კომენტარი

თამარ კორძაია: უნდა დაისაჯონ ადამიანები გენდერული ნიშნით ადამიანზე ძალადობის გამო

14 ოქტომბერი, 2014 • 1339
თამარ კორძაია: უნდა დაისაჯონ ადამიანები გენდერული ნიშნით ადამიანზე ძალადობის გამო





ქალბატონო თამარ, ფიქრობთ თუ არა, რომ ქალთა მკვლელობის მხრივ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა?

 

საგანგაშოა თითოეული მკვლელობა, მაგრამ რაც ხდება უკვე კატასტროფაა. ჩვენ ვაფასებთ ამას, როგორც მძიმე მდგომარეობას, მაგრამ ქვეყანაში მაინც არაფერი იცვლება. პარლამენტის წევრს სხვა მექანიზმები ამასთან დაკავშირებით არ აქვს. კანონს ვცლით, ვამკაცრებთ მიდგომებს, მაგრამ მაინც მასობრივად გრძელდება ქალთა მკვლელობები. არც კანონის გამკაცრება აშინებთ. მიმაჩნია, რომ კანონი მაღალ დონეზე უნდა აღსრულდეს. უკანასკნელი შემთხვევა რაც მოხდა საგარეჯოს რაიონში, ამის მაგალითი უნდა იყოს. უნდა დაისაჯონ ადამიანები გენდერული ნიშნით ადამიანზე ძალადობის გამო.

 

პოლიციაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს პოზიცია ასეთ შემთხვევებში. ჩემი მყარი და მკაცრი პოზიციაა, რომ უნდა დაისაჯონ არათუ ის ადამიანები, ვინც სცემდა, ურტყამდა და შეურაცყოფდა ქალს, არამედ ის ადამიანებიც, ვინც ეს დაინახა და პოლიციას არ შეატყობინა. დანაშაულის შეუტყობინებლობა დანაშაულია ჩვენს ქვეყანაში და ყველამ უნდა აგოს ამისთვის პასუხი.

 

როცა ერთხელ და ორჯერ მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს გამოიღებს შედეგს. მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის დანაშაულის დროს ჩვენ ვაკავებთ მხოლოდ უშუალო დამნაშავეებს, მაგრამ თანმდევ პროცესებზე ყურადღებას არ ვამახვილებთ. ამიტომ ეკიდება საზოგადოება ინდიფერენტულად მომხდარ მოვლენებს. მთავარია, დამნაშავე დაისაჯა, მაგრამ რამდენად სათანადოდ დაისაჯა და გენდერული ნიშნით ძალადობა იყო თუ არა ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება საქმეების განხილვის დროს, ამაზე არ არის საუბარი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება.

 

ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ყველაფერს აკეთებს დანაშაულის შესამცირებლად. ცვლის კანონებს, ამზადებს პოლიციელებს, მაგრამ შედეგი არ არის. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა აქვს ხელისუფლებას მყისიერად გადასაწყვეტი, რომ თუნდაც ეს ე.წ. „ღირსების მკვლელობები“ აღარ მოხდეს. არსებობს რაიმე სტრატეგია ამისთვის?

 

 სტრატეგია ის არის, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად მოახდინოს მომხდარ დანაშაულებაზე სათანადო რეაგირება. პროცესში მონაწილე არც ერთი პირი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. გარდა ამისა, სერიოზულად და კვალიფიციურად უნდა მოხდეს პოლიციელების გადამზადება და მათი დამოკიდებულების გამოვლენა ოჯახში ძალადობასთან, ქალთა მიმართა ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ პოლიციელი თვითონ არის მოძალადე ოჯახში, ის ვერასოდეს განახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს.

 

ხომ არ იცით რამდენი პოლიციელია ქვეყნის მასშტაბით გადამზადებული?

 

ზუსტი მონაცემები ხელთ არ მაქვს, მაგრამ, როგორც ვიცი, მიმდინარეობს ეს პროცესი და ამ დროისთვის სადღაც 50 პოლიციელია გადამზადებული. თუმცა, მხოლოდ ტრენინგები არ არის საკმარისი. როგორც ვთქვი, მათი დამოკიდებულების გარკვევაა საჭირო – ვინ როგორ ხედავს ამ საკითხს, შინაგანად როგორი პოზიცია უკავია პოლიციელს ქალის სტატუსის მიმართ და ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს ამ მიმართულებით იმუშავებს თუ არა ის პოლიციელი ან საერთოდ იმუშავებს თუ არა პოლიციაში. ეს მიდგომა დღეს პოლიციას არ აქვს.

 

ფიქრობთ თუ არა, რომ სახელმწიფომ ქალთა ინფორმირებულობაზეც უნდა იზრუნოს, რომ მათ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა და არ დამალონ ფაქტები, როცა მათზე ძალადობენ?

 

 რა თქმა უნდა. არსებობს გენდერული თანასწორობის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია და მისი ერთ-ერთი ნაწილია ინფორმირება არა მარტო ქალების, კაცებისაც. 2015 წლის ჩათვლით გაწერილია გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ეტაპები.

 

ვინ უნდა განახორციელოს ეს, კონკრეტულად რომელი რგოლებია ჩართული?

 

 ყველა შესაბამისი უწყება. აღმასრულებელი ხელისუფლება და თვითმმართველოების ორგანოები. პროცესი დაწყებულია, ამ პროცესის ფარგლებში უტარდებათ პოლიციელებსაც ტრენინგები.

 

ხშირად უფლებადამცველები საუბრობენ ქალი პარლამენტარების როლზე ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების საკითხებში. თქვენ, როგორც პარლამენტის წევრი ქალი, ხომ არ აპირებთ რაიმე კამპანიის წამოწყებას ამ მიმართულებით?

 

 ჩემს როლს, როგორც პარლმანეტის წევრი ვხედავ იმაში, რომ ეს თემები გააქტიურდეს და სადაც კი მექნება ამის შესაძლებლობა, ყველა დონეზე ვისაუბრო, გავახმოვანო.

მასალების გადაბეჭდვის წესი