კომენტარი

ია ანთაძე: არ შეიძლება მედეა ვასაძე ხელმძღვანელობდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას

18 ივნისი, 2014 • • 1497
ია ანთაძე: არ შეიძლება მედეა ვასაძე ხელმძღვანელობდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას

ადეკვატური რეაქცია ჩემთვის არის ის, რომ ქალბატონი ვასაძე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას. ეს ადამიანი, იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ, არ იმსახურებს წყვეტდეს ვისი უფლებები დაირღვა ან არ დაირღვა. ერთმნიშვნელოვანია – მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ ადამიანთან დაკავშირებით – უნდა ასეთი ადამიანი თავის პარტიაში თუ არა, ეს მათი საქმეა და არ მგონია, რომ ჩვენ ამაში ჩავერიოთ. მაგრამ დატოვებს თუ არა ის თანამდებობას, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური ვიქნებით და ვაიძულებთ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, რომ მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ეს გადაწყვეტილება, ეს ქალბატონი მაინც გადააყენონ თანამდებობიდან.

 

2008 წლის შემდეგ არც ერთი საქმე, რომელიც უკავშირდება ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლას, ან მასზე ზეწოლას, არ არის გამოძიებული. გაფიქრებინებთ ეს, რომ არც ჯაბა ანანიძეზე ზეწოლის საქმე იქნება გამოძიებული?

 

დარწმუნებული ვარ და ძალიან ცუდია, რომ ამაში დარწმუნებული ვარ, ეს საქმე გამოძიებული არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ შეუშლის იმას, რომ ქალბატონი ვასაძე გადააყენონ თანამდებობიდან. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და წევრების 1/5-ს აქვს უფლება ეს გააკეთოს. თავმჯდომარეს, როგორც ჩანს, ამის სურვილი არ აქვს, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს ამის გაკეთების.


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება, რადგან თუ ეს საქციელი არ იქნა გამოძიებული, ჟურნალისტებზე ზეწოლის, ხელის შეშლის სხვა საქმეებსაც არ გამოიძიებენ… და ეს არ ეხება მარტო ჟურნალისტებს. ზოგადად, არ შეიძლება საქმის თაროზე შემოდება და განსაკუთრებით იმ საქმეების, რაც ჟურნალისტებს ეხება, რადგან ჟურნალისტები არიან ის ადამიანები, რომლებმაც საზოგადოებას უნდა მიაწოდონ რეალური სურათი. თუ ჟურნალისტებს დააშინებენ და ხელს ააღებინებენ თავის პროფესიაზე, ცხადია, ეს ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე სხვა პროფესიის მოქალაქის დაშინება, რომელსაც არ აქვს საზოგადოებამდე ამბის მიტანის ვალდებულება.

 

გამოძიების მოთხოვნას ჩვენ თავი არ უნდა დავანებოთ, მაგრამ პირველი, რითიც უნდა დავიწყოთ, ქალბატონმა ვასაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

ია ანთაძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
ია ანთაძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

თუ დეპუტატი მაინც შეინარჩუნებს თანამდებობას, რამდენად გონივრული და მოსალოდნელია ჟურნალისტების მხრიდან საპროტესტო აქციების გაგრძელება?

 

ჯერჯერობით მხოლოდ დაიწყო ეს აქციები და მას აქვს სპონტანური ხასიათი. თუ შედეგს არ გამოიღებს, ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი. ყველა მექანიზმი უნდა ჩავრთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ მინიმალურ მიზანს მაინც, რადგან ეს არ არის მარტო ჯაბას ან მარტო ჟურნალისტების საქმე. ჩვენ გვაქვს წარმატების მაგალითი, როცა ერთად დგომით ვანო მერაბიშვილს დავახევინეთ უკან.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უფლებათა დამრღვევს ოფიციალურად ჰქვია უფლებადამცველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, რადგან მხოლოდ რეჟიმის პირობებში შეიძლება ცნებამ მიიღოს თავისი პირუკუ მნიშვნელობა – ადამიანის უფლებების დამცველი ეწოდოს იმას, ვინც არის ადამიანის უფლებების დამრღვევი. ეს ცნობილი პარადიგმაა, – საბჭოთა კავშირის ჰიმნი ამბობდა, მაგალითად, რომ არსად ადამიანი არ სუნთქავს ისე თავისუფლად, როგორც საბჭოთა ქვეყანაში, ანუ პირიქით იყო. რეჟიმებს ახასიათებს ის, რომ ცნებებს 100%-ით უცვლის მნიშვნელობას. ეს არის ყველაზე საგანგაშო, ამიტომ არის მოსალოდნელი, რომ ამ ქალბატონს დაატოვებინებენ თანამდებობას. არსებითად არასწორია ამ ქალბატონის ყოფნა თანამდებობაზე, ყვირის ძალიან ეს ამბავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი