კომენტარი

გადაცდომა. გადაცდენა? დახრჩობა!

10 სექტემბერი, 2014 • • 2435
გადაცდომა. გადაცდენა? დახრჩობა!

და არა იმიტომ, რომ გამოხატვის სხვა ხერხები არ ვიცი, ან სათანადო ლექსიკური მარაგი არ მაქვს კრიტიკული და აღშფოთებული (ოჰ, ღმერთო, რატომ გააბანძეს ეს სიტყვა?) მოსაზრებების გადმოსაცემად. უბრალოდ, იმიტომ, რომ საქმე ერთ კონკრეტულ (და იმავდროულად, სისტემურ!) კანონდარღვევას ეხება, რომელიც ახლაც, ამ წამს, პირდაპირ YouTube-ზე დევს, მაგრამ ხმის გამცემი კი არავინაა. თუმცა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

 

ხშირად გცემდნენ ან გიყვიროდნენ ბავშვობაში, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ჩემო ძალადობის ბაკქანალიაში გარეული საზოგადოების ძვირფასო წევრებო? ხშირად აუწიწკნიათ  თქვენი ფაქიზი ყურები, ან, მთლად უარესი, თმა ბაკებთან – გაწიწმატებულ მასწავლებლებს? ხშირად გაგჩენიათ სურვილი, ამ შეურაცხყოფის კომპენსაცია სხვაზე, თქვენზე სუსტზე, ვთქვათ, ისედაც დაჩაგრულ თანაკლასელზე მოგეხდინათ? ეს „ჯაჭვური ძალადობა“, როდესაც ძლიერი ჩაგრავს სუსტს, დაჩაგრული კიდევ უფრო სუსტს და ისიც, კიდევ უფრო სუსტს, ჩვენი ყოფის დაუძლეველ სინდრომად იქცა. ვერა და ვერ ვწყვეტთ ამ ჯაჭვს და ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც, მის რომელიმე რგოლში, თუნდაც როგორც პასიური მიმღები, ერთხელ მაინც აღმოვჩენილვართ.

 

თუმცა, არ ვიცი როგორ, ღმერთის, ბედისა თუ ჩემი ოჯახის წყალობით, ფაქტობრივად არ მახსენდება შემთხვევა, ბავშვობაში ვინმეს – მშობელს, მასწავლებელს – ვეცემე, ან, ეყვირათ. უკვე მოგვიანებით, არათუ მცემენ, წამებში გავასწრებ ცოცხლად აჩეხვას, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისს, მაგრამ ბავშვობაში, სწორედ მაშინ, როცა ჩემი ფაქიზი ბუნება, ფსიქიკა ყალიბდებოდა, ფიზიკური ან სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი ფაქტობრივად არ ვყოფილვარ. მხოლოდ ერთხელ წამომარტყა ერთმა მასწავლებელმა თავში. ხოლო მეორემ, ცეკვის მასწავლებელმა – ყურის ძირში. ჩემი პატარა ეგოსა და თავმოყვარეობის შელახვის საპასუხოდ მოწყობილი ისტერიკის წყალობით, პირველმა ბოდიში მომიხადა, მეორეს კი უბრალოდ, დავემშვიდობე და ჩემი წასვლით, მისი „ქართული ცეკვის წრე“ მარტივ ნამრავლებად დავშალე, ვიყავი რა ერთადერთი ბიჭი ამ წრეზე.

 

იქნებ ამიტომაც, ცხოვრებაში არასდროს გამჩენია ვინმეს დაჩაგვრის სურვილი. პირიქით, სუსტთან, უმცირესობასთან, დაუცველთან დგომა ჩემს მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპად იქცა თავისდაუნებურად. უმრავლესობისა და ძლიერების კომფორტის ზონა კი, რაღაცნაირად, მეგოიმებოდა, არ მომწონდა. ზუსტად ისე, როგორც უკვე მოგვიანებით, ვაღიარებ, როგორც სნობ მელომანს, ცნობილ მუსიკალურ ტიტანომაქიაში (Led Zeppelin VS Deep Purple) არასდროს მიზიდავდა „საყოველთაოდ აღიარებული“, უმრავლესობის მიერ დაფასებული Led Zeppelin. მათ მოსმენას ყოველთვის მერჩივნა, მათ ფონზე დაჩრდილული, ნაკლებად „პაპსა“ Deep Purple-ს ერთგული ვყოფილიყავი… ანდაც, რეცენზიაში 5-დან 5 ვარსკვლავი დამეწერა დამწყები მუსიკოსის, Get Cape. Wear Cape. Fly!-ს  შესანიშნავი სადებიუტო ალბომისთვის, ხოლო „საყოველთაოდ აღიარებული“ Oasis-ის საუკეთესო სიმღერების კრებული, რომელიც თავის მხრივ გაპრიალებულ, საბილბორდე მუსიკას წარმოადგენდა, ე.წ. Best Of, – მიწასთან გამესწორებინა.

 

უმცირესობასთან, დაჩაგრულთან ყოფნა ცხოვრების გზის სასიამოვნო გართულებაა. ასეთი ცხოვრება ჩემთვის გაცილებით დინამიურია, თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციებზე აგებული, როცა არასდროს იცი, საიდან ვინ გამოხტება, სად რომელი „იარაღის“ გამოყენება დაგჭირდება. მოქმედების ბერკეტები კი უთვალავია – ჭკუა, გონება, პროვოკაცია, ხელოვნება, ყვირილი, გაბრაზება, ან ჩუმად, მიწის ქვეშეთში შეთქმულებების მოწყობა. უმრავლესობა და მისი ძალაუფლება კი მომაკვდინებელ სტატიკურობად მიმაჩნია. წესები არასდროს იცვლება: გაქვს ძალა, მაშასადამე გაქვს უფლება! ეგაა და ეგ. ღმერთო, რა მოსაწყენია მათი ცხოვრება. ამაზე უფრო დინამიური მომაკვდავი ლოკოკინაც კია.

 

მაგრამ ასე არ ფიქრობს ბევრი! (და ბევრი რომ ფიქრობდეს, რად იქცეოდა ჩემი საყვარელი უმცირესობა?) უყვართ ადამიანებს სტატიკური ტკბობა, საკუთარი, თუნდაც უღიმღამო, მოსაწყენი ძალაუფლებით ტკბობა. ოღონდაც კი, მათ ძალაუფლებაში დისონანსი არავინ შეიტანოს, სხვამ, უფრო ძლიერმა! აი, იქ კი, სადაც თამაშში უფრო ძლიერი შემოდის, იწყება ნამდვილი ძალადობის ბაკქანალია.

 

საქმე ისაა, რომ ძლიერი – ძლიერის ტყავს არასდროს დაგლეჯს. ისინი ერთმანეთს წაეკიდებიან, დაკაწრავენ, დაუჭყივლებენ, მარტის კატასავით, მაგრამ მერე გაფუებულ ღიპსა და ღაბაბზე მოეთათუნებიან ერთმანეთს, მიხვდებიან, რომ როცა ორივეს ხარბი მადა აქვს, ვინმე სხვა უნდა შესანსლონ. ვინმე, მათზე სუსტი!

 

თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც YouTube-ზე ცოცხალი დანაშაული დაიდო: „კაზანტიპის“ შესასვლელთან, წესრიგისა და სამართლის დამცველებს საეკლესიო პირი აგინებს, „ყურებით გაგათრევ“ – ასე უყვირის პოლიციელს – მღვდელი. დაჩაგრული სამართალდამცავი კი თავდახრილი დგას, ტუჩები (და იქნებ, სხვა ადგილებიც?) უცახცახებს და თრთის ამ არაფორმალური ძალაუფლების წინაშე. არადა, კანონით, პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა დასჯადია.

 

ძალადობისგან მიღებული ტრავმა კომპენსაციას მოითხოვს, მაგრამ კომპენსაცია ვისზე? რაზე? იმ საეკლესიო პირზე სახელმწიფომ საქმის აღძვრაც კი ვერ გაბედა. რა ქნას სახელმწიფომ, რომელსაც შიშისგან ტუჩები უცახცახებს? (და იქნებ, სხვა ადგილებიც?). რა ქნას ხელისუფლებამ, რომლის ქვეყანაშიც ცოლების, მეგობრების თუ უბნელების მკვლელობა ყოველდღიურ სერიალად იქცა?!  გამოიცანით – უნდა დაჩაგროს მასზე სუსტი!

 

კრიმინალის, ნამდვილი და საშიში კრიმინალის მატებასთან ერთად, ჩვენს ცისფერ ეკრანებზე ახალი სერიალი გაჩნდა: უდანაშაულო, არასაშიში, არამავნებელი მოქალაქეების დამნაშავეებად ცნობისა და მათთან ბრძოლის სერიალი. თუკი ძალაუფლებით მორალურად გაპარტახებული საეკლესიო პირი, ან, რომელიმე „სპასობნი“ ძველი ბიჭი სახელმწიფოსთვის დაუმარცხებელი თავის ტკივილია, მაშინ გამოვუცხადოთ ბრძოლა მათ, ვინც საკუთარ სახლში მარიხუანათი ერთობა, სკვერებში მეგობრებთან ერთად ლუდს სვამს, ან უბრალოდ, საჯარო სივრცეში პოლიციის „რეიდის“ გადაღება მოინდომა.

 

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე „კრიმინალთან ბრძოლის“ ილუზიას შექმნის, მაგრამ ხელისუფლება ისევ ერთ დიდ, ისტორიაში არაერთხელ დაშვებულ შეცდომას უშვებს: აროგანტია! ფიქრობს, რომ „ხალხს“ ამით დააბოლებს. რეალურ შედეგად კი იმასღა მიიღებს, რომ ნამდვილი კრიმინალები კიდევ უფრო ძლიერდებიან, ხოლო უდანაშაულო საზოგადოება, ის, ვინც სხვა შემთხვევაში „პატიოსანი სამართალდამცველების“ მხარეს იდგებოდა, მათგან კიდევ უფრო დისტანცირდება – სძულდება ის. თავმოყვარეობის შელახვით გამოწვეულ გაუცხოებას კი, მოგეხსენებათ, რაც მოჰყვება – დაშლა, ადრე თუ გვიან. აკი ერთხელ მეც კი, ჯერ კიდევ პატარა ლაწირაკმა დავშალე „ქართული ცეკვის წრე“. საზოგადოებაც ასეა ხოლმე, ითმენს ერთ ალიყურს, ორს, სამს და მერე, ბრახხხ! თავად გამოაქანებს მუშტს.

 

„გადაცდომის გარეშე არაფერი ხდება“ – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ,  დეპუტატმა ეკა ბესელიამ.


„არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რომ პოლიციას გარკვეული გადაცდომები ექნება“ – დაუმატა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმაც.

 

განაცხადეს და დაავიწყდათ, რომ სიტყვა „გადაცდომა“ უკვე ძალიან ცუდად გვახსოვს. ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ბრუტალური ძალადობებისთვისაც კი ხელისუფალს არასდროს დაურქმევია იმაზე უფრო მძაფრი სახელი, ვიდრე უბრალოდ „გადაცდომა“, რომელიც ჩემთვის დაახლოებით ასე ითარგმნება: „გაუთვალისწინებელი ცელქობა“. ყველა, ვინც კი ოდესმე ძალადობის ჯაჭვში ებმებოდა, საკუთარ (ხშირად შემაძრწუნებელ) ქმედებებს უბრალოდ „გადაცდომად“ აფასებდა… და ავიწყდებოდათ კიდევ ერთი რამ: ამ გადაცდომა-გადაცდომაში, ზოგჯერ ლუკმა ზედმეტად დიდი და მსუყე აღმოჩნდებოდა, საყლაპავში იჩხირებოდა და მას, ვინც „გადაცდომა“ ჩაიდინა, ანუ ვისაც გადასცდა – ახრჩობდა.

 

თუკი პატარა ლუკმებს ადვილად უმკლავდებოდნენ, ყველა დიდი ლუკმის გადაცდენას (და პატარა ლუკმებით ძღომას აუცილებლად მოჰყვება მადის გაძლიერება, დიდ ლუკმებზე დახარბება) მათი, ხელისუფალთა დახრჩობა, მინიმუმ მათი ცვლა მოჰყვებოდა ხოლმე.

 

ჰოდა, რატომაც არ უნდა მოვაწყოთ პატარა პროვოკაცია? ვუწოდოთ ქართულ სამართალდამცავ სისტემას რამე, ისეთი, რაც არ მოეწონებათ, მაგალითად ფასკუნჯი და დაველოდოთ, როდის დააღებენ პირს ლუკმის შესასანსლად, უბრალო ცნობისმოყვარეობის ამბავია, რა.

 

იქნებ ერთი, რომელიმე ლუკმა ზედმეტად მსუყე აღმოჩნდეს და გადასცდეთ?

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი