებულები. ჩვენ კიდევ მათგან ნახალოვკის ორმოების ამოვსებაზე ფიქრს მოვითხოვთ, რა ცინიზმია?

 

საქართველოს უახლეს ისტორიაში ხალხი, მოქალაქე, არასდროს ყოფილა მიზანი, არამედ ის ყოველთვის ზე-მიზნების მიღწევის საშუალებას, „მასალას“ წარმოადგენდა. ზე-მიზნებისა, რომელიც დიდი ზარებით ისახებოდა. ზარები მოსკოვიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან… ზარები ბოტანიკური ბაღის შუშის სასახლიდან!

 

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ზარის ავტორის და არც მიზნის ავკარგიანობას. მიზანი, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების შესახებ კანონი შემსუბუქდეს, შედარებით კარგია (თუმცა, არა საკმარისი). კარგია ისიც, რომ წელს, 17 მაისს სახელმწიფომ ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოება უზრუნველყო. კარგია შრომის ინსპექციაც, რომელმაც გაუბედურებული „დასაქმებულების“ სამუშაო ყოფის გაადამიანურებაზე უნდა იზრუნოს… მაგრამ ყველა ეს მიზანი იმთავითვე გამოუსადეგარი ხდება, რაკიღა განპირობებულია არა რეალური, აქ და ახლა მცხოვრები ადამიანების საკეთილდღეო საჭიროებებით, არამედ უბრალოდ ზარით – გარედან, გნებავთ, ზემოდან. ყველა ეს მიზანი ისეთივე გამოუსადეგარია, როგორც, მაგალითად, მკვდრადშობილი „ანტიდისკრიმინაციული კანონი”.

 

რამდენიმე დღის წინ ბორჯომში ერთი იქაური მხატვარი გავიცანი. ნახატები, პირადად ჩემთვის, დიდი ვერაფერი, მაგრამ ავტორთან საუბარში ერთმა პასაჟმა შემიქმნა უხერხულობა. როგორც მოგვიყვა, მის ახალგაზრდობაში ერთ ძალიან ცნობილ რუს ხელოვნებათმცოდნეს შეყვარებია მისი შემოქმედება და ნახა რა, რომ მხატვარს სახელოსნოც კი არ ჰქონდა და სამზარეულოში ფარდის მიღმა უწევდა ხატვა, ეს რუსი ქალბატონი ბორჯომის გამგეობას მიადგა თავისი ფავორიტისთვის სახელოსნოს გამოყოფის ინიციატივით. გამგეობამ დაიკიდა, თბილისში გადაამისამართეს. წავიდა ეს ქალი თბილისში და რაღათქმაუნდა თბილისმაც დაიკიდა. ბოლოს ხელოვნებათმცოდნე მოსკოვს მიადგა, შეაწუხა თავისი გავლენიანი ნაცნობები, სავარაუდოდ რომელიღაცა „კულტკომში“ და დაარეკინა მოსკოვიდან თბილისში, ხოლო თბილისიდან – ბორჯომში, იმ კაცისთვის სახელოსნოს გამოყოფის მოთხოვნით.

 

ვისაც საბჭოთა კავშირში გიცხოვრიათ, ალბათ ყველაზე კარგად გამოიცნობთ რა მოხდებოდა: აწრიალდა, აფორიაქდა მთელი გამგეობა, აუტყდათ ერთი ადგილის ცახცახი და სულ მალე მხატვრისთვის მოზრდილი ფართი გამოიყო – დიდი სიყვარულითა და პატივით გადასცეს სახელოსნო.

 

ვისმენდი ამ ამბავს და ჯერ რაღაცნაირი, ეგოისტური სიამოვნებით გავიფიქრე – „ღმერთო, რა კარგია, რომ საბჭოთა კავშირს ვერ მოვესწარი და იმ დამპალ სისტემაში არ მიცხოვრია“. სულ მალე კი სიამოვნება უხერხულობამ შეცვალა – გგონია ახლა სხვაგან ცხოვრობ? ვკითხე ჩემს თავს.

 

რა თქმა უნდა, არა. კანონის მიღება იქნება თუ გაუქმება, ხის დარგვა თუ მოჭრა, ორმოს ამოვსება თუ ამოთხრა, საქართველოში, როგორც კლანური სისტემით მართულ კულტურულ პროვინციაში, ადამიანებისთვის არაფერი წყდება. ისე მარტივად ააფეთქებენ ათასობით წლის წინანდელ ოქროს საბადოს, ისე უტიფრად დაკიდებენ ქალაქის თავზე „პანორამა თბილისის“ საბაგიროებსა და ისე მავნებლურად ჩადგამენ კუბოკრულ კორპუსებს მირზა-შაფის ისტორიულ ქუჩაზე, რომ ვერც გავიგებთ. მთავარია ზარი იყოს, დიდი კაცის ზარი, თუნდაც არა მოსკოვიდან ან ბრიუსელიდან, არამედ ბოტანიკური ბაღიდან. ამ ფონზე, ქალაქისა და მოქალაქეთა ინტერესებისა და საჭიროებების უგულებელყოფის კვალდაკვალ, განსაკუთრებით სიმპტომური და სიმწარემდე სასაცილოა, რომ ზარის ავტორს ბოტანიკური ბაღიდან პირველი მოქალაქე უწოდეს. პირველი და იქნებ, ერთადერთიც?

 

„მიჭირს, გავუგო ადამიანებს, რომლებიც წლებია საქართველოში არ ჩამოსულან“ – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა ქართველი ემიგრანტების შესახებ რამდენიმე დღის წინ. ვერც გაუგებ, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელო, ბატონო პრემიერო, ვერც შენ და ვერც სხვა, ვერავინ, ვინც ზარებს არ პასუხობს, ვერავის ვერაფერს გაუგებს. არც ჩვენ გვესმის თქვენი, რაკიღა, როცა ზარებს არ პასუხობთ, როცა Seen ეწერება და პასუხს არ გვწერთ, ისღა დაგვრჩენია, ვიჩხუბოთ და დავშორდეთ. 

გიორგი კიკონიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი