კომენტარი

ISFED: კანონპროექტში ტერმინი “შუღლის გაღვივება” უნდა დაზუსტდეს

16 იანვარი, 2015 • 1174
ISFED: კანონპროექტში ტერმინი “შუღლის გაღვივება” უნდა დაზუსტდეს

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ინიცირებულია მთავრობის მიერ და ითვალისწინებს რიგ ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც უკავშირდება ტერორიზმს,აზღვარგარეთ უკანონო ფორმირებებში მონაწილეობას და შუღლის გაღვივებას.

 

“მთავარი სულისკვეთებას ზოგადად კანონპროექტის ამ ცვლილებების ვემხრობით, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი კონტექსტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ოღონდ, რასაკვირველია, ეს არ უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე”, – ამბობს სამართლიანი არჩევნების [ISFED] იურისტი  ნინო ჯანაშია.

 

ცვლილებების პროექტის მიხედვით კოდექსს ემატება  239-ე პრიმა მუხლი, რომელიც  შეეხება “მოწოდებას შუღლის გაღვივების მიზნით”.

 

“რასაკვირველია, იმ მუხლს, რომელიც ძალადობრივი მოწოდებებისთვის დასჯას გულისხმობს, ვეთანხმებით, უბრალოდ ტერმინი “შუღლის გაღვივება” ზოგადია იმიტომ, რომ ინტერპრეტაციის საშუალებებს იძლევა და, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს უნდა დაზუსტდეს, რომ ამ მუხლმა არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რაც თითოეული ჩვენგანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა”- ამბობს ის.

 

შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტით  239 -ე მუხლით დასჯადი ხდება  მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ასევე, მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის, ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით.

 

სამართლიან არჩევნებს მიაჩნია, რომ კანონპროექტში ჩამოთვლილ ჯგუფთა წრე უნდა გაფართოვდეს და მას დაემატოს გენდერული და სექსუალური იდენტობაც.

 

სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ მზადაა ჩაერთოს ამ თემაზე დისკუსიაში.

 

“მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს იმ ფორმით, რა ფორმითაც ექსპერტები შეჯერდებიან და იმ ფორმით, რაც არ მისცემს კანონმდებელს, შემდეგ სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებს ამ ცვლილების იმგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რომ ამან თითოეული ჩვენგანის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს”- აცხადებს  სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო ჯანაშია.

 

პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. კანონპროექტის ავტორია შსს, რომელიც აცხადებს, რომ ცვლილებები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტთან თანამშრომლობით მომზადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი