კომენტარი

გიორგი გოცირიძე: იუსტიციის მინისტრს მოეთხოვება პატივი სცეს მოსამართლეებს და მათ გადაწყვეტილებებს

9 ივლისი, 2014 • • 1134
გიორგი გოცირიძე: იუსტიციის მინისტრს მოეთხოვება პატივი სცეს მოსამართლეებს და მათ გადაწყვეტილებებს

მინისტრის პოსტის პირველი აბზაცი ასეთია: “ბათუმიდან შემოგვითვალეს, არც ქართული მიწა გვაინტერესებს, არც ხვნა-თესვა და არც სასურსათო უსაფრთხოება და ინვესტიციებიო”. ასევე, მინისტრი პოსტში კიდევ ერთგან ახსენებს “ბათუმის მოსამართლეებს”, როდესაც საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მსჯელობს. როგორ ფიქრობთ, რის თქმას ცდილობს იგი ამით?

 

ეს არის მინისტრის ჩვეული უარყოფითი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით ზოგადად არ არის სასურველი, რომ იუსტიციის მინისტრი ან აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი ასეთი სახის მინიმუმ არაკორექტულ განცხადებებს აკეთებდეს. ისინი არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ისინი ამ თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნენ და გარკვეულწილად მინისტრს მოეთხოვება პატივი სცეს არა მარტო მოსამართლეებს, არამედ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც.

 

რა თქმა უნდა, ნებისმიერი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გახსნილია კრიტიკისთვის, თუმცა სასურველია, რომ ეს კრიტიკა უფრო მეტად არგუმენტირებული და დასაბუთებული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ კრიტიკის ავტორი საკმაოდ კვალიფიციური იურისტია, იუსტიციის მინისტრი მყავს მხედველობაში.

 

არაკორექტული რატომ არის მინისტრის ეს განცხადება?

 

არაკორექტული არის იმიტომ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ასეთ ვორდინგს არ უნდა იყენებდეს ხელისუფლების სხვა, დამოუკიდებელი შტოს, ანუ სასამართლოს მიმართ.

 

როდესაც “ბათუმის მოსამართლეებზე” ამახვილებს ყურადღებას, თქვენი აზრით, რაღაც “პერიფერიულ მომენტზე” ცდილობს ხაზგასმას?

 

ჩემი აზრით, სასამართლოს მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს. “ბათუმის მოსამართლეები”, “ბათუმიდან შემოგვითვალეს” – ეს შეიძლება იყოს სასამართლოს სტატუსის დაკნინებაც. ეს ძალიან კვალიფიციური სასამართლოა, რომელსაც ბევრი კარგი გადაწყვეტილება აქვს მიღებული იგივე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით.  თან ეს ხდებოდა 2007, 2009, 2011 წლებში – ამ სასამართლომ ფარულ მოსმენებზე ჩვენი სარჩელები დააკმაყოფილა. ეს არის საკმაოდ კვალიფიციური სასამართლო და ძალიან საშიშია ის განცხადებები, რასაც იუსტიციის მინისტრი აკეთებს, თუმცა ამას შეიძლება პერიფერიის კონოტაციაც ჰქონდეს. არასწორია, როცა ამას სასამართლოსათვის შეურაცხყოფის მიზნით იყენებს იუსტიციის მინისტრი და ჩემი აზრით, იუსტიციის მინისტრი ამ ფორმით თავს ესხმის სასამართლოს.


გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე

 

როგორ ფიქრობთ,  რაღაც ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს სასამართლოს, როცა ამბობს, რომ “არ აინტერესებთ ქართული მიწა, ხვნა-თესვა” და ასე შემდეგ?

აქ, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ თუკი გადავშლით და წავიკითხვათ ამ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებულ ორ გადაწყვეტილებას, უფრო სწორად, ერთ განჩინებას და მეორე გადაწყვეტილებას, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა სასამართლოს მიერ მიღებული, ხოლო მეორე – 2014 წელს, იქ აღმოვაჩენთ იმას, რომ სასამართლოს არათუ არ აინტერესებს ხვნა-თესვა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება, არამედ [პირიქით] მათი გადაწყვეტილება მთლიანად ამ ინტერესებს ეფუძნება.

 

თუ შეიძლება მოუყევით მკითხველს ამ ორი საკონსტიტუციო საქმის შესახებ უფრო მეტი დეტალი…

1996 წელს  სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შესახებ კანონი მიიღეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აკრძალული ჰქონდათ მიწის ნაკვეთის შეძენა. თუკი რომელიმე უცხოელი მემკვიდრეობით მიიღებდა მიწას მისი ქართველი ნათესავისაგან, ის 6 თვის ვადაში ვალდებული იყო გაეყიდა ეს ნაკვეთი, ხოლო თუ ამას არ გააკეთებდა, მაშინ მას სახელმწიფო ჩამოართმევდა და კომპენსაციას გადაუხდიდა. სწორედ ეს ნორმა, რომელიც 1990-იან წლებში იყო მიღებული, 2012 წელს იცნო არაკონსტიტუციურად. ანუ 1990-იანი წლებიდან 2012 წლამდე უცხოელებისთვის მიწის შეძენის შესაძლებლობა აკრძალული იყო. 2012 წელს დანიის მოქალაქე ჰეიკერ ქრომკვისტმა გაასაჩივრა ეს აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც ეს ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო. სასამართლომ განაცხადა, რომ უცხოელის მიერ მიწის ყიდვა არათუ აუარესებს სასოფლო-სამეურნო სექტორში არსებულ ვითარებას, არამედ პირიქით, ახალი ტექნოლოგიები, ახალი ცოდნა შემოდის ამ სფეროში, რაც ხელს უწყობს მის განვითარებას. ეს იყო სასამართლოს პოზიცია. 2013 წელს იმ უკმაყოფილების გამო, რაც საზოგადოებაში წარმოიშვა იგივე ალ-ჯაზირას სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ინდოელების მხრიდან მიწის ნაკვეთების შეძენის თემას უკავშირდებოდა და რამაც ერთგვარი ისტერიული, ქსენოფობიური კამპანიაც გამოიწვია, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა გვერდი აევლო საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილებისთვის და გამოაცხადა მორატორიუმი უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით.

 

კონკრეტულად კონსტიტუციის რომელ მუხლს ეწინააღმდეგება ეს აკრძალვა?

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით [განსაზღვრულია, რომ] საკუთრების უფლება, განსხვავებით საარჩევნო უფლებისაგან, არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქის უფლება… გამოხატვის თავისუფლების მსგავსად, ეს არის ყველა იმ ადამიანის უფლება, რომელიც ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფება… ის საკუთრების უფლების დაცვით სარგებლობს. შესაბამისად, ადამიანისთვის მიწის ნაკვეთის შეძენაზე შეზღუდვის დაწესება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის უცხოელია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

 

თუმცა თეა წულუკიანი ამბობს, რომ სრულიად განსხვადვება ერთმანეთისაგან ის საქმეები, რომელზეც სასამართლომ 2012 წელს და 2014 წელს იმსჯელა – პირველ შემთხვევაში საქმე აკრძალვასთან გვქონდა, ხოლო მეორეში – დროებით მორატორიუმთან.

 

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ერთია აკრძალვა და მეორეა მორატორიუმიო, მაგრამ ეს ყველაფერი მოპასუხე მხარეზე იყო დამოკიდებული. პროცესში არსებობს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები. მოპასუხის ანუ პარლამენტის არგუმენტები სიტყვასიტყვით იმეორებდა იმას, რაც პარლამენტმა 2012 წელს წარმოთქვა, რომ “ჩვენ არ გვინდა მიწის დაქუცმაცება, ეს იყო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებისაგან თავის დაცვის საშუალება და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების გზა”. ამ არგუმენტებზე ახლა სასამართლომ იგივე პასუხი გასცა, რაც 2012 წელს. ასე რომ, მინისტრის განცხადება გაუგებარია, რადგან თავად პარლამენტს ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისაგან არ განუსხვავებია და ორივე შეზღუდვას ერთნაირი არგუმენტებით ასაბუთებდა.

მაგრამ იგივე თეა წულუკიანის არგუმენტია, რომ მორატორიუმი იმისთვის იყო შემოღებული, რომ რეგულაციებზე მუშაობა დაგვესრულებინა და შემოგვეღო წესები, რის მიხედვითაც უცხოელი, თუ ის სერიოზული ინვესტორი იქნებოდა, შეძლებდა მიწის ყიდვას, დამუშავებას, ბიზნესის წარმოებას, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობასო. ხოლო თუ ეს ასე არ იქნებოდა, ასეთ უცხოელს, სახნავ-სათესი მიწის ყიდვა გაუჭირდებოდაო…

 

მე არ ვიცი, რა რეგულაციების დაწესებას აპირებს მთავრობა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უარყვია ის, რომ… ზოგადად სასამართლოს პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ [მორატორიუმის] პირობებში აბსოლუტური აკრძალვა არსებობდა, ანუ უცხოელი ერთი ჰექტარის შეძენასაც კი ვერ მოახერხებდა სოფელში. ეს იყო არა შეზღუდვა, არამედ აკრძალვა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც არსებობს, რამდენადაც მე ვიცი, შეზღუდვა მიწის ოდენობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აბსოლუტური აკრძალვა იყო, ანუ ვერც ერთი უცხოელი ერთი გოჯი მიწის ნაკვეთსაც კი ვერ შეიძენდა სოფელში. სწორედ ეს შეზღუდვა სცნო სასამართლომ არაკონსტიტუციურად. დიახ, 2012 წლამდე აკრძალვა არსებობდა, 2013 წლიდან – მორატორიუმი, მაგრამ შინაარსობრივად ეს ერთი და იგივე იყო.

 

რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს რეგულაციების შემუშავების უფლება და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა ის, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს, როდესაც მიწის ნაკვეთს სტრატეგიული დანიშნულება აქვს. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უცხოელმა, თუნდაც რუსეთის მოქალაქემ რომ შეიძინოს მიწის ნაკვეთი, ამან შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე. ბუნებრივია, ამასთან დაკაშირებით სახელმწიფოს შეზღუდვების დაწესების უფლება აქვს, მაგრამ როცა მიწის ნაკვეთს სტრატეგიული დანიშნულება არ აქვს, მაგალითად, კახეთში ან იმერეთში, თუ სხვა რეგიონში, იქ აკრძალვის დაწესება არაპროპორციულია. მინისტრი ამბობს, რომ სასამართლომ პროპორციულობა არ შეაფასაო. არადა, როგორც 2012 წლის, ასევე 2014 წლის გადაწყვეტილებაში სწორედ პროპორციულობაზეა საუბარი.

 

კიდევ ერთი საკითხი, გარემოს დაცვითი ინტერესი არსებობსო და სასამართლომ ამაზეც თქვა, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება რეკრეაციული სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთების გასხვისებაზე შეზღუდვები დააწესოსო, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყველა ნაკვეთს ამგვარი სტატუსი არ გააჩნია.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა მინისტრი თავის ბლოგპოსტში ასეთ რამეს ამბობს: “ვინც ამ გადაწყვეტილებით შეშფოთდა, გამხნევდეს, რადგან ჩვენ უკვე ამ თვეში შევიტანთ პარლამენტში დასამტკიცებლად რეგულაციებს, რის შემდეგაც დაცული იქნება როგორც ქართული მიწა და მისი სასოფლო-სამეურნეო ხარისხი, ასევე, უცხოელი ინვესტორის ინტერესიც” – თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა ჩაიწერება ახალ კანონპროექტში?

 

მე არ მინახავს ეს კანონპროექტი, რომელიც ალბათ შემუშავების პროცესშია, მაგრამ რაღაც ბიუროკრატიული რეგულაციების დაწესება ცოტა სახიფათოდ მიმაჩნია მთავრობის მიერ… აქ არა მარტო უცხოელის ინტერესი შეიძლება შეილახოს, არამედ საქართველოს მოქალაქისაც, რომელსაც მიწის ნაკვეთის გაყიდვა სურს და ელოდება ბიუროკრატიულ პროცედურებს… რაც უფრო მეტად ბიუროკრატიული იქნება ეს პროცედურები და თუ კრიტერიუმები ბუნდოვანი იქნება, შეიძლება არა მხოლოდ საკუთრების უფლება და მყიდველის თუ გამყიდველის ინტერესები დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ შესაძლოა დამატებითი კორუფციის წყაროც გახდეს, ანუ თუ უცხოელს არ ეცოდინება, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი შეიძინოს. კრიტერიუმები მაქსიმალურად ცხადი და გამჭვირვალე უნდა იყოს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით დაახლოებით იგივე რეგულაციების დაწესების შესაძლებლობა რჩება პარლამენტს?

 

გვერდის ავლა იქნება, თუკი აბსოლუტურ აკრძალვას დატოვებენ ძალაში, ანუ თუკი უცხოელი არც ერთ ან ძალიან რთულ შემთხვევაში შეძლებს მიწის ყიდვას, თუკი ასეთ შემთხვევასთან გვექნება საქმე, იმ კანონპროექტით, რასაც იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორჯერ მიღებული გადაწყვეტილება მესამედ დაირღვევა.

 

ილია მეორეც გამოეხმაურა ამ დისკუსიას და თქვა, რომ იგი ეწინააღმდეგება მიწების უცხოელებზე მიყიდვის შესაძლებლობას. როგორ ფიქრობთ, მისმა ამ განცხადებამ ხომ არ მოახდინა გავლენა ხელისუფლების პოზიციაზე?

ვერ ვიტყვი ამას. იმიტომ, რომ ხელისუფლებას მანამდეც, 2013 წელსაც ჰქონდა ეს პოზიცია. საპატრიარქოს განცხადებას ვერ დავუკავშირებ ამას, თუმცა ეს განცხადება უფრო შორს მიდიოდა და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებით არ შემოიფარგლებოდა, ამ ტექსტის მიხედვით ქალაქშიც არ უნდა გაიყიდოს გარკვეული ობეიქტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი