კომენტარი

პრემიერმოქალაქის ბრტყელი გასაღები

21 მარტი, 2014 • • 1036
პრემიერმოქალაქის ბრტყელი გასაღები

ეს კომენტარი ჩემმა ერთმა ფრენდმა დადო გუშინ ფეისბუქზე. უფრო ზუსტი დახასიათება ბანალურ ჰორორ სერიალებად ქცეული ვიდეო-ომების გარშემო განვითარებული დისკურსისა, შეუძლებელია.

 

მეგობრის სახლში ვიყავი იმ დღეს, გასაღებების ასხმა მომაწოდა და მთხოვა, კარი ჩაკეტეო. რომელი გასაღებით ჩავკეტო-მეთქი, ვკითხე. ბრტყელითო, მიპასუხა. პასუხი თავისთავად სულელურია, რადგან ყველა გასაღები თანაბარი ზომისა და სიბრტყის იყო, მაგრამ საოცრება ამ ამბავში ისაა, რომ გამოვიცანი, რომელს გულისხმობდა და ჩავკეტე. ის, რაც ჩემს შემთხვევაში ჩვეულებრივი მეგობრული სისულელე იყო და რაზეც ბევრი ვიცინეთ, ხელისუფლებისთვის ქრონიკულ სენადაა ქცეული – ერთი სულელი ამბობს გაუგებარ სისულელეს, დანარჩენებს უსიტყვოდ ესმით მისი, ესმით სულელის ენა.

 

მოქალაქე, რომელიც ამბობს, მხოლოდ რიგითი მოქალაქე ვარო და თან, ვერ მალავს, რომ ქვეყნის ისტებლიშმენტს ფარულად, „გასაოცარი დემოკრატიისთვის“ შეუსაბამოდ მართავს, არის სულელი. ხოლო, ვისაც მისი ესმის და მეტიც, ყველა სხვა მოქალაქეთა შორის ნომერ პირველად მიიჩნევს, ახდენს სეგრეგაციას, არის კიდევ უფრო სულელი. ვიტყოდი, საშიშიც კი. საშიში, რადგან „გასაოცარი დემოკრატიისთვის“ თანასწორზე უფრო თანასწორი, მოქალაქეზე უფრო მოქალაქე, უბრალოდ არ არსებობს.

 

საქმე ის გახლავთ, რომ ორწლიანი დაკვირვება საკმარისია, დავასკვნათ: დღევანდელი ხელისუფლება უმოქმედო, საქმის არმცოდნე, შემთხვევით გაუგებრობაში მოხვედრილი და დაბნეული სულელების ნაკრებია, უფრო და უფრო იშვიათი, მბჟუტავი გამონაკლისებით. სულელობა ზოგჯერ ცუდი სულაც არაა, გაიცინებ მაინც და ამით არავის ვნებ. მაგრამ როცა სულელს ქვეყნის, ადამიანთა ცხოვრების მართვის ამბიცია უჩნდება, ის აუცილებლად იქცევა უწყინარი მოქალაქიდან – მავნებლად. მავნებლობა კი ხომ ვხედავთ, ადვილად არ იმალება.

 

ბოლო თვეების მანძილზე უფრო და უფრო ცხადად შესამჩნევი ხდება, რომ ჭამა მადაში მოდის. ძალაუფლების მაგიური ელექსირი იმდენად ტკბილია, რომ მის მოწინააღმდეგე ყველაზე მწარე „ანტისისტემშიკზეც“ კი თითქმის ერთნაირად მოქმედებს, ატკბობს და ასიებს (ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება, თუ დავრჩები ისეთად, როგორიც ვარ, ცხოვრებაში არასდროს მექნება ამბიცია ძალაუფლებაზე და ცხოვრებაში არასდროს იტყვიან ჩემზე, ამას რაღა დაემართაო. ხოლო თუ როდესმე თქვეს, ეს წერილი გამახსენეთ).

 

იმას ვამბობდი, რომ ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში მათ შეცდომებში მავნებლური ძრახვები, მგონი, მათთვისვე მოულოდნელად იპარება და გამოდის დღის სინათლეზე. შეცდომის გადაფარვა კი აუცილებელია, თუ არ გინდა, რომ დაგცინონ. თუ მოულოდნელად ქუჩაში ტრუსი ჩაგძვრა, ფეხებშუა ან ხელს აიფარებ, ან ლეღვის ფოთოლს მაინც. თუმცა, საქმეს არც ეს შველის. ასე სხეულის მხოლოდ ის ნაწილი იფარება, რომელსაც თავად ხედავ. არადა, ყოველთვის მიკვირდა, წინ რატომ იფარებენ ხელს, უკნიდან ხომ  მაინც ყველაფერი ჩანს-თქო.

 

…და ხომ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ უკნიდან მაინც, ყველაფერი ჩანს, ამხანაგო მოქალაქევ? ჩანს, რომ ხელისუფლება მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად უიმედოდ იბრძვის. მათ ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის არჩევისას ჩასძვრათ ტრუსები, ახლახანს კი ტელე რეიტინგებით მანიპულაციის მცდელობისას. ჩანს, რომ ოქროს უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე კულტურულ მემკვიდრეობას, რომელზეც უცხოელი მეცნიერებიც კი გვემუდარებიან, არა მხოლოდ ქართული, არამედ ჩვენი, მსოფლიოს კულტურული საგანძურია საყდრისის საბადო და არ ააფეთქოთო. ჩანს, რომ ხელოვნების შესახებ ხელისუფლების კომპეტენცია რუსულ რომანსებს ვერ სცდება და თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, ვენეციის ბიენალეს ფესტივალზე იმაზე მეტი ცოდნა არ აქვს, ვიდრე მე – პან გი მუნის მუსიკალურ გემოვნებაზე. ჩანს, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს როლს ისევ ყოფილი პრეზიდენტი განსაზღვრავს, მაშინ, როცა ამჟამინდელი ხელისუფლება ლოკალურ, პატარა კაცის კოჭის გორებებს ვერ ელევა დიდი მოძმის მიმართ და თუ ელევა, ისიც თევზივით დუმილის ხარჯზე. ჩანს, რომ სახელმწიფო უძლურობისგან თრთის ძლიერებთან – ეკლესიასა და სხვა ბიზნეს კომპანიებთან, სამაგიეროდ დესპოტურად ძლიერი, საკუთარი სიძლიერით ამაყიც კია მარიხუანას მხიარულ მომხმარებლებთან; სიტყვითა და კანონში ჩანაწერებით მაგარი, მაგრამ, საქმით, კანონის აღსრულებით, უსაქმურია – უმცირესობებთან, ხოლო სრულიად უმოქმედო – შიმშილისა და ჯანმრთელობისგან გაუბედურებულ მუშებთან.

 

ეს და სხვა ტრუსის ჩაძრობებიც, ერთ სიბრტყეზე რომ გადავიტანოთ, ჩანს, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი სინამდვილეში უძლურნი არიან დაუპირისპირდნენ უფრო ძლიერ, ვიტყოდი, პრემიუმ-კლასის,  მოქალაქეებს, რომლებიც სხვებს, „რიგით მოქალაქეებს“, ანუ სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მათსავე ამომრჩევლებსაც კი ყოველდღიურ რეჟიმში აჩმორებენ. დაჩაგრულთა ხმა კი ისევე ვერ შეედრება მჩაგვრელთა ხმას, როგორც იუთუბის 240px რეზოლუციანი ვიდეო, HD ხარისხს. აბა, დემოკრატიის სახელით მოქმედ ქვეყანაში ასეთ ამბავს, მოქალაქეების სეგრეგაციას პრემიუმ, HD და 240px მოქალაქეებად, რაღა დასამალია და ხელების აფარება, ასე ვთქვათ, გადაფარვა სჭირდება.

 

ზურაბ ჟვანიას „მკვლელობის“ გუშინ გავრცელებული ფოტო-კოლაჟი, ჩემი აზრით, სწორედაც რომ ჩამძვრალი ტრუსებით გამოწვეული უხერხულობის გადაფარვის მცდელობაა. ხელისუფლებას ბევრი, ძალიან ბევრი მავნებლური შეცდომა დაუგროვდა, რომელზე დისკუსიაც  მის რეიტინგს აშკარად არ აწყობს. მათ ურჩევნიათ, ბოლო ოცი წლის მანძილზე ამდენი ძალადობის ნახვით შოკამდე მისული საზოგადოება პერმანენტული შოკის რეჟიმში ამყოფონ. ჩაანაცვლონ პრო-აქტიურობაზე, ნოვაციაზე, გამომგონებლობასა და საქმის კეთებაზე ორიენტირებული დისკურსი – უკვე ბანალური, დოკუმენტურ საშინელებათა ჟანრის ტელე-სერიალებით.

 

არ ვაპირებ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე კონსპირაციულ მკითხაობას. რაც არ ვიცი, არ ვიცი. სამაგიეროდ, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ წესიერ სახელმწიფოში ქვეყნის გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის გახმაურებული საქმიდან ფოტოები თავისით არ იპარება. დანამდვილებით ვიცი ისიც, რომ პოლიტიკურ სპეკულაციად ქცეულ ამ საქმეს ვერაფრით და არაფრით გამოიძიებს ხელისუფლება, რომელმაც არათუ პრემიერ-მინისტრის, არამედ პატარა სოფელში, ქვევრში დამხრჩვალი ერთი წლის ჩვილის საქმეც კი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცია, საკუთარი დაღმავალი რეიტინგის სასარგებლოდ. ის კი ნამდვილად არ ვიცი, ერთ დღესაც რომ გაიღვიძებენ და აღმოაჩენენ, რომ ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვთ, რადგან ტელე-სერიალები მობეზრდათ უიმედოდ მიტოვებულ მოქალაქეებს, მერე როგორ, რა ფორმით დაიწყენებ ძალაუფლებაზე პოტინს? მაინტერესებს, ამ დღის დადგომის შემდეგაც თუ ჩაატარებენ მშვიდ, დემოკრატიულ არჩევნებს, ამ დღის მერეც თუ გაუგებენ ერთმანეთს და უსიტყვოდ გამოიცნობენ, ორ ბრტყელ გასაღებს შორის რომელი უფრო ბრტყელია, ორ მოქალაქეს შორის რომელია უფრო პირველი? 

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი