ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გამორიცხა, რომელიც “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია. შედის თუ არა “ქართული ოცნების” ინტერესებში ვადამდელი არჩევნები?
სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე [საპარლამენტო] პოლიტიკურ ძალას ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ახლანდელზე უკეთესი შედეგების მიღების შანსი აქვს.
დავიწყოთ “ქართული ოცნებით”: სოციოლოგიური კვლევები საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩატარდა. ჩვენ არ ვიცით ახალი კვლევების შედეგები, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მმართველ გუნდს საზოგადოების მხარდაჭერა არ გაეზრდებოდა… ან იგივე შეუნარჩუნდებოდა, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, ან უფრო სავარაუდოა, რომ რეიტინგმა მოიკლო. შესაბამისად, მმართველ კოალიციას არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ის კვლავაც მოიპოვებს უმრავლესობას პარლამენტში. ცხადია, ეს მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს არც ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც მმართველ გუნდზე ამომრჩევლების გულაცრუების პირდაპირპროპორციულად არ ეზრდება მხარდაჭერა. ენმ-ს ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი, მაგრამ მას ამომრჩევლის ახალი ნაკადის მიმხრობის პერსპექტივა არ აქვს.
თუმცა ბოლო ორ არჩევნებს თუ შევადარებთ, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგში გარკვეული ზრდა ფიქსირდებოდა. თუ 2013 წელს დავით ბაქრაძემ ხმების 21.72% მიიღო, 2014 წელს ენმ-მ ქვეყნის მასშტაბით პროპორციული თვალსაზრისით 22.42%, ხოლო თბილისში მისმა კანდიდატმა ნიკა მელიამ ხმების 28% დაიმსახურა…
დიახ, მაგრამ ეს არ ყოფილა მნიშვნელოვანი ზრდა, ამიტომ ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ იმ მოცულობით მოვა პარლამენტში ენმ, რითაც დღესაა წარმოდგენილი, შესაძლოა, უფრო ნაკლებითაც.
30 პროცენტის ფარგლებში?
ჩემი აზრით, დაახლოებით 20-25 პროცენტის ფარგლებში.
თქვენ თქვით, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი პირდაპირპროპორციულად არ იზრდებაო. ეს მხოლოდ ვარაუდია, თუ რაზე დაყრდნობით ამბობთ?
იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც უკვე ჩატარდა. სულ მალე იქნება ენ-დი-აის და აი-ერ-აის კვლები და შეგვიძლია ვნახოთ შედეგები, მაგრამ ჩემი ჰიპოთეზით ენმ-ს მხოლოდ უმნიშვნელოდ გაეზარდა რეიტინგი.
რომ გავაგრძელოთ, მე უკვე მოგახსენეთ ორ პოლიტიკურ ძალაზე: ერთი- მმართველი გუნდი და მეორე – ყველაზე გავლენიანი ოპოზიცია. შესაძლოა, ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა ახალი პოლიტიკური სუბიექტების გაჩენა გამოიწვიოს პარლამენტში, როგორიც არის ალასანიას პარტია – თავისუფალი-დემოკრატები შევიდნენ პარლამენტში გარკვეული რაოდნეობის კვოტებით, ან ნაციონალისტური ძალები, იგივე ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე. ასე რომ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პარლამენტში კიდევ უფრო მეტ სიჭრელეს შეიტანს. ანუ პარლამენტი კიდევ უფრო ნაკლებად ჰომოგენური იქნება. ხელისუფლების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ჩვენ სულ რაღაც მესამე ძალისთვის გაჩენილ ნიშაზე ვსაუბრობთ ქართულ პოლიტიკაში, რასაც პრინციპში საფუძველი აქვს, ოღონდ ეს არ იქნება მხოლოდ ერთი, ეს რამდენიმე პოლიტიკური ძალაა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მათ აქვთ შანსი დაიკავონ ადგილები პარლამენტი.
მაგრამ თუ ხელისუფლების მიმართ ნიჰილსიტურად განწყობილი ამომრჩეველი სახლში დარჩება და არჩევნებზე არ წავა, ბუნებრივია, 100 პროცენტი გადათამშდება იმ პარტიებს შორის, ვისი მხარდამჭერებიც არჩევნებზე მივლენ და ვისაც უფრო მოტივირებული ამომრჩეველი ეყოლება. ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობასა და “ქართულ ოცნებას” ხვედრითი წილი მოემატება, რადგან მათი მხარდამჭერები მივლენ, მაგრამ ასეთი პროგნოზი ცოტა ნაკლებად რეალისტური მგონია. ქართველებს უყვართ, როცა ახალ კონფიგურაციებს უჭერენ ხოლმე მხარს, გააქტიურდა ალასანიას პარტია, რატომ არ შეიძლება, რომ მისკენ წავიდეს გარკვეული ხმები?! ასე რომ, რაც მოაკლდება ქართულ ოცნებას, ჩემი აზრით, ის მიემატება არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ სხვა პარტიებს.
თქვენი აზრით, თუ მოასწრებს რომელიმე სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თავის დამკვიდრებას მომდევნო არჩევნებამდე, რომელსაც ასევე ექნება პრეტენზია იმ თავისუფალ ნიშაზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ? ამ კონტექსტში სულ არის ხოლმე ლაპარაკი ლევან ვასაძის შესაძლო ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესებში.
სრულიად ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას მე არ ველი. ეს უფრო იქნება ძველი პოლიტიკური ძალების ახალი კონფიგურაცია. მაგალითად, იგივე ალასანიას პარტია ახალი ძალა არ არის, მაგრამ მათ შეიძლება შეავსონ ეს ნიშა. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, იგი პიროვნულად შესაძლოა ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის სიმპათიას იმსახურებდეს, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას ხომ პიროვნება არ იღებს?!
თუმცა პიროვნებების გამო ხშირად უჭერენ ხოლმე მხარს საქართველოში ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას…
მესმის, მაგრამ პარტიული ფონი კიდევ სხვაა. არ მგონია, ვასაძემ ამ მოკლე დროში ისეთი პოლიტიკური ფონი შექმნას, რომ კონკურენცია გაუწიოს ან “ქართულ ოცნებას”, ან ნაციონაურ მოძრაობას. თუ რომელიმე პარტიის ქვოტით იყრის კენჭს ვასაძე, ის შეიძლება გახდეს დეპუტატი, მაგრამ თუ ის პოლიტიკურ ძალას შექმნის, ასე მოკლე ხანში მისი გავლენის გაზრდა ნაკლებად რელაურად მეჩვენება.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილის რეიტინგს, მათზე რას ფიქრობთ, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს მათ თვითმმართველობის არჩევნებზე და საკრებულოებშიც მოხვდნენ მათი პარტიის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით…
ინაშვილს და ბურჯანაძეს არ შესწევთ ძალა, რომ სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიონ ძირითად სუბიექტებს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაძლოა მათი რამდენიმე წევრი შევიდეს პარლამენტში.
დაახლოებით რამდენი პროცენტის ფარგლებში შეიძლება მერყეობდეს ის თავსიუფალი სივრცე, რომელზეც ე.წ. მესამე ძალებს შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია?
ასე ვერ ვიტყვით, ჯობია დაველოდოთ ახალ კვლევებს. ის, რომ მესამე ძალებისთვის “ქართულ პოლიტიკაში” სივრცე გაფართოვდა, სრულიად აშკარაა. მე შემიძლია გითხრათ ჩემი პროგნოზი, თუ რა იქნება მომდევნო პარლამენტში. ჩემი აზრით, მოსალოდნელია მივიღოთ უფრო ჭრელი პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობას ვერავინ მიიღებს, მთავრობა რომ დააკომპლექტოს. ამიტომ კოალიციები შეიქმნება არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ პარლამენტში. ისე, როგორც ხდება ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩემი აზრით, ეს დემოკრატიის გზაზე კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩემი პროგნოზით, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, იქნება ეს ვადამდელი თუ 2016 წლისათვის დაგეგმილი, არ უნდა ველოდოთ უმრავლესობით მოსულ ძალებს.
თუმცა უნდა ველოდოთ ისეთ ძალებს პარლამენტში, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, მხარს არ უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას?
დიახ, უნდა ველოდოთ ასეთ ძალებს, თუმცა, ჯამში, იმ ძალების ხვედრითი წილი, ვინც ქვეყნის საგარეო ორინეტირს დასავლური ნიშნით განსაზღვრავს, მაინც დომინანტური იქნება.
ლარის კურსის გაუფასურების პროცესი რას გამოიწვევს, თქვენი აზრით, ამ პროცესებში, მოსახლეობის მოტივირებას ხელისუფლების წინააღმდეგ თუ ნიჰილიზმს მათში?
ორივეს… თუ დროზე არ შეჩერდა პროცესი. ეს არის სავალუტო კრიზისი და არა ეკონომიკური კრიზისი. თუ ეს ყველაფერი ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება, იმას ნიშნავს, რომ ფასები მნიშვნელოვნად მოიმატებს.
რაც უკვე დაწყებულია…
დიახ, მაგრამ ეს არ არის დრამატული. 15-20 პროენტით ფასების ზრდა მტკივნეულია, მაგრამ არა დრამატული. თუ ფასების ზრდამ დრამატულ ზღვარს მიაღწია, მაშინ მივიღებთ ეკონომიკურ კრიზისს, გაბრაზებულ მოსახლეობას და ნიჰილისტურად განწყობილსაც. ეს ძალიან მნიშნელოვანი ინდიკატორია ხელისუფლების მხარდაჭერის გაზრდისთვისაც და შემცირებისთვისაც. ამას თუ არა მიხედა ხელისუფლებამ, ის კიდევ უფრო დაკარგავს პოლიტიკურ წონას.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ საუბრობენ “ქართული ოცნების” ლიდერები შესაძლო ვადამდელი არჩევნებზე, თუ ეს მათ ინტერესში არ შედის. არსებობს ერთი თეორიული არგუმენტი, რის გამოც “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური კრიზისისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს. თუ მმართველი გუნდის რეიტინგი კლებას დაიწყებს, მას ურჩევნია, რომ არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩაატაროს, რადგან საარჩევნო მარათონს უფრო მაღალი რეიტინგის პირობებში შეხვდეს…
ასეთი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს. ახლა რამდენ პროცენტსაც აიღებს, არაფრით იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე მას ჰქონდა 1 წლის წინ, თუმცა უფრო არ ურჩევნია, რომ 2016 წლამდე კარგი რაღაცები გააკეთოს, რათა მათი მხარდაჭერა გაიზარდოს?! ეს მისი არჩევანის ამბავია. თუ ასე გააგრძელა ხელისუფლების რეიტინგმა შემცირება, დიახ, 2016 წელს მიიღებს უფრო ნაკლებ პროცენტს, ვიდრე ახლა, მაგრამ სხვა შანსიც ხომ არსებობს? კარგი პროექტები განახორციელონ… მე ვფიქრობ, რომ ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას, რადგან ის იმ წონით ვერ მოვა ხელისუფლებაში, რა წონითაც ახლაა. სამაგიეროდ აქვს შანსი, რომ 2016 წლამდე საკუთარი იმიჯი გაიუმჯობესოს. ეს შანსი ყოველთვის არსებობს და ჩემი აზრით ამ შანსის წინაშე უფრო იქნებიან ლოიალურები, ვიდრე ვადამდელი არჩევნების წინაშე.