კომენტარი

სამი სკამი, ანუ “გაგებით მოვეკიდოთ”

31 აგვისტო, 2014 • • 1653
სამი სკამი, ანუ “გაგებით მოვეკიდოთ”

 წინა ხელისუფლების რადიკალური, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკაცა და ახალი ხელისუფლების კონტრ-აქტიც – „საყოველთაო ამნისტია“, ორივე კონფლიქტის გადაწყვეტის უუნარობის საკომპენსაციოდ ჩადენილი ძალადობრივი აქტი იყო, რომელმაც არც მოკლე და არც, მით უმეტეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი კონფლიქტის წყაროების გარდა, არაფერი მოუტანა საზოგადოებას. კონფლიქტი, კრიმინალის სახით, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არ გამქრალა. ის უბრალოდ ჯერ ბნელ ოახში გამოკეტეს, ჩვენი თვალისგან შორს, შემდეგ კი დაბმული მგელივით აუშვეს.

 

არსებითად მცდარია მოსაზრება, რომ წინა ხელისუფლების დროს „კრიმინალის დონე შემცირდა“, ან ახალი ხელისუფლების დროს „კრიმინალის დონე გაიზარდა“. ამჟამინდელი შსს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის შესანიშნავი ციტატა რომ მოვიყვანოთ, „კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“. არის, იყო და იქნება კიდეც, სანამ ხელისუფალს არ აქვს ნება, ან არ შესწევს უნარი, მოაგვაროს კონფლიქტი. ამ შემთხვევაში, კონფლიქტი მოქალაქეებს, ან მოქალაქესა და საზოგადოებას შორის.

 

გუშინ ქუთაისში, საინტერესო დისკუსიაში მივიღე მონაწილეობა – „რას და როგორ აშუქებს ქართული მედია“. მცირე, ერთგვარი მოხსენების ჩემს ნაწილში ქართული მედიის მთავარ გამოწვევად რეალური პრობლემის იდენტიფიცირებისა და პრობლემის ნამდვილ, პირველად საწყისებზე მსჯელობის უუნარობა დავასახელე. პრინციპში, იქვე დავსძინე, რომ ეს არა მხოლოდ მედიის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს უმთავრესი გამოწვევაა. ჩვენ უკვე ყოველდღიურ, ლამის წუთობრივ რეჟიმში შევეჩვიეთ მოქალაქისა თუ ხელისუფალის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ყურებას პირდაპირ ეთერში, როცა ძალადობა რეალითი შოუდ იქცა. ორიოდე დღის წინ მოქალაქე გიორგი ცომაია პოლიციაში ლამის სიკვდილამდე სცემეს, ერთი დღის წინ მოქალაქე დაჩი დარჩია ქუჩაში შელაპარაკებისას დანით აჩეხეს. დღეს უკვე ლილოს რომელიღაცა რესტორანში კონფლიქტს მოჰყვა ხუთი ადამიანის დაჭრა და.ა.შ. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მოხდება ხვალ?

 

ბავშვობაში ერთი ასეთი გამოცანა მახსოვს: თუკი ოთახში დგას ხუთი სკამი და მათგან ორს ფარდის უკან გადავდგამთ, რამდენი სკამი დარჩება ოთახში? – და თითქმის ყველა, გამონაკლისის გარეშე ვპასუხობდით, რომ სამი. სწორი პასუხი კი გახლდათ ხუთი, რადგან ფარდას მიაფარებ თუ არა, სკამი მაინც ოთახში დგას, თუნდაც ჩვენგან უხილავ ადგილას. რატომ გამახსენდა ეს გამოცანა? დავსვათ კითხვა: რა საშუალებებს იყენებს თანამედროვე ქართული სახელმწიფო ღია სივრცეში (სახლი, ქუჩა, საზოგადოებრივი დაწესებულებები, ბუნება და.ა.შ.) დანაშაულის შესამცირებლად? – პრიმიტიულად, დამნაშავე გადაჰყავს ღიადან – დახურულ სივრცეში, ანუ ციხეში და ჩვენც, მოქალაქეები, რაკიღა სივრცით დისტანცირებას ვახდენთ, მშვიდად ვართ, ვიქმნით ილუზიას, რომ „დანაშაულის დონემ იკლო“. სინამდვილეში კი დანაშაული ქვეყნიდან არსად წასულა და ხშირ შემთხვევაში, როგორც ქართული ციხის პრაქტიკიდან უკვე ვიცით, დახურულ სივრცეში უფრო მეტად ძლიერდება.

 

რატომ?! – იმიტომ, რომ ხელისუფალს არ ყოფნის აზრი ან სურვილი, რომ პრობლემის რეალურ პირველსაწყისებზე იმუშაოს და არა მხოლოდ მისი უკვე დამდგარი შედეგის ლიკვიდაციაზე. მაგალითის სახით, წარმოვიდგინოთ, რამ შეიძლება უბიძგოს ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნის მოქალაქეს – ქურდობისკენ? ვთქვათ, მშიერმა ადამიანმა მოიპაროს პური და ძეხვი მაღაზიიდან. ჩვენ გვეუბნებიან, რომ პრობლემა თავად დამნაშავეა, რომელიც კონფლიქტში შევიდა სხვა მოქალაქესთან და მიისაკუთრა მისი პროდუქტი. პრობლემის ასე დასახვით ხდება ნამდვილი მავნებლის, არა ქურდის, არამედ სოციალურად უპასუხისმგებლო, მხოლოდ პირად მერკანტილურ ვნებებზე გადართული ხელისუფალის, როგორც ნამდვილი დამნაშავისა და დანაშაულის მიზეზის როლის მიჩქმალვა. დავსვათ შემდეგი კითხვა ასე: რა ნიშნულით შემცირდებოდა ქურდობისა და ყაჩაღობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ხელისუფალი რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ზრუნავდეს და მისი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობა იყოს? დაგვჭირდებოდა კი ათასობით ქურდისა და ყაჩაღის შენახვა ციხეში, ეს (და მასზე გაცილებით დიდი) თანხები რომ კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დაგვეხარჯა? კითხვა რიტორიკულია, პასუხი თავადაც იცით.

 

ანდაც, წარმოვიდგინოთ ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე მდგარი, უმუშევარი, განათლების მიღების შესაძლებლობის არმქონე მოქალაქე, რომელსაც, ისედაც გამწარებულ ყოფას 24 საათის მანძილზე სიძულვილით, ჰომოფობიით, ქსენოფობიითა და ფაშიზმით, სუსტის დაჩაგვრის მოწოდებებით უნოყიერებენ. ერთხელაც, საკუთარ ყოფაზე გამწარებული რომ ადგეს და ქუჩაში გამვლელი გეი მოკლას, ვინ და რა იქნება დანაშაულის პირველსაწყისი მიზეზი? მკვლელის იმთავითვე არსებული „ბოროტი ბუნება“? თუ ბუნება, რომლის ფიზიკურ არსებობაზე, სიმშვიდეზე,  რომლის განათლებასა და გაღიმებაზე არც არავის უზრუნვია და პირიქით, ყოველდღიური სიძულვილითაც კი კვებავდნენ მას ტელევიზორშიც და უსასოოდ დარჩენილთა უკანასკნელ თავშესაფარში – ეკლესიაშიც კი? კითხვა აქაც რიტორიკულია, სინამდვილეში, პასუხი თავადაც იცით. 

 

და ასე, ამ კითხვებით შეგვიძლია საკუთარ გონებაში, საკუთარი დაკვირვებებით, აკადემიური კვლევებით, ფსიქოლოგთა, სოციოლოგთა, ანთროპოლოგთა, ჟურნალისტთა თუ უბრალოდ ჩვენი სრულიად ადამიანური მსჯელობებით პრობლემის შესახებ ვეძიოთ დანაშაულის პირველსაწყისი მიზეზები და ვიფიქროთ არა დამნაშავის, არამედ დანაშაულის მიზეზების ლიკვიდაციაზე, თუკი „კრიმინალის დონის შემცირება“ ნამდვილად გვსურს.

 

არ ვიცი, რა სურს ამჟამინდელ ხელისუფლებას. კონსპირაციული თეორიები რომ მიზიდავდეს, ვიტყოდი, იქნებ განზრახ ჩაიდინეს საყოველთაო ამნისტიის ძირშივე სახიფათო აქტი, საზოგადოების დესტაბილიზაციისა და დემორალიზაციისთვის, ადამიანების ერთმანეთისგან გასათიშად და ასე მათზე ადვილად საბატონოდ-მეთქი, მაგრამ, მოდით, ეს მოსაზრება გვერდზე გადავდოთ. დავუშვათ, რომ ხელისუფლებას მართლაც სურდა წინამორბედის შოკისმომგვრელად ძალადობრივი ციხის პოლიტიკისგან მიღებული ტრავმების საკომპენსაციოდ, ჩაედინა „ჰუმანისტური აქტი“ და ეს ნაწამები ადამიანები სუფთა ჰაერზე გამოეშვათ. ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტში, ასეც რომ იყოს, ყოფილი პრემიერის ბრძნული მოწოდება, რომ დანაშაულის მოსალოდნელ ზრდას „გაგებით უნდა მოვეკიდოთ“, სხვა არაფერია, თუ არა ანტიჰუმანური ცინიზმი ადამიანისგან, რომელსაც, საკუთარი ციხესიმაგრის გალავნისა და კოლოსალური პირადი დაცვის წყალობით, ისედაც არ ემუქრება საფრთხე ამნისტირებულ მოქალაქეთაგან. არც მას, არც მის ოჯახს, არც მის შვილებს. ხოლო თუკი ვკითხავთ, ახლა რა ქნას მოკლული დაჩი დარჩიას უბედურმა მშობელმა, აღარ მგონია, გაგებით მოკიდება ურჩიოს მას. ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, ადამიანის ცინიზმს შეეძლოს ასეთი სიმაღლეების მიღწევა.

 

ხელისუფალი, და პირველ რიგში ზუსტად ის, რომელიც ქუჩაში არ დადის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობს, ეგზისტენციალური პრობლემები არ აწუხებს და ოჯახიც კომფორტულად ყავს დაცული, ადვილად მოახდენს დისტანცირებას ამ პრობლემებისგან. ის უბრალოდ მოგვაშორებს მისივე სოციალური უპასუხისმგებლობით გამოწვეულ პოტენციურ თუ შემდგარ საფრთხეს, გადააფარებს მას ფარდას, გვეტყვის, რომ ახლა ოთახში სამი სკამი დგას და თუ თავხედობა ეყო, დაგვაყვედრებს კიდეც ამას. დაგვაყვედრებს, რომ მოგვაშორა ხელისუფლების თუ ძალაუფლების სხვა მპყრობელთა მავნებლობით დამნაშავედ ქცეული ჩვენივე თანამოქალაქე, რომელიც, ვინ იცის, იქნებ სხვა დროს, სხვა ადგილას ერთი საყვარელი, კეთილი, ბუნჩულა მოქალაქე ყოფილიყო.

 

ქუთაისისკენ მიმავალ გზაზევე დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე, ლაშა ბაქრაძე გვიყვებოდა ამბებს, მაგალითად, როგორ მოკლა ერთ სოფელში ქორწინების 25 დღის თავზე ცოლმა – ქმარი. მოკლა იმიტომ, რომ 25 დღის განმავლობაში ქმარი წარმოუდგენლად ბრუტალური სცენარით აწამებდა მას, ხოლო არც ცოლის ოჯახმა და არც სახელმწიფომ, პოლიციის ძალით, არაფერი იღონა გოგონას გადასარჩენად. უბრალოდ, პოსტ-ფაქტუმ, როდესაც უკვე ტრაგედია მომხდარი იყო, ადგნენ და ციხეში გამოკეტეს მოძალადე ქმრისგან, წამებისგან გონებაშეშლილი და თავისდაუნებურად დამნაშავედ ქცეული ახალგაზრდა გოგო. ეკლესიამ კი, რომელიც მთლად პატრიარქის ქადაგებებში, პირდაპირ თუ ირიბად, ფაქტობრივად, ხელს უწყობს ოჯახური კონფლიქტების გაღვივებას და მამაკაცის ქცევას – მოძალადედ, ალბათ დანანებითაც დაიტირა მოკლული, ხოლო მკვლელი, როგორც ცოდვილი, იქნებ დაწყევლა და შეაჩვენა კიდეც.

 

უკვე დისკუსიის დასასრულს მოდერატორმა გიორგი ხასაიამ ერთი ტრივიალური კითხვა დაგვისვა: „ეს ყველაფერი გავიგეთ, ცუდია, პრობლემაა, მაგრამ ამის გამოსასწორებლად რა ვქნათ? რა ვაკეთოთ?“ – ვილაპარაკოთ! რაც შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ – იყო ჩემი პასუხი. ავბედითი საბჭოთა წარსულისა და სახელმწიფოს წყობის მაშინდელი ფორმების გამო თანამედროვე ქართულ საზოგადოებას, ფაქტობრივად, არ გვაქვს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის გამოცდილება. სოლიდარული ჯგუფების შექმნისა და ავთენტური სოციალური მოძრაობების დაწყების ყოველი მცდელობის წინ მუდმივად ისმის ფრუსტრირებული და უიმედო ადამიანის კითხვა: „რა აზრი აქვს? მაინც არაფერი შეიცვლება“. მეკი ვფიქრობ, რომ ჩომსკის თუ დავესესხებით, აქტივიზმის შედეგი უნდა განვსაზღვროთ არა იმით, თუ რა მოგვცა მან აქ და ახლა, არამედ იმით, თუ რა იქნებოდა, სად ვიქნებოდით ამ აქტივიზმის გარეშე.

 

 

ჰოდა, თუ საქართველოში ყოველდღიურ რეალითი შოუებად ქცეული ქურდობების, ძარცვისა და ყაჩაღობებით, მკვლელობებისა და წამებების დასრულება თუ არა, მისი მინიმუმამდე შემცირება მაინც გვსურს, რაც შეიძლება ბევრი უნდა ვისაუბროთ, ვიყვიროთ, ვიჩხუბოთ, ვიკამათოთ, წავიკითხოთ უამრავი ლიტერატურა ამაზე და კატეგორიულად მოვთხოვოთ ხელისუფალს არა ძალადობრივ დასჯაზე, არამედ მიზეზების კვლევაზე,  პრევენციასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული კეთილდღეობის სისტემის შექმნა.

 

ოღონდ არ მითხრათ, რა აზრი აქვს, მაინც არაფერი გამოვაო. ბავშვობაში ფიქრი გვეზარებოდა და მოუთმენლობისგან გვეშლებოდა იმ გამოცანის პასუხი, მაგრამ ახლა, უკვე დიდებს, ფიქრი თუ არ დაგვეზარება, აღმოვაჩენთ, რომ ოთახში სამი კი არა, ხუთი სკამი დგას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი