კომენტარი

კენჭები

28 სექტემბერი, 2014 • • 1889
კენჭები

კენჭები, რომელიც სამხედრო ზურგჩანთაში საგულადგულოდ იყო შენახული, ჩამოტანიდან კაი ხნის მერე აღმოვაჩინე. მე ხუთი წლის ვიყავი, ჩემი ძმა – სამის, როდესაც ეს კენჭები გვაჩუქეს, მაგრამ, რა ვქნა, პატარა ვიყავი, არ მახსოვდა, გვიან ვიპოვე… კენჭები აფხაზეთიდან – თბილისში ჩამოგვიტანა მამამ, რომელიც იმავე წელს ომში დაიღუპა. ზღვიდან ჩამოტანილი, აფხაზეთის ზღვის კენჭები, როგორც ერთადერთი „არტეფაქტი“ ჩვენი პატარა ოჯახური ტრაგედიისა. და ასეთი „პატარა ოჯახური ტრაგედიები“ იყო ბევრი, იმდენად ბევრი, რომ სახელმწიფო ტრაგედიად იქცა. ტრაგედია – კათარზისის გარეშე. საქართველოს სახელმწიფო, მასკულტურის ენით, დღემდე გვიმეორებს, რომ „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“, რომ „ჩვენ დავბრუნდებით“ და „გვახსოვს“, მაგრამ არასდროს უთქვამს ჩვენთვის, რომ სინამდვილეში ამ ტყუილის თავადაც აღარ სჯერა. ვსხედვართ წლიდან-წლამდე უფრო და უფრო უიმედო სტატუს ქვოს შემყურე და არაფრით გვინდა, სადმე დავსვათ წერტილი.

 

მეზიზღება ყოველი წლის ეს დღე! მეზიზღება, როგორც მასკულტურის მიერ ისტორიის გაყალბების უგემოვნო მცდელობა, რომელიც „გამარჯობა აფხაზეთო შენი“-ს სახით მოევლინა ჩვენს ვიზუალურ მეხსიერებას. ხომ გახსოვთ ეს კლიპი, როგორ არხეინად ზის იახტაში მომღერალი ქალბატონი, ინიავებს მარაოს და „მიქრის“ აფხაზეთში. როგორ მიკაკუნებს „შპილკებზე“ ამხედრებული „ნაშოჩკა“ „სოხუმის ზაგრის“ მისაღებად და არც კი უჩნდებათ კითხვა: რიწის ტბა კარგია, ლანდშაფტიც კარგია, მაგრამ ვუნდივართ კი იქ ვინმეს?

 

აფხაზეთის მოსახლეობის ეროვნულ თვითგამორკვევაზე საუბარი ერთი შეხედვით ზედმეტია. დააბრუნონ ასიათასობით დევნილი საკუთარ სახლებში, ჩაატარონ რეფერენდუმი და მერე გამოჩნდება, რა სურს ამ გეოგრაფიული ერთეულის მოსახლეობას. ასე იქნებოდა სამართლიანი – ვფიქრობთ ჩვენ, მაგრამ ისტორიას ბევრი უსამართლობაც ახსოვს.  გვინდა თუ არ გვინდა, დღეს უკვე ფაქტია, რომ თუნდაც მესამე, ჩვენზე ძლიერი ძალის ჩარევით, ასიათასობით ყოფილი თანამოქალაქის გარეშე, ამ გეოგრაფიული ერთეულის მოსახლეობამ ეროვნული თვითგამორკვევის უფლება გამოიყენა. დღეს იქ ვეღარავის დააჯერებ, რომ „Abkhazia is Georgia” და ჰო, არა მხოლოდ Georgia, “Abkhazia is Russia”-საც ვერავის დააჯერებ. ისინი მართლა მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენენ და თავისუფლების წყურვილის, მისთვის ბრძოლის უფლებას, გინდა თუ არა, მოგწონს თუ არა, ვერავის წაართმევ.

 

ჩემი ძმა ხშირად ამბობს ხოლმე, აფხაზეთში რომ დავბრუნდებით, ამ კენჭებიდან რამდენიმეს წავიღებ და საკუთარ მიწაზე დავაბრუნებ, იქ, საიდანაც არიანო. გული მიჩუყდება ხოლმე ამ სცენის წარმოდგენაზე, მართლა. გული მიჩუყდება იმაზეც, რომ არათუ ადამიანები, პატარა ფერადი კენჭებიც კი ვერ დაგვიბრუნებია იქ, სადაც დაიბადნენ, მაგრამ ამ სცენაზე ერთი კითხვა მიტრიალებს ხოლმე თავში: კენჭებისა და ასიათასობით ძალადობრივად საკუთარი სახლებიდან აყრილი ადამიანის გარდა, რას ვთავაზობთ იქაურ ადამიანებს? როგორ სახელმწიფოში ვთავაზობთ დაბრუნებას?

 

რას ვთავაზობთ აფხაზ მუშას, აქაურ, ჩვენებურ მონურ სამუშაო პირობებს? რას ვპირდებით აფხაზ გაჭირვებულებს – ჩვენებურად შიმშილს? რით ვანუგეშებთ აფხაზ გეებს – შარშანდელი 17 მაისის კადრებს ვუჩვენებთ და ამის მერე, ჩვენთან მოუნდებათ? აფხაზ ქალებს რას ვეტყვით, თუ დაგვიბრუნდებით, მანდაც ჩვენნაირად დაგხოცავენ საკუთარი ქმრებიო? ან, სოხუმს რას ვუზამთ, იმასაც ბათუმივით ოქროსფრად ავაბრჭყვიალებთ, რომ მერე ათიათასობით აროგანტი თბილისელი დამსვენებლის მომსახურება და მათი კაპრიზების დაკმაყოფილება უფრო ეფექტურად შესძლონ?

 

ახლა რა, უკეთესად ცხოვრობენ ან აფხაზი მუშები, გაჭირვებულები, გეები თუ ქალები? ახლა რა, ისედაც არ უწევთ არა ქართველი, მაგრამ ათასობით რუსი ტურისტის კაპრიზების დაკმაყოფილება? – იკითხავს ეჭვიანი მკითხველი. არა, არც ახლა ცხოვრობენ უკეთესად. იქნებ უფრო მეტადაც უჭირთ, ვიდრე ჩვენს სახელმწიფოში ყოფნისას გაუჭირდებოდათ. იქნებ უფრო მეტადაც მშიშრები არიან აფხაზი გეები და უფრო მეტად ბრუტალური მოძალადე – აფხაზი ქმრები? მაგრამ არის ერთი სიტყვა, „სამაგიეროდ“ რომელიც, სავარაუდოდ, აფხაზებისთვის ყველა სოციალურ კეთილდღეობაზე ძვირფასია – თავისუფლება! რაც უფრო ხშირად ვიფიქრებთ, რომ ავად თუ კარგად, „სხვა ქვეყნის სამოთხეს“ ჩვენი საკუთარი „სალი კლდეები“ გვირჩევნია, უფრო ხშირადვე გაგვახსენდეს, რომ ახლა უკვე აფხაზებიც ასე ფიქრობენ, იმიტომ, რომ თავისუფლება, საკუთარი თავის თუნდაც გაჭირვებით ბატონ-პატრონობა, ზოგჯერ ყველა სოციალურ კეთილდღეობაზე უფრო ძვირფასად მიაჩნიათ ადამიანებს.

 

ჩვენ კი „სხვა ქვეყნის სამოთხესაც“ ვერ ვთავაზობთ. არათუ აფხაზებისთვის, ამ ქვეყანაში ცხოვრება ჩვენთვის, მათთვისაც კი დიდი უიღბლობაა, ვინც აქ დავიბადეთ და თავს ამ გეოგრაფიული ერთეულის ნაწილად ვთვლით და აბა, სხვას რაღას ვაყვედრით?

 

მიყვარს ის კენჭები, ფერადი, ტკბილი და ძვირფასი. მგონი, ერთადერთი საჩუქარი, რაც გარდაცვლილი მშობლისგან შემომრჩა, ახლა ლარნაკში რომ მიწყვია და დღეში ერთხელ მაინც სევდიანად გადავხედავ ხოლმე. სცენა მინდა აღვიდგინო, როგორ დადის ახალგაზრდა მამაკაცი ზღვის ნაპირზე, უყურებს ჩამავალ, მეწამულ მზეს. დარდიანია, წინა დღეს თანამებრძოლი მოუკლეს, მაგრამ თან ამაყია – როგორც ეუბნებიან, ქვეყნისთვის იბრძვის, საკუთარი ოჯახისთვის იბრძვის. დადის დაზაფრული სახით პლიაჟზე, ხვალ პაწაწინა შვილებს უკანასკნელად ნახავს და მაშინ, როცა მისი უამრავი თანამოქალაქე აფხაზეთიდან ოქროსა და სიმდიდრეს ეზიდება, ეს ზღვის ფერად კენჭებს დაკრიფავს და თავის პატარებს წაუღებს.

 

ნახე, მწვანე კენჭი! არა, რა კენჭი, წყლისგან გაგლუვებული მინაა, ძვირფას ქვას გავს.

ვახ, ამას შეხედე – ნიჟარა. აქ ცოტა ხნის წინ ცოცხალი არსება ცხოვრობდა, რა ლამაზია.

ვა, ეს მოვარდისფრო კენჭი რამხელაა, წყლიან ვაზაში კარგად გამოჩნდება, მოეწონება გიოს.

ცოტნესთვის ამას წავიღებ, მეორეს, თეთრს.

 

დადის, აგროვებს ამ ქვებს და იმის წარმოდგენაზე, რომ ხვალ ორ პატარას ასე ძალიან გაახარებს, თავადაც სიხარულის ცრემლი ადგება. სიამაყის ცრემლიც, ხომ გითხარით, ქვეყნისთვის ვიბრძვიო, ასე ფიქრობდა, ალბათ.

 

ის კი არ ვიცი, იმას თუ ფიქრობდა, რომ ოცზე მეტი წლის შემდეგ მისი ფერადი კენჭები მცირე საგაზეთო წერილშიღა დაიკავებდა ერთ აბზაცს, ხოლო ქვეყანა, რომლისთვისაც ასე იბრძოდა, ათწლეულების მერეც კი ვერ შესძლებდა, ტრაგედიისთვის წერტილი დაესვა. წერტილი – დაბრუნებით, ან, თავის დანებებით. არ ვიცი, 1993 წლის 2 ივლისს, გარდაცვალების დღეს, თუ ფიქრობდა, რომ ახალი საუკუნის 2014 წლის 27 სექტემბერსაც კი თავის ქვეყანას სხვა არაფერი ექნებოდა დასაბრუნებელი აფხაზეთში, არაფერი ძვირფასი და მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რაც ისედაც აფხაზეთის იყო – ასიათასობით დევნილი… და ფერადი კენჭები.

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი