კომენტარი

ხელისუფლების აქილევსის ქუსლი

5 სექტემბერი, 2014 • • 1437
ხელისუფლების აქილევსის ქუსლი

ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საფრთხის პირისპირ, უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ არ დადგებიან. მათი  პირადი უსაფრთხოება კარგადაა უზრუნველყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იმ ბიუჯეტიდან, რომელიც თავის მხრივ პერმანენტული ძალადობის რეჟიმში მყოფი მოსახლეობის გადასახადებით ივსება და ფინანსდება.


 შესაბამისად, მათთვის ძალიან ადვილია, მოახდინონ დისტანცირება ძალადობის შედეგებისგან. მარტივად, სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი. „გაგებით მოკიდებაზე“ კი, დაჩი დარჩიას, თუ მხოლოდ ბოლო ორ კვირაში მოკლული და დაჭრილი უამრავი ადამიანის ოჯახის წევრებმაღა უნდა იფიქრონ. კრიმინალი თითქოს უშუალოდ დაზარალებულთა პირადი პრობლემაა, და არა საყოველთაო.

 

კრიმინალის დონის შემცირება წინასწარი პრევენციის, დანაშაულის მიზეზების კვლევისა და არა მხოლოდ უშუალოდ დამნაშავესთან, არამედ, მიზეზებთან ბრძოლის გარეშე რომ შეუძლებელია, ამაზე წინა სვეტში ვისაუბრე, ხოლო მის სოციო-კულტურულ ასპექტებზე, თუნდაც დესკრიფციული სახით, ამავე კვირაში საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა სალომე ასათიანმაც. ახლა სხვა რამეზე მსურს გავამახვილო ყურადღება – რა ელის ხელისუფალს, რომელიც რეალობის აღქმის უნარს კარგავს და ჩვენც გვაიძულებს, იგივე ვქნათ?

 

შსს-ს დანაშაულის სტატისტიკა გაუგონარი სპეკულაციების წყალობით დიდი აბლაბუდაა. ვცადე კიდეც, შედარებითი ანალიზი გამეკეთებინა, თუმცა „ნეტგაზეთის“ სხვა ავტორი უკვე ამზადებდა ამ საკითხზე სტატიას, ამიტომ მას მივენდე ამ აბლაბუდის გარკვევაში და ბევრი დიდი კითხვის ნიშანიც გაჩნდა. როგორც ამ, ასევე წინა სტატიებიდან კარგად ჩანს, შსს სტატისტიკას აყალბებს და გვაჯერებს, რომ „კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“, ხოლო ის, რასაც ემპირიული დაკვირვებაც ყოფნის – ყოველდღიურ რეალითი შოუდ ქცეული მკვლელობები და საზარელი ყაჩაღობები დღისით, გარეთ – სინამდვილეში თურმე მხოლოდ მედია-სპეკულაციების საგანი ყოფილა. ანუ, დანაშაული კი არ ხდება, უბრალოდ, იქამდეც რომ ხდებოდა, ეს არ გვცოდნია და მეტიც, სხვაგანაც რომ ხდება, არც ეს გვცოდნია.

 

სახელისუფლებო ოფიციოზის მიერ საზოგადოების დაბოლების ასეთი პრიმიტიული და შეურაცხმყოფელი მეთოდები, თითქოს „ხალხი“ ბრმა და უცოდინარი იყოს, კარგს არაფერს უქადის არც ხელისუფალს და არც ამ „ხალხს“. ყველა, ვინც არათუ ფუნდამენტურ, არამედ აქ და ახლა არსებულ პრობლემას არ აღიარებს, ამ პრობლემის მოუგვარებლობისთვისაა განწირული. ჭიან კბილს კი თუ დროზე არ მიხედავ, ვიცით რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს სენმა, თუნდაც ხშირად ვიმეოროთ, რომ კბილის ტკივილს „გაგებით უნდა მოვეკიდოთ“ და „კბილები სხვაგანაც სტკივათ“. ასეთი ინდიფერენტულობით, პრობლემისგან დისტანცირებით, უბრალოდ, შესაძლოა არათუ ერთი კბილი, არამედ მთელი ყბა გახდეს საოპერაციო და გახდება კიდეც.

 

საერთოდ, ლამის ნებისმიერ პრობლემაზე, მისი გამართლების თუ არა, მიჩქმალვის მცდელობისას უადგილოდ დახეთქებული ფრაზა – „ასეთები სხვაგანაც ხდება“ – ორ საინტერესო ქვეტექსტს შეიცავს თავის თავში. ერთი, რომ მისი მთქმელი თავს ქედმაღალ, აროგანტ ტიპად სახავს, როდესაც თითქოს მხოლოდ მან, და არა „ბნელმა ხალხმა“, იცის რა ხდება სხვაგან, მაგალითად, ევროპაში. მეორეც, საკუთარი უსუსურობის გამართლება სხვისი უსუსურობით, პოსტკოლონიალური სახელმწიფოს სინდრომია: უყურეთ, მხოლოდ ჩვენ კი არა, ისინიც, ის დიდი სახელმწიფოებიც ცდებიან ზოგჯერ, თურმე.

 

ვიცით, ღმერთმანი! კარგად ვიცით რა ხდება სხვაგან, მაგრამ ფაქტი, რომ განავალი ევროპაშიც ყარს, რამენაირად მაიძულებს ევროპის ხათრით, აქაური განავალი მომწონდეს? მკვლელობები ევროპაშიც ხდება, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ეს არც იქ მოსწონთ. წარმოდგენით კი ძნელად წარმომიდგენია, რომელიმე ევროპული ქვეყნის ლიდერმა კრიმინალის ზრდისგან შეშფოთებული მოსახლეობის დამშვიდება ნიუ-იორკის გეტოებში გაგონილი უარესი ამბებით სცადოს.

 

და არის კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების აქილევსის ქუსლი, ფრაზა და რიტორიკა, რომელიც აუცილებლად მოუღებს მათ ბოლოს: „9 წელი“. ჩემს ერთ მეგობარს რომ დავეთანხმო, არანაირი „9 წელი“ სინამდვილეში არ არსებობს. დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, ქართული საზოგადოება სექსუალურ და რომანტიზირებულ პერვერსიებად ქცეული ძალადობის მუდმივ მორევში იხარშება, უწინაც და ახლაც. სხვა ყველაფერი მხოლოდ წვრილპარტიული გარჩევების საგანია, რომლითაც ხელისუფალნი ფიქრობენ, რომ ნამდვილ პრობლემებს გადაფარავენ. თავის მხრივ კი, სწორედ ეს წვრილპარტიული გარჩევები და პრობლემაზე „გაგებით მოკიდებაა“, რაც უფრო და უფრო აძლიერებს მორევის ბრუნვას.

„კრიმინალი არ არსებობს, მედია იგონებს:“ – თითქმის გულით სჯერათ ხელისუფალთ.

„აბა, მიშა ჯობდა?“ – გეკითხებიან გაკვირვებული აქტივისტები.

„9 წელი ხალხს ქუჩაში აწამებდით“ – ისტერიულად კივის ბესელია.

 

და ასე ხდება ყველაფერზე, ყველა პრობლემაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. საკმარისია ვთქვათ, რომ განავალი ყარს, უმალ შეგვისწორებენ, რომ ევროპული განავალიც ყარს. ხოლო წინა „9 წლის მანძილზე“ ეს განავალი 100 გრამს კი არა, 100 კილოს იწონიდა.

 

მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, საზოგადოების წევრებმა, ვისთვისაც განავალი, იქაური თუ აქაური, მსუბუქი თუ მძიმე, მაინც მყრალი განავალია? ვისთვისაც, რაც არ უნდა გვიმეოროს სტომატოლოგმა, რომ ტკივილს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ტკივილი მწარეა? მოკლევადიან პერსპექტივაში, რამდენჯერაც შეგვახსენებენ, რომ დანაშაული წინა „9 წლის მანძილზეც“ ხდებოდა, მოდით, აღარ შევახსენოთ მათ, რომ სწორედ ამიტომაც დამთავრდა წინა ხელისუფლება, უბრალოდ, ახლა უკვე ახლის დასასრულზე ვიზრუნოთ. თუმცა, როგორც უკვე ვიცით, ერთი ბოროტების დასრულება ბოროტების გაქრობას სრულებით არ ნიშნავს. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც შეიძლება ხშირად ვუთხრათ ერთმანეთს, რომ როდესაც კბილი გტკივა, უნდა თქვა, მიხვიდე სტომატოლოგთან და იმკურნალო. მკურნალობის მეთოდებზე კი ერთად უნდა ვიფიქროთ, განათლებით, დისკუსიით, ხმამაღლა საუბრითა და ერთმანეთისთვის ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის გამოცხადებით.

 

აი, მერე კი ეჭვი მეპარება, ვინმემ გაბედოს ან წინა წლების შეხსენება, ან ნიუ-იორკის გეტოების ამბების მოყოლა. 

გიორგი კიკონიშვილი
გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი