კომენტარი

რატომ არ მაქვს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის იმედი?

4 ივნისი, 2014 • • 1450
რატომ არ მაქვს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის იმედი?

სამი თუ ოთხი წლის წინ ერთი აქციის ორგანიზატორი ვიყავი: „გვიყვარს და ვზასაობთ“. გახსოვთ, ალბათ, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ სკვერში წყვილების კოცნა – უზნეობაა და აკრძალეს. როგორ გითხრათ, პირადად მე სკვერში „ზასაობის“ საჭიროება იშვიათად მქონია. საბედნიეროდ, ამისთვის სხვა სივრცეს ვიყენებ. თუმცა ეს ინიციატივა ძალიან, ძალიან საშიშად მომეჩვენა. საშიშად, რადგან სახელმწიფომ გადაწყვიტა დაეწესებინა ზნეობის ნორმები და ჩარეულიყო ადამიანთა პირადი ცხოვრების ისეთ უვნებელ დეტალში, როგორიცაა კოცნა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე სიმბოლური კოცნის აქციით გამომეხატა პროტესტი და მონაწილეებს გაგვეგზავნა სახელმწიფოსთვის ერთი მარტივი მესიჯი: ნუ ერევით ჩვენს ცხოვრებაში!  


აქცია ჩავარდა, შეკრებილი ასობით ადამიანიდან მხოლოდ თითო-ოროლა წყვილმა გავუგზავნეთ სახელმწიფოს საპროტესტო კოცნა, სხვები უბრალოდ მორცხვი მაყურებლის როლით შემოიფარგლნენ. ეს, ერთი მხრივ, ჩემი არაორგანიზებულობის ბრალიც იყო, თუმცა სამი წლის თავზე, თუკი აქციის ვიდეოს იუთუბზე ნახავთ და თვალს გადაავლებთ, თითქმის ნახევარი მილიონი ნახვიდან რამდენი ნეგატიური კომენტარი, ვიტყოდი, წარმოუდგენელი ლანძღვა-გინება დაგროვდა „მოზასავეთა“ მისამართით, ამ ჩავარდნის ნამდვილი მიზეზი გაცილებით მძიმედ გამოჩნდება.


2 ივნისს კანცელარიასთან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. 2-მდე და მის შემდეგაც, აქციის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულმა უამრავმა კომენტარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არათუ არ მოხდება, არამედ ეს კაბალური ნარკოპოლიტიკა პირდაპირი გამოძახილია ჩვენი კულტურისა. კულტურა, რომელიც ვერაფრით იოკებს ვნებას, ძალადობრივად ჩაერიოს სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში, მართოს მისი ცხოვრება, როგორც ყველაზე კარიკატურულმა დიქტატორმა. 


მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, ჩემი აზრით, არა უბრალოდ მისი რომანტიზაციისა და მისით ტკბობის, არამედ ჩემი, როგორც მოქალაქის ფუნდამენტური უფლების გამოყენების საკითხია – წარვმართო საკუთარი ცხოვრება სხვისთვის ზიანის მიყენების გარეშე ისე, როგორც მსურს. უფრო მარტივად, გამოვიყენო საკუთარი სხეულის განკარგვის უფლება. რომ აღარაფერი ვთქვათ ასობით და ათასობით ადამიანზე, ვინც საკუთარი სხეულის განკარგვის ბრალდებით დღეს ციხეში სასჯელს იხდის, ან მოიხდის მომავალში. ამიტომ მგონია, რომ ყველაზე მოძველბიჭო ქეშიც კი, რომელიც თავად მოითხოვს საკუთარი სხეულის განკარგვის უფლებას, პატივს უნდა სცემდეს და აღიარებდეს იგივეს – სხვა ადამიანშიც. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ერთია, რა გვსურს, მეორეა – რა გვაქვს. 


2 ივნისის აქციის ფეისბუქ გვერდზე უამრავი ადამიანი, ვინც საკუთარ ცხოვრებაში ჩაურევლობას მოითხოვდა, იმავდროულად გამწარებული აგინებდა სახელმწიფოს, რომელმაც „ლგბტ დააკანონა“ და მარიხუანას დეკრიმინალიზაციის პარალელურად, „პიდარასტების“ გემზე შეყრისა და დახვრეტის ინიციატივით გამოდიოდა. მეორე მხრივ კი, ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „იდენტობის“ ხელმძღვანელი, საოცრებაა, მაგრამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება. ასე და ამგვარად, სწორედ ისინი, ვინც თავისუფლებას მოითხოვენ, თავად უწყობენ არათავისუფალი გარემოს კულტივირებას ხელს და დღესდღეობით ასე იქმნება თანამედროვე ქართული სოციო-კულტურული ურთიერთობები. ასეთია საზოგადოება და რაღა გასაკვირია, რომ ასეთივეა ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც აქ, ზუსტად ამ კულტურაში დაიბადა და გაიზარდა. კულტურაში, რომლისთვისაც თავისუფლება მხოლოდ ეგოისტური მოთხოვნაა, კონკრეტულად „მე“-ს ექსკლუზიური საკუთრება და არა საყოველთაო სიკეთე. 


ამიტომ არ მიკვირს პრემიერის თუ სხვა პოლიტიკოსების წარმოუდგენლად ეგოისტური არგუმენტი, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას გენოფონდის გადარჩენის მოტივით ეწინააღმდეგებიან. მსუბუქად რომ შევაფასოთ, ეს მოსაზრება საკითხის უცოდინრობითაა გამოწვეული. გადახედოს პრემიერმა იმ ქვეყნების დემოგრაფიულ მდგომარეობას, სადაც მარიხუანა დეკრიმინალიზებულია და დარწმუნდება, რომ ატყუებდა, ვინც ბავშვობაში ეუბნებოდა, თუ მოსწევ, ჭუჭუ დაგიპატარავდებაო. ესეც რომ არა, არათუ ჩვენი უფლების შელახვა, არამედ, უხერხულად შელახვაა, როდესაც ვინმეს სურს გააკონტროლოს, სად წავიღებთ ამ ჭუჭუს. და რაღა გასაკვირია, რომ იქ, სადაც ერთი პატარა საპროტესტო კოცნის აქციის ვიდეოს ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს და ამდენივე გინება ახლავს თან, სახელმწიფო კოცნას აგიკრძალავს. ხოლო იქ, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ იოკებს ვნებას, გააკონტროლოს ვინ სად წაიღებს თავის ჭუჭუს, ხელისუფლება მოგიტრიალდება და თავადაც დაგიწყებს ამის კონტროლს. 


ასე და ამგვარად, როგორი ზარ-ზეიმითაც არ უნდა აღნიშნულიყო 2 ივნისი, რომელიც, ჩემს ერთ მეგობარს დავესესხები, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემდგომ ფართის უფრო გავდა, ვიდრე ადამიანის ფუნდამენტური უფლების მოთხოვნის საპროტესტო აქციას, ამ პრობლემის უკეთესობისკენ შეცვლას პირი არ უჩანს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ საზოგადოების უმრავლესობა არ შეთანხმდება, რომ თავისუფლება ვინმეს ექსკლუზიური ფუფუნება კი არა, საყოველთაო სიკეთე უნდა იყოს.

გიორგი კიკონიშვილი
გიორგი კიკონიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი