რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად?
პრევენციის მიზნით შსს ახორციელებს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს, კერძოდ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შემუშავდა და მოსახლეობაში დარიგდა საინფორმაციო ხასიათის ბროშურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ ტელე და რადიოთოქშოუებში. მიმდინარეობს შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. შემაკავებელი ორდერიც შეგვიძლია განვიხილოთ მეორადი პრევენციის სამართლებრივ ინსტრუმენტად, რადგან შემაკავებელი ორდერის პირობის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი პირის მიმართ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ხომ არ მეორდება ძალადობა იმ ოჯახებში, სადაც ერთხელ უკვე დაფიქსირდა ძალადობა? როგორ ახორციელებს პოლიცია მონიტორინგს?
სასამართლოს მიერ დამტკიცებული შემაკავებელი და დამცავი ორდერების ასლი, მსხვერპლის ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით ეგზავნებათ ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს დადგენილი პირობების შესრულების მონიტორინგის მიზნით. ორდერების მოქმედების ვადაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ამუშავებენ მონიტორინგის ინდივიდუალურ გეგმას, რაც მოიცავს პერიოდულ ვიზიტებს ოჯახში, მსხვერპლთან და მისი ოჯახის წევრებთან უშუალო კომუნიკაციას, საჭიროების შემთხვევაში მოძალადის საქციელის ლეგიტიმურ კონტროლს.
სად მიჰყავს პოლიციელს ნასვამი მოძალადე ღამის საათებში, როდესაც გაუქმებულია გამოსაფხიზლებლები და ამ მიზნით სხვა დაწესებულებები არ შექმნილა დღემდე?
მოძალადის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა აფერხებს სამართლებრივი მექანიზმის აღსრულების პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი ვალდებულია გამოიყენოს ყველა ბერკეტი მსხვერპლის უსაფრთხოების დასაცავად. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე აგრესიულია და არ ემორჩილება პოლიციელის მოთხოვნას, შესაძლოა ის ადმინისტრაციული წესით დააკავონ. თუ მოძალადე პოლიციელის მოთხოვნის ადეკვატურია, მის მიმართ შესაძლოა გამოწერილი იქნას შემაკავებელი ორდერი.
როგორ იქცევა პოლიციელი, თუ სახეზეა აშკარა ძალადობა ქალის მიმართ, მაგრამ გამოძახების შემდგომ მსხვერპლი უარს ამბობს პოლიციის შემაკავებელ ორდერზე, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ძალადობის განმეორების საფრთხე?
ხშირია შემთხვევები, როდესაც სავარაუდო მსხვერპლები და მოწმეები უარს ამბობენ პოლიციასთან თანამშრომლობაზე, რაც გამოიხატება ჩვენებების არ მიცემით ან შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე უარის თქმით. ეს განპირობებულია მოძალადე ოჯახის წევრის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით. თითოეული შემთხვევის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლის შედეგად, სამართალდამცავი წყვეტს შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობას, მიუხედავად მოთხოვნის არ არსებობისა.
როგორ რეაგირებს პოლიცია, როდესაც მსხვერპლი მიმართავს შსს-ს გენინსპექციას პოლიციის უმოქმედობის გამო? ვინ ამოწმებს პოლიციელის მიმართ საჩივარს, თუ ის სამმართველოს უფროსია?
გენერალური ინსპექციის უმთავრესი ფუნქციაა პოლიციელის მიერ დისციპლინური გადაცდომების მონიტორინგი, მიუხედავად მათი თანამდებობრივი კუთვნილებისა. ის გადაცდომა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, ქვემდებარეობით გადაეცემა პროკურატურას გამოძიების წარმოებისათვის.
თუ იძახებენ პატრულს ოჯახში ძალადობის ფაქტზე და ქალი ირწმუნება, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ მამაკაცი ამტკიცებს საპირისპიროს, როგორ დგინდება ეს ფაქტი? ფსიქოლოგურ ძალადობის რამდენი ფაქტი აქვს უწყებას დაფიქსირებული?
„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და დაცვის შესახებ” კანონი აღიარებს ძალადობის ხუთ ფორმას, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულ, თუმცა ერთ-ერთ რთულად დასამტკიცებელ ძალადობის სახეობას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა. ამის მიუხედავად, გამოცემული შემაკავებელი ორდერების სტატისტიკურ მონაცემებში ასახულია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, როგორც დამოუკიდებლად, ისე ძალადობის სხვა სახეებთან ერთად.
თუ გქონიათ პრაქტიკაში ფაქტი, როცა ძალადობის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია? ასეთ დროს როგორ რეაგირებს პოლიცია?
კანონმდებლობა არ განასხვავებს მსხვერპლებს მათი სქესის ან სოციალური სტატუსის მიხედვით (გამონაკლისს წარმოადგენს არასრულწლოვანი, რომელზეც განსხვავებული რეგულაციაა დაწესებული). შესაბამისად, მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურებიც იგივეა. იმისათვის, რომ მსხვერპლმა ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სოციალური გარანტიებით, თავშესაფარში მოთავსება არ არის აუცილებელი.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ შსს აქვს კვალიფიციური რესურსის ნაკლებობა, როცა საქმე ეხება ოჯახური და ასევე ქალთა მიმართ ძალადობას. განიხილება თუ არა შსს-ში სხვა ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება და მსგავსი შემთხვევების შესწავლისთვის ცალკე ოპერატიული ჯგუფის შექმნა იმის ფონზე, რომ ძალადობის ფაქტები მომრავლდა?
სამინისტრო მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ოჯახური ძალადობს საკითხებთან მიმართებაში. ამას მოწმობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პოლიციელთა ტრენინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, 2014 წლის 29 ივლისს ძალაში შევიდა შს მინისტრის ბრძანება, რომლითაც თბილისის მთავარ სამმართველოში და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალ განყოფილებებს დაევალათ განსაზღვრონ ორი მოქმედი თანამშრომელი (ქალი და კაცი), რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე და თავიანთ სამოქმედი ტერიტორიაზე მოაგროვებენ ინფორმაციას კონფლიქტური ოჯახების შესახებ. ბრძანების შესრულებას აკონტროლებს გენერალურ ინსპექცია.