კომენტარი

ლგბტ აქტივისტის მადლობა საპატრიარქოსა და მრევლს!

18 აპრილი, 2014 • • 1854
ლგბტ აქტივისტის მადლობა საპატრიარქოსა და მრევლს!

ორგანიზაცია „იდენტობამ“ თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა: ამ დღეს არანაირ საჯარო აქტივობას არ ვგეგმავთ, ამბობენ ორგანიზაციაში. სამაგიეროდ, განსხვავებული გეგმები აქვთ საეკლესიო პირებსა და მრევლს. გაგიკვირდებათ და, ისინი აპირებენ 17 მაისს – ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს მსვლელობა მოაწყონ, ფილარმონიიდან – სამებამდე. როგორც დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორები, აქამდე უცნობი გმირები, ვინმე ბექა ცხადაძე და მაკა ნიკოლაიშვილი აცხადებენ – და თქვენის ნებართვით, ციტატას სიტყვა-სიტყვით მოვიყვან – მსვლელობის გარდა, აქციაზე „ჰომოსექსუალიზმის, ათეიზმის, ფემინიზმისა და ტრანსსექსუალური ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალის გამოფენა მოეწყობა“.

 

ახლა, რაშია საქმე, დიდებულო ადამიანებო. სიმართლე გითხრათ, ათეისტური და ფემინისტური ურთიერთობები როგორია, არ მინახავს. ნუ, რა ვქნა, რაც არ ვიცი, არ ვიცი. რაც შეეხება ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ურთიერთობებს, ამის შესახებ, რაღა დაგიმალოთ და, ნამდვილად ვიცი. როგორც მივხვდი, თქვენ შარშან ჩვენ მიერ დაგეგმილი მცირე, ოცკაციანი საპროტესტო აქცია ზღვაში წვეთად მოგეჩვენათ იმასთან შედარებით, რისი ფინანსური და ადამიანური რესურსებიც თავად გაქვთ. ამიტომ გადაწყვიტეთ, მშვიდი საპროტესტო აქციის ნაცვლად ნამდვილი გეიაღლუმი გამართოთ და საზოგადოებას ლგბტ ურთიერთობის სახეობები გააცნოთ.

 

რა შემიძლია გითხრათ? მეხუთე წელია განუწყვეტლივ ვწერ და ვლაპარაკობ ადამიანის უფლებებზე („ლიბერალში“, „მაესტროზე“, ახლა უკვე „ნეტგაზეთში“). ვწერ სოციალურ პრობლემებზე, არაერთხელ დამიწერია პატიმართა საეჭვო ვითარებაში გაქრობაზე, ჯერ კიდევ „ცოცხებამდე“, გამომიხატავს პროტესტი ქალაქის იერსახის დამახინჯებასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ უყურადღებობაზე და, ბუნებრივია, არაერთი წერილი დამიწერია ლგბტ უფლებებზე. ეს ყველაფერი ჩემთვის ერთ, მთავარ, ამოსავალ წერტილად ერთიანდებოდა – ადამიანად და თანასწორი ადამიანების საზოგადოებად. და თუ მკითხველის უმრავლესობა სოციალურ თუ სხვა პრობლემებზე თანხმობაში იყო ჩემს მოსაზრებებთან, ლგბტ უფლებებზე საუბრისას საშინელ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი და იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ, საეკლესიო პირები აღვივებდით ამ შუღლსა და სიძულვილს. რა დამავიწყებს შარშანდელ 17 მაისს?

 

თუმცა, როგორც ჩანს, სამყაროში ყველაფერი მაინც პროგრესირებადი ყოფილა და ახლა, რაკიღა თავად გადაწყვიტეთ ლგბტ თემაზე ხმის ამოღება და „ჰომოსექსუალური ურთიერთობის ამსახველი გამოფენის“ მოწყობა, თავს უფლებაც მივცემ, ჩემი, როგორც ამ სფეროში მეტნაკლებად გარკვეული ადამიანის მოკრძალებული რჩევა გამოვიმეტო ამ სამამულო საქმისთვის.

 

ბევრი რჩევით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ გეტყვით, რომ თუ რაიმე სერიოზული გეიფილმის ჩვენება გსურთ, უჩვენეთ მრევლს „კუზიანი მთა“ (Brokeback Mountain). კარგი დრამაა, ღმერთმანი, და ისიც ვაღიაროთ, რომ ჰით ლეჯერი, ეს სიმპათიური ყმაწვილი კარგად თამაშობს. თუ გინდათ, მშობლებმა და ოჯახის წევრებმა უკეთ გაუგონ თავის ჰომოსექსუალ შვილებს, უჩვენეთ მათ „ლოცვები ბობისთვის“ (Prayers for Bobby). ცოტა სწორხაზოვანი ამბავია, მაგრამ ყველაზე სასტიკ ადამიანსაც კი მოადგება თვალზე ცრემლი, როცა ნახავს, როგორ დასტირის ოჯახი გეი შვილს, რომელმაც მათგან მიუღებლობის გამო თავი მოიკლა. ბობის ჰომოფობი ძმაც კი ატირდა ბოლოს, ეგებ სადღაც ვინმეს გული მაინც აუჩუყდეს. და ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ძალიან კარგი საუნდტრეკიც აქვს.

 

 არჩევანში თავისუფლები ხართ, შეგიძლიათ Google.com გამოიყენოთ და დაძებნოთ Gay Paintings (გეი ნახატები), Gay Photography (გეი ფოტოგრაფია). ან, უჩვენოთ მრევლს ყველაზე ცნობილი გეი სპორტსმენების ფოტოები და.ა.შ. და.ა.შ. რა გითხრათ, არ ვიცი თქვენი გემოვნების შესახებ ბევრი. თუმცა ერთი ეჭვი კი მაქვს, რომ თუ გადაწყვიტეთ მთლად გარღვევა მოახდინოთ და გეი პორნო უჩვენოთ თქვენს აღლუმზე, მაინცდამაინც რუსულ „პარნუხას“ ნუ მიაწყდებით (მერე რა, რომ რუსულად უფრო გეადვილებათ დაძებნა). ეს ვიდეოები ძირითადად სამოყვარულო კამერითაა გადაღებული, არც ინტერიერი ვარგა და არც მუსიკალური გაფორმება. რამე უფრო ხარისხიანზე თუ იღებთ სწორებას, სტუდია MEN -ს, ან, Lucas Entertainment-ს გირჩევდით.

 

ჰო, კიდევ, აქციის მონაწილეებს რაც შეეხება, ამ მხრივ შესაშურად მრავალფეროვანია თქვენი კონტიგენტი. შარშანდელი 17 მაისიდანაც კარგად მახსოვს, რამდენი გეი მღვდელი თუ მრევლის წევრი გამოვიდა თქვენთან ერთად. როგორ მეცნობოდა ზოგი სახეზე, ზოგი ტანზე, ზოგიც უბრალოდ სახელ-გვარებითა თუ მეტსახელებით. ვერც ამაში დაგიდებთ ტოლს.

 

იმასაც დავამატებდი, არც ხელისუფლება დაგრჩებათ ვალში. აუცილებლად დაგიფასდებათ, რომ ამდენ ათას ადამიანს სოციალურ პრობლემებზე, ქალაქის გამწვანებაზე ან კულტურული მემკვიდრეობასა თუ ოკუპირებული სამაჩაბლოს გადმოჩოჩებულ საზღვრებზე საზრუნველად კი არა, პირდაპირ „ჰომოსექსუალური ურთიერთობების ამსახველ გამოფენაზე“, უფრო ლაკონურად რომ ვთქვათ, გეი აღლუმზე გაიყვანთ.

 

მე კი, სხვა რაღა დამრჩენია? 17-ში წყნარად ჩავრთავ ტელევიზორს, მსურს საკუთარი თვალებით ვნახო, როგორ იქცევა არარსებულ მოჩვენებებთან, ოჩოკოჩებთან და ტყაშმაფებთან ბრძოლის ეროვნული მსვლელობა – გეი აღლუმად. ვიჯდები და ჩემი ერთი მეგობრის რჩევას გავიხსენებ, თუ რა უნდა ვუყოთ უმეცრებას – დავცინოთ, აუცილებლად დავცინოთ. თუკი ეს სასაცილოა, რაღათქმაუნდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი