კომენტარი

„დღესასწაული მორალური გახარებისთვის“

9 მარტი, 2015 • 2033
„დღესასწაული მორალური გახარებისთვის“

თავი, ფეხი, ვაგინა, ფალოსი, ზოგჯერ პოეზიაც – თანამედროვე საქართველოს უმნიშვნელოვანესი პრობლემები ხშირად ასეთ პრიმიტიულ ანატომიურ და ლიტერატურულ მწვალებლობებში იკარგება.

ორიოდე დღის წინ იტალიელმა ქირურგმა სერჯიო კანავერომ სრული ქირურგიული რევოლუცია დააანონსა– თავის გადანერგვა! რა ვუშველოთ დასნებოვნებულ ადამიანს? მოვკვეთოთ მას თავი და მივაბათ ის ჯანმრთელი ადამიანის დონორ ტანს – ამბობს ქირურგი. იდეას, ცხადია, სრული შოკური აჟიოტაჟი მოჰყვა კოლეგებისგან. აჟიოტაჟი არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროცედურა ტექნიკურად შეუძლებლად მიაჩნიათ მეცნიერებს, არამედ ეთიკური მოსაზრებითაც. მარტივად რომც შეგვეძლოს ამის გაკეთება, უხერხულია, ტეხავს! ერთი ადამიანის თავი შეუძლებელია გახდეს მეორე ადამიანის თავი.

ბავშვობაში ჩემმა ძმამ თავისი თანატოლი, ჩვენი  მეზობელი მერაბი, რომელიც გამართული სალიტერატურო ქართული მეტყველებით დიდად ვერ გამოირჩეოდა, საახალწლო სუფრაზე დაპატიჟა და ვახშმის წინ ხუმრობით დაარიგა: კარში ფეხს რომ შემოდგამ, წესია ასეთი, აუცილებლად უნდა თქვა: „ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა“. კარებთან მომდგარი მერაბი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიბნა და რაღაც საოცრება წამოისროლა: „ფეხი ჩემი, იყოს ფეხი!“ – და საზეიმო განწყობით გაიღიმა.

ის, რასაც ვერ ხვდება იტალიელი ქირურგი, თვითნებურად წამოისროლა  მერაბმა – ჩემი ფეხიც, ტანიც და თავიც არის ჩემი! ეს ორი, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განცალკევებული ამბავი ჩემთვის გუშინ, 8 მარტს გაერთიანდა – ქალთა საერთაშორისო დღეს.

რაც უნდა იძახონქართველმა მამაკაცმა ინტელექტუალებმა, რომ 8 მარტი „პოსტსაბჭოთა – კომუნისტური, ვაგინის ქონის ზეიმია“ და რამდენი თეატრალური თაიგულიც არ უნდა ურიგონ სხვა მამაკაცებმა „სუსტ სქესს“, ისტორია გვეუბნება სხვას: ისტორია ამბობს, რომ ეს დღე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღინიშნება ამერიკასა და ევროპაში, როგორც ქალთა თანასწორ სოციო-კულტურულ-ეკონომიკურ უფლებებზე ღიად და საჯაროდ საუბრის, ხმაურის, ბრაზისა და ბრძოლის დღე.

რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოსნაირ მკვეთრად პატრიარქალურ, მასკულინურ კულტურებში 8 მარტი არა ქალთა უფლებების, არამედ მათ წინააღმდეგ ბრძოლის დღედ იქცევა ხოლმე. ამ დღეს „ვაგინის ქონის დღეს“ უწოდებ თუ თაიგულებით ირბენ, ირიბად თუ პირდაპირ, ან ქალთა რეალური პრობლემების გაუფასურებას ახდენ, ან უბრალოდ ცდილობ კანფეტებით მოათვინიერო ისედაც მოთვინიერებული, მორჩილი ქალი.

თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები რა მოსატანია ისეთ მთავარ, ყველაზე პატრიარქალურ და დეკლარირებულად ქალთმოძულე ინსტიტუციის ყაზარმულ მზაობაზე, როგორიცაა ეკლესია. და მოდით, აქ ისევ დავუბრუნდეთ სხვისი თავ-ფეხის თემას. 8 მარტი ჯერ დამდგარიც არ იყო, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქალებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მართალია, ქალი და კაცი თანასწორია, მაგრამ „ქმარი თავია ცოლისა“ და ცოლს, ანუ ქალს, უსიტყვო მორჩილება მართებს.

გგონიათ, რაიმე პრეტენზია მიჩნდება საპატრიარქოს მიმართ? არანაირი! მეტიც, ყოველგვარი ირონიის გარეშე, მადლიერი ვარ მათი, რომ სრულიად სამართლანად ამბობენ იმას, რაც უწერიათ მთავარ სახელმძღვანელო წიგნში. ეკლესია, როგორც ათასწლეულების წინანდელ დოგმებზე დაფუძნებული ინსტიტუცია, ვალდებულია მისდიოს ამ დოგმებს. მას სხვანაირად არ შეუძლია, უფლებაც კი არ აქვს, მაგალითად, რომის პაპ ფრანცისკესავით, ათასწლეულების წინ დაწერილი, მესოპოტამიური და ახლო აღმოსავლური მითოსით ნაკვები ბიბლია 21-ე საუკუნეში „გადმოთარგმნოს“ და მოარგოს თანამედროვეობას, გაახაროს ათეისტები სამოთხეში მოხვედრით, ხოლო გეები – ღვთითკურთხეული ქორწინებით. ეს მარაზმია. მეტიც, ყველას, ვინც ეკლესიისგან  „პროგრესული“ იდეის გაჟღერებას ელის, შევახსენებ, რომ ეკლესია მკაცრად კონსერვატიული, პატრიარქალური ინსტიტუციაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი უმთავრესი სოციო-კულტურული და, სხვათა შორის, ეკონომიკური რეპრესორი.

და მაინც, რაც არ უნდა ბევრი ვისაუბრო გაყეყეჩებულ კაცებზე, ამ წერილს არ ვწერ არც ერთი კაცისთვის, რომელსაც 8 მარტის მნიშვნელობა ვერ გაუგია, ან მამაკაცურ, დიქტატორულ და დრომოჭმულ კომფორტში ჩაყვინთულს, არ უნდა, რომ თვალი გაახილოს. ამ წერილს არ ვწერ არც ერთი ანაფორიანისთვის, რომლებიც ტრადიციულად აგრძელებენ კულტურული რეპრესიის იმ გზას, რომელიც ოდითგანვე არჩეული ჰქონდათ. ეს წერილი ქალებისთვისაა, კაცობრიობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საძულველი და ჩაგრული მოდგმისთვის.

ქალებო! რამდენიც არ უნდა აფრიალონ მამაკაცებმა ათასწლეულების მანძილზე შექმნილი მართლაც რომ გენიალური კულტურა და როგორც არ უნდა ამტკიცონ, რომ ამ კულტურას სწორედ კაცები ქმნიდნენ (არადა, მართლაც კაცები ქმნიდნენ) და ამიტომ მათი მადლიერი უნდა იყოთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფიზიკური ძალმომრეობით გაყეყეჩებულებს  არც არასდროს მოუციათ თქვენთვის კულტურის შექმნის უფლება და შესაძლებლობა. საუკუნეების, ათასწლეულების მანძილზე, ფაქტობრივად, ყველა კულტურაში ქალს უბრალოდ სიცოცხლის ფასად ჰქონდა აკრძალული განათლება, პოლიტიკასა და მმართველობაში ჩაბმა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება და რა გასაკვირია, რომ ახლა იმარიაჟონ იმის შექმნით, რისი უფლებაც თქვენთვის არასდროს მოუციათ?

ამ ათასწლეულების მანძილზევე, მუდმივად დაშინებულებს, ჩაგვრის სანაცვლოდ ერთი-ორ ტკბილ სიტყვას ან ფერად ყვავილს მოგიგდებდნენ, დაგამშვიდებდნენ და მერე სიამაყითვე დაწერდნენ, რომ „დედათა ბუნება იწრო არს“ და თქვენც იჯერებდით ამას. საუკუნეებში ერთხელ, ხშირად შემთხვევითაც, ქალიც გვევლინებოდა მმართველად, მერე ისევ დაწერდნენ, რომ „ლეკვი ლომისა სწორია“ და ამასაც მთელი შემდგომი საუკუნეები აფრიალებდნენ თქვენს დასამშვიდებლად, თქვენი მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასარიდებლად.

სინამდვილეში კი, დარწმუნებულები იყავით, ექსკლუზიური კომფორტის პლედში გახვეულ კაცთა მოდგმას ყოველთვის ეშინოდა და ახლა განსაკუთრებით ეშინია ამ პლედის გაზიარება – იმის გაფიქრებაც კი, რომ თავისუფლება და ბედნიერება, სიამოვნება და სიამაყე მხოლოდ მათი ექსკლუზიური უფლება არაა. ხოლო ისინი, მამაკაცთა მოდგმის ის ნაწილი, ვისაც პატარა დიქტატორის არასრულფასოვნების კომპლექსი არ ტანჯავს, ცხადია, ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების დღიდან თქვენს მხარეს დგანან.

1993 წელს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, როდესაც 3 მარტი ოფიციალურად გამოცხადდა დედის დღედ, დიდი დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეთა სრული უმრავლესობა კაცი იყო. ეს საოცარი კადრები რამდენიმე დღის წინ უჩვენეს გადაცემაში „წითელი ზონა“. მაშინდელ პოლიტიკოსებს სახეზე ვერ ვცნობ, უცნაურად კი საუბრობდნენ, ზოგი, დაახლოებით ისე, როგორც დღეს – სუფრაზე. ზოგიც უფრო სხვანაირად – უღიმღამოდ, ყოველგვარი სიცოცხლისა და აზრისგან დაცლილი სახეებით დაადგინეს დედის დღე, ისე, რომ, მგონი, არც უფიქრიათ რატომ? ვისთვის? გაისმა მხოლოდ რამდენიმე საინტერესო კითხვა. ერთმა პარლამენტარმა, სახელად ფრიდონმა, ასეთი რამ იკითხა: რას აძლევს ეს დღესასწაული ქალებს, თუკი ამ დღესაც და სხვა დღეებშიც არ ვისაუბრეთ და არ ვიმოქმედეთ ქალთა რეალურ პრობლემებზე? – და პრობლემა მართლაც უამრავია: ჩაგვრა, ძალადობა, სოციო-კულტურულ სივრცეში მოძრაობის უკიდურესად შეზღუდული უფლებები და ა.შ.

გავინაბე, მაინტერესებდა რა იქნებოდა ამ ურთულეს კითხვაზე პასუხი იმ პარლამენტარისა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკას ჯერ კიდევ მაშინ წარმართავდა, როდესაც მე მხოლოდ ხუთი წლისა ვიყავი და აი, პასუხიც: „დღესასწაული მორალური გახარებისთვის არსებობს, ბატონო ფრიდონ!“ – ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი სევდა შემომაწვა, როდესაც ეს პასუხი მოვისმინე, მეტწილად კი იმიტომ, რომ მოპასუხე გახლდათ – ქალი! შემდეგ კიდევ ერთმა პარლამენტარმა დააყოლა, რომ ამ დღეს, „როგორც მორის ფოცხიშვილის იმ ლექსშია, ქალებს ტიტები უნდა ვაჩუქოთ“-ო და ასე, მათთვის ღიღინ-ღიღინით, ჩემთვის კი სევდიანად, უღიმღამოდ ჩაიკარგა ქალთა ურთულესი პრობლემები – მორალურ გახარებებსა და მორის ფოცხიშვილის პოეზიაში.

ჩაიკარგა, მაგრამ არა სამუდამოდ. თანამედროვე საქართველოში ფემინისტური ქალთა მოძრაობები თანდათან ამოდის მიწის ქვეშეთიდან და ძლიერდება. დღეს, 8 მარტს, ფემინისტებმა საქართველოს 24 ქალაქში მოაწყვეს მსვლელობები და, რაც ყველაზე მეტად მეძვირფასება, ისინი არტიკულირებენ სწორად! ეს ქალები, რომელთა დიდი ნაწილი ჩემი მეგობრები არიან, არ ითხოვენ აფერისტულად მოგდებულ თაიგულებსა და ფოჩიან კანფეტებს გაბრაზებული გულის დასაოკებლად. ისინი კი არ ბოლდებიან, არამედ აქ და ახლა, რეალურ დროსა და რეალურ სივრცეში მოითხოვენ სოციო-კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში სრულფასოვნად მოქმედების გარდაუვალ უფლებებს! საუბარია, რა თქმა უნდა, მეტწილად საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქალებზე, მაგრამ რა ვუყოთ ეკონომიკურ სიდუხჭირეში დატანჯულ ქალებს, რომლებსაც ფინანსური, ფიზიკური თუ ინტელექტუალური რესურსები არ ყოფნით, მყარად დადგნენ საკუთარი გარდაუვალი უფლებების მოსაპოვებლად? რა ვუყოთ ქალებს, რომლებიც იმდენად ბრუტალურად არიან მოძალადე კაცების მსხვერპლი, რომ არათუ პოლიტიკურ, არამედ ყველაზე ფუნდამენტურ – საკუთარი სიცოცხლის უფლებასაც კი ვერ იცავენ და სულ მცირე ამბოხის შემთხვევაშიც კი ფიზიკურად ნადგურდებიან?

არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ფემინისტური მოძრაობები მეიმედება. რაც უნდა იძახონ ახალგაზრდა ქართველმა ინტელექტუალმა მამაკაცებმა, რომელთა დიდი ნაწილიც ასევე ჩემი მეგობრები არიან, რომ ქართველი „მეინსტრიმფემინისტები“ თითქოს „ბურჟუა-ლიბერალურ“ დისკურსში არიან მოქცეულები, ეს მტკიცება მინიმუმ მცდარი წინასწარგანწყობაა, რომელიც საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობის სადემონსტრაციოდაც კი არ გამოდგება. სინამდვილეში, არ მახსენდება არც ერთი ქართველი აქტიური ფემინისტი, რომელიც, იმავდროულად, არ იყოს მემარცხენე და თანამედროვე ქართული საზოგადოების პრობლემების თავსა და თავს, კულტურასთან ერთად, ეკონომიკურ უთანასწორობაში არ ხედავდეს.

ყველაფერი ეკონომიკა არ არის და არც კულტურაა ყველაფერი. არც კულტურა და არც ეკონომიკა ერთმანეთისგან არც განცალკევებით არ დგას და არც ერთმანეთის ზემოდან ან ქვემოდან. თანამედროვე კომუნიკაციებისა და პოპ-კულტურის სამყაროში ზღვარი ადამიანის ცნობიერების განმსაზღვრელ ამ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს შორის იმდენად ბუნდოვანია, რომ ჩვენ ერთი რამის თქმა თუ შეგვიძლია მხოლოდ – ყველაფერი ურთიერთქმედებს. ქართველი ქალი ისევე იჩაგრება უთანასწორო, რეპრესიულ ეკონომიკაზე გადაბმული უთანასწორო, რეპრესიული კულტურისგან, როგორც გეი, როგორც ბავშვი, მუსლიმი თუ იეჰოვას მოწმე, როგორც, სხვათა შორის, ქართველი მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი – მუშა! ფაქტობრივად, შეუძლებლად მიმაჩნია გენდერული თანასწორობის იმედი გქონდეს  საზოგადოებაში, რომელიც ყველგან, ყველა ფეხის ნაბიჯზე, განურჩევლად გენდერული თუ სხვა კუთვნილებისა, თავადაა სხვადასხვა უთანასწორობისა და რეპრესიის მსხვერპლი. ის კი, ვისაც თავად არასდროს უგემია თანასწორობის სიტკბო, ძნელია დაარწმუნო, თავად უზრუნველყოს სხვისი თანასწორობა.

ასე რომ, პირადად ჩემთვისაც და, როგორც ვიცი, ქართველი ფემინისტებისთვისაც ფემინიზმი არის ქალის, მაშასადამე ადამიანის, მაშასადამე გეის, მაშასადამე ბავშვის, მაშასადამე მუშის, მაშასადამე ყველას, უცილობლად ყველას უფლება, იცხოვროს ეკონომიკურად და კულტურულად თანასწორ გარემოში, სადაც ყველას თანაბრად აქვს სოციო-კულტურულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში გადაადგილებისა და თავისუფალი ქმედების გარდაუვალი უფლება და შესაძლებლობა!

ასე მესმის მე ფემინიზმი, ასე მესმის მე თანასწორობა და ასე მესმის 8 მარტის მნიშვნელობა. ხოლო მათ, ვინც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ანატომიურ მწვალებლობაში არიან შემჩნეული და ჯერაც ვერ გაურკვევიათ ვისი თავი – ვის თავშია, ან ვისი თავი – ვის ტანზე, კისერიც უტეხიათ.

ვუყურებდი გუშინდელ ქალთა მოძრაობის აქციას და გული სიხარულით მევსებოდა. ვფიქრობდი, როგორ არ უნდა დაეთანხმო დათო გაბუნიას, რომელიც ამბობს, რომ დღეს პოლიტიკაში სწორედ ის ქალები უნდა მოვიდნენ, რომლებიც პოლიტიკაში ქალთა მეტ ჩართულობას მოითხოვენ. იმავდროულად, ვუყურებდი ფოტოს, როგორ ყიდის ორი ქალი ყვავილებს თბილისის ქუჩაში, ყინვაში, აბუზულები, და გონებაში ისევ იმ პარლამენტარი ქალბატონის ფრაზა მიტრიალებდა: „დღესასწაული მორალური გახარებისთვის არსებობს, ბატონო ფრიდონ!“.

არა, ქალბატონო პარლამენტარო, „მორალური გახარებისთვის“ ერთადერთი რამ არსებობს – თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრების უფლება და შესაძლებლობა – ყველასთვის თანაბრად!

 

გიორგი კიკონიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი