კომენტარი

გადარჩენის სახელმძღვანელო

10 მარტი, 2014 • • 1410
გადარჩენის სახელმძღვანელო

ჟურნალ National Geographic-ში ასეთი მინირუბრიკაა: „გადარჩენის სახელმძღვანელო“, სადაც სხვადასხვა სფეროს მკვლევრები ყვებიან, როგორ გადაურჩნენ ზვავს ჰიმალაის მთებში, გამანადგურებელ ქარიშხალს – ანტარქტიდაზე, ათმეტრიანი ანაკონდას მომაკვდინებელ კუნთებს – ამაზონის ჯუნგლებში, გააფთრებულ ლომის ხახას, ანდაც კანიბალებს – აფრიკაში. სამაგიეროდ, არც ამ ჟურნალში და არც სხვაგან, თანამედროვე, ცივილური, თავისუფალი სამოქალაქო სივრცის მქონე სამყაროს არასაომარ, მშვიდ ქალაქებში ადამიანები არ იხსენებენ, როგორ გადაურჩნენ ათასობით თანამოქალაქის მიერ დაგლეჯას. არსად – საქართველოსa და ერთი-ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის გარდა. ტყუილად ნუ მოიშველიებთ სულელურ არგუმენტს, რომ „ასეთები ყველგან ხდება“… ძალადობა ყველგანაა, სტადიონზე ჩხუბიც, დაპირისპირებაც, მაგრამ ათასობით გააფთრებული ადამიანისგან შემდგარი მასა მისდევდეს რამდენიმე ათეულს ან ასეულს დასაგლეჯად – ასეთი არსად ხდება! არსად, იმ კულტურულ სივრცეში, რომლის ნაწილიც ასე ძალიან გვინდა ვიყოთ.

 

…და რა სიმბოლურია, რომ გუშინ თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებმაც ამ მასას ავტობუსებით გაასწრეს. ავტობუსით, ჰო, ოღონდ, ამჯერად არაყვითელი ავტობუსით! პოლიციამ, ანუ სახელმწიფომ, ვერც ამჯერად შეაჩერა მასა და საკითხავია, ვინმე თუ მაინც დაისჯება?

 

დეჟავიუ მაქვს! ვუყურებდი კადრებს, როგორ მისდევდა ათასობით ქუთაისელი ასამდე თბილისელს და ვფიქრობდი: დეჟავიუ მაქვს, დე-ჟა-ვიუ! ეს ხომ ერთხელ უკვე ვნახე, შარშან?

 

ვნახეთ, მაგრამ განსხვავებულ კონტექსტში, სხვა მოძალადეებისა და სხვა ავტობუსში შესწრებულების ამბავი იყო ეს. ღმერთმანი, როგორ შეიძლება ამ ორი ამბის შედარება? შარშან ათასობით ვაჟკაცი, ერის კოლექტიური სულის წინამძღოლობით, ოციოდე “ცანცარა მესაჯდომისგან” წმენდდა ჯერთ წარუწყმედელ რუსთაველის გამზირის წმინდა ასფალტს. ახლა კი ქუთაისელი ვაჟკაცები გაეკიდნენ თბილისელ ვაჟკაცებს. ბოლოს და ბოლოს, აქაც მესაჯდომეები ხომ არა, ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ იქითაც და აქეთაც, ყველაზე კაცური სპორტის, ჰოდა, კაცებში კიდევ მოსულა ეგეთები, სექსუალური საყურებელიც კია. თან, სხვა თუ არაფერი, შარშანდელსა და წლევანდელს რა აქვთ საერთო, ავტობუსი ხომ სხვა ფერისა იყო მაშინ?

 

შარშან, 17 მაისს, ჯერ კიდევ ახალგადარჩენილი, ვფიქრობდი, რომ ეს არათუ პიკი არ იყო, არამედ უფრო მასშტაბური, ვიტყოდი, ერთობ პომპეზური ინაუგურაცია, გნებავთ, ნათლობა გახლდათ რეგულარული ძალადობისა, რომელსაც იქამდე უკვე გაცვეთილი, ბანალური ტელესერიალებივით გვაყურებინებდნენ ყოველდღიურ რეჟიმში. ვფიქრობდი, რომ ასე გაგრძელდებოდა, თუ არავინ დაისჯებოდა. 17 მაისის ძალადობა სახელმწიფომ 100 ლარით დააჯარიმა, არავინ დასჯილა სამაგალითოდ. იმავე სახელმწიფომ შარშანაც და წელსაც დამნაშავეების ძებნა სადღაც, არსად დაიწყო, ფარულ შეთქმულებებსა და ამოუცნობ „გარე ძალებში“. მაშინ, როცა დამნაშავეები პირდაპირ ტელე-ეკრანებიდან და ჟურნალ-გაზეთების ყდებიდან უმზერდნენ. ჰოდა, აი, შედეგიც!

 

მაგრამ, მოდით, ვიკითხოთ, პრევენციის გარეშე, მხოლოდ დასჯა უშველის საქმეს? მცოდნე ექიმი სიმპტომებს ებრძვის თუ დაავადების გამომწვევ მიზეზებს? როგორ ვუშველოთ ამ დაუხარჯავ აგრესიას, დაუხარჯავ ადრენალინსა და ტესტოსტერონს, რაც ყოველი გაზაფხულის დადგომისას იჩენს თავს და უმიზნოდ იხარჯება ჰაერში? მეტი სიზუსტისთვის ისიც ვთქვათ, რომ წელს ცოტა უფრო ადრე დაიხარჯა, მაისამდეც კი ვერ მოითმინეს. არადა, კადრები, ამ მოძალადეთა სახეები, იმიჯი, როგორ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. შარშან, ჩვენ რომ ვერ მოგვიხელთეს, თვითგანადგურებაზე გადავიდნენ, ერთი ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა, სამარშრუტო ტაქსს სახით დაასკდა, თავისივე ინიციატივით. ქუთაისში, რბილ მინდორზე ამდენსაც ვერ იზამდნენ, თბილისელები რომ ხელიდან დაუსხლტათ, ერთმა ასეთმა ყოჩაღმა მინდორზე აზიდვების კეთება დაიწყო, გამწარებულმა. ჰოდა, მხოლოდ დასჯა უშველის ამ დაუხარჯავ ადრენალინს? ესენი რომ ოთხ კედელში დაამწყვდიო, იქნებ კედლები თავით გაიტანონ, ან კედლები თუ არა, რომელიმე თანამესაკნის სიცოცხლე, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ.

 

ასეა, სანამ სახელმწიფო ევროპულად გვესვეცკება და მხოლოდ სიტყვიერი აღშფოთებებითა და დაგმობებით შემოიფარგლება. ასეა, სანამ სახელმწიფო არ ზრუნავს ამ მოქალაქეებისთვის სათანადო საგანმანათლებლო და სამუშაო პირობების შექმნაზე. ასეა, სანამ ერის „კოლექტიური სული“ ქორწინებამდელი სექსის დემონიზაციას ეწევა, იქამდე შეგვიძლია ვისხდეთ და რიგრიგობით ვუყუროთ, როგორ არბევს ათასობით თანამოქალაქე ათს ან ასს რუსთაველის გამზირზე, ქუთაისის სტადიონზე, იქნებ მალე თეატრშიც, კინოშიც, ტელეეთერშიც, პარლამენტსა თუ სკვერებში. ეს ადამიანები ყველგან მოვლენ, მიადგებიან ყველას, დახარჯავენ ბევრ ოფლსა და ადრენალინს, სანამ მათ არ ექნებათ განათლება, სამსახური და სექსი.

ჩვენ კი ვისხდეთ და ვწეროთ გადარჩენის სახელმძღვანელოები, ახლა უკვე არა მხოლოდ ლგბტ აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა, არამედ კაცური სპორტის მოყვარულმა ვაჟკაცებმაც. მერე კი ვარჩიოთ, ვინ ყვითელი ავტობუსით გაასწრო და ვინ – თეთრით.

 

ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებს, გუშინ ქუთაისში გადარჩენილთაგან, რომელიმე, 17 მაისის აქციის დარბევაში თუ მონაწილეობდა და ავტობუსში გულისხეთქვით შევარდნილმა თუ გაიფიქრა: დეჟავიუ მაქვს, დეჟავიუ! ეს ხომ უკვე ვნახე? ეს ხომ ადრე მე თვითონ გავაკეთე?

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი