კომენტარი

არჩევანი, არადანი, ტრაკი

12 ივლისი, 2014 • • 1664
არჩევანი, არადანი, ტრაკი

ჩემთვის ყოველი პოლიტიკური არჩევნები მომხმარებლური საზოგადოების მორიგი დაბოლების აქტია – მომხმარებლისა და პროდუქტის დიალექტიკა. პოლიტიკური ჯგუფები პროდუქტის, ხოლო ამომრჩევლები – მომხმარებლის როლში.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, საბოლოოდ, არჩევნებს პრინციპულად ვუცხადებ ბოიკოტს და აი, რატომ:

 

1)      არ მჯერა, დღესდღეობით არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა დათმონ პირადი მერკანტილური ვნებები და გამოიჩინონ თვითმყოფადი ნება და კეთილშობილება, სახელმწიფო რესურსების სოციალურ კეთილდღეობაზე მიმართვისკენ. ვგულისხმობ არა „ძიძა“ სახელმწიფოს, რომელიც „მუქთახორა პარაზიტებს“ – „კეთილშობილი მშრომელების“ ხარჯზე აპურებს, არამედ სახელმწიფოს, რომელიც რესურსებს სწორედ იმ ფუნდამენტური პირობების შესაქმნელად იყენებს, (განათლება, სამუშაო ადგილები), რომელიც „პარაზიტად“ მოხსენიებულ, რეალურად კი უბრალოდ ბრუტალური სოციალური პოლიტიკის მსხვერპლს „პარაზიტად“ არ აქცევს. სხვა მხრივ, არაფერია იმაზე ადვილი, ბნელი და პარაზიტი უწოდო მას, ვისი განთლებისა და დასაქმებისთვისაც, როგორც სახელმწიფოს, მილიარდიანი ბიუჯეტიდან ბევრიც არაფერი გაგიკეთებია.

 

2)      არ მჯერა, დღესდღეობით არსებულ რომელიმე პოლიტიკურ ძალას გულწრფელად ადარდებდეს სხვადასხვა ჩაგრული სოციალური ჯგუფების (კაზრეთელი თუ ჭიათურელი მუშების, ჩვიდმეტმაისგამოვლილი გეების, ჭელას მუსლიმების თუ სხვათა) უფლებები. აქაც, როგორც სხვაგან, რიტორიკა და შედეგი უკუპროპორციულია. სწორედ იქ, სადაც სახელმწიფო აცხადებს, რომ მათი პრიორიტეტი ჯანდაცვა და დასაქმებაა, ხოლო „ყველა განსხვავებული“ თანასწორად უნდა ცხოვრობდეს, სინამდვილეში მუშები უკიდურესი რისკის, არაადამიანური პირობებისა და შერყეული ჯანმრთელობის ფასად, მინიმალური ანაზღაურებით მოიპოვებენ პროდუქტს, რომლითაც ერთეულები მილიონებს ატრიალებენ. შეადარეთ ჭიათურელი მუშის სამუშაო საპირფარეშო – „ჭიათურ-მანგანუმის“ მფლობელთა საპირფარეშოებს და მერე ვისაუბროთ, რომ ეს „მათი თავისუფალი არჩევანია“. ანდაც, გაიხსენეთ 17 მაისის კადრები და თქვით, რომ „ყველა განსხვავებული – ყველა თანასწორია“

 

3)      არ მჯერა, რომ დღესდღეობით არსებული რომელიმე პოლიტიკური ძალა მოეშვება ძალაუფლების სხვა ვერტიკალებთან, მაგალითად, ეკლესიასთან ან სხვა ბიზნესთან ლაქუცს. მეტიც, ისინი უნისონში მოქმედებით აძლიერებენ ერთმანეთს და სუსტი, რეპრესირებული უმრავლესობის კიდევ უფრო დასუსტების ხარჯზე, კიდევ უფრო ძლიერდებიან… და აქ ძალიან გთხოვთ, დაივიწყოთ, რომ „9 წელი“ თავისუფლად ვერ სუნთქავდით და თითქოს ახლა ჰაერი გაიწმინდა. ბოლოს და ბოლოს, რეპრესია მართლა 37 წელს, ვიღაცისთვის მილიონების წართმევას, ან, უფრო მსუბუქად, ნაციონალური ტელევიზიების კონტროლს არ ნიშნავს მხოლოდ.

 

4)      არ მჯერა, რომ დღესდღეობით არსებული რომელიმე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში კრიმინალური სიტუაციის შესამსუბუქებლად იმუშავებს არა დასჯაზე, არამედ – პრევენციაზე. ადვილია ნულოვანი ტოლერანტობის სახელით დაიჭირო ქურდი, რომელმაც მაღაზია შიმშილისგან თავის სახსნელად გაძარცვა. დაიჭირო ქმარი, რომელმაც უკიდურესი პატრიარქალური ნარატივებით გაჟღენთილმა „დაუმორჩილებელი“ ცოლი მოკლა. დაიჭირო ბავშვი, რომელმაც უმდიდრესი ეკლესიიდან ერთი ლუკმა პური მოიპარა… მაგრამ ძალიან ძნელია, დიდ ჭკუას და ძალისხმევას მოითხოვს, შექმნა ქვეყანაში სოციალური პირობები, შეეშვა პატრიარქალური ძალაუფლების რიტორიკას და ამით, თუ არ გააქრო, მინიმუმამდე მაინც დაიყვანო ქურდობის, მკვლელობების თუ სხვა დანაშაულების „საჭიროება“. ტყუილად ფიქრობთ, რომ ამით კრიმინელების რომანტიზაციას ვახდენ. მე მხოლოდ ვთვლი, რომ დანაშაულის შემცირება დანაშაულის მიზეზების კვლევასა და მის პრევენციაზე უნდა მოდიოდეს და არა უბრალოდ დასჯაზე.

 

5)      არ მჯერა, რომ დღესდღეობით არსებული რომელიმე პოლიტიკური ძალა, არათუ პრევენციაზე იმუშავებს, არათუ დასჯის საჭიროებას მინიმუმამდე დაიყვანს, არამედ, ჯანდაბას, ადეკვატურ სასჯელს მაინც დაუწესებს მოქალაქეებს. როგორ მივცე ხმა ხელისუფალს, რომელიც მინდორში დაკრეფილი ბალახის შესუნთქვას იმაზე მძიმე დანაშაულად თვლის, ვიდრე ადამიანის მოკვლასა და გაუპატიურებას? როგორ მივცე ხმა მას, ვინც ბექა წიქარიშვილს, კეთილშობილ, მხიარულ, მეგობრულ ადამიანს თავისი ინტერესებითა და გატაცებებით, საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად მიიჩნევს და 7 წლიანი ციხისთვის იმეტებს, ხოლო იმავდროულად, დღისით, მზისით, ქუჩაში ათიათასიანი პოგრომის მომწყობებს – ვაჟკაცებად?

 

და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ… ბოლოს და ბოლოს, ვერ ვენდობი ამ ყალბ გაღიმებულ, დაფოტოშოპებულ სახეებს საარჩევნო პოსტერებზე. ბავშვებთან და მოხუცებთან მზრუნველი სახით დაჭყეტილ პოლიტიკოსებს, მიწიერი სამოთხის ამსახველ საარჩევნო კლიპებს… შემდეგ კოლექტიურ დარაზმვას იმ „თავისუფალი არჩევანის“ გასაკეთებლად, რომელიც უკვე წინასწარაა განსაზღვრული და ხელდასმული არათუ მარკეტოლოგების, არამედ ერთი ახირებული, პროვინციალური კომპლექსებით შეპყრობილი კაცის მიერ, რომელიც ცდილობს თავის რჩეულს რბილი „ლ“ გაუპრიალოს… და ვერც იმ პოლიტიკურ გუნდს ვენდობი, რომელიც ოპონენტებს პროვინციული ფაშიზმით უპირისპირდება.

 

შეგიძლიათ ბევრი იძახოთ, რომ მსოფლიოში ამდენ და ამდენ მილიარდ ადამიანს „თავისუფალი არჩევანის“ გაკეთების საშუალება არ აქვს და ამ ფონზე, სოციალური უპასუხისმგებლობა, ფრუსტრაცია, ნიჰილიზმი ან გნებავთ, ინდიფერენტულობა და დანაშაულია არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა. მე კი მაინც ვთვლი, რომ სწორედ ჩემი თავისუფალი არჩევანია არ მივიღო მონაწილეობა კოლექტიურ ცირკში და ჩემი ერთი ხმით ლეგიტიმაცია არ მივცე იმას, რასაც რეპრესიისა და ჩაგვრის მთავარ წყაროდ მივიჩნევ – სახელმწიფოს. არჩევანი დიდი ხანია გაკეთებულია, სხვა ყველაფერი ფორმალური პროცედურაა ამ ხელდასმის „სახალხო“, „დემოკრატიული“ ლეგიტიმაციისთვის. თქვენ კი, ვინც ვიწროპარტიულ ინტერესებს მიღმა ხართ, ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ, რომ ვიბადებით და ვცხოვრობთ წინასწარ განსაზღვრულ მანკიერ სისტემაში, სადაც ცხოვრებას ყოველი ახალი რეპრესორის არჩევასა და შემდეგ მის მოშორებაში ვატარებთ, უკუნითი უკუნისამდე.

 

რაც შეეხება ტრაკს! იმ გოგონებს, ვინც ტელეკომპანია GDS-ის „მაჩო“ წამყვანებსა და დამკვრელებს საკუთარი სხეული ინსტრუმენტად შესთავაზეს, დღემდე ღრმად სწამთ, რომ ეს მათი „თავისუფალი არჩევანი“ იყო. „მაჩოები“ კი, თავის მხრივ, არათუ აპელირებენ, მათი ნება იყო, ხომ არ გვიძალადიაო, არამედ, იყვედრებიან, ფულიც კი გადავუხადეთ ამისთვისო და წამითაც კი არ დაფიქრებულან, ბოლო თვეებში რამდენი ქალის სიცოცხლე შეიწირა სწორედ მათ ინსტრუმენტალიზაციამ. ვერ გეტყვით, რომ თქვენი, ქალების თუ ზოგადად, ამომრჩევლების ნებაა იყოთ ინსტრუმენტები და ამას „თავისუფალი არჩევანის“ სახელით ამართლებდეთ. ანუ, ვერ გეტყვით, მკიდია რას იზამთთქო, მაგრამ იმას ნამდვილად გეტყვით, რომ სხვისგან მაინც ნუ მოითხოვთ ამას.

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი