კომენტარი

სოროსი: სააკაშვილი ხელისუფლებაში ნაკლებად ერთგული იყო ღია საზოგადოების ღირებულებებისა

14 ნოემბერი, 2014 • • 2286
სოროსი: სააკაშვილი ხელისუფლებაში ნაკლებად ერთგული იყო ღია საზოგადოების ღირებულებებისა

ეს რევოლუციები სახალხო აჯანყებები იყო კორუმპირებული და მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ. ჩემი ფონდი მართლაც უჭერდა მხარს მთავრობის კრიტიკას, მაგრამ ამბოხებების დაგეგმვას ან დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიუღია. მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ამბივალენტურია, რაც დასანანია, რადგანაც ჩინეთი აღმავლობის გზაზე მდგომ სახელმწიფოდ მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ჩინეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მჭიდრო თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია.

 

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი პირად მტრად მიმიჩნევს, ჩემ მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაა. ჩემი აზრით, ეს მეტად სევდიანი ამბავია. საქართველოში კორუფციის დონემ ძალიან იმატა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს. რეფორმატორების ჯგუფმა, რომელსაც იმ დროს იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ხელმძანელობდნენ, ფართო ანტიკორუფციული კამპანია წამოიწყო. კამპანიას მხარს ჩემი ფონდიც უჭერდა და პირადადაც ჩავერთე მასში. კამპანიას ასევე მხარს უჭერდა პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც კარგ ადამიანად მიმაჩნდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ანტიკორუფციული პროგრამა კარგად ჩამოყალიბებული და ამბიციური იყო, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა. საქართველოში ჩემი ყოველი ვიზიტის დროს პრეზიდენტი შევარდნაძე მხარდაჭერას გამოხატავდა, მაგრამ რეალურად ვერაფერს აკეთებდა, რადგან კორუფციის ძირითადი წყარო შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო და მისი სიცოცხლე პირდაპირ იყო დამოკიდებული უშიშროების სამსახურზე. რეფორმატორების მოთმინება, ბოლოს და ბოლოს, ამოიწურა. სააკაშვილმა და ჟვანიამ მთავრობა დატოვეს და პოლიტიკური პარტია შექმნეს, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძეს დაუპირისპირდა. მათდამი ჩემი მხარდაჭერა იმით გამოვხატე, რომ 2003 წელს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სახელით ღია საზოგადოების ჯილდო გადავეცი. ოპოზიციამ არჩევნებში წარმატებას მიაღწია. დამოუკიდებელი ეგზიტპოლის თანახმად, რომელსაც სხვებთან ერთად ჩემი ფონდიც აფინანსებდა, მათ ხმების უმრავლესობა მიიღეს, მაგრამ ოფიციალური შედეგებით გამარჯვებული სამთავრობო პარტია იყო. მოქალაქეები ეგზიტპოლს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე ოფიციალურ შედეგებს, ამიტომ რევოლუცია მოხდა და სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა.

 

აღტაცებული ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, რომ წარმატების მიღწევაში დავხმარებოდი. რამდენიმე მილიონი დოლარი გავიღე რესურსების შექმნის ფონდისთვის, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამის ინიციატივით შეიქმნა და სააკაშვილის კაბინეტის წევრებს ყოველთვიურად ათასი დოლარის ოდენობის სახელფასო დანამატს უხდიდა, ხოლო პოლიციის პერსონალს – თვეში ასობით დოლარს. ამან სააკაშვილს საშუალება მისცა, რომ პოლიციაში დისციპლინა დაემყარებინდა და ბლოკპოსტების გაუქმების ბრძანება გაეცა, სადაც გამვლელი მანქანების მძღოლებს ქრთამებს სძალავდნენ. ეს რეალური ანტიკორუფციული ნაბიჯი იყო, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი მისი პოპულარობის ზრდას. თუმცა მდგომარეობა გაუარესდა, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ კორუფციის ბრალდებით ბევრი ცნობილი ბიზნესმენი დააპატიმრა და გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი თანხები გამოსძალა მათ. ეს ფული არაფორმალურ ფონდში ირიცხებოდა, რომელიც რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმისგან საქართველოს დასაცავად იარაღის შეძენისთვის იყო განკუთვნილი. რადგანაც ფონდი არაფორმალური იყო, შემდგომში კორუფციის წყაროდ იქცა.

 

საქართველოში მოქმედი ჩემი ფონდი ამ უკანონო ქმედების წინააღმდეგ გამოვიდა და, რადგანაც ქვეყანაში საპარლამენტო ოპოზიცია არ არსებობდა, ახალი მთავრობის ყველაზე აქტიური კრიტიკოსი გახდა. თავდაპირველად მზად ვიყავი, რომ მთავრობის მიერ ჩადენილ დარღვევებს ასე თუ ისე შევგუებოდი, რადგანაც მიმაჩნდა, რომ რევოლუციურ სიტუაციებში ჩვეულებრივი წესები გამოუსადეგია, მაგრამ უფრო კრიტიკული გავხდი, როდესაც ეს ქმედებები არ შეწყვიტეს. ხელისუფლებაში მოსული სააკაშვილი გაცილებით ნაკლებად ერთგული იყო ღია საზოგადოების ღირებულებებისა, ვიდრე ოპოზიციაში ყოფნის დროს.

 

ამავე დროს, რუსული მედია მადანაშაულებდა, რომ სააკაშვილის მთავარი დამფინანსებელი ვიყავი, ხოლო პუტინმა ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მმართველებს ჩემი ფონდების დახურვა ურჩია. საბედნიეროდ, მათმა უმრავლესობამ ეს რჩევა ყურად არ იღო, მაგრამ ფონდები ზეწოლის ქვეშ მოექცნენ და უარყოფითი შედეგები მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც ვიგრძენით. ამ მწარე გაკვეთილმა მასწავლა, რომ ნაკლებად გავრეულიყავი იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკაში, სადაც ჩემი ფონდები მოქმედებდნენ.

 

ასეთი დასკვნის თეორიაში გამოტანა უფრო იოლია, ვიდრე პრაქტიკაში მისი განხორციელება. სტრატეგია, რომელსაც ცალკეულ ქვეყნებში საქმიანობისთვის ვამზადებთ, დიდად არის დამოკიდებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. ჩვენი მიდგომა მიმართულებას მოიცავს. ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას ვეხმარებით მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში. მეორე მხრივ, ვცდილობთ ვითანამშრომლოთ მთავრობებთან, რომლებიც მზად არიან მიიღონ ჩვენი დახმარება, რათა უკეთ გაართვან თავი თავიანთ მოვალეობებს. ჩვენი საქმიანობა უფრო შედეგიანი იქნება, თუ ორივე მიმართულებით შევძლებთ მუშაობას, ხოლო ყველაზე დიდ შედეგებს რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების პერიოდებში ვაღწევთ, როდესაც ახალ მთავრობას უფრო ღია საზოგადოების შექმნა სურს, მაგრამ საჭირო რესურსები არ აქვს. მათი რესურსების გაზრდა ხშირად ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარებაა. სწორედ ეს გავაკეთეთ საბჭოთა სისტემის კოლაფსის დროს. უცხოელი ექსპერტები ჩამოვიყვანეთ და ამ ქვეყნების კვალიფიცირებულ მოქალაქეებსაც დავეხმარეთ ფინანსურად, რათა უცხოეთიდან დაბრუნებულიყვნენ. იგივე გავიმეორეთ საქართველოში ათი წლის შემდეგ. როდესაც ამ რთულ გამოცდილებას ვიხსენებ, არ მგონია, რომ რაიმე სხვანაირად უნდა გამეკეთებინა.

 

ნამდვილი გაკვეთილი, რომელიც საქართველოში მივიღე, ის იყო, რომ ტრანზიციის პროცესში მყოფი ქვეყნების დახმარება რთული და უმადური საქმეა. მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყნებშიც გვქონია, სადაც ერთი მთავრობის მიერ განხორციელებულ სისტემურ რეფორმებს მომდევნო მთავრობა მიზანმიმართულად აუქმებდა. რუსეთი ამის საუკეთესო მაგალითია. თავისუფლებები, რომლებმაც ელცინის მმართველობის ქაოტურ წლებში ფეხი მოიკიდა, პუტინის დროს პრაქტიკულად მთლიანად გაქრა. თუმცა არსებობს ნაკლებად თვალშისაცემი გაკვეთილიც. სისტემური რეფორმების დაფუძნება კონკრეტულ პარტნიორ მთავრობასთან მჭიდრო კავშირებზე სახიფათოა. სისტემური რეფორმები ფართო საზოგადოებრივ ჩართულობასა და მხარდაჭერას საჭიროებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეს რეფორმები შეუქცევადი.

ფილანტროპი და სოროსის ფონდის თავმჯდომარე ჯორჯ სოროსი ინტერვიუს დროს, ბუდაპეშტი, უნგრეთი. © EPA, 12.06.2013
ფილანტროპი და სოროსის ფონდის თავმჯდომარე ჯორჯ სოროსი ინტერვიუს დროს, ბუდაპეშტი, უნგრეთი. © EPA, 12.06.2013

სრულად ჯორჯ სოროსის ესსე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი