კომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში

27 ოქტომბერი, 2014 • • 2952
საქართველო აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში

გარდა ამისა, ომის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა და განადგურდა ეკონომიკა. ეკონომიკური და სოციალური ვითარება ერთობ რთულია, განათლების სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. 1990-იან წლებში მომხდარმა კატაკლიზმებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა აფხაზური ნაციონალური იდენტობის ფორმა და შინაარსი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე. წინამდებარე სტატიაში განხილულია აფხაზური ნაციონალიზმის ის ძირითადი მარკერები, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და გვევლინებიან ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთ ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებად.  

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები არის ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის ფარგლებში ავტორთა დაკვირვებების შედეგი, რომლითაც ჩამოყალიბდა სტატიაში მოცემული რამდენიმე ჰიპოთეზა აფხაზური ნაციონალური იდენტობის შესახებ. სტატიის მიზანს არ წარმოადგენს ამ ჰიპოთეზების გადამოწმება, რადგან ეს შემდგომი კვლევის საგანია. 

 

საქართველო აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში 


აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს ომზე მოგონებებით, ომისგან შექმნილ გარემოში. აფხაზური ნაციონალიზმი ეთნიკურია, ის ძირითადად დაფუძნებულია ქართულ ნაციონალურ პროექტთან კონფლიქტში და კვლავწარმოებულია ომის შედეგად. აფხაზური ნაციონალური იდენტობა ომის შესახებ მითებით იკვებება. ის დროში ცვალებადია და მასზე გავლენას ახდენს როგორც შიდა სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, ისე საგარეო დაძაბულობაც, მათ შორის, საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკა ამ რეგიონის მიმართ. 


აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში დიდ როლს თამაშობს მსხვერპლის სიმბოლო. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში საქართველოს როლი დაკავშირებულია სამ ძირითად ისტორიულ მოვლენაზე, რომლებშიც აფხაზურ ეთნოსს მსხვერპლის ადგილი უკავია: მუჰაჯირობა, სტალინიზმი და ქართულ-აფხაზური ომი 1992-1993 წლებში. 


მუჰაჯირობა – მუჰაჯირობას აფხაზები უკავშირებენ აფხაზეთის დემოგრაფიის ცვლილებას რეგიონში. მოძალადის როლში გამოყვანილია რუსეთი, რომელმაც კავკასიური ომის კონტექსტში XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოახდინა კავკასიის რეგიონის ადიღე–ჩერქეზი ხალხისგან დაცლა. აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში მუჰაჯირობის კონტექსტში საქართველო და ქართველები წარმოჩენილნი არიან კოლაბორაციონისტებად, რომლებიც რუსეთის იმპერიასთან ერთად ცდილობდნენ, გაედევნათ  აფხაზები სამშობლოდან და შემდგომში აეთვისებინათ მუჰაჯირობის შედეგად გათავისუფლებული ტერიტორიები.


სტალინიზმი აფხაზური ნაციონალური ნარატივის კიდევ ერთ შემადგენელს წარმოადგენს. სტალინიზმი, უფრო კონკრეტულად კი – სტალინისა და ბერიას მიერ განხორციელებული ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით 1937-1953 წლებში. ამ შემთხვევაში, სტალინი და ბერია, როგორც ქართული წარმოშობის ლიდერები, განხილულნი არიან  მოძალადეებად, რომელთა მიზანს წარმოადგენდა აფხაზი ერის განადგურება და/ან ასიმილაცია, გაქართველება (“გრუზინიზაცია“). სტალინიზმის ეპოქას უკავშირდება ასევე ე.წ. კოლონიზაციის, ანუ ქართველების ჩასახლების ისტორიაც აფხაზეთში, რომელიც, თავის მხრივ, აფხაზური ისტორიოგრაფიის მიხედვით აფხაზების უმცირესობაში დატოვებას ისახავდა მიზნად. აფხაზურ ისტორიოგრაფიაში და ზოგადად კოლექტიურ მეხსიერებაში სტალინიზმის ეპოქა ასოცირდება აფხაზური ენის აკრძალვასთან სკოლებში, აფხაზური ინტელიგენციის მასობრივ განადგურებასთან და გადასახლებასთან, ასევე, რეგიონის ქართული მოსახლეობის მხრიდან კოლონიზაციასთან.


ქართულ-აფხაზური ომი 1992-1993 წლებში – საქართველოსთან ომი, რომელმაც აფხაზებს უზარმაზარი მსხვერპლი მოუტანა, აფხაზური ნაციონალური ნარატივის მესამე და, შეიძლება ითქვას, მთავარ შემადგენელს წარმოადგენს. აფხაზურ ტექსტებში ამ მოვლენას ორი სახე აქვს: ეს არის დიდი ტრაგედიისა და ასევე დიდი „სამამულო გამარჯვების“ სახეები. ამათგან პირველი ასოცირდება უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლთან, ინფრასტუქტურის და ეკონომიკის განადგურებასთან და სხვა კატაკლიზმებთან. მეორე, ანუ დიდი გამარჯვება კი, ფაქტობრივად, შეიძლება მიჩნეულ იქნეს აფხაზური ნაციონალური პროექტის ჩამოყალიბების ათვლის წერტილად, რადგან აფხაზებს უჩნდებათ მუდმივი მსხვერპლის მდგომარეობიდან პოლიტიკურ განზომილებაში ტრანსფორმაციის საშუალება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დევნილებს, ამ შემთხვევაში, კოლაბორაციონისტების როლი აქვთ მინიჭებული, რაც გამყარებულია იმ არგუმენტით, რომ ადგილობრივი ქართველები არ იყვნენ სოლიდარული ეთნიკური აფხაზების მიმართ, მაშინ, როცა სახელმწიფო საბჭოს ძალები შევიდნენ რეგიონში. 


უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზურ ისტორიოგრაფიაში ქართულ საფრთხეზე საუბრისას  დამატებით აქცენტი კეთდება მეოცე საუკუნის 20-იანი წლების პერიოდზეც. მაგალითად, ვიაჩესლავ ჩირიკბას მოსაზრებით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის არსებობას მე-20 საუკუნეში სამჯერ დაემუქრა საფრთხე. ამ საფრთხეებში სტალინიზმის პერიოდთან (ე.წ. გრუზინიზაციის პროცესი) და 90-იან წლებში სამხედრო დაპირისპირებასთან ერთად, მოიაზრება 1917 წლის რევოლუციის შემდგომ მომხდარი დაპირისპირებები, მათ შორის 1921 წელს აფხაზების მხარდაჭერა საქართველოს გასაბჭოების პროცესში.


გარდა ზემოთ აღწერილი სამი ძირითადი მდგენელისა, ასევე საინტერესოა ის, თუ რა ადგილი უჭირავს საქართველოს აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში დღეს. 2008 წლის შემდგომ, საქართველოს, როგორც „მუდმივი და ყოვლისმომცველი მტრის“, სიმბოლო შედარებით შერბილდა. ეს უკავშირდება აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაბარებას რუსეთზე. თუმცა აქ ადგილი აქვს ზემოთ აღნიშნული სიმბოლოს მხოლოდ შერბილებას, რომლითაც, „საჭიროების“ შემთხვევაში, კვლავაც ეფექტურად მანიპულირებენ ელიტები. შეიძლება ითქვას, რომ ის ლატენტურ ფორმაში გადავიდა. მეორე მხრივ, საქართველო კვლავ ასოცირდება ნეგატიურ სიმბოლოებთან, რომელიც დაკავშირებულია შემდეგ საკითხებთან: 


– საქართველო, როგორც მუდმივი საფრთხის წყარო – მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდგომ საქართველოს, როგორც საფრთხის აღქმა შემცირდა (რაც განპირობებული იყო რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარებითა და რუსული საჯარისო ნაწილების ჩადგომით), იგი კვლავ რჩება საფრთხის შემცველ სიმბოლოდ აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში. ამ სიმბოლოების კვლავწარმოება ძირითადად დაკავშირებულია ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის ძალისხმევასთან. საქართველოზე, როგორც მუდმივი საფრთხის წყაროზე, საუბრისას აფხაზების მხრიდან აქცენტი კეთდება შემგომ ორ ძირითად საკითხზე: ა) საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს ტერიტორიული დავა აფხაზეთთან; ბ) საქართველო არ აწერს ხელს ხელშეკრულებაზე ცეცხლის განუახლებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტა ქართულ მხარესთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების წინაპირობად აყენებს ზემოთ ნახსენებ დოკუმენტზე ხელის მოწერას.


– აფხაზეთში არსებული დანგრეული ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, როგორც ომის შედეგი, რომლის ინიციატორებიც ქართველები იყვნენ. აფხაზებს ყოველდღიური შეხება აქვთ ამ რეალობასთან. 


– გალი, როგორც „კოლაბორაციონიზმის“ სუბნარატივის გაგრძელება. ის გარემოება, რომ აფხაზები არ წარმოადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას აფხაზეთში და არსებული კოლექტიური მეხსიერება (რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია დემოგრაფიულ მდგომარეობასთან) აძლიერებს იმის შიშს, რომ შესაძლოა გალის მოსახლეობამ გავლენა მოახდინოს აფხაზეთის პოლიტიკურ პროცესებზე. ამ მოსაზრებას აძლიერებს ისიც, რომ  აფხაზების აღქმით, გალის მოსახლეობა კვლავ უკავშირებს საკუთარ მომავალს ერთიანი საქართველოს იდეას. აღსანიშნავია ისიც, რომ გალის მოსახლეობა ხშირად ხდება ხოლმე აფხაზური პოლიტიკური თამაშების ნაწილი თავად აფხაზური პოლიტიკური ძალების ძალისხმევის შედეგად. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდში. როგორც წესი,  პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გალის რაიონიდან ხმების მიღების ნაკლები შანსი აქვთ,  იყენებენ „ქართულ საკითხს“ აფხაზური ელექტორატის მობილიზაციისთვის, რაც ხელს უწყობს მუდმივ პოლარიზაციას ამ საკითხის გარშემო. 


– იზოლაცია და არაღიარება – აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საკმაოდ რთულია. ამ მდგომარეობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. თუმცა აფხაზური პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის საკმაოდ ადვილია, აუხსნას აფხაზურ მოსახლეობას ეს სირთულეები საქართველოს არაღიარებისა და იზოლაციის პოლიტიკის მეშვეობით. ეს გარემოება კი აღრმავებს საქართველოს, როგორც მტრული სახელმწიფოს ხატს აფხაზურ საზოგადოებაში და ამარტივებს ამ ხატის ინსტრუმენტალიზაციას აფხაზი პოლიტიკოსების მიერ (ამავე არგუმენტაციის საფუძველზე ხდება ანტიდასავლური განწყობების კრისტალიზაციაც). 

 

დასკვნის მაგიერ 


როგორც ზემოთ არის აღნიშნული, აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში საქართველოს ცალსახად ნეგატიური ადგილი უჭირავს. ეს განაპირობა სხვადასხვა ისტორიულმა, სოციალურ-პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა  ფაქტორებმა. აფხაზური ნაციონალური პროექტის ჩამოყალიბების პროცესი ძირითადად დაფუძნებულია და კვლავწარმოებულია ქართულ ნაციონალურ პროექტთან კონფლიქტში, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ისტორიული მოვლენების შეფასებისას საქართველოსთან კავშირების დემონიზაციას ან უგულებელყოფას. ეს პროცესი მნიშვნელოვანწილად გააღრმავა 90-იან წლებში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ამ პროცესის კვლავწარმოებას ახდენს საქართველოსთან არსებული პოლიტიკური კონფრონტაცია. პოლიტიკურ კონფრონტაციაში, ამ შემთხვევაში, იგულისხმება შეჯიბრი აფხაზეთის აღიარება/არაღიარების საკითხში და დეიზოლაციის თემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი