კომენტარი

წერილი გეებს – ერთი, რაც შეგვიძლია ვქნათ!

20 მაისი, 2015 • • 2373
წერილი გეებს – ერთი, რაც შეგვიძლია ვქნათ!

17 მაისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც სამი-ოთხი წლის წინ თბილისში პატარა და თითქმის შეუმჩნეველი აქციით აღინიშნა, მოგვიანებით თანამედროვე საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად იქცა. არცაა გასაკვირი, ამ დღეს ქვეყნის ღია საზოგადოებრივ რუკაზე „ახალი“ ჯგუფი გავჩნდით – ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები, ანუ იგივე ლგბტ. საზოგადოების უკუნისამდე უხილავი ჯგუფი ბნელი და ობიანი სარდაფიდან – ქალაქის ღია, მზით განათებულ ქუჩებში გამოვედით. ქუჩაში, სადაც სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და სარდაფის ნესტისგან დახურული ფილტვების გასახსნელად ჩვენთვის ადგილი გათვალისწინებული არ ყოფილა. ჰოდა, დაიწყო სივრცისთვის ბრძოლაც. „ჰაერი ყველასია, ძმაო“ – ვთქვით ჩვენ და საზოგადოებაც, რომელსაც თავისი თანამოქალაქეებისთვის ჰაერის განაწილება არ მოუნდა – აჯანყდა!

 

უფრო სწორად, მოდით ვთქვათ, აჯანყდა საზოგადოების პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოძალადე ნაწილი, ის, ვისაც იქამდე უკვე ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული ქვეყნის სოციალური, კულტურული და პოლიტიკური სივრცის სრულ მონოპოლიაზე – ეკლესია!

 

„არა, ჰაერი მხოლოდ ჩვენია“ – თქვეს მათ. ცეცხლი აინთო და თამაშიც დაიწყო.

 

საქმე ისაა, რომ 2013 წლამდე ლგბტ აქტივისტებმა თბილისში არაერთი ღია აქცია გავმართეთ. ზოგი ვაკის პარკში, ზოგი ვარდების მოედანზე, რუსთაველზე, პარლამენტის წინ – აქციები ცისარტყელას დროშებით, ბანერებით, დეკორატიული სანთლებით, მუსიკით. არც ერთ მათგანს ოდნავი კონფლიქტიც კი არ მოჰყოლია. გამვლელ-გამოვლელები სრულიად ინდიფერენტულად მიდი-მოდიოდნენ. შეიძლება ითქვას, არც კი დასჭირვებიათ იმის ახსნა, რომ ჩვენ-ჩვენს წილ ჰაერს ვინაწილებდით. ჩვენი თანამოქალაქეები ისედაც თვლიდნენ, რომ ჰაერი ყველასია, სანამ სივრცის განაწილების ამ პროცესში ეკლესიის სახით მთავარი მონოპოლისტი არ ჩაერთო და შემდეგ მოხდა ის, რაც უკვე ყველამ ვიცით.

 

ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ისევ დადგა 17 მაისი და დადგა ისე, როგორც ალბათ არავინ ელოდა – ქალაქში სამ სხვადასხვა ადგილას ერთდროულად სამი ლგბტ აქცია გაიმართა. რამდენადაც სასიხარულოა ფაქტი, რომ ადამიანებმა ჩვენი საჯარო თვითგამოხატვის უფლება როგორღაც მაინც გამოვიყენეთ, იმდენადვე სევდისმომგვრელი იყო ეს აქციები: ზოგი ხანმოკლე, ზოგი მცირერიცხოვანი, ზოგიც ფერადოვანი ლგბტ სიმბოლიკისგან დაცლილი, შავ-თეთრი და უღიმღამო, პოლიციის კორდონებით გარშემორტყმული, ჩაკეტილი, დაუანონსებელი, საჯარო სივრცეშივე დახურული და პრივატული. აქციების ასეთი ფორმის მიზეზი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო. თუმცა არის რაღაც, რაც მე ამ აქციებში მომეწონა – არასიმულანტური ბუნებრივობა – შეკრება იყო ზუსტად ისეთი, როგორიც არის რიგითი გეის ცხოვრება საქართველოში დღეს – ფარული, ჩაკეტილი, მარტოსული და სევდიანი.

 

სევდიანია ცხოვრება ადამიანისა, რომელიც თან არსებობს, თან არც. მარტოსული ხარ, როცა შენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები, კოლეგები – არავინ შენ გარშემო არ არის შენი ნამდვილი დარდის ან სიხარულის გამზიარებელი. ხარ გეი და გიყვარს ბიჭი, ან, ხარ გოგო და გიყვარს გოგო და, როგორც სოციალურ არსებას, გინდა შენი უახლოესი მეგობრები შენი ცხოვრების გამზიარებლები იყვნენ, ზუსტად ისე, როგორც შენი ჰეტეროსექსუალი მეგობრის ცხოვრებას, თავისი დარდითა და სიხარულით, ტრაგედიებითა თუ სიყვარულით იზიარებენ სხვები. არავინ შენ გარშემო არ არის შენი თუნდაც ყველაზე ყოფითი ფიქრების მოქომაგე. ასე ხდება იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა შენ შესახებ, უბრალოდ, არ იციან.

 

მეტიც, უცნაურიც კია ჰომოფობიის დაძლევა მოსთხოვო საზოგადოებას, რომლის დიდ ნაწილსაც ცოცხალი ქართველი ღიად გეი არ უნახავს. ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ გეებს, საზოგადოებისგან ერთობ დაფასებულ და საყვარელ ქართველ გეებს: მომღერლებს, მსახიობებს, ტელეწამყვანებს, პოლიტიკოსებს, ჩოხოსან ბიზნესმენებსა თუ ანაფორიან მღვდლებს, მაგრამ მათი არსებობა იმავდროულად არარსებობაა, ჰეტეროსექსუალ მაჩო ნიღაბს ამოფარებული არარსებობა. ზუსტად ისეთივე კანონზომიერი არარსებობა, როგორც ბუნებაში ვერ იპოვით ჰეტეროსექსუალ ჰომოსექსუალს. იქ, სადაც „არ არსებობენ“ გეები, ვერ დაიძლევა ჰომოფობია, რაკიღა არც ჰომოფობია არსებობს.

 

ის, რასაც ჩვენს საზოგადოებაში ჰომოფობიას ვუწოდებთ, ჩემი აზრით, არა იმდენად ცოცხალი, „ნამდვილი“ გეის სიძულვილია, არამედ მათი არარსებობისგან გამოწვეული ფანტაზიური გონების ჭეჭყვა. ყველაზე ადვილია ადამიანის წარმოსახვითი გონებით გაუგონარი მითების შექმნა მასზე, ვინც გემალება და არ გინახავს, ზუსტად ისევე, როგორც ათასი სახითა და ფორმით წარმოგვიდგენია უცხოპლანეტელების არსებობა, რაკიღა არ ვიცით, როგორები არიან ისინი სინამდვილეში. ხოლო ვინც ცოცხალ ქართველ ლგბტ-თა შორის ტელევიზორში უნახავს საზოგადოებას, უმეტესად ეგზოტიკური, ვულგარული სანახაობის მონაწილენი არიან ხოლმე. სანახაობის, რომლის დაწყების წინაც ერთხელ მაია ასათიანმა „პროფილის“ ეთერში მოუწოდა მშობლებს, ბავშვები ტელეეკრანებისგან მოეცილებინათ, თითქოს ეთერში არა ადამიანი, არამედ რაღაც ეგზოტიკური ცხოველი უნდა გამოეჩინა. (სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ „პროფილის“ ეს მაშინდელი სტუმარი, ტრანსგენდერი საბი ბერიანი, მოგვიანებით საკუთარ სახლში მოკლეს და დაწვეს)

 

იმის თქმა მინდა, რომ თუკი ნებისმიერ გეის საქართველოში მფეთქავი ჰომოფობიური სიძულვილის გაუვნებელყოფა სურს, სიძულვილისა, რომელიც ადამიანებს ჩვენ თვალწინ კლავს და წვავს, ჩვენ არ უნდა ველოდოთ არც ადამიანის უფლებათა დეკლარაციების საჯაროდ კითხვას, არც საერთაშორისო და ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, NGO-ებს, არც სახელმწიფოსა და პოლიციას – მათ ყველამ თავისი საქმე აკეთონ. ჩვენი საქმე კი პირველ რიგში აქ და ახლა საკუთარი არსებობის ღიად დადასტურებაა. არსებობის ისეთად, როგორიც ვართ. გამოვიდეთ სარდაფებიდან და ეკლესიასა თუ სახელმწიფომდე, პირველ რიგში ჩვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მოვთხოვოთ ჰაერის გაყოფა – მათ, ვინც გვეუბნება, რომ ყველაზე მეტად ვუყვარვართ და მათ, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს.

 

ვის -ვის და მე, ადამიანს, რომელმაც ყველა ჩემს მეგობარს, ოჯახის წევრს, ნათესავსა თუ ახლობელს ვუთხარი სიმართლე ჩემ შესახებ, ნამდვილად არ მესწავლება, რამხელა ფსიქოლოგიურ და ემოციურ სტრესთანაა დაკავშირებული ქამინგ აუთი (საკუთარი ორიენტაციის ღიად გაცხადება). კარგად ვიცი, როგორ კანკალებს ამ დროს მთელი სხეული, როგორ იბინდება გონება და გინდება თვალები დახუჭო იმის მოლოდინში, რომ ახლა, მას შემდეგ, რაც ფარისეველი ჰეტეროსექსუალის ნიღაბი ჩამოიხსენი და შენს საყვარელ ადამიანებთან შენი ნამდვილი სახით წარმოჩნდი, არ იცი რა მოხდება.

 

ამ დროს ორივე თვალი ძალიან, ძალიან ფართოდაა გახელილი და პირდაპირ თვალს-თვალში უყრი მას, ვისაც ეუბნები: „ის, ვინც შენ ასე ძალიან გიყვარს, მე ვარ, აქ ვარ, შენ წინ“. ეს ალბათ ყველაზე დიდი სტრესია, რაც ჰომოსექსუალმა შეიძლება გაიაროს ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ საკუთარი და სხვების გამოცდილებაც მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არაფერი შეედრება იმ სიტკბოებას, რომელიც ქამინგაუთს ახლავს ხოლმე თან – ყველაზე მოულოდნელად იმის აღმოჩენა, რომ ჰომოსექსუალობასა და ჰომოფობიას შორის ბრძოლაში ყოველთვის ნამდვილი ადამიანური მეგობრობა იმარჯვებს ხოლმე. „ხო კაი, შეჩემა, ჩემი ძმა ხარ და ძმად დარჩები, შენი კარგიც…“ – მითხრა ჩემმა ყველაზე ჰომოფობმა მეგობარმა რამდენიმეწუთიანი შოკის შემდეგ, მიხვდა რა, რომ არ ვეკაიფებოდი და უბრალოდ თვალი-თვალში გაყრილმა ფაქტის, სიმართლის წინაშე დავაყენე. მას შემდეგ მას არასდროს, სიცოცხლის ბოლო წუთამდეც კი, ერთხელაც აღარ წამოსცდენია ეს საშინელი სიტყვა „პიდარასტი“ და მეტიც, თავად აიღო თავის თავზე ჩვენს სამეგობრო წრეში ამ ამბის „გაიასნება“. ასე ხდება, როცა ადამიანებს ერთმანეთთან არა ფარისევლობა და ტყუილი, არამედ ნამდვილი მეგობრობა აკავშირებთ.

 

ასე იცვლებიან მეგობრები და მაშასადამე, ასე იცვლება საზოგადოებაც, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი და სხვების უსასრულოდ საერთო მეგობრების კავშირი. ასე რომ არ იყოს, ჩემი ძმა არასდროს დაჯდებოდა ჩემს ყოფილ ბოიფრენდთან ერთად ფეხბურთის საყურებლად.

 

ჰოდა, იმას გიყვებოდით, რომ 2013 წლის 17 მაისს იმ ჩემმა ერთმა ფეისბუქ-ფრენდმა, უყურა რა მის მეგობრებზე დატრიალებული ძალადობის კადრებს, ასეთი რამ დაწერა: „ერთი, რაც შემიძლია ვქნა: მე გეი ვარ!“ – როგორი უძლურებისგან სასოწარკვეთაც არ უნდა იკითხებოდეს ამ საჯარო ქამინგ აუთში, სინამდვილეში ესაა N1 გზა ჩვენს საზოგადოებაში არსებული სიძულვილის დასაძლევად და ეს პირველ რიგში უნდა აკეთონ არა ორგანიზაციებმა და ფონდებმა, პოლიტიკოსებმა და ევროკავშირმა, არამედ ჩვენ – ქართველმა გეებმა!

 

მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე, რომელიც ამ მარტოობის ბნელი სარდაფიდან ამოგვიყვანს, სევდიან შავ-თეთრ ცხოვრებას გაგვიფერადებს და  ჩვენს მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერის თანაბრად გაზიარების საშუალებას მოგვცემს.

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი