წუხელ, ღამით, როდესაც ყინვისგან სახლში თავშეფარებულებს ყველას თბილად გვეძინა, ქალაქში, რომელშიც ყოველდღე ვიღვიძებთ, დავბოდიალობთ, ვუყურებთ, ვესალმებით ერთმანეთს, ვათვალიერებთ უცხო ადამიანებსა და ვყნოსავთ ამ ქალაქის მტვრისა თუ სიძულვილისგან გაჟღენთილ ბენზინიან ჰაერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. როგორც ამბობენ, ყელი გამოსჭრეს, შემდეგ კი დაწვეს! – ასე შეიძლება დაიწყოს რომელიმე საშინელებათა ჟანრის მოთხრობა. მაგრამ აქ, ამ ქალაქში, ასე, ამ აბზაცით იწყება დილა, ჩვეულებრივი დილა, როცა დგები და რედაქციიდან ახალი დაბრუნებული, ყავის სმის პარალელურად, ინტერნეტში შემძვრალი კითხულობ: რა მოხდა დღეს ახალი?
ნიუსი მორიგი მკვლელობის შესახებ აქ ახალი არაა. არც აქ, არც სხვაგან. რომელიმე ჩაკირკიტებული მკითხველი აუცილებლად მოგიტრიალებს კითხვას: რა, ასეთები სხვაგან არ ხდება? ხდება, მეგობრებო, ხდება, აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ მთლად შუა ქუჩაში ცოცხლად დაწვეს ჰომოსექსუალი. აგერ, ლამის თანამედროვეობის სამოთხედ წოდებულ სკანდინავიაში ორიოდე წლის წინ 90-ზე მეტი სტუდენტი ერთ წამში გამოასალმა სიცოცხლეს მკვლელმა. სხვაგანაც ხდება, უარესებიც ხდება. ცოლების ხოცვის ისტერია მთლად ყოველდღიურ სერიალად გვექცა. თუმცა, როგორც არა ბანალური და „პაპსა“, არამედ ნამდვილი ჰორორის, როგორც ნამდვილი თრილერის მოყვარულ საზოგადოებას შეგვეფერება (გაიხსენეთ ციხეში ძალადობის საწინააღმდეგო აქციის მთავარი სიმბოლო – ცოცხი) ნუ დაგვავიწყდება აქ ერთი მნიშვნელოვანი ზმნა, რომელიც დანაშაულის შესახებ ნიუსს სდევდა თან: წვა! ცოცხალი ადამიანი არათუ მოკლეს, არამედ – დაწვეს! რომ არა ეს ზმნა და რომ არა გარდაცვლილის ტრანსგენდერობა, ვინ იცის, იქნებ ეს ნიუსიც გადაგვეფურცლა და მშვიდად გადავსულიყავით კულინარიის, ანდაც, ჰოროსკოპის გვერდზე და გვეკითხა, რას გვიქადიან დღეს ვარსკვლავები?
განა რა? არა იმიტომ, რომ სხვისი სიცოცხლე ნაკლებ მნიშვნელოვანია, სხვისი სტანდარტული(?!) სიკვდილი (სიბერით, დანით, იარაღით, ცულით ან რომელიმე სხვა ცივილური მეთოდით) ნაკლებ გვტკენს გულს და ნაკლებ გვაშფოთებს, უბრალოდ, ეს ბანალურობამდე დასული სტანდარტული ტექსტი იმდენად ხშირად იკითხება ჩვენს თვალებსა და გონებაში, რომ შევეჩვიეთ, აღარ გვიკვირს, გაცვდა და ახალ, უფრო მძაფრ, გაუგონარ სიუჟეტებს მოითხოვს ჟანრის კანონი. დაახლოებით ისე, როგორც ადრე (და მგონი ახლაც) ჟურნალისტიკის ოქროს წესად თვლიან კეთილი ადამიანები, რომ თუ ძაღლმა უკბინა ბავშვს, ეს ნიუსი არაა. თუ ძაღლმა უკბინა ბავშვს, ბავშვი დაინფიცირდა ცოფით და გარდაიცვალა – ნიუსია, ხოლო თუ ბავშვმა დაგლიჯა ძაღლი – ტოპ ნიუსი.
გულწრფელად დავაკვირდეთ ჩვენს სახეებს, როდესაც ახალი ამბების ბლოკში მორიგი მკვლელობისა და ძალადობის შესახებ ნიუსს ვიტყობთ, როგორ გვიფართოვდება თვალები, აღმოგვხდება „აუუ!“, ან, „ვაიმე!“, ან, „ბოზიშვილივიყო!“. გვწყინს, მართლა. რამდენიმე წამში კი გავხედავთ ოჯახის წევრს და სრულიად ინდიფერენტული სახით ვთხოვთ: „აუ, ჩაიში ორი კოვზი შაქარი ჩამიყარე რა!“. მერე გავდივართ საპირფარეშოში, ამ მარტოობისა და ფიქრისთვის იდეალურ ადგილას და ვთამაშობთ Candy Crush-ს (ჩემს შემთხვევაში, Frozen Free Fall-ს).
ასე იყო დღესაც! პარადოქსია, მაგრამ ახალგაზრდა ტრანსგენდერის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ამბის სრული სიმძაფრის მიუხედავად (და აქ ჟანრის კანონები ნამდვილად იყო დაცული: ერთი, რომ ტრანსგენდერის მკვლელობა ჩვენისთანა ჰომოფობიურ საზოგადოებაში უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიუსია და მეორე, რომ მეთოდი – ყელის გამოჭრა და შემდეგ გვამის დაწვა რეგულარული ნამდვილად არაა), შემზიზღდა საკუთარი, სრულიად ინდიფერენტული სახე ამ ნიუსის კითხვისას. დეპრესიაში ჩამაგდო არა უბრალოდ ამბავმა, არამედ საკუთარმა, რეგულარული შოკისგან დაღლილმა, ამ ინდიფერენტულმა სახემ! სახემ, რომლისთვისაც ძალადობა უკვე მომაბეზრებლად ბანალურია.
უკვე ზეპირად ვიცოდი, ყურში ჩამესმოდა პოლიციელის ნათქვამი: „მიმდინარეობს გამოძიება“, ჟურნალისტის დაყოლებული: „დაველოდოთ გამოძიებას“, ხოლო პოლიტიკოსის დამადლებული: „პანიკის საფუძველი არ არსებობს!“. აი, რამაც ინდიფერენტული მდგომარეობიდან – ნამდვილ შფოთვამდე და ბორგვამდე მიმიყვანა, ეს იყო ყრუ ხმა ჟრიამულისა, ზეიმისა, რაც ჩემი წინათგრძნობით საზოგადოების ჰომოფობიურ ნაწილს უნდა გამოეცა და გამოსცეს კიდეც. უკვე საღამოს, სამუშაო შეხვედრაზე მყოფი, ინტერნეტში, ნიუსის კომენტარებში ვკითხულობდი გამარჯვების ყიჟინას ადამიანებისა, რომელთა სიტყვებითაც „წმენდა დაიწყო“, „ეს ერთი და სხვა მრავალი“, რომ „დასაწვავი კიდევ ბევრია!“
ვკითხულობდი ამ კომენტარებს, პარალელურად კი მახსენდებოდა ორი დღის წინანდელი ლექცია „დიდ ინკვიზიტორზე“. როგორ ვსაუბრობდით ინკვიზიციაზე, ე.წ „კუდიანების“ დევნაზე, მათ დაწვაზე, ბრუტალურობისა და ძალადობის როლზე ეკლესიის (და ზოგადად) ძალაუფლების გამყარებაში და ამ დროს, თითქოს არსაიდან გაჩნდაო, როგორ შემოაღო აუდიტორიის კარი შავ ანაფორაში გამოწყობილმა საეკლესიო პირმა. მახსენდებოდა, როგორ გაგვიშრა ნერწყვი პირში, მგონი, მთელს აუდიტორიას, ლექტორის ჩათვლით, როგორ დავიბენით (არადა, უბრალოდ აუდიტორია შეეშალა კაცს). ჰო, ვკითხულობდი ამ კომენტარებს და გონებაში ვიმეორებდი:
კუდიანების დევნა.
კუდიანების დევნა?
კუდიანების დევნა!
არ დაგვითვლია, არ გვიკვლევია და არ ვიცით, საზოგადოების რა ნაწილს შეადგენენ ისინი, მაგრამ ფაქტია, არაერთი ადამიანი დღეს აქ, ჩვენს ქალაქში, ქალაქში, რომელშიც ვცხოვრობთ, ვიღვიძებთ, დავბოდიალობთ, ვუყურებთ, ვესალმებით ერთმანეთს, ვათვალიერებთ უცხო ადამიანებსა და ვყნოსავთ ამ მტვრისა თუ სიძულვილისგან გაჟღენთილ ბენზინიან ჰაერს, დღეს ტრანსგენდერის გვამის დაწვას აღნიშნავდნენ!
ჰოდა, შემეშინდა. შემეშინდა არა მხოლოდ იმის, რომ ხვალ ან ზეგ მე თავად შეიძლება ავღმოჩნდე მორიგი ჰომოსექსუალი, რომელსაც დაწვავენ და ასე „ერს გაწმენდენ“ (გვახსოვს, როგორ აგორდა ცოლების ხოცვის სერია დომინოს პრინციპით), არამედ შემეშინდა ხანძრის, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ემუქრება. თუკი ვთანხმდებით, რომ ტყე, გნებავთ, ბაღი, ისევეა უამრავი სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის, ფუნქციისა თუ მნიშვნელობის მცენარეთა, მაღალი და დაბალი ხეების, მწვანე ბალახის, ლამაზი ყვავილების ერთობლიობა, როგორც საზოგადოება – ასევე სხვადასხვაგვარი ადამიანების, იქვე უნდა დავამატოთ ბუნების ერთი მარტივი კანონი, რომ ტყეში ექსკლუზიურად ერთი ხე არასდროს იწვის. ერთი ხის აალება მხოლოდ დასაწყისია მთელი ტყის ხანძრისა.
ჰო, შემეშინდა! შემეშინდა და საკუთარი ინდიფერენტული, დაღლილი, მშვიდი სახე შემძულდა.
გიორგი კიკონიშვილი