კომენტარი

ვინ იცინის დღეს?

15 ივნისი, 2014 • • 1484
ვინ იცინის დღეს?

„ხალხზე“ ყველაზე ხშირად სწორედ ის საუბრობს, ვინც სინამდვილეში, უბრალოდ ძალაუფლების ვერტიკალის თუნდაც ყველაზე უბადრუკ საფეხურზე გაჭაჭული და გაოფლიანებული მიცოცავს. „ჩვენი ძალაუფლება ხალხზე დგას!“ – აცხადებენ ისინი და მართლებიც არიან. მეტიც, სრულიად გულწრფელად ამბობენ, რომ დაწოლის ძალა ზემოდან – ქვემოთ მოდის, მასზე, ვისზეც დგახარ. ოღონდაც, ერთია, ამ ვერტიკალის ფორმალურ თუ არაფორმალურ საფეხურზე მდგომს არამც და არამც არ უნდა მოუვიდეს ერთი ტაქტიკური შეცდომა და არ უნდა დასცინოს მას, ვისზეც დგას. 


დღეს არჩევნებია. ვერტიკალზე მდგომნი თუ მცოცავნი განსაკუთრებით ეფერებიან „ხალხს“, საქმეს ასე სჭირდება. თუმცა ერთს, თუნდაც ირიბი ძალაუფლების მოყვარულ ნარცისს, მაინც შეეშალა – ერთი, ნაკლებად პოპულარული შოუს წამყვანს, შალვა რამიშვილს. ფეისბუქის გუშინდელი ნიუს-ფიდი, რომელიც ფეხბურთს მიჰქონდა, კინაღამ გადაფარა „სახალხო გამოკითხვის“ ვიდეომ ამ შოუდან –  თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები ზომბების მიერ ქართული მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით. ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ გამოკითხულები აღშფოთებას ვერ მალავდნენ. გაიძახდნენ, რომ ქართული მიწა მხოლოდ ქართველს უნდა ეკუთვნოდეს, წაგვლეკეს უცხოელმა ზომბებმა და.ა.შ, მაგრამ არც ერთ მათგანს კითხვაც კი არ გასჩენიათ, რა არის ზომბი? ბუნებრივია, ზომბის მნიშვნელობა ბევრმა იცის და ბევრიც, ვინც არ იცოდა, იკითხავდა, მაგრამ როგორი ადვილად გამოსაცნობია, რომ ამ ვიდეოგამოკითხვაში მონტაჟის შემდეგ სწორედ ისინი დარჩნენ, ახალგაზრდები თუ მოხუცები, გოგოშკები თუ ბებიები, რომლებმაც არც იცოდნენ და არც უკითხავთ „რას ნიშნავს ზომბი?“


რა გაუნათლებლობაა, ღმერთმანი! – გაიფიქრა წამყვანმა, წამოიძახა ბევრმა, წინა თუ ახალი ხელისუფლების ყველაზე გულმხურვალე საკმევლის მკმეველებმა. ალბათ ისე, რომ არც კი გასჩენიათ კითხვა: ვინმემ, თავის ფავორიტ ხელისუფალთაგან, ძალაუფლების ვერტიკალის რომელიმე საფეხურზე, რამდენად იზრუნა ამ „ხალხის“ განათლებისთვის?


ჯერ კიდევ 2010 წელს, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კვლევის მიხედვით, კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში 15 წლის მოსწავლეების შედეგებით, მონაწილე 74 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონეთა შორისაა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ყატარი, პერუ და პანამა. 


ასევე სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორიცაა, მაგალითად, უნივერსიტეტების ვებ-სივრცეში წარმოჩინების, მათი კვლევების ციტირების მაჩვენებელი, სიაში ორი მთავარი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი და თსუ, სულ რაღაც 1944-ე და 2216-ე ადგილს ინაწილებენ.


ვინმეს, ზომბების არმცოდნე მოქალაქეებზე მოქილიკე ვერტიკალზე მდგომთაგან ან მათ მომხრეთაგან, გაუჩნდათ მაინც კითხვა: კი მაგრამ, ვის აბარია ასეულობით მილიონები, მილიარდები, ქვეყანაში განათლებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად?


ანდა რატომ არ სვამენ ეს ადამიანები კითხვას: ქართული სკოლები და უნივერსიტეტები სულ რომ სანიმუშო განათლებას იძლეოდნენ, რამდენ მოქალაქეს შეუძლია წელიწადში ათასობით ლარი მხოლოდ განათლებაში იხადოს? შეგახსენებთ, რომ UNICEF-ის კვლევით, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო სახელმწიფომ, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონებს ხარჯავს საჯარო მოხელეებისთვის აიფონებისა და ძვირადღირებული ჯიპების შესყიდვაში, მოქალაქის საარსებო მინიმუმი 150 ლარით განსაზღვრა. 


და მაინც, ქვეყანაში, სადაც განათლების დონე შემაშფოთებლად დაბალია, სიღარიბის მაჩვენებელს კი ყოველ წამს ვხედავთ ქუჩებში, სოფლებში, ადამიანები ქილიკობენ არა ამ გულგრილი პოლიტიკის შემოქმედებზე, არამედ – მსხვერპლზე. როგორც ერთხელ უკვე ითქვა, საყვედურობენ არა დაავადების მიზეზებს, არამედ – თერმომეტრს.


ამასობაში რას ვუშვრებით ამ პოლიტიკის შემოქმედებს? როგორ მოგვწონს თავად მათი განათლებისა და გულისხმიერების ამბავი? ვიცი, ძნელია დასცინო განათლების მინისტრს, დასცინო ფულიან ოლიგარქს, რომელიც გაჭმევს. დასცინო პრემიერს, რომელსაც დეკრიმინალიზაცია – ლეგალიზაციისგან ვერ გაურჩევია. დასცინო საეკლესიო შავოსანთა დასს, რომელიც უმდიდრეს ფენად ჩამოყალიბდა სწორედ ადამიანებისთვის ათასი სისულელით გონების გამორეცხვისა და სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრები საზოგადოების ფინანსების ხარჯზე. ძნელია დასცინო პოლიტიკოსებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გონებას უვსებენ მოქალაქეებს ქსენოფობიითა და ფაშიზმით. დასცინო ჟურნალისტს, რომელსაც ყოველ მეორე ეთერში ლევან ვასაძე უზის და სერიოზული სახით, სერიოზულად ეკითხება რამეს. ვერ დასცინებ, იმიტომ, რომ შენც სადღაც მათ ეკუთვნი, პირდაპირ თუ ირიბად – ძალაუფლების ვერტიკალზე მდგომთ, ან, მათ მეხოტბეებს.


ასეთს, ძლიერთა დაცინვას გაცილებით დიდკალიბრიანი იარაღი სჭირდება, შენ კი მხოლოდ მცირე კალიბრიანს ფლობ! სხვა რაღა დაგრჩენია, მიუშვერ შენს პატარა კალიბრს – სუსტს და, სხვა თუ არაფერი, ეგოს მაინც მოიფხან. 


ოღონდ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც, რაც შეიძლება ხშირად ახსენო „ხალხი“ და მოეფერო მათ… და არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ადრე თუ გვიან, ზოგჯერ წინასწარაც, იუდას ფარისევლურ ამბორს აუცილებლად გრძნობს ამ ამბორის მიმღები. 


P.S. როგორც ამბობენ, დღევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალი აქტიურობა დაფიქსირდა. ახლა ალბათ სხვა იცინის, სიმწრით, გაბრაზებული ამბორის მიმღები, ვისაც აღარც შენი მოფერება უნდა და აღარც დაცინვა. 

გიორგი კიკონიშვილი
გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი