კომენტარი

გარჩევიდან – გარჩევამდე, ანუ მესამე თვალის კომპლექსი

22 ოქტომბერი, 2014 • • 1734
გარჩევიდან – გარჩევამდე, ანუ მესამე თვალის კომპლექსი

თითქმის ერთი კვირაა ვფიქრობ, რას შეიძლებოდა მასობრივ ისტერიულ სასაკლაომდე მიეყვანა ტრაგედია, ტრაგედიების სერია, რომელიც სამართლის ენაზე მსუბუქად „ოჯახურ ძალადობად“ ითარგმნება, ხოლო ქართველმა ჟურნალისტებმა მთლად „გარჩევა“ უწოდეს. გარჩევა უწოდეს ამბავს, როდესაც ორჯერ ნასამართლევი, ამნისტირებული მოძალადე შედის უნივერსიტეტში, ლექციიდან გამოჰყავს ლექტორი, ყოფილი ცოლი, იღებს იარაღს და იქვე ახლის ტყვიას. შემდეგ ატრიალებს იარაღს და იკლავს თავს. ჰო, „სისხლიანი გარჩევა“ – ასე უწოდეს ამ ამბავს ქართველმა ჟურნალისტებმა და ტრაგედიიდან თითქმის ერთი კვირის თავზე ყველაფერი მარტივ იურიდიულ და ჟურნალისტურ ენაში ჩაიკარგა. როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა, ჩაჩოჩდა ქალების ხოცვის თემა „კულტურის ბლოკისა“ და ამინდისკენ, ანუ, ნაკლებად ცხელი თემებისკენ.

 

საინფორმაციო გამოშვებების მთავარი ბლოკი და მაყურებლების გონება ახლა სხვა გარჩევამ დაიპყრო – კაცური კაცების ბილწსიტყვაობამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ – „შენს ცოლს მოვტყნავ“ (მაპატიეთ, პირდაპირ უნდა დავწერო) – წამოიძახა ერთ-ერთმა სტუმარმა ყველაზე ტრივიალური ფორმით, ყველა ატრიბუტით, რაც ნამდვილ კაცურ გარჩევას უნდა ახლდეს თან: ფეხზე ამაყად უნდა იდგე, ცალი (სასურველია მარჯვენა) ხელი დაძარღვულად უნდა გქონდეს გაშვერილი გინების ადრესატისკენ, კისრის და შუბლის ძარღვებიც დაჭიმული უნდა იყოს, ხმა – დაბოხებული, თვალები – გადმოკარკლული და, რაც მთავარია, არ უნდა დაგავიწყდეს „მესამე თვალი“, რომლითაც შეუმჩნევლად უნდა უყურებდე კამერას და დარწმუნებული იყო, რომ ობიექტივი შენკენაა მომართული. შეუმჩნევლად უნდა დარწმუნდე, რომ შენს ნაღდ, ვაჟკაცურ გამოსვლას კამერა იღებს. იღებს და მაშასადამე, გადასცემს კიდეც ასიათასობით, მილიონობით მაყურებელს.

 

მეორე დილით, ტელეფონში, ფეისბუქზე, ყველგან, ბევრი შეტყობინება უნდა დაგხვდეს, დაახლოებით ასეთი შინაარსით: „საღოლ, ძმა! მაგარი კაცი ხარ!“. ან ძალმომრეობით აღტყინებულმა ქალებმა (სხვათა შორის, დედებმაც) აუცილებლად უნდა მოგწერონ: „გაიხარე, შვილო, შენისთანა ვაჟკაცები სჭირდება დღეს საქართველოს“… ანდაც (ამას ისევ კაცები მოგწერენ): „მიდი, დედა მოუტყანი!“ შედარებით ენაკვიმატი ძმაკაცი კი დედის ნაცვლად, მოპაექრის ცოლისკენ გაგგზავნის და ეგაა, კაცი გქვია, მორიგი გარჩევის წყალობით შენი წილი ძალა-უფლება გაქვს.

 

დღეს დილით, როდესაც „რუსთავი 2“-ზე წუხელ გასულ ამ ბანალურ თეატრალურ სცენას ვუყურებდი, თავში მომენტალურად გამიელვა სიტყვამ – სპექტაკლი! ძალადობა, მაშასადამე ძალაუფლება, თეატრალურია. მთელი კვირის მანძილზე ქალებზე ძალადობის შესახებ დაწერილი არაერთი სტატიიდან არც ერთის პატივცემულ ავტორს ეს სიტყვა არ უხსენებია. ავტორები სრულიად საფუძვლიანად საუბრობდნენ უამრავ ასპექტზე, რაც ძალადობას ანოყიერებს. საუბრობდნენ საკითხებზე, რომელთა დაწერაც მინდოდა, მაგრამ რაკიღა უკვე დაწერეს, გამეორებას აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომაც, მოდით, ვისაუბროთ ძალადობის ერთ, მნიშვნელოვან ასპექტზე – მის თეატრალურობაზე, რატომაც არა?

 

თუკი ძალაუფლების მპყრობელთა სახეებს გავიხსენებთ, ისტორიული პორტრეტებიდან, ფილმებიდან თუ საინფორმაციო გამოშვებებიდან, მათ, ყველას, ერთი რამ აერთიანებთ: „მესამე თვალი“, რომლითაც „კამერას“ შეუმჩნევლად გასცქერიან, რათა დარწმუნდნენ, რომ მტკიცე, მკაცრ, დაძარღვულ სახეს, რომელსაც ახლა იღებენ, მილიონები ნახავენ, მილიონებს შესძრავთ. ეს ჩვენც მოგვსვლია ხშირად, უბრალო „სელფების“ გადაღებისას, ან თუნდაც მაშინ, როდესაც მეგობარი ფოტოს სიგარეტის მოწევის პროცესში გვიღებს: ერთი შეხედვით ყველაფერი ბუნებრივია, ჩვენ სიგარეტს ვეწევით, სადღაც, სივრცეში განყენებული, ჩაფიქრებული მზერით ვიყურებით, ამ დროს კი მეგობარი ფოტოს გვიღებს. მაგრამ ჩვენი „მესამე თვალი“ ხომ ხედავს ამ ფოტოკამერას და ზუსტად ვიცით, ეს განყენებული, ბრძნული მზერა, დაცემინებაც რომ გვინდოდეს, წამით უნდა გავყინოთ, რათა ფოტოზე სწორედ ჩვენ რომ მოგვწონს, ის სახე აღიბეჭდოს. ისმის „ჩხაკ!“ და როგორც კი მისია შესრულებულია, ისმის ჩვენი გაკვირვებული კითხვაც: „უი, ფოტო გადამიღე?“ – ვითომ არ ვიცოდით, ვითომ ვერ ვხედავდით „მესამე თვალით“. ჩვენი ჩაფიქრებული, განყენებული მზერა თავისთავადად არაფერია, არც კი არსებობს, თუკი მას კამერა არ დააფიქსირებს და სხვებს არ ანახებს, სხვებს არ მოაწონებს ჩვენს თავს.

 

ასევე ძალაუფლების შემთხვევაში. შეგვიძლია ცოტა ვიხულიგნოთ და ვთქვათ, რომ ძალაუფლება თავისთავადად არც კი არსებობს. ის მხოლოდ მაშინ ხდება „რეალური“ და „ლეგიტიმური“, როდესაც მოძალადე ძალადობს, განახორციელებს ძალის უფლებას, ხოლო „კამერა“ ამას აღბეჭდავს და მილიონობით თვალს შესძრავს. დაკვირვებიხართ, როგორი მკაცრი ტონით, შეჭმუხნული წარბებითა და მაგიდაზე მუშტის ბრახუნით გვამცნობს ხოლმე ხელისუფალი ტელე-ეთერიდან, რომ „ამას არ დავუშვებთ!“? დაშლიან რომელიმე, თუნდაც სანქცირებულ აქციას, დასჯიან თუნდაც უდანაშაულო კრიმინალს, მაგალითად, მარიხუანას მომხმარებელს და გვემუქრებიან, რომ სხვას თავში აზრადაც არ მოუვიდეს გამეორება. და ჰო, რაც მთავარია, ძალის ასეთი დემონსტრირება, როგორც წესი, ყველაზე სუსტებზე ხდება ხოლმე. რაკიღა შენი „მესამე თვალი“ ხედავს, როგორ გიყურებს კამერის ობიექტივში მოთავსებული მილიონობით სხვა თვალი, ძალადობის წარმატება გარანტირებული უნდა იყოს, მაშასადამე, უნდა იძალადო სუსტზე, მასზე, ვისთანაც წარმატება, დიდი ალბათობით მაინც, გარანტირებული გაქვს. მაგალითად, მარიხუანას მომხმარებელ მშვიდობიან მოქალაქეზე, რიცხობრივ უმცირესობებზე, ანდაც, ფიზიკურად სუსტზე, მაგალითად – ქალზე.

 

ახალი მილენიუმის საქართველომ ცხოვრების ახალი გზა – თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო აირჩია, ჩაწერა რა კონსტიტუციაში, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეთნიკური, რასობრივი, თუ სხვა უამრავი კუთვნილებისა და სწორედ მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში ეს მუხლი ჩაიწერა, საზოგადოებას ახალი თავსატეხი გაუჩნდა – როგორ დავაბალანსოთ ძალა? ნუთუ ჩემზე სუსტი შეიძლება ჩემი თანასწორი იყოს? მაშ, ვისღა დავუმტკიცო, რომ მაგარი ბიჭი ვარ? 37 მანეთიანი ლეგენდები აღარ გაჭრის, მოსკოვში იაფად ვეღარ ვიფრენ, როგორღა მოვახდინო საკუთარი თავის დამკვიდრება და ლეგიტიმაცია საზოგადოებაში?

 

თანამედროვე მარკეტოლოგიის სამყაროში (მაშასადამე, უბრალოდ, თანამედროვე სამყაროში, რადგან ეს ორი უკვე სინონიმია) არსებობს ერთი მაგიური სიტყვა – „წარმატება“. ჩართეთ ტელევიზორი, გადაშალეთ ნებისმიერი გაზეთი, შეხედეთ ბილბორდებს ქალაქის ქუჩებში – ჩვენ ყველგან ამოვიკითხავთ, რომ მხოლოდ მაშინ ვიქნებით დაფასებული, მაშასადამე, დამკვიდრებული, როდესაც „წარმატებას მივაღწევთ“. თანამედროვე მარკეტოლოგები უფრო და უფრო გვაგდებენ ლუზერის, ანუ, წარუმატებელი კაცის კომპლექსში ისე, რომ არც კი გვეკითხებიან, იქნებ ვინმე ჯიბეგახვრეტილის ერთი ნახატი იმაზე მეტად ძვირფასი იყოს, ვიდრე „წარმატებული“, კოსტუმში გამოწყობილი „პიარშიკის“ მთელი საქმიანობა?

 

ასეა თუ ისე, ამ კაპიტალისტურ პარადიგმაში, როდესაც „ბაზარი ასე მოითხოვს“, ძნელია ეს ე.წ თავის დამკვიდრება, თუკი განათლება, სამსახური, სოციალური პირობები და ჩვენს შემთხვევაში, გავლენიანი ნაცნობები არ გიწყობენ ხელს. ხოლო როცა ეს ჩამოთვლილი წინაპირობები არ გაქვს, რა გრჩება ხელში თვითლეგიტიმაციისთვის, თუ არა შიშველი მუშტი, შიშველი ძალა შენი ძალაუფლების სადემონსტრაციოდ? თუკი 21-ე საუკუნის საქართველოს „წარუმატებელი“ მოქალაქე ხარ, რომელიც 24/7 ძალაუფლების მპყრობელებს უყურებ ტელე-ეთერში: ხელისუფლებას, თავისი პოლიციით; ეკლესიას, თავისი მრევლით; სელებრითებს, თავისი ბრჭყვიალებით… რით ხარ მათზე ნაკლები, რომ ვინმე ჩაგრულად, ლუზერად არ აღგიქვამდეს?

 

საქმე ისაა, რომ ამ ახალი მილენიუმის საქართველოში, ჩემი დაკვირვებით, ქალებმა კაცებზე მეტად აუღეს ალღო „ბაზრის მოთხოვნებს“. თანამედროვე ქართველი ქალი ხშირად კაცზე მეტს შრომობს, იღებს განათლებას, ღამეებს ათევს დაკისრებული სამუშაოს შესრულებაში, ძლიერდება ეკონომიკურად, ჯდება საჭესთან და მიილტვის თავისუფლებისკენ, თანასწორობისკენ, რომელიც თანამედროვე სამყაროს ამოსავალი წერტილია, თუნდაც დეკლარირებულად. ხოლო კაცებს ამ ალღომ უღალატათ და მათ, შეიძლება ითქვას, ბეწვზე მოუსწრო ათასწლეულების წინანდელმა, კომუნიკაციის მკვეთრად პატრიარქალური წესრიგის მქადაგებელმა ინსტიტუციამ – ეკლესიამ. საქართველოს პატრიარქის განცხადებამ, რომლითაც მან ქალებს ქმრის მონური მორჩილებისკენ მოუწოდა, შეიძლება ითქვას, ცეცხლზე ნავთი დაასხა. „გალუზერებულ“ კაცებს ხომ ეს-ესაა სჭირდებოდათ მორალური ლეგიტიმაცია საიმისოდ, რომ მათი უკანასკნელი იარაღი – შიშველი მუშტი გამოეყენებინათ ძალაუფლების დასაბრუნებლად.

 

მოდი, ასე ვთქვათ, ქალის მიერ კაცის მორჩილება ილია შიოლაშვილის მოგონილი არაა. ქრისტიანობა, როგორც მოციქულების (და არა თავად ქრისტეს) მიერ შექმნილი და კონსტრუირებული რელიგია, თავისი დოგმებით, მკვეთრად პატრიარქალურია. ის იერარქიულადაც კი პატრიარქალურ ძალადობრივ ფორმულაზეა აგებული (რომის სამხედრო იერარქიების კოპირებით). მაშასადამე, ის, როგორც ფაქტობრივად ყველა რელიგია, თავისი არსით რეგრესულია და უკან ექაჩება თანამედროვე საზოგადოებას, მოითხოვს რა 21-ე საუკუნის ადამიანისგან ათასობით წლის წინანდელი წესრიგის მორჩილებას. წესრიგისა, როდესაც ადამიანთა საყოველთაო თანასწორობა ჩანაფიქრშიც კი არ იყო. ამ შემთხვევაში ილია მეორეს დანაშაული არა ახალი ველოსიპედის მოგონებაა, არამედ მისი ვერბალიზაცია, შეხსენება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ავტორს გააზრებული აქვს საკუთარი 97%-იანი ნდობის მნიშვნელობა.

 

ჰოდა, მოხდა ისე, რომ თანამედროვე საქართველოს საზოგადოება ორ გამწევს შორის მოექცა: ერთი მხრივ, თანამედროვე „ბაზრის მოთხოვნები“ – „წარმატება“, მეორე მხრივ – ათასწლეულების წინანდელი წესრიგი – „მორჩილება“. ამ გაწევ-გამოწევაში კი თავად საზოგადოება იხლიჩება.

 

ვერ ვიტყვი, ვინმეს რეცეპტი გვქონდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს. რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ შეცდომაა ძალადობის წინააღმდეგ ხმლის აღმართვა მოვთხვოთ მას, ვისი არსიც ფუნდამენტშივე ძალადობრივია: ხელისუფლება და ეკლესია. ისინი თავად დგანან გადმოკარკლული თვალებით, იშვერენ მარჯვენა ხელს და გასცქერიან კამერას მესამე თვალით. (გაიხსენეთ ნებისმიერი მღვდლის სახე 17 მაისის კადრებიდან, გაიხსენეთ ღარიბაშვილის გაუღიმარი სახე ნებისმიერი ტელე-გამოსვლიდან).

 

აი, რაც ჩვენ, ამ გახლეჩვაში მოყოლილ მოქალაქეებს შეგვიძლია ვქნათ, ისაა, რომ თავად შევეშვათ მესამე თვალით კამერაში ცქერას. ხოლო ვისაც ამ თეატრალურ დადგმაში ჩართულს დავინახავთ, ვუთხრათ, რომ შევამჩნიეთ, როგორ აპარებდა თვალს კამერისკენ. სხვა ყველაფერი უკვე ტელე-ეთერია, თავისი ჰედლაინებით „ოჯახური გარჩევა“ ერქმევა მას თუ „სკანდალური ტელე-გარჩევა“.

 

P.S. სტატიის წერა თითქმის დასრულებული მქონდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ვნახე ოჯახში ძალადობის შესახებ. ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაღა თქმა უნდა, ისევ პარტიული სპეკულაციების საგნად იქცა. ღარიბაშვილმა ოჯახში ძალადობის გახშირებული შემთხვევები წინა ხელისუფლებას გადააბრალა. დაიბოხა ხმა, წარმოსთქვა სიტყვა და გაიხედა… უკვე იცით, სადაც. 

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი