პაატა, საქართველოში მოქმედებს გარკვეული სტერეოტიპი, მაგალითად, ის, რომ ე.წ. ინტელიგენცია სოციალურად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ეს ნორმად მიაჩნიათ კულტურის მუშაკებსაც (როგორც უწოდებენ ხოლმე საკუთარ თავს) – იქნებიან ესენი მსახიობები, პოპკულტურის წარმომადგენლები, მხატვრები და ა.შ. რამდენად მისაღებია ხელისუფლებისა და კულტურის ამ ფორმით ურთიერთობა?
ინტელიგენცია ადრინდელი, ასე ვთქვათ, ავთენტური სახით აღარ არსებობს. დღეს ჩვენ ვისზეც ვსაუბრობთ, ესენი საბჭოთა ინტელიგენციის ფანტომები არიან და ისინი ჯერჯერობით უფრო კომიკურები არიან, ვიდრე სახიფათოები. თუმცა, თუ მათი სრული რეინკარნაცია განხორციელდა, მერე, ალბათ, სახიფათოებიც გახდებიან. უნდა ითქვას, რომ შეგუების, ადაპტაციის საოცარი უნარი გამოავლინეს. ამ ეტაპზე მათი აქტივობის პიკი ეკრანზე გამოჩენა, ჩვენი თაობის ლანძღვა და არქაული ფრაზეოლოგიით საუბარია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მადიანი ადამიანები არიან და ამას არ დასჯერდებიან.
სახელმწიფომ შეიძლება დააფინანსოს წიგნების გამოცემა, კონკრეტული საავტორო პროექტები და ა.შ. მაგრამ ის, რომ ბიუჯეტიდან მთელი ინტელიგენციის ცხოვრება, აგარაკები, ვოიაჟები და ქეიფები დაფინანსდეს, სრული სიგიჟეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინ არის ინტელიგენცია, ეს სრულიად გაურკვეველია. თუ ინტელექტუალურ ელიტაზე ვსაუბრობთ, ასეთია ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ბაჩანა ბრეგვაძე, დავით წერედიანი… და არა ისინი, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში ბიუროკრატიული აპარატის ჭანჭიკები იყვნენ.
მიხეილ სააკაშვილმა ინტელიგენციას უწოდა „ჩარეცხილები“ და თითქოს ამით სცადა კავშირის გაწყვეტა ამ ჯგუფთან. გარკვეული დროით ეს შეძლო კიდეც, მაგრამ შექმნა ამ ჯგუფის ალტერნატივა, თავისი ინტელიგენცია, უფრო ახალგაზრდები. რატომ დასჭირდა ყოფილ პრეზიდენტს ამის გაკეთება?
ხელისუფლებები ქმნიან საკუთარ ელიტებს და ამაში განსაკუთრებული არაფერია. არც ისაა გასაკვირი, რომ ახალი ელიტის სამსხვერპლოზე ძველი ელიტა „იკვლება”. სააკაშვილი დაუპირისპირდა საბჭოთა ინტელიგენციას და შექმნა ახალი, პარტიული ინტელიგენცია, რომელიც იდეურად დიდად არ განსხვავდებოდა წინამორბედისგან.
რაც შეეხება „ჩარეცხილებს“, ამ ტერმინზე დიდხანს შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგი ჩარეცხილთაგანი სააკაშვილის მოსვლამდეც კარგა ფუნდამენტურად ჩარეცხილი იყო. საერთოდაც, ვფიქრობ, ძალიან ადვილი იყო საბჭოთა ინტელიგენციასთან დაპირისპირება, ისინი მორალურად მოძველებული სუბიექტები იყვნენ (არიან კიდეც) და მათთან საკუთარი თავის შედარებით, შეგეძლო გარკვეულად თვითშეფასებაც აგემაღლებინა და სიმბოლური კაპიტალის უხვი მოსავალიც მოგემკა. ეს იყო იოლი, მაგრამ კონტრპროდუქტიული ხერხი და მისი კონტრპროდუქტიულობა სააკაშვილმა საკუთარ თავზე იწვნია. ცუდი ისაა, რომ ეს დანარჩენმა საქართველომაც იწვნია – ჩვენს თაობას, სამწუხაროდ, ისევ საბჭოთა ფანტომებთან დებატებში ჩაბმა ან ვირტუალური ომები უწევს, ამ არაფრისმომცემ ცირკზე იხარჯება მთელი ენერგია.
გვახსოვს, რომ „ჩარეცხილებს“ მიხეილ სააკაშვილმა ერთ დღესაც ინდაურები გაუგზავნა საშობაოდ. ანუ ქართული ინტელიგეციის გავლენა იმდენად მაღალია, რომ ხელისუფალს უჭირს ძალაუფლების შენარჩუნება მათი კეთილგანწყობის გარეშე, თუ რასთან გვაქვს საქმე?
არა, ქართული ინტელიგენცია კი არაა ძლიერი, ქართული პოლიტიკური ელიტაა სუსტი. ხელოვანთა და ხელისუფლის ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა. დემოკრატიული ათენის საზოგადოებრივ აზრს ქმნიდნენ არა პოლიტიკოსები, არამედ თეატრები და პოეტები. პოეტებს და მსახიობებს ჰქონდათ სცენა, ჰყავდათ აუდიტორია და რამე რომ ყოფილიყო, შეეძლოთ ემოქმედათ აუდიტორიაზე, აეჯანყებინათ ისინი და გარკვეული უსიამოვნებები შეექმნათ მმართველისთვის. რა თქმა უნდა, მმართველს შეეძლო პოეტის შარიანი თავი სრულიად უშაროდ გამოეცალკევებინა მისივე ტანისგან, მაგრამ ზედმეტი გარჯა არავის სჭირდება, კი იცით. ამიტომ პოეტებიც და მსახიობებიც მმართველის მფარველობის ქვეშ იყვნენ, ეს ორმხრივად მომგებიანი იყო. პოლიტიკოსს სჭირდება თავისი მმართველობის სიტყვით გაფორმება, ისტორიაში დარეგისტრირება, ამას კი სიტყვასთან დაკავშირებული პროფესიის ხალხი აკეთებს. თავის მხრივ, ამ გარჯისთვის პრივილეგიებიც უხვად რიგდება.

ყველა ხელისუფალი ცდილობს მოიგოს ხელოვანების გული, მომღერლებს კი იღებენ საარჩევნო კლიპებში, უფინანსებენ სხვადასხვა პროექტს და ა.შ. როცა ხელოვანი (იქნება ეს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი) მატერიალურად ასე მიეჯაჭვება ხელისუფლებას, რა ემართება ხელოვნებას. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო როგორ პასუხობს ამგვარ ურთიერთობას?
როგორც ამბობენ, ფირდოუსს „შაჰ- ნამეს” თითო სტროფში თითო ოქროს დინარს უხდიდა ხელისუფლება. საერთოდაც, მთელი რენესანსი სულ მეფეების კარის მხატვარ-პოეტებს მიჰქონდათ. მაგრამ აქ იყო არსებითი განსხვავება. მეფე (შაჰი) ღვთის წარმომადგენლად მიიჩნეოდა, ამიტომ მისდამი მორჩილება რელიგიური ჟესტი იყო და არა პოლიტიკური. შესაბამისად, ეს მორალურ კომფორტს ქმნიდა. თანამედროვე, სეკულარულ სამყაროში ძალაუფლების ცენტრთან პერმანენტული ურთიერთობა აუცილებლად იწვევს ხელოვანის ფრუსტრაციას და მორალურ დეგრადაციას. მარჩენალი ხელისუფალის ყველა ნაბიჯის გამართლება დიდი მორალური კომპრომისია. თუ ვინმეს უნდა იქცეს პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკად, ეს მისი ნებაა, მაგრამ, ვფიქრობ, ხელოვანს მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეს.
„მე და შენ სხვა ვართ, არ მინდა თქვენთან ლაპარაკი, არ მაინტერესებს თქვენი აზრი… ვაი თქვენს პატრონს, საერთოდ მსახიობები, ხელოვნების ხალხი ალბათ სხვები ვართ,” – უთხრა მსახიობმა გურანდა გაბუნიამ ერთ-ერთ მოქალაქეს. მსახიობსა და პოტენციურ მაყურებელს შორის ამგვარი დისტანციის გაჩენა, კულტურისა და ხელისუფლების მატერიალური ურთიერთობის შედეგია?
გურანდა გაბუნია არ არის მნიშვნელოვანი სახელოვნებო ფიგურა, ამიტომ მისი ქცევის მოდელის მთელ კულტურაზე განზოგადება სწორად არ მიმაჩნია. საბჭოთა დროს ინტელიგენტების ინტელიგენტობა (ესე იგი, აზრის ქურუმობა) სრულად გარანტირებული იყო სახელმწიფოს მხრიდან. დღეს, პლურალიზმის პირობებში, ეს გარანტია აღარ არსებობს, შესაბამისად, მათ კომფორტულ სტატუსებს წყალი შეუდგა. ესაა მიზეზი, რის გამოც ისინი გაბოროტებულები არიან და თავს ესხმიან ყველას, ვინც მათ ქურუმობას არ აღიარებს. ჩვენი ე.წ. ინტელიგენცია ინფანტილური მოვლენაა, რომელსაც არ აქვს იდეალები და, შესაბამისად, არ შეუძლია იბრძოლოს კონკრეტული პრინციპებისთვის. საერთოდ, მე ცუდად ვუგებ იმ ადამიანებს, სოციალური თანასწორობის სადღეგრძელოს „დონ პირინიონით” რომ სვამენ.
წლებია გვესმოდა – „კულტურა გადავარჩინოთ და ჩვენც გადავრჩებით“. როგორი კულტურა უნდა გადაარჩინოს ხელისუფლებამ და რა შემთხვევაში? და ეს მიდგომა უნდა გავრცელდეს თუ არა თუნდაც პოპკულტურაზე, რომელიც ასევე მიბმულია ხელისუფლებაზე?
მე არ მგონია, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაარჩინოს კულტურა. როგორც კი ხელისუფლება ამაზე ფიქრს იწყებს, ცენზურაც იქვე ჩნდება. რაც შეეხება პოპკულტურას, ეს ქართულ სივრცეშია მიბმული ხელისუფლებაზე, განვითარებულ ქვეყნებში პოპკულტურა ყველაზე აპოლიტიკური (და, შესაბამისად, ეფემერული) სფეროა. არ უნდა მოგვატყუოს იმან, რომ ზოგ პოპვარსკვლავს სოციოპოლიტიკური პათოსით სავსე გამოსვლები აქვს. ეს მარკეტინგის ნაწილია და არა პოლიტიკის.
“ელიტახელოვანებს” აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილიც. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან შეუწყვიტა ხელოვანებს დაფინანსება, რასაც ხელოვანების უკმაყოფილება მოჰყვა. ფონდი „ქართუ“ ისევ აპირებს გააგრძელოს კულტურის მუშაკებზე ყოველთვიური ჰონორარების გაცემა სამინისტროს გავლით. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვანების მხარდაჭერა ივანიშვილსაც დასჭირდა?
გავიმეორებ: უკომპრომისო, იდეალისტ ხელისუფალს (ძალაუფალს) არაფერში სჭირდება ინტელიგენციის კეთილგანწყობის შესყიდვა. მხოლოდ უფხო იერარქს შეიძლება მოუნდეს ამ დეგრადაციის გზაზე შემდგარი, იდეურად მოფამფალებული და კულტურულად გამქრალი კლასის მოსყიდვა. ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო სააკაშვილიც და ივანიშვილიც ჩემთვის უიდეალო პოლიტიკოსების სიმბოლოებს წარმოადგენენ. ცუდი ისაა, რომ არ ჩანს ახალი ძალა, რომელიც თანამედროვე, ჯანსაღ, სამართლიან იდეალებზე იქნებოდა ორიენტირებული. მთლად ისეთი მაზოხისტიც არ ვარ, რომ ბურჯანაძე ან ინაშვილი მოვიაზრო ახალ ძალად, დიდი იმედი მაქვს, ესენი არასდროს მოვლენ. ამიტომაც მაქვს მე პირადად ტოტალური ფრუსტრაციის, უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა. ცხადია, არ ვგულისხმობ პირად და შემოქმედებით იმედებს და პერსპექტივებს – ამისათვის პოლიტიკოსები არაფერში მჭირდება.
დაფინანსებას რომ მივუბრუნდე: ჩემი ოთახიდან კარგად ჩანს წყნეთის გორაკზე წამოჭიმული სასახლე, რომელიც ერთ-ერთ იმ ინტელიგენტს ეკუთვნის, დაფინანსებას რომ იღებდა ივანიშვილისგან. ხოდა, ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ უნდა დააფინანსო ადამიანი, რომელსაც ამხელა სასახლე აქვს?! თუ მაინც და მაინც დახმარებაზე მიდგა საქმე, დავიჯერო, ღარიბი ხელოვანის გამოძებნა გაჭირდა?
რამდენად ჯანსაღი კომუნიკაცია არსებობს დღეს იმ ხელოვანებსა და საზოგადოებას შორის, რომელიც თავის თავს გამორჩეულს უწოდებს?
ეს იდეალებს შორის ბრძოლა არაა, ესაა კარის ინტელიგენტთა ბრძოლა მეფის ჯიბესთან ახლოს ადგილის დასამკვიდრებლად. “ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება”. თუ გამორჩეული ხარ, შენი პასუხისმგებლობის ხარისხიც მაღალი უნდა იყოს. ამ პრივილეგირებულ კასტაში უპასუხისმგებლობისა და შეურაცხმყოფლად დაბალი ინტელექტუალური მონაცემების გარდა ვერაფერს ვხედავ.







