კომენტარი

გზავნილი ბარაკ ობამას მრჩევლისაგან ბათუმის რელიგიურ ფორუმზე

19 აპრილი, 2015 • • 1545
გზავნილი ბარაკ ობამას მრჩევლისაგან ბათუმის რელიგიურ ფორუმზე

კონფერენციის ბოლოს ფორუმის მონაწილეებს  მიმართა ევროპული ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის ფორუმის“ პრეზიდენტმა იოჰან კანდელინმა. ამ ორგანიზაციის წევრები არიან ნორვეგიის, პოლონეთისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები. ასევე, მისი წევრია ბარაკ ობამას მთავარი მრჩეველი რელიგიურ საკითხებში.

 

„ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ საქართველოთი. ჩვენ აქტიურები ვიყავით ჭელის ინციდენტის დროს და მოხარულები ვართ, რომ მინარეთი თავის ადგილას დააბრუნეს. ახლა ველოდებით, თუ რა მოხდება ბათუმში მეორე მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით“ – განაცხადა იოჰან კანდელინმა, რის შემდეგაც რელიგიურ საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩევლის ჯონ ჰოლდრენის ფორუმისადმი გზავნილი წაიკითხა:

 

„წლებია პრეზიდენტ ობამასთან ვმუშაობ და მისი სახელითაც გესალმებით. მე ყველა ორგანიზატორის მადლობელი ვარ. ისინი დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ მსოფლიოს მომავლისათვის, რადგან აშენებენ ხიდებს ურთიერთგაგებისთვის. რელიგია დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი სამოტივიაციო ინსტრუმენტი მსოფლიოში. თქვენი მოდელი, რომელსაც შეიმუშავებთ, იქნება უკეთესი ძალა და იმედი მაქვს, საწინდარი მშვიდობისა და წარმატებისა თქვენს ქვეყნებში. როგორც ქრისტიანი ლიდერი ამერიკაში და ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში, მე აღტაცებული ვარ იმით, რასაც თქვენ აკეთებთ და ვილოცებ, რომ ღმერთმა მოგცეთ ძალა თქვენს საქმეში და ეს დიალოგი იყოს ნიშანი ღმერთის პატივისცემისა და ურთიერგაგებისა სხვადასხვა ერებს შორის“.


კონფერენციას ესწრებოდნენ ნორვეგიის ექს-პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ევროპაში მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის პრეზიდენტი კიელ მაგნე ბონდევიკი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პაულ ფიდესი, პროფესორი მუჰამედ შაფიქი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თურქეთიდან მოწვეული პროფესორები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, სასულიერო და საზოგადობრივი მოღვაწეები.


ფორუმი „რელიგია და მშვიდობა“ წელს პირველად ქართველ მუსლიმთა კავშირის, ევროპული ორგანიზაცია პირველი ნაბიჯის ფორუმისა და ევროპაში მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.  ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, კონფერენციის მიზანია რელიგიათა შორის ურთიერთობების გაღრმავება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი