კომენტარი

ირანის კონსული: ირანელი ტურისტის ყოფნა საქართველოში სასარგებლოა

21 მაისი, 2014 • • 1878
ირანის კონსული: ირანელი ტურისტის ყოფნა საქართველოში სასარგებლოა

ბატონო კონსულო, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც მოახერხეთ საქართველოში?

 

დაახლოებით ორი წელია, რაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მივლინებით ჩამოვედი, გენერალური საკონსულო კი 2010 წელს გაიხსნა. ალბათ, გექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 84 წლის წინ, ბათუმში ირანს ჰქონდა დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელმაც 40 წელი, ანუ ბოლშევიკების შემოსვლამდე იმუშავა… ირანის ისლამური რესპუბლიკა ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

 

ირან-საქართველოს საუკუნოვან კულტურულ ურთიერთობაზე ეს ფაქტებიც მეტყველებს. პირადად მე კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამავალა, ხელი შევუწყო ორი ქვეყნის ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობის გაძლიერებას. იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები განმტკიცდეს, საჭიროა შეიქმნას შესაბამისი გარემო. ამის გამო გავხსენით ირანის გენერალური საკონსულო ბათუმში და ორწლიანი მცდელობის შემდეგ მოვახერხეთ შეგვეძინა შენობა საკონსულოსთვის. ახლა ირანელებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იგრძნონ თავი.

 

ჩვენი ძალისხმევით ირანში გაემგზავრა რამდენიმე ქართული დელეგაცია. ვიზიტები უკავშირდება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებს. ყოფით ცხოვრებაში კი ურთიერთობის განმტკიცების ერთ მაგალითს დაგისახელებთ, – ბათუმში, მშენებარე კორპუსებში ირანის მოქალაქეები კაპიტალს აბანდებენ.

 

ჩვენი ურთიერთობების დაახლოებაზე მეტყველებს ის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ირანს ჰყავს თავის წარმომადგენელი, ასევე გაიხსნა სპარსული ენის კურსი, სადაც უფასოდ ასწავლიან სპარსულ ენას. დაახლოებით სამი თვეა, რაც ფუნქციონირებს ეს ცენტრი სავაჭრო პალატაში. მიდის მოლაპარაკება, რომ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გაიხსნას სპარსული ენის კურსი, სპარსული ენის სწავლა რომ მოახერხონ ქართველმა სტუდენტებმა.

 

დაახლოებით ერთი თვის წინ ირან-საქართველოს გაერთიანებული საკონსულო სხდომა ჩატარდა თბილისში. მე შევხვდი ბატონ ჯალაღანიას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. მასთან საუბრით ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი ნაბიჯების გადადგმაა მოსალოდნელი – მხარეებს ურთიერთობის განმტკიცება გვსურს.

რეზა არჯანი
რეზა არჯანი

 

არჩილ ხაბაძესთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს თქვენ მიუთითეთ ირანულ საქონელზე განბაჟების განსხვავებული ტარიფის შესახებ. არის თუ არა ამ კუთხით რაიმე ცვლილება?

 

არა, მაგრამ იმედი გვაქვს, საქართველო ისეთივე ტარიფებს დააწესებს ირანის პროდუქციისთვის, რაც სხვა მეზობელ ქვეყნებთან, მაგალითად, თურქეთთან აქვს. ეს ორივე ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო: ირანელები შეძლებენ თავიანთი პროდუქციის შემოტანას, რაც საქართველოში მოსწონთ ხარისხისა და სიაფის გამო.

 

თქვენ თქვით, რომ ირანის მოქალაქეები უძრავ ქონებაში აბანდებენ თავიანთ დანაზოგს. ხომ არ არსებობს სტატისტიკა, ირანის რამდენმა მოქალაქემ დააბანდა საქართველოში უძრავ ქონებაში კაპიტალი ან რამდენი მსხვილი ინვესტიცია შემოვიდა?

 

ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სავაჭრო პალატაში ირანის წარმომადგენლის განყოფილების გახსნამდე, ექსპორტი ირანიდან 500 ათასი დოლარს აღწევდა წელიწადში. 2013 წლის ბოლოსთვის კი 10 მილიონს მიაღწია, ანუ 20-ჯერ გაიზარდა. მე არც იმის ზუსტი სტატისტიკა მაქვს, მშენებარე კორპუსებში რამდენ ადამიანს აქვს ქონება შეძენილი, მაგრამ ვიცი, რომ, მაგალითად, კომპანია “ორბში” ორმა ადამიანმა 39-39 ბინა, ანუ ორ-ორი სართული იყიდა. ასევე, ვიცი, რომ რამდენიმე ქარხანა ააშენეს ირანის მოქალაქეებმა.

 

ახლა თბილისში იქმნება ქართულ-ირანული სავაჭრო პალატა, მისი ერთ-ერთი განყოფილება შეიქმნება აჭარაშიც. ამ ეტაპზე უკვე მზადაა დებულება. დარწმუნებული ვარ, თუკი პალატა წლის ბოლოსთვის ამოქმედდება, ეკონომიკური ეფექტი კიდევ რამდენჯერმე გაიზრდება.

 

ქართველი ბიზნესმენები თუ ინტერესდებიან ირანში ინვესტიციის განხორციელებით?

 

ქართველი ბიზნესმენები ძირითადად მიდიან საქონლის საყიდლად, – ნავთობი, ქვა, მარმარილო, მინა, ტანსაცმელი, კვების პროდუქტები და ა.შ. მაგრამ ირანში წასული ქართველი ინვესტორის შესახებ არ გამიგია. შეიძლება არის და მე არ ვიცი. ზოგადად კი, როგორც საქართველოში, ირანშიც მიესალმებიან უცხოელ ინვესტორებს.

 

ტურისტების რაოდენობაზე მინდა გკითხოთ. 2010 წელს საქართველოში ირანიდან 27 ათასი ტურისტი შემოვიდა, 2013 წელში – 75 ათასი, 2013 წელს – 33%-ით ნაკლები. წელს რა ხდება?

 

ვიზიტორთა შემცირება გამოიწვია ცალმხრივი სავიზო რეჟიმის შემოღებამ, ანუ როცა საქართველომ დაუწესა ვიზა ირანის მოქალაქეებს, ირანელებისთვის ვიზის აღება პრობლემური გახდა. კონსულთა ბოლო სხდომაზე თბილისში ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ დაახლოებით 1000 მოქალაქეს არ მისცეს ვიზა. არ არის კანონზომიერი, როცა საელჩოში აძლევ ვიზას, ხოლო საზღვარზე მასობრივად უარს ეუბნები. ბოლო დროს, მრავალმხრივი მიმართვის შემდეგ, მდგომარეობა ნავრუზისა და დღესასწაულების ფონზე, ნაწილობრივ გამოსწორდა. ქართული მხარე მიხვდა, რომ ირანელი ტურისტის ყოფნა საქართველოში სასარგებლოა. ირანელები კანონმორჩილი ხალხია. მათ, უბრალოდ, სურთ თავიანთი დღესასწაულები და დასვენების დღეები გაატარონ საქართველოში. იმედია, ტურისტულ სეზონზე წელს ბევრი ხალხი ჩამოვა.

 

ხომ არ მიდის მოლაპარაკება უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე საქართველოსთან?

 

შემოდგომაზე მაგ მიმართულებით ქართულ კანონმდებლობაში ცვლილებები იგეგმება, მაშინ გადაწყდება რა იქნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ცალმხრივ სავიზო რეჟიმს ირანთან გააუქმებენ. როგორც საკონსულო სხდომაზე განაცხადეს თბილისში, ახალი კანონის მიხედვით ყველაფერი უფრო გასაგები და ადვილი იქნება.

 

თუ იცით ისეთი შემთხვევის შესახებ, როცა ირანის მოქალაქე საქართველოში დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა?

 

არა, მსგავსი რამ არ გვქონია. უბრალოდ, იყო შემთხვევები ვიზასთან და დროებით ბინადრობასთან დაკავშირებული. რამდენიმე პირის მომართვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოქალაქეები ვერ ერკვეოდნენ კანონში.

 

იგივე იყო ბიზნესმენებთან დაკავშირებითაც – თუკი გამჭვირვალედ, სწორედ აღრიცხავენ ირანელი ბიზნესმენები თავიანთ შემოსავალს, ანუ ქართული კანონის მოთხოვნებს გაითვალისწინებენ, გადასახადებს გადაიხდიან, პრობლემა არ შეექმნებათ. იგივე ხდება ბინადრობასთან დაკავშირებითაც.


გასულ წელს ირანის მოქალაქემ ბათუმში მოკლა 16 წლის გოგონა. ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობი რამე ახალი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ მის შესახებ?

 

მას ჯერ არ გადაუკვეთია ირანის საზღვარი. როგორც ვიცი, ორი წელი მანამდეც არ იყო ირანში. ვფიქრობ, ალბათ ისევ თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად არიან საქართველოში თანამედროვე ირანის შესახებ ინფორმირებულები?

 

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია მისაღებია. ზოგადად კი, აჭარაში რასაც შევხვედრივარ, ხალხს დადებითი დამოკიდებულება აქვს ჩვენ მიმართ. ადგილობრივ პრესასა და ტელევიზიაში კი ირანზე, ფაქტობრივად, არ არსებობს ინფორმაცია, ამის მიუხედავად ხალხში დადებითი განწყობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მაინც აქვთ გარკვეული ინფორმაცია.

 

საერთოდ, ხალხებს შორის გაუგებრობები ხდება ინფორმაციის დეფიციტის ფონზე. თუკი ეს დეფიციტი შეივსება, დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ურთიერთობები დადებით ელფერს შეიძენს.

 

ამ ვაკუუმის შესავსებად მედიატური ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?

 

თუ იქნება სურვილი, აუცილებლად დავეხმარები ქართველ ჟურნალისტებს მედიატურის დაგეგმვაში. დაახლოებით ორი წლის წინ გაზეთ “აჭარას” რედაქტორს შევთავაზეთ კიდეც მედიატური ირანში, იქაური ჟურნალისტების მუშაობა, თავად ქვეყანა რომ გაეცნო. დეტალურად დაიგეგმა ვიზიტი, მაგრამ ბოლოს “აჭარას” რედაქტორი აღარ წავიდა. მივესალმები ქართველი ჟურნალისტების ირანში წასვლას. კარგი იქნება, თუ გაეცნობიან თანამედროვე ირანის ცხოვრების წესს…

 

გერმანიის დიდ ქალაქებში მუშაობის შემდეგ ბათუმში რამდენად საინტერესოა თქვენთვის მუშაობა და ცხოვრება?

 

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვმოღვაწეობდი გერმანიაში, განსხვავებით გერმანიისგან აჭარაში თავს ვგრძნობ როგორც მშობლიურ მხარეში. ჩვენი კულტურა იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, იმდენად სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია ქართველები, რომ სამშობლოდან მოწყვეტილად თავს არ ვგრძნობ. მგონია, რომ ჩემიანებთან ვარ და ეს არ ეხება მხოლოდ ხალხს, მთავრობის წევრებთან ურთიერთობაც მარტივია. გერმანიაში სხვებს მესამე სამყაროდ მიიჩნევენ და ზემოდან ქვემოთ უყურებენ. აქ ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია.

 

თქვენი საკონსულო ბათუმში დაგეგმილ აქტივობებში, სხვა საკონსულოებისგან განსხვავებით, თითქოს უფრო ნაკლებად მონაწილეობს. რატომ?

 

მთავრობასთან შეხვედრების დროსაც ბევრჯერ აღმინიშნია და არამარტო მე, არამედ სხვა გენერალურ კონსულებსაც, რომ აჭარაში ჩვენ გვაქვს ინფორმაციის დეფიციტი. მაგალითად, როცა რაიმე მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება, ინფორმაცია ჩვენამდე არ აღწევს. ჩემი აზრით, ბათუმში რომ გაიხსნას საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული ოფისი, ის მოახერხებს საკონსულოების ინფორმირებას. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ყველაფერში, უბრალოდ ამის შესახებ ვერ ვიგებთ. ეს პრობლემა აქ არსებული დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენლისთვის ნაცნობია. ამის შესახებ თუ დაიწყებთ წერას, კარგი იქნება – ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებში ჩართვა გაგვიადვილდება. ახლა კი მოვლენების შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიგებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი