კომენტარი

სევდიანი ბალადა კაზანტიპზე

31 ივლისი, 2014 • • 1405
სევდიანი ბალადა კაზანტიპზე

მოსახლეობის ნახევარი სიღატაკის ზღვარს მიღმა იბრძვის – იბრძვის გადარჩენისთვის;


სნობი და შოვინისტი მატრაკვეცებით სავსე საზოგადოების საშუალო განათლების დონე ჩამორჩება აფრიკის არაერთი ქვეყნის მაჩვენებელს. ასრაღაც ლარს უხდიან მასწავლებელს.


ხელისუფლებას წიხლზე ჰკიდია გარემოც და კულტურული მემკვიდრეობაც. ისინი ააფეთქებენ ათასწლოვან ოქროს საბადოს და სახლში ოქროს უნიტაზებს დაიდგამენ. ოქროს უნიტაზები იქნებ უკვე უდგათ კიდეც საპატრიარქოს სამეფო საპირფარეშოებში.


ზეიმობენ დემოკრატიულ არჩევანს, რომელიც სინამდვილეში ერთი გაქსუებული მდიდარი კაცის მიერ მეორის ხელდასმა იყო მხოლოდ… და ჰგონიათ, რომ ქალაქის მერი თავად აირჩიეს.


ძალაუფლებისთვის ბრძოლის სერიალის ახალი სეზონი ეს-ესაა დაიწყება, პოლიტიკურად აქტიური ადამიანები საკუთარ ავტოფარეხში…. ქრებიან!


…და გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანაში „კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“. ამის საჩვენებლად კი ტონობით მწვანე, უვნებელ ბალახს, როგორც სასტიკ დამნაშავეს, ანადგურებენ მინდორში.


დაღლილი მგზავრის მიერ მოკლული უფრო დაღლილი, ვინ იცის, ოფლში გაწურული ავტობუსის მძღოლის სიცოცხლეს ათას რაღაც ლარად აფასებენ, ფაშიზმსა და დარბევას უფრო იაფად – ას ლარად, ხოლო მწვანე ბალახის მოყვარულ ბექას შვიდრაღაცა წლით კეტავენ ციხეში – ეს ნამდვილად საშიში კაცია.


ქმრებმა, ამ გამოცდილმა ტირანებმა, ჯანყი იყნოსეს და გადაწყვიტეს, აჯანყება სისხლში ჩაახშონ – ხოცავენ ცოლებს! დახოცეთ, ყველამ დახოცეთ, რაც შეიძლება ბევრი. იქნებ, აღარცერთი ქალი რომ დარჩება დედამიწაზე, მერე მაინც მოიფხანოთ თქვენი დამახინჯებული, გაუმაძღარი ეგოები, ან, არც აღარაფერი დაგრჩეთ მოსაფხანი.


და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…


თუკი ერთხელ მაინც საღამოს საათებში სადგურის მოედანთან გაივლით, თქვენს უდარდელ გონებაში ყრუდ და უსიამოვნოდ გაიჟღერებს ბღავილი – მუყაოს ყუთებზე მწოლიარე, ცოცხლად დაშლილი და ტყავამძვრალი უსახლკაროების ბღავილი. ყრუდ ისმის ეს ხმა, იმდენად ყრუდ, რომ ოქროს უნუტაზიან მეფეთა სასახლეებამდე ვერ აღწევს. იმ მეფეთა სასახლეებამდე, რომლებიც განგვისაზღვრავენ, „სინამდვილეში“ რა ყოფილა ამ ბღავილის მიზეზი – კაზანტიპი!


ამ, როგორც ამბობენ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, პოლიტიკური და რელიგიური მეფეები, ისინი, ვის სინდისზეც ეს გლახაკთა ბღავილია, საკუთარ დანაშაულს აბრალებენ სხვას, რაღაც აბსტრაქციას – მუსიკალურ ფესტივალს, რომლის ერთადერთი მიზანიც ადამიანების გართობა, გახალისება და მათი ბედნიერება, თუნდაც ათი დღით გათავისუფლებაა…


თავისუფლება და გართობა, ბედნიერება და ჰედონიზმი მხოლოდ მათი, მეფეთა პრივილეგიაა, რადგან ვინ ვინ და მათ ხომ ყველაზე კარგად იციან, ის, ვინც ერთხელ მაინც იგემებს თავისუფლებას, არასდროს დასჯერდება მას, როგორც ერთჯერად აქტს. უბრალოდ, ხელიდან დაგისხლტება.


მაშასადამე, ავკრძალოთ ის, როგორც „სენი“, რომელიც მთლად მარიამობის მარხვაში უპირებს ადამიანებს მზის გულზე ლაღად წამოწოლას, მუსიკის მოსმენას, გართობასა და თავისუფლებას! და თუ ამის აკრძალვა გვინდა, ისევ მათი, ბღავილით დაღლილ ღატაკებზე ზრუნვის სახელით ვთქვათ, რომ „სინამდვილეში“ ყველაფერი არა მეფეების, არამედ კაზანტიპის ბრალია.


დავრაზმოთ ერი – ერის გადასარჩენად. დავივიწყოთ, რომ ჩვენი უბედურების მძაღე თესლი გაუნათლებლობაში, სოციალურ გულგრილობაში, მეფეთა მორჩილებასა და პრობლემის არასწორად იდენტიფიცირებაშია ჩაგდებული. გადავაბრალოთ ყველაფერი ერთ ფესტივალს და მოჩვენებითად დავასვენოთ ყურები ბღავილისგან.


ბღავილისგან, რომელიც მუყაოს ყუთებზე მძინარე ღატაკების, უიმედოდ დარჩენილი, დაშინებული მრევლისა და ქმრებისგან დახოცილი ქალების პირიდან ისმის.


ოღონდაც, მთავარს ნუ დავივიწყებთ, ბოროტების თესლი სხვა, მეფეთაგან კარგად დაცულ მიწაში გდია, ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ეს თესლი სხვაგან უნდა ვქექოთ – ფესტივალზე.


ხოდა, რა ვქნათ, ვქექოთ?

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი