ნეტგაზეთი | როკოკო – ადგილი დარბაზის პირველ რიგში როკოკო – ადგილი დარბაზის პირველ რიგში – Netgazeti

როკოკო – ადგილი დარბაზის პირველ რიგში

რა გემართებათ ხოლმე იმ ადამიანების დანახვაზე, რომლებიც არ მოგწონთ? როცა არ მოგწონთ მისი შეხედულებები, აზროვნების სტილი და იცით, რომ ღირებულებების მხრივ ორ განსხვავებულ პოლუსზე მოძრაობთ? ასეთ დროს მე წარბები მეჭმუხნება, ინსტიქტურად.

ერთი ასეთი ქალბატონი, აი, ორ სხვადასხვა პოლუსზე რომ ვმოძრაობთ, ლაივში ორჯერ ვნახე. 

 

პირველად – საზ. მაუწყებელში შემეფეთა, შემთხვევით. 2013 წლის 21 მაისს ერთ გადაცემაში ვიყავი მიწვეული ოთხი დღის წინანდელი ამბების შესაფასებლად. ეთერში მალე უნდა შევსულიყავი, ჩქარა ავრბოდით კიბეებზე მე და პროდიუსერი. ის ქალბატონი კი – ჩამოდიოდა. ჩქარა მორბოდა, ამიტომ თვალში მხოლოდ მისი მუდამ წარბშეჭმუხნული სახე და ფერადი პერანგი მომხვდა. მგონი ატლასის, თუ რაღაც აჟურული ნაჭრის მოწითალო-მოშინდისფრო ორნამენტებით გაწყობილი პერანგი… „ეს რაღა ჩაუცვამს, ეთერისთვის ნამეტანი გადაპრანჭულა. ალბათ, ხელოვნებაში მისი საყვარელი სტილი – როკოკოა“ (სტილი, რომელიც პირადად მე საშინლად მაღიზიანებს. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით) – ამის გაფიქრებაღა მოვასწარი და სტუდიაში შევედი… მეორე დღეს გადაცემის სრული ჩანაწერი ვნახე. ეს ქალბატონი ბევრს საუბრობდა სამართლიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, მოქალაქეთა თანასწორობასა და გირგვლიანის საქმეზე. იმ ბიჭის საქმეზე, რომლის წამებით მკვლელობაც მის მიერ გასროლილ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. მერე გამახსენდა ორიოდე დღის წინ, ამ ქალის მიერ 17 მაისის ძალადობის ლამის „გაპრავების“ მცდელობა, ვუყურებდი მის პერანგს და ვფიქრობდი, ნუთუ მართლა მოსწონს, რაც აცვია?

 

მეორედ უკვე კონკურსის – “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” – დაჯილდოების ცერემონიაზე ვნახე, პირველ რიგში იჯდა. კონკურსზე ჩემი ერთი წერილი, „ადამიანი, შეჩემა!“ რომელიც ჟურნალ „ლიბერალის“ ბლოგზე გამოვაქვეყნე, წლის საუკეთესო ბლოგის ნომინაციაში იყო წარდგენილი. გამარჯვების შემთხვევაში, განსაკუთრებული სამადლობელო სიტყვა მომზადებული არ მქონია. ასეთ გამოსვლებს, თუკი კონკრეტული ინტერესების მქონე პოლიტიკოსი არ ხარ, ვთვლი, რომ სარკესთან მეცადინეობა არც სჭირდება. უბრალოდ, გავალ  და ვიტყვი იმას, რაზეც წერილის დაწერისას ვფიქრობდი და რასაც იმ წამს, სცენაზე ასული ვიფიქრებდი. ან, იქნებ სულაც არ გავიმარჯვო?

 

გამარჯვებული გამოცხადდა: „ევროკავშირის პრიზი ნომინაციაში საუკეთესო ბლოგი გადაეცემა გიორგი კიკონიშვილს წერილისთვის „ადამიანი, შეჩემა!“ – ეს ბოლო სიტყვა ოდნავ ხმადაბლა, ოდნავ მორიდებით წარმოსთქვა წამყვანმა. ისმის ტაში. ახლა სცენაზე უნდა ავიდე და სიტყვა წარმოვსთქვა. წინ კი, პირველ რიგში მჯდომი ის ქალბატონი, რომელმაც ერთ დროს კინაღამ 17 მაისის ძალადობა „გააპრავა“ და ამჯერად არა წითელ-შინდისფერი მოატლასო თუ მოაჟურულო პერანგი, არამედ პრიალა ვერცხლისფერი კოსტუმი აცვია, ყურადღებით მომისმენს.

 

მომისმენს კი? რომც მომისმინოს, აზრი? არა, რამე უნდა ვთქვა, ისეთი, სწორედ მის გასაგონად. კიდევ კარგი, პირველ რიგში ზის. დაინახავს, რომ სიტყვის წარმოთქმისას სწორედ მას ვუყურებ. მეძახეთ მეოცნებე, ოპტიმისტი, იფიქრეთ, რომ „ია ოჩენ სლიშკამ ლუბლუ კაცობრიობა“, მაგრამ რა ვქნა, მგონია, რომ თანაგრძნობა, თანაგანცდა, ადამიანის ის თვისებაა, რომელიც სადღაც, თუნდაც გულის მიყრუებულ კუთხეში ყველას უფაჩუნებს. ახლაც, ავდივარ სცენაზე და მგონია, რომ 17 მაისის დარბევის „გაპრავების“ მცდელობის შემდეგ, იქნებ ახლა მაინც გადააფასოს ამ ქალბატონმა თავისი უწინდელი, მსუბუქად ლოიალური პოზიცია სისასტიკეზე.

 

პრიზისთვის მადლობას ვიხდი და ვიწყებ „ადამიანი, შეჩემა!“-ს მოკლე შინაარსის მოყოლას. ვყვები, როგორ ვისხედით მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ერთხელ თსუ-ს სკვერში, ვსვამდით ლუდს და განვიხილავდით მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მუსიკალურ და სოციალურ მოძრაობებს. ჩემს შეკითხვაზე, თუ რა ხდებოდა ამ დროს, რატომ იცვლებოდა სამყარო ასე სწრაფად, იმ მეგობარმაც, მცირე ფიქრის შემდეგ მიპასუხა, „ადამიანი, შეჩემა! ადამიანი ძალაუფლების გარეშე“… და ორივე შევთანხმდით, რომ მართლაც, იმ დროს, 60-იანებში, ადამიანის არსის ხელახალი გააზრება და გადაფასება დაიწყო და სწორედ ამან აქცია ეს ეპოქა ასეთ მნიშვნელოვან ეპოქად, არა მხოლოდ მუსიკალური თვალსაზრისით. აქ უკვე ჩემს ქალბატონს თვალი თვალში გავუყარე და ოდნავ ანერვიულებული ხმით წარმოვთქვი: „მეც ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც დავიწყოთ ადამიანის გადაფასება, მისი დასახვა უმთავრეს ღირებულებად, რომ აღარასდროს განმეორდეს ძალადობის ისეთი შემზარავი აქტი, რაც, მაგალითად, 17 მაისს მოხდა. რომ ადამიანები ერთმანეთს დასაკბენად და დასაფლეთად აღარ დასდევდნენ“… სიტყვა დავასრულე, პრიზისთვის მადლობა გადავიხადე და სცენა დავტოვე.

 

არ ვიცი, საერთოდ მისმენდა თუ არა, დაფიქრდა თუ არა, ან როდის დატოვა დარბაზი. პოლიტიკოსებს სჩვევიათ საგანგებო ღონისძიებებზე თავის დაჭერა, იციან როგორ მოიქცნენ, როდის გაიღიმონ, როდის მიიღონ სერიოზული, დამწუხრებული სახე, ან როდის თქვან, რომ „სასწრაფო საქმეზე“ ეჩქარებათ და დარბაზი დატოვონ. ამაზე აღარც მიფიქრია. ისევ იმ საღამოზე ვფიქრობდი, თსუ-ს სკვერში მე და ჩემმა მეგობარმა სულ უბრალო და მარტივი „აღმოჩენა“ რომ გავაკეთეთ. ვფიქრობდი ამ ჩემს მეგობარზე, როგორ გაუხარდებოდა, ახლა რომ ცოცხალი იყოს? ჟურნალისტების კითხვებს აღელვებული ვპასუხობდი, ფოტოებს ვიღებდი, მერე ერთ-ერთ რეპორტიორს რამდენჯერმე გავუმეორე, რომ გიორგი ქიქოძე კი არა, კიკონიშვილი ვარ, კი-კო-ნი-შვი-ლი… და ცერემონია დასრულდა თუ არა, მეც დავტოვე დარბაზი.

 

ექვსი წლის ვიქნებოდი. მამა ახალი გარდაცვლილი იყო, როდესაც სკოლაში წასვლის დრო მოვიდა. ტრაგედიისგან ჯერ კიდევ დაზაფრულმა დედამ როგორღაც მოახერხა ძალების მოკრეფა – ახლა ახალი საზრუნავი აქვს, შვილების განათლება – ჰოდა, ადგა და სახლთან ახლოსვე, პლეხანოვზე, 24-ე სკოლაში მიმიყვანა. „რა უნდა თქვენს შვილს ამ სკოლაში, ქალბატონო? ობოლია, წყნარი ბავშვი ჩანს, არც მაინცდამაინც მდიდარი ოჯახიდანაა. დაიჩაგრება, წაიყვანეთ სხვაგან“ – იყო დირექტორის პასუხი.

 

ოთახი გაკვირვებულებმა დავტოვეთ. უფრო სწორად, მე ვიყავი გაკვირვებული, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ამ სიტყვების ავტორი. რა შუაშია ობოლი? რა შუაშია წყნარი ბავშვი? რა შუაშია „არცთუ მდიდარი ოჯახი“? მხოლოდ გუმანით მივხვდი, რომ რაღაცა ცუდი თქვა, რაკიღა მშობლის თვალზე ცრემლი შევნიშნე. მშობლისთვის კი, რომლის ახალგაზრდობაც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ბნელ მონაკვეთში – 90-იანებში მიჰქროდა, ყველაფერი გასაგები იყო.

 

და ყველაფერი გასაგები გახდა ჩემთვისაც, უკვე მოგვიანებით, როდესაც ახლა უკვე სხვა, ასევე მეზობელ სკოლაში, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მეტი ყურადღებით ვაკვირდებოდი გარემოს. გასაგები გახდა არა პირად, არამედ სხვების მაგალითზე. თუკი ჩემთვის რაღაცნაირი, მიუხედავად ყველაფრისა, მხიარული ოჯახი, სკოლაც, მეგობრებიც, სახლში კითხვაც, მეცადინეობაც, ჩემი უამრავი ბავშვური ინტერესის (მაგალითად, თეატრი და მუსიკა) დაკმაყოფილება ერთ დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა და ჩემს ბავშვობასაც მხიარულ და მრავალფეროვან ამბად აქცევდა, (მრავალფეროვანი იმდენად, რამდენადაც ეს შეიძლება იყოს 90-იანი წლების ბავშვობა), ასე არ ცხოვრობდა ჩემი თანატოლების დიდი ნაწილი.

 

ქუჩაში, „ბირჟაზე“ არასდროს ვმდგარვარ, საბედნიეროდ, მაგრამ ყოველთვის მაწუხებდა ჩემხელა ბიჭების დაძაბული, აგრესიული თვალები, მათი გარჩევები, კინკლაობები, ერთმანეთის ცემა-ტყეპა, „დაჩმორება“ და ძალადობის (თუნდაც ბავშვური ძალადობის) ის კორიანტელი, რომლისგან დისტანცირებასაც ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და გატაცებების წყალობით თითქმის ყოველთვის ვახერხებდი. ძალადობის ის კორიანტელი, რომელსაც მშობლების თაობა „კაცობას“ უწოდებდა.

 

„რა გატირებს, კაცი ხარ თუ ქალაჩუნა?“ ან, „მოგერია? კაცი არ ხარ?“, ან მთლად უარესი: „მგელი უნდა იყო, მამა გენაცვალოს, მგელი!“ – ალბათ ხშირად გაგიგიათ ეს ფრაზები, რომელსაც უფროსები ეუბნებოდნენ ხოლმე ბავშვებს. მაგიური ფრაზა, რომელმაც, ჩემი აზრით, მთელი შემდგომი ეპოქის ძალადობრივი თაობა შვა, ასწავლა რა ამ თაობას, რომ იყო მჩაგვრელი, ნიშნავს იყო კაცი. ხოლო იყო კაცი, ნიშნავს იყო დაფასებული. მაშასადამე, იყო მჩაგვრელი – ნიშნავს იყო მნიშვნელოვანი! ასე მოხდა ჩვენს ძალადობისგან დაღლილ ქვეყანაში ძალადობის რომანტიზაცია და განსაზღვრა კიდეც საქართველოს შემდგომი ეპოქის ისტორია.

 

90-იანი წლებისგან ახლა უკვე თითქოს ბევრი რამ გვაშორებს. ელექტროენერგიაც გვაქვს, გაზიც, წყალიც, პრიალა ასფალტიც; აღარც პურის რიგებია სადმე და აღარც „მხედრიონი“ დაძრწის ქუჩებში; „ჩამოძონძილი სასტუმრო „ივერია“ – გაბრწყინებულმა „რედისონმა“ ჩაანაცვლა და თბილისის ანძას ტყვიების ნაცვლად ილუმინაციები ანათებს; ჩვენ ახლა უკვე გვაქვს ფუფუნება, ქალაქის გამწვანებასა და გეი უფლებებზე ვისაუბროთ, მაგრამ არის ერთი სიტყვა, რომლის ყოველ გაგონებაზეც ტანში ჟრუანტელი მივლის და 24-ე სკოლის დირექტორის კაბინეტი მახსენდება. და ეს სიტყვაა: „მაგრამ“, რომელსაც ძალადობაზე საუბრისას წარმოსთქვამენ ხოლმე ადამიანები, დაახლოებით ასე: „ძალადობას კი ვგმობ, მაგრამ“… და აქ ისტორიის ბორბალი ისევ უკან ტრიალდება, ისევ გადაგვისვრის 90-იანებში, ეპოქაში, როდესაც ძალადობა რომანტიზებული იყო და პრინციპში, რჩება კიდეც დღემდე. „სპასობნი კაცები“ ზოგს მაშინაც უყვარდა და უყვართ ახლაც. კაცები, რომლებიც მზად არიან, ერთი, თუნდაც შეურაცხმყოფელი სიტყვის გამო ადამიანს „შუბლი გაუხვრიტონ“.

 

ის ქალბატონი, საზ. მაუწყებელში მოწითალო-მოშინდისფრო, ატლასისა თუ აჟურული პერანგით რომ იჯდა და თავის დროზე ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვის გამო წამებით მოკლულ სანდრო გირგვლიანზე მოსთქვამდა, ხოლო ევროკავშირის ცერემონიაზე ვერცხლისფერი კოსტუმით პირველ რიგში მჯდომი ისმენდა ჩემს სიტყვას, მანანა კობახიძე გახლავთ. წარსულში უფლებადამცველი, ამჟამად კი პარლამენტის ვიცესპიკერი. ქალბატონი, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის სანაცვლოდ მეუღლემ, შვილმა ან ძმამ შეურაცხყოფის ავტორს „შუბლი გაუხვრიტა“, კრიმინოგენული ვითარების დამძიმებაზე პრეტენზია არამართებული იქნება. “მე კაცის კვლას კი არ ვამართლებ, მაგრამ” – ახსენა ეს ჯადოსნური სიტყვაც ქალბატონმა…

 

უბედურება ისაა, რომ მანანა კობახიძე არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც „სპასობნი კაცების“, ამ გათამამებული და წახალისებული მოძალადეების კიდევ უფრო წახალისებას ახდენს. თუკი ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ საინფორმაციოს ჩავრთავთ, ან ნებისმიერ გაზეთს ავიღებთ ხელში, მივხვდებით, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მთელი რიტორიკა ძალადობის კულტივირებაზეა აგებული. ნებით თუ უნებლიეთ, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პოლიტიკოსები და სხვა საჯარო პირები თითქმის ყოველდღე გვიმეორებენ, რომ „მოგერია? კაცი არ ხარ?“.  „მგელი უნდა იყო, მამა გენაცვალოს, მგელი!“ და ასე ნოყიერდება ძალადობის პატრიარქალური კულტურა, რომლის მუშტიც, ადრე თუ გვიან, ყველას გვხვდება.

 

ჰოდა, ვისხდეთ და ვუყუროთ ამ „როკოკოს“ სტილს, რომელიც საშინლად მაღიზიანებს თავისი პაროდიულობამდე დასული, მიმბაძველობითი მედიდურობით, მდიდრულობითა და თვალისმომჭრელი ბრჭყვიალებით, სილამაზესა და სინატიფეზე პრეტენზიით. ვუყუროთ ტაძრებისა და სასახლეების, ძალაუფლების მპყრობელთა ამ სამყოფელის ჩუქურთმებიან, ორნამენტებიან „როკოკოს“. ვუყუროთ სკოლის დირექტორებს, აგრესიულ თანატოლებს… ვუყუროთ ადამიანებს სადღესასწაულო დარბაზის პირველ რიგში და გვეგონოს, რომ გვისმენენ. 

 

გიორგი კიკონიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი კიკონიშვილი