კომენტარი

რა გართულებები შეიძლებება მოჰყვეს სააკაშვილის საქმეს – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

25 მარტი, 2014 •
რა გართულებები შეიძლებება მოჰყვეს სააკაშვილის საქმეს – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

რამდენად მკაცრი იყო აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ტონი?

ეს აშკარად გამაფრთხილებელი განცხადებაა. აქ საუბარი არ არის რაღაცის დაგმობაზე ან თითის დაქნევაზე, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტი აშკარად აფრთხილებს საქართველოს, რომ ძალიან ფრთხილად იყოს და წინდახედული ნაბიჯები გადადგას, როდესაც საქმე ექსპრეზიდენტს ეხება. როდესაც ექსპრეზიდენტს იწვევენ დაკითხვაზე და თანაც ერთად აღებული ამდენი საქმის გარშემო, ძალიან თვალშისაცემი ჟესტია. ამიტომ ისინი აფრთხილებენ მთავრობას, რომ არ დაუშვან რაიმე სახის შეცდომები ამ მიმართულებით, რამაც შეიძლება საქართველოს ზიანი მიაყენოს.

 

ეს ერთგვარი პრევენციული ხასიათის განცხადებაა, თქვენი აზრით?

 

აქ არის მოწოდება იმისკენ, რომ არ დაგავიწყდეთ: აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მონიტორინგი არსებობს, რომელიც არ დაუშვებს საქართველში პოლიტიკური რევანშის ან პოლიტიკური მოტივაციის მქონე ასეთ ქმედებას.

 

შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით, ევროკავშირს განცხადება არ გაუკეთებია ამ საკითხზე, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ფაქტმა რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხს?

 

მგონია, რომ მხოლოდ დაკითხვაზე დაბარება (თუ ამით დამთავრდება ყველაფერი) ამ პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის. უკვე გასაგებია, რომ ექსპრეზიდენტი არ ჩამოვა, მაგრამ ამას სერიზოული სამართლებრივი გართულებები არ უნდა მოჰყვეს და მაშინ ეს ყველაფერი ჩაცხრება, მაგრამ თუ ამის შემდეგ დაიწყება რაღაც სკანდალური განცხადებების სერია, თუ შეერთებულ შტატებს გაუგზავნიან მოთხოვნას სააკაშვილის დაკავების და მისი გადაცემის თაობაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას გართულებები შეიძლება მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში აშშ–ის მხარდაჭერა MAP–ის მონიჭებასთან დაკავშირებით უელსის სამიტზე, მგონია, რომ როგორც მინიმუმ საფრთხის ქვეშ დადგება. არ არის გამორცხული, რომ ამას მხარი აუბას, პირველ რიგში, ევროპის სახალხო პარტიამ, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს ევროპარლამენტში და ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკაზე. ახლა ძალიან რთული მომენტია, ერთი მხრივ, ევროპა ძალიან დაინტერესებულია, რომ სწრაფად მოახდინოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, მაგრამ ზუსტად ასევე იყო უკრიანასთან მიმართებაშიც განწყობილი თავის დროზე, თუმცა ტიმოშენკოს საქმეზე უკან არ დაუხევიათ. ნებისმიერი შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპას კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში და რაღაც არჩევანის წინაშე ვაყენებთ. ნებისმიერი ასეთი სახის გართულება, იგივე სააკაშვილთან მიმართებაში, შეიძლება კატალიზატორი აღმოჩნდეს ევროკავშირთან დამოკიდებულების გაფუჭების თვალსაზრისით, რაც შექმნის ცუდ კლიმატსა და გარემოს.

 

თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაზე უნდა შეჩერდეს მთავრობა, თუმცა, თუ პირი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და ჩვენებას არ აძლევს, ქართული კანონმდებლობა ამის წინააღმდეგ გარკვეულ ზომებს ითვალისწინებს. როგორ უნდა მოხდეს აქ კომპრომისული გამოსავლის გამოძებნა?

 

მე არ ვარ იურისტი, მაგრამ მესმის, რომ საპროცესო კოდექსის დარღვევის გარეშეც შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებების შეჩერება, თავიდან გადახედონ საქმეს ან ასე შემდეგ. ანუ, ჩემი აზრით, ამ სიტუაციიდან იურიდიული გამოსავალიც მოიძებნება. უფრო მართებული იქნებოდა, რომ უბრალოდ გაეგზავნათ მასთან კითხვები, ან შეთახნებულიყვნენ იმაზე, რომ იქ ჩავიდოდა გამომძიებელი და ადგილზე მიიღებდა ინფორმაციას მისგან. ვთქვათ, რა აუცილებელი იყო ასე პომპეზურად მისი დაბარება და გამოცხადება?! თან ეს ძალიან ცუდად დაემთხვა სააკაშვილის იგივე უკრიანაში ვიზიტებს, მის გამოსვლებს უამრავი ტელევიზიის ეთერში, გაიზარდა საერთაშორისო ინტერესი სააკაშვილის მიმართ, ამ დროს კი საქართველოს მთავრობა ასეთ ხისტ განცხადებას აკეთებს. თუ გამონძიებელს კითხვები აქვს სააკაშვილთან, მგონია, რომ უმჯობესი იქნებოდა ეს გაეკეთებინა სკანდალური გამოძახილის გარეშე. ბევრად სხვანაირად გაკეთებაც შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს, დაერეკათ ტელეფონით, დაესვათ კითხვები – შეიძლებოდა უფრო დიპლომატიურად ამ საკითხის მოგვარება.

თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს კანონის უზენაესობის პრინციპი, ყველა მოქალაქე თანასწორია, მიხეილ სააკაშვილს იმუნიტეტი აღარ იცავს, იგი ჩვეულებრივი მოქალაქეა და რატომ არ უნდა დაებარებინათ იგი დაკითხვაზე ისე, როგორც სხვა მოქალაქეებს იბარებენ მოწმის სახით, რატომ უნდა დაეშვათ მისთვის გამონაკლისი – ასეთი მიდგომაც არსებობს…

ასე საუბარი ძალიან მარტივია… რა თქმა უნდა, ასე მარტივად ყველაფერი შეიძლება რომ გააკეთო. ასეთი მარტივი მიდგომით პუტინი გამოვიდა და თქვა, რომ ხალხმა აგვირჩიაო და ყირიმი მიითვისა. მე არ ვამბობ, რომ ეს თანაწონადი მოვლენებია, მაგრამ როცა საქმე დიდ პოლიტიკას ეხება, ასე მარტივად არ კეთდება ყველაფერი. არც ერთი კანონი არ არის ცალსახა. ყოველთვის არსებობს პოლიტიკური კონტექსტი, ყოველთვის არსებობს მიზანშეწონილობა, რაც გასათვალსიწინებელია. რაღაც მოვლენის გამო რომ მთლიანად საზოგადოებას მიაყენო ზიანი და ეს ზიანი ბევრად დიდი რომ იყოს, ვიდრე ამ კონკრეტული გამოძიების აუცილებლობა,  ხომ ირღვევა მიზანშეწონილობის საკითხი?! როდესაც ასეთი სიტუაციაა, ალბათ აუცილებელია რაღაც სხვა ფორმების მოძებნა. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა დაიკითხოს პირი, თუ მისი დკაითხვა აუცილებელია, მაგრამ ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს დაკითხვა არის აუცილებელი…  ეს არ არის ის შემთხვევა, როცა შენ იძახებ და კითხავ ნებისმიერ მოქალაქეს, როცა შენ პრეზიდენტს და უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერეს იბარებ დაკითხვაზე, ეს პოლიტიკური ხასიათის მოვლენაა, ამაზეა საუაბრი. ექსპრეზიდენტის დაკითხვა, რომელიც ახლა საერთაშორისო ინტერესის საგანს წარმოადგენს და რომელიც უკრაინის მოვლენებზე საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან პოზიტიურად გამოჩნდა, ფაქტია, რომ მინიმუმ ფორმის თვალსაზრისით მაინც გასათვალისწინებელია – ანუ რა ფორმით მოვახდენთ მის დაკავშირებას გარკვეულ კრიმინალურ საქმეებთან.

 

კახაბერ გოგოლაშვილი
კახაბერ გოგოლაშვილი

თუ პროკურატურა სააკაშვილის მხოლოდ დაკითხვაზე დაბარებით არ შემოიფარგლება და გააგრძელებს შემდგომ სამართლებრივ პროცესს იმ შემთხვევაში თუ ექსპრეზიდენტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, რას შეიძლება ელოდოს საქართველო დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით?

 

ორი სახის გართულებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი: 1. როდესაც თვითონ ქვეყნის მიმართ რთულდება პროცესი. ფაქტია, რომ არც ამერიკელები და არც ევროკავშირი მათ მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას არ პატიობენ. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელიც რაღაც მიმართულებით შეფერხდება და 2.  ეს შეიძლება იყოს ქვეყნის მთავრობა, რომელიც მხარდაჭერას დაკარგავს. ჩვენ არც ერთი არ გვაწყობს. მთავრობის მხარდაჭერის დაკარგვა შეიძლება გავაიგივოთ ქვეყნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვასთანაცაც. ხომ ნახეთ, როგორ გამოიყენა პუტინმა ის, რომ უკრიანაში მთავრობა არ იყო ფეხზე დამდგარი, როგორც კი სუსტდება მთავრობა, ამას მტერი ყოველთვის იყენებს, ჩვენი მტერი ვინც არის – გასაგებია. დასუსტება შეიძლება მოჰყვეს იმას, რომ მხარდაჭერა შემცირდება. ამას მოჰყვება ადეკვატური რეაქცია და მეტი გამბედაობა რუსეთის მხრიდან. არ ვიცი მე, რამდენად გვაწყობს ჩვენ ეს. თუ მთავრობა თავისი პარტნიორების აზრს პატივს არ სცემს და, ვთქვათ, მისწერეს, რომ რა თქვენი საქმეა, რატომ ერევით, ჩემი [სისხლის სამართლის საპროცესო] კოდექსი ასე მოითხოვს და მორჩა. ამ შემთხვევაში რა დარჩენიათ ამერიკელებს? – უპასუხონ, რომ კი, ბატონო, მაშინ ნურაფერს ნუ გვთხოვთ. პირველივე თხოვნა მათ მიმართ დადგება მაშინ, როცა რუსეთი ისევ დაიწყებს აგრესიის განხორციელებას საქართველოში, მოინდომებს ოკუპირებული ოსეთის ანექსიას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მოგვიწევს თხოვნა, რომ გვიშველეთ. ამიტომ გასაგებია, რომ კოდექსი ამას ითხოვს, ყველაფერი შეიძლება შესრულდეს, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ რეალობის განცდა და პატივისცმით უნდა მოვეპყრათ ნებისმიერ წინადადებას, რომელიც მოდის იმ პარტნიორებისაგან, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი სუვერენიტეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი