კომენტარი

სტოკჰოლმის სინდრომი, ანუ „შიში შეიქმს სიყვარულსა“

9 მაისი, 2015 • • 11208
სტოკჰოლმის სინდრომი, ანუ „შიში შეიქმს სიყვარულსა“

ორმოციოდე წლის წინ სტოკჰოლმის ცენტრში, ერთ-ერთ ბანკში, შეიარაღებული ყაჩაღები შეიჭრნენ და ფულის გამოძალვის მოტივით რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ბანკის მენეჯერიც, მძევლად აიყვანეს. მათ სრული ერთი კვირა გაატარეს ბანკის საცავში, სადაც თავდაპირველად ყაჩაღები აწამებდნენ, აშიმშილებდნენ, თოკგამობმულებს ატარებდნენ. მომდევნო დღეებში მოძალადეებსა და მსხვერპლებს შორის უცნაური ურთიერთობა დაიწყო – მძევლები უარს ამბობდნენ პოლიციასთან თანამშრომლობაზე, გათავისუფლებაზე, ითხოვდნენ ყაჩაღებთან ერთად ყოფნის უფლებას. ამტკიცებდნენ, რომ თავდამსხმელები საოცრად კეთილი ადამიანები იყვნენ. უკვე მოგვიანებით, როდესაც პოლიციამ დამნაშავეები დააკავა, გატაცებულებმა აღიარეს, რომ მათთან ინტიმური კავშირი ჰქონდათ და ზოგმა მათგანმა ყაჩაღებზე იქორწინა კიდეც.

 

როგორ ხდება, რომ მსხვერპლს, ჩაგრულს, უყვარდება მოძალადე აგრესორი? თუკი ფსიქოანალიტიკოს ანა ფროიდს დავუჯერებთ, მჩაგვრელ-ჩაგრულს შორის ეს პარადოქსული „სიყარული“ ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია. თვითგადარჩენის ინსტიქტით მოტივირებული მსხვერპლი ერწყმის მოძალადეს. ხედავს რა, რომ მისგან განცალკევებით დგომა საშიშროების მომტანია, ამჯობინებს თავად გახდეს აგრესორის სხეულის ნაწილი.

 

მათთვის, ვინც საქართველოს ისტორიასა და ქართულ ლიტერატურას კარგად იცნობს, „სტოკჰოლმის სინდრომი“ ახალი ამბავი არაა. „შიში შეიქმს სიყვარულსა“ – ჯერ კიდევ როდის გვიმტკიცებდა ამას ჩვენი შოთა. თუმცა, (არ ვიცი რატომ, ალბათ უფრო თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარების გამო, რაკიღა ახლა უფრო მალე ვიგებთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში) მგონია, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში სტოკჰოლმის სინდრომმა განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი.

 

რუსეთთან ურთიერთობა იქნება თუ 17 მაისს არაერთი ჰომოსექსუალი მღვდლის მიერ დარბეული ლგბტ აქცია, ბატონის მორჩილი პოლიტიკოსები იქნებიან თუ ვინ აღარ – შიშით ქმნილი „სიყვარული“ საქართველოს უახლესი ისტორიის განსაკუთრებით საძაგელ და იმავდროულად, გულსატკენ ამბად იქცა. ამ თემაზე არაერთხელ მომინდა დამეწერა, თუმცაღა ხშირად ვიკავებდი თავს. იქნებ ჩვენი საზოგადოების ეს კონკრეტული ნაწილი არც ისეთი თავზეხელაღებულად სუსტია, რომ საქმე ასეთ წარმოუდგენელ შიშთან და ფეხების კანკალთან გვქონდეს, მოძალადის სხეულთან შერწყმას აიძულებდეს ამ ადამიანებს? – ვფიქრობდი ჩემთვის.

 

კაცმა ჭირი მალაო… მერამდენე დღეა, რუსეთის იმპერიალისტური პროპაგანდის თანამედროვე პოპ-სტარები – ე.წ. „პუტინის ბაიკერები“ გლიჯინ-გლიჯინით დაქრიან ჩვენს გზებზე და წარმოუდგენელი უტიფრობით, ორსაუკუნოვანი მონობის სიმბოლოს – გეორგიევსკის ლენტებს გვიფრიალებენ. უამრავი ადამიანი, ვინც ამ უტიფრობას წინ აღუდგა, ლენტები დაჭრა ან ბაიკერებს საპროტესტო აქცია მოუწყო, ქართველმა სამართალდამცველებმა (პოლიციის ოფიციალური სლოგანით „ვემსახურები საქართველოს“) დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ხოლო საქართველოს სხვა ქალაქებში 9 მაისი – ე.წ. „ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ ქართველებმა სწორედ გეორგიევსკის ლენტებითა და საბჭოთა კავშირის დროშების ფრიალით აღნიშნეს.

 

რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს შიში, რომელიც ისტორიული მეხსიერების მქონე ადამიანს აიძულებს, უყვარდეს სწორედ ის, დიდი რუსეთი, სურდეს სწორედ მისი სხეულის ნაწილად ქცევა, ვისგანაც ორი საუკუნის მანძილზე სიძულვილის გარდა არაფერი მიუღია? ანდაც, ასოციაციური პარალელი რომ გავავლოთ, მოდით, ვთქვათ, რისი მოლოდინი აქვთ გეებს, რომლებიც პირდაპირ თავით ეშვებიან ეკლესიაში – სწორედ იმ ინსტიტუციაში, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უმთავრესი როლი აქვს შესრულებული ჰომოსექსუალობის დემონიზაციაში? მართლა შეიძლება ცოცხალ ადამიანს გიყვარდეს ის, ვისაც სძულხარ, ეტრფოდე მას, ვისიც გეშინია?

 

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, საქართველო ოსმალეთის ჯარების შემოსევის საფრთხის წინაშე დადგა. რაკიღა იმხანად ქართველებმა რუსეთის მოკავშირეობა არჩიეს, კავკასიის ფრონტის სარდლის მოადგილე, გენერალი მიშლიაევსკი თბილისში ჩამოდის და აქაურ პოლიტიკურ ელიტას წარმოუდგენელ გეგმას სთავაზობს – „გადამწვარ მიწას“. რაში მდგომარეობდა „გადამწვარი მიწის სტრატეგიად“ წოდებული გეგმა? – ოსმალები მაინც შემოიჭრებიან და აგვაოხრებენ, ამიტომ სარგებელი რომ არავის შეხვდეს, თავად ავაფეთქოთ თბილისი და საქართველოს სხვა ყველა დიდი ქალაქი, გადავწვათ ტყეები, ბაღები და ვენახები, ქართველები რუსეთში გადავასახლოთ, ხოლო შემოსეულ თურქებს არაფერი დავუტოვოთ ნაცრისა და ნანგრევების გარდა.

 

გეგმა თავისთავად შემზარავია, მაგრამ უფრო შემზარავი სანახავი იქნებოდა ის კამათი და ორჭოფობა, რომელიც ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ მოაწყო ამ საკითხზე. კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა მოულოდნელად კრებაზე შემოჭრილი შალვა ქარუმიძე, რომელმაც იცრუა, ყველა გასასვლელ კართან ყუმბარიანი ჯარისკაცები მყავს ჩაყენებული და ვინც საქართველოს აფეთქების გეგმას ხმას მისცემს, აქვე აფეთქდებაო. გეგმა ჩავარდა, თუმცა ჩვენს ისტორიას დარჩა კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იმისა, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს შიში, რომელსაც არა მხოლოდ აგრესორის სიყვარულამდე, არამედ სრულ თვითგანადგურებამდე მიყავხარ. (ხომ გახსოვთ ის სისულელემდე დასული სასაცილო კადრი 2013 წლის 17 მაისიდან, როგორ აფრინდა და საკუთარი ნებით დაელეწა დარბევის ერთ-ერთი მონაწილე – ლგბტ აქტივისტებით სავსე მიკროავტობუსს?). ასეც იცის შიშმა – სხვას თუ არა, საკუთარ თავს მაინც ანადგურებ.

 

ალბათ სიმპტომატურია, რომ სტოკჰოლმის სინდრომის ეს უკვე გროტესკად ქცეული გამოხატულებები დროის ერთ, მოკლე მონაკვეთში იწყებს ხოლმე ამოფეთქვას – 9-დან 17 მაისამდე, იქამდეც და მის შემდეგაც. მოქმედი პირებიც სადღაც ერთი და იგივეა ხოლმე: მსხვერპლი და აგრესორი, რუსეთი და მისი მოტრფიალეები, ეკლესია და ეკლესიას შეკედლებული ჰომოსექსუალები, სამართალდამცავები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და.ა.შ. – ვინ აღარ?

 

ჩვენ კი, თუ ისევ ანა ფროიდს დავესესხებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც მსხვერპლი იწყებს მოძალადის შეყვარებას, არის იდენტიფიკაციის, გაიგივების ვნება. ჩაგრულს სურს გაიგივდეს მჩაგვრელთან, რაკიღა ეს გადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნია. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ძნელია საკუთარი თავი გააიგივო ცუდთან, ამიტომ იწყებ დაჯერებას, რომ მჩაგვრელი, სინამდვილეში, კარგია და ასე უფრო იოლად ახერხებ შეერწყა მას. საკითხავი აქ ისაა, მოძალადეს, ანუ ძლიერს, რამდენად სურს გაიგივდეს მასზე მიკედლებულ ჩაგრულთან, სუსტთან? იქნებ ჯობდეს, აქედან, უკუღმა დაეწყოთ ფიქრი მათ, ვისაც მართლა ჰგონიათ, რომ „შიში შეიქმს სიყვარულსა“, მათ, ვისაც ეს შეშინებული ტრაკი სიყვარულისგან უცახცახებთ?

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი