კომენტარი

კონჩიტა და პატრიარქი, ანუ აღსდექი, ფენიქსო!

12 მაისი, 2014 • • 2124
კონჩიტა და პატრიარქი, ანუ აღსდექი, ფენიქსო!

ეს პატარა შავკანიანი გოგონა დოროთი ქაუნთსია, პირველი ამერიკელი, რომელიც 1956 წელს  თეთრკანიანთა სკოლაში ჩაირიცხა მაშინ, როცა შავკანიანებს თეთრები ადამიანებად ჯერ კიდევ არ თვლიდნენ. დანარჩენს ფოტოზეც თავად ხედავთ. ამ 15 წლის გოგოზე ოთხდღიანი გააფთრებული თავდასხმების: ფურთხების, ქვების სროლისა და საუზმისას ნაგვის თავზე დაყრის შემდეგ, რაკიღა ბავშვის უსაფრთხოება მასწავლებლებსაც კი წიხლზე ეკიდათ, დოროთი მშობლებმა უკან გაიწვიეს და სხვა, ინტეგრირებულ სკოლაში გადაიყვანეს. საჭირო გახდა ფიზიკურად გადაერჩინათ ბავშვი, რომლის ერთადერთი „დანაშაულიც“ ის გახლდათ, რომ თეთრებთან ერთად გამოჩენა გაბედა. 

 

ბრბოს, რომელსაც დოროთის უკან, ფოტოზე ხედავთ, ახლა უბრალოდ სამარცხვინო რასისტებს ვუწოდებთ. ჩვენ მათი სახელებიც კი არ ვიცით და არც გვაინტერესებს. სამაგიეროდ, ისტორიას სამუდამოდ შემორჩა დოროთი. უკვე მოგვიანებით, 2010 წელს, სკოლის ბიბლიოთეკას, რომლიდანაც ის თავის დროზე გააგდეს, მის სახელს უწოდებენ და ამ საპატიო ღონისძიებაზე მისი მჩაგვრელი ბრბოს ნაწილი საჯაროდვე მოიხდის ბოდიშს წარსული სიძულვილისთვის.

 

ადამიანებს, რომლებიც მაშინ ამ სისასტიკეს ჩადიოდნენ, ღრმად სწამდათ, რომ ეს მათი სამშობლოსა და ოჯახის, შვილების მომავლისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, რათა კეთილშობილ თეთრკანიანთა რასა შავებთან არევისა და ამგვარად, გარყვნისგან ეხსნათ. ისინი თვლიდნენ, რომ იყო თეთრი, ეს ბუნების კანონზომიერებაა, ხოლო იყო შავი – ანომალია. 

 

ბუნებას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი კანონზომიერება და სწორედ მისი დამსახურებაა ადამიანთა მოდგმის ასეთი მრავალფეროვნება, მაგრამ მაშინდელ გააფთრებულ რასისტებს ერთი, მთავარი კანონზომიერება დაავიწყდათ, ისტორიის კანონზომიერება. ისტორია კი გვასწავლის, რომ განვითარება მოაქვს ცვლილებას, ცვლილებას არსებულ დომინანტურ წესრიგში და როგორი ბოროტი და ძლიერიც არ უნდა იყოს ეს წესრიგი, ადრე თუ გვიან ის ირღვევა, თუკი მას ადამიანი სძულს. 

 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გაბატონებული წესრიგია. ერთგვარი სახელმწიფო სახელმწიფოში, თავისი დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით, რომლის ძალაუფლებაც, როგორც არაერთხელ ცხადად გვანახეს თავად, რეპრესიაზე დგას და ყველას, ვისი ტახტიც რეპრესიებზე დგას, ჭირის დღესავით სძულს თავისუფალი სულები. ვინ-ვინ და მათ ხომ კარგად იციან, რომ ტახტის ჩამოშლა სწორედ იქ, იმ ადამიანებისგან დაიწყება, ვისაც ყველაზე მძიმედ აწვება ამ ტახტის კოჭები და ამ შემთხვევაში ეს ლგბტ ჯგუფია. 

 

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც უამრავ ქვეყანაში მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობებით აღნიშნავენ და საჯაროდ გმობენ ძალადობასა და სიძულვილს. საქართველოში კი, პარადოქსია, მაგრამ სწორედ 17 მაისი იქცა ბარბაროსული ძალადობის დღედ, სწორედ ისეთ დღედ, რომელიც პატარა დოროთის გაუთენდა, როცა პირველად ფეხი შედგა თეთრკანიანთა წესრიგში. თუმცაღა, რატომ პარადოქსი? იქნებ სრულიად ლოგიკურიცაა, რომ ამ დღეს სიძულვილის გაპროტესტება სწორედ მათ ჩაშალეს, ვისი წესრიგიც(რაც თავის მხრივ კოლოსალურ ფინანსურ შემოსავლებსაც გულისხმობს და ამის დათმობა კი, მოგეხსენებათ, უჭირთ ხოლმე) სიძულვილზე დგას? სხვანაირად რომ ვთქვათ, ეკლესიამ, რომელიც ბიზნეს-მარკეტინგის შესაშური ნიჭით გამოირჩევა, სრულიად ლოგიკურად იყნოსა საფრთხე, რომელიც მათ ბიზნეს-პროდუქტს შეექმნებოდა და გაანეიტრალეს ამბოხებულები, თუმცაღა, დროებით.

 

დროებით, რადგან ისტორიული კანონზომიერებაა ისიც, რომ ყოველთვის, ყველა, ვინც ევოლუციის სიკეთეებს შეეწინააღმდეგა, გრძელვადიან პერსპექტივაში წაგებული დარჩა. ასე დაწვა ეკლესიამ კოცონზე ჯორდანო ბრუნო, კაცი, რომელიც ამტკიცებდა დედამიწა მრგვალიაო, მაგრამ გავიდა საუკუნეები და ახლა არც მეტი, არც ნაკლები კოსმოსურ ხომალდზე დამონტაჟებული HD კამერებით პირდაპირ ეთერში ვუყურებთ მრგვალ დედამიწას. ასე ამბობდა ეკლესია, ბითლზის მუსიკა სატანისტურიაო, მაგრამ დღეს ბითლზი მე-20 საუკუნის უდიდეს მუსიკალურ აქტად ითვლება. ასე ამბობდა ეკლესია, ოპერაში სიარულიც სატანიზმიაო, მაგრამ დღეს თავად პატრიარქი დაბრძანდება ოპერის გაფუფუნებულ ლოჟებში. ასე ამბობდნენ დოროთიზეც, მაგრამ დღეს მსოფლიოს ზე-სახელმწიფოდ წოდებულ აშშ-ს შავკანიანი პრეზიდენტი ჰყავს. ასე საუბრობს ეკლესია დღემდე ქალისა და კაცის „ბუნებრივ“ როლებსა და მოვალეობებზე, მაგრამ… მაგრამ წვერებიანმა და კაბიანმა კონჩიტამ, სიმღერით Rise Like a Phoenix („აღსდექი ფენიქსივით“) „ევროვიზიის“ კონკურსი მოიგო, თანაც, საქართველოდან 10 ქულით!

 

სიმართლე გითხრათ, წუხელ, როდესაც ამ კონკურსის შედეგები შევიტყვე, ვაპირებდი მორიგი საავტორო სვეტი სწორედ კონჩიტაზე, როგორც „ბუნებრივი“ გენდერული წესრიგის შემაჯანჯღარებელ მაგარ (!) გოგოზე დამეწერა და დიდად არც მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ამაზე პატრიარქი. თუმცა დღევანდელი განცხადების შემდეგ, როდესაც ამ ბრძენკაცის გონებაში მორიგი ორიგინალური იდეა დაიბადა და 17 მაისი ოჯახის პატივისცემის დღედ გამოაცხადა, მივხვდი, ამ კონკრეტული წესრიგის დასასრული არასდროს ყოფილა ასე ღიად და ადვილად გამოსაცნობი. განცდაც კი გამიჩნდა, თითქოს კონჩიტა და პატრიარქი ერთი თამაშის ორი მხარეა. თითქოს კონჩიტამ თავისი გამარჯვებით თვალი სწორედ პატრიარქს გაუსწორა, ხოლო ამ უკანასკნელმაც მიიღო გამოწვევა და მოდით, ვთქვათ, ვერც ისეთი პომპეზური, დიდროვანი ესთეტიკის მქონე შოუ მოიფიქრა, როგორც პირველმა. აბა, ლგბტ ადამიანების საპირწონედ ოჯახის მოყვარულთა და მშობლის პატივისმცემელთა დაყენება დიდი ვერაფერია. ჩანაფიქრი თავისთავად მავნებლურია, თუმცა არც ისეთი ცუდი წარმოდგენა მაქვს საზოგადოების უმრავლესობაზე, რომ მჯეროდეს, ვინმეს სიტყვები „გეი“ და „შვილი“ ერთმანეთის ანტონიმები ეგონოს. ხოლო, მეორე მხრივ, წესრიგის შერყევით შეშფოთებული რეპრესორი რომ წესრიგისა და რეპრესიის მთავარ წყაროს, ოჯახს ეყრდნობა და იხმობს 17 მაისს საშველად, ამას მხოლოდ აგონიის აღიარებაღა შეგვიძლია ვუწოდოთ. 

 

…და მაინც, თუკი ვინმეს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანია და თუკი ვინმეს კაცობრიობა სიამაყით უქებს გამბედაობას, ეს, პირველ რიგში, დინების საწინააღმდეგოდ მცურავები იყვნენ და არიან. მათ გაბედულად ეშინიათ წესრიგის, წესრიგს კი, გულის სიღრმეში, დარწმუნებული ვარ, შურს მათი. პოპ-მუსიკის აპოლოგეტად ვერ გამოვდგები, მაგრამ მეხსიერებიდან ალბათ არასდროს ამომეშლება ეს ერთდროულად ძლიერი, ამაყი, იმავდროულად კი, დრამატულად განწირული სახე და სიმღერა კონჩიტასი, რომელიც მიხვდა, რომ რაღაც ძალიან დიდსა და ძლიერს შეეჭიდა. მისი, როგორც „წვერებიანი ქალის“ წინააღმდეგ სერიოზული კამპანია დაიწყო ინტერნეტში, შიგადაშიგ თავად მისი მშობლიური ავსტრიელების მხრიდანაც კი. უყურებ მის შესრულებას და სახეზე აწერია: ახლა, ან უნდა გაიმარჯვოს, ან სამუდამოდ დასამარდეს, ხოლო თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება გამარჯვება და იმედი ყველა იმ ადამიანისა, ვინც თვლის, რომ არსებული წესრიგი დრომოჭმულია. ახლა ახალი წესების დროა, წესის, რომელიც ადამიანს მთავარ ამოსავალ წერტილად სახავს და სხვებსაც ახარებს, თუკი უჩვენებ, რომ შენი ღირსება, სხეული, საქმე, სიმღერა და მიზანი შენთვის ძვირფასია და მზად ხარ, ქარის წისქვილებსაც კი შეებრძოლო.

 

საუბარი კონჩიტას გამარჯვების პოლიტკორექტულ, პოზიტიურად დისკრიმინაციულ მიზეზებზე („ტრანსი რომაა, მაგიტომ მოაგებინეს“) გადაჭარბებული მგონია. ჯერ ერთი, თავად თავს ტრანსსექსუალად არ თვლის. ჩვეულებრივი დრეგ-ქუინია, როგორიც იქამდეც ბევრჯერ გვინახავს უწვეროდ. მეორეც, ამ ფორმატის, კიჩური პოპ-კონკურსისთვის ძალიან, ძალიან კარგად იმღერა და მესამე, ასეც რომ იყოს, ვითომ რითია ცუდი, თუ კაცობრიობის ნაწილი ჯგუფურად იხდის ბოდიშს წარსული ზიზღისა და სიძულვილისთვის? თუკი კონჩიტას გამარჯვება ევროპის ბოდიშია, რითია ეს ბოდიში იმაზე ნაკლებად ძვირფასი, ვიდრე გერმანელებისა – ებრაელების, ან, ამერიკელებისა – იაპონელების, ან, თეთრებისა – შავების მიმართ? ბოლოს და ბოლოს, ბოდიშის მოხდა პირველი ნაბიჯია შენი სიძულვილის ყოფილი მსხვერპლის, როგორც ახლა უკვე შენი თანასწორი, ღირსების მქონე ადამიანის აღიარებისკენ და ზუსტად იქ, სადაც აღიარებ შენს თანასწორ ღირსეულ ადამიანს, სწორედ იქ ირღვევა უთანასწორობასა და სხვის განადგურებაზე დაშენებული წესრიგიც. 

 

ჰოდა, ალბათ ამიტომაც იყო, რომ გუშინ, ცხოვრებაში პირველად, რაღაც უცნაური სიხარულით ვუყურებდი ჩემთვის იქამდე სრულიად უინტერესო „ევროვიზიის“ კონკურსის შედეგებს. ეჭვნარევი სიხარულითვე ვკითხულობდი ნიუსს 17 მაისის ოჯახის პატივისცემის დღედ გამოცხადების შესახებ და ვფიქრობდი კონჩიტას განწირულ, ტრაგიკულ, გაბრაზებულ სახეზე, რომელსაც თავადაც არ ეჯერა, რომ გაიმარჯვა, გაიყვანა თავი სასაკლაოზე, მოიკიდა ცეცხლი და შემდეგ საკუთარი ფერფლიდანვე აღსდგა და გაუსწორა თვალი შეჯანჯღარებულ წესრიგს. ვეჭვობ, ბევრმა გულში შურიც კი გაივლო. კონჩიტამ ხომ შეძლო ის, რისი ტრაკიც ბევრ გააფთრებულს არასდროს ჰქონია: გამოსულიყო უმრავლესობის კომფორტის ზონიდან და დინების საწინააღმდეგოდ ცურვაში თავად დინებაზე გაემარჯვა. 

 

როგორ მოხდა, რომ არმენოფობებით, ჰომოფობებითა და რუსეთთან ომგადატანილ საქართველოდან „ევროვიზიაზე“ სამი ყველაზე მაღალი ქულა სომეხმა, დრეგ-ქუინმა და რუსმა მიიღეს, ცალკე კვლევის საკითხია (განსაკუთრებით ბოლო). იქამდე კი მე სხვა რამ მაინტერესებს: 17 მაისი ახლოვდება. ეკლესია, როგორც ამბობენ, დაანონსებულ 30.000 ადამიანს ვერ კრებს, ამიტომ ამ დღის აღნიშვნა ნაკლებად პომპეზურად, მოკრძალებით, ოჯახის დღის დაწესებით გადაწყვიტეს. თუმცა, როგორც ექსპერიმენტებისა და იმპროვიზაციების საზოგადოებას შეგვეფერება, ჯერ კიდევ არავინ ვიცით, რა მოხდება 17-ში. შეძლებენ კი ჰომოფობები და წესრიგისგან დაფერფლილი ადამიანები, რომლებსაც ამ წესრიგმა საკუთარი თუ სხვისი თავი შეაძულა, უბრალოდ ადგნენ, ტრაკი დაძრან და საკუთარი ფერფლიდან თავიდან იშვან, ფენიქსივით? 

გიორგი კიკონიშვილი
გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი