კომენტარი

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ეკლესიისთვის

24 თებერვალი, 2014 • 1856
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ეკლესიისთვის

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი მიმართებები საქართველოში სეკულარიზმის კრიზისით აღიწერება. სეკულარიზმის კონცეფცია სახელმწიფო და საეკლესიო ძალაუფლებების სეპარაციასა და საჯარო პოლიტიკური სივრციდან რელიგიური გავლენების განდევნის იდეას მოიცავს. მოდერნულ საზოგადოებაში რელიგია ადამიანის პრივატული სივრცის ნაწილი ხდება და მისი იდენტობის საგანია. საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე მუშაობის დროს აღმოაჩენ არაერთ პლასტს, რომელიც სეკულარული წონასწორობის დარღვევისა და საჯარო სივრცეების ინდოქტრინაციის ნიშნებს აჩვენებს.

 

ამგვარი საკითხების რიგს, 2010 წლის 12 მარტს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გაფორმებული მემორანდუმი მიეკუთვნება. მემორანდუმის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის ან დანიშნული სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, სასჯელი ეკლესია–მონასტრებში აღსრულდება. შეთანხმების მიხედვით, სასჯელის გამოყენებისა და გამოყენებული სასჯელის შეცვლის შუამდგომლობით მიმართვის უფლება მინიჭებული აქვს ქორეპისკოპოსს, რომელსაც უფლებამოსილი ორგანოები შესაძლებლობის ფარგლებში ითვალისწინებენ.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია აჩვენებს, რომ 2013 წლის მონაცემებით, ეკლესია-მონასტრებში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების რაოდენობაა 23, ხოლო დასრულებული რაოდენობა – 99. საინტერესო ტენდენციას აჩვენებს ქორეპოსკოპოსის შუამდგომლობით დანიშნული სასჯელის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის პრაქტიკის ანალიზი.

 

2010-2012 წლებში ამ მოთხოვნით შუამდგომლობების დაკმაყოფილების პრაქტიკა დაბალია და, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ არსებობს: 2010 წელს – 1 შუამდგომლობა, რომელიც არ დაკმაყოფილდა, 2011 წელს – 3 შუამდგომლობა, რომელთაგან არც ერთი დაკმაყოფილდა, 2012 წელს – 14 შუამდგომლობა, რომელთაგან 2 დაკმაყოფილდა.

 

2013 წელს მოუხდელი სასჯელის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლასთან დაკავშირებით განხილულ იქნა 19 შუამდგომლობა, საიდანაც 14 დაკმაყოფილდა. 2013 წელს პრაქტიკის შეცვლა სასჯელებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომების ლიბერალიზაციით ან/და პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიის გავლენების გაძლიერებით შეიძლება აიხნას.

 

სხვა რელიგიური დენომინაციები ამგვარი შესაძლებლობებით არც ნორმატიულ დონეზე (შესაბამისი მემორანდუმების საფუძველზე) და არც პრაქტიკაში არ სარგებლობენ.

 

განსახილველი მემორანდუმის შინაარსი და მისი გამოყენების პრაქტიკა საინტერესოა ორი ასპექტით: 1. ეს შეთანხმება დისკრიმინაციულია და ის პრივილეგიებს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაზე ავრცელებს და 2. შეთანხმება აჩენს არსებით შეკითხვას, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ ეკლესია-მონასტრებში მსახურება და არა ეკლესიების მიერ განხორციელებული სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომად, სადაც, ჩემი გაგებით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა საჯარო, სეკულარული საზოგადოებრივი მიზნებისთვის მსახურებას უნდა გულისხმობდეს.

 

მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული იმ დაწესებულებების ტიპი, სადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა შეიძლება განხორციელდეს. როგორც სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, ასეთ დაწესებულებებად ძირითადად კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურები და სხვა საერთო საზოგადოებრივი ინტერესებისთვის გათვალისწინებული ადგილები გვევლინება. ამ მხრივ, გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები და სასულიერო სკოლებია, სადაც მსჯავრდებული პირები ტაძრების სამშენებლო-სარემონტო, დასუფთავების, დალაგების, კეთილმოწყობის სამუშაოებს ასრულებენ.

 

რამდენად შეესაბამება ეკლესია-მონსატრებში რელიგიური და არა სოციალური მიზნების ხელშეწყობისთვის საზოგადოებრივ სასარგებლო შრომის გაწევა სეკულარიზმის პრინციპს, სასჯელთან დაკავშირებული სამართლის თეორიების გააზრებას ითხოვს. არსებობს სასჯელის აბსოლუტური და რელატიური თეორიები.

 

პირველი მიმართულია წარსულისკენ და მიზნად ისახავს დამნაშავის დასჯას, ჩადენილი ქმედებისთვის სამაგიეროს მიზღვას და ამ გზით სამართლიანობის აღდგენას. ხოლო მეორე, მომავლისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, მსჯავრდებულის გამოსწორებასა და მის სოციალურ რეაბილიტაციას.

 

თანამედროვე სისხლის სამართალი სასჯელის მიზნებს ერთდროულად ორივე, აბსოლუტური და რელატიური თეორიების გამოყენებით განსაზღვრავს. შესაბამისად, სასჯელის მიზანი არის, როგორც სამართლიანობის აღდგენა, ისე დამნაშავის გამოსწორება და მისი რესოციალიზაცია. სასჯელებს შორის აღსანიშნავია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომელშიც ყველაზე კარგად ვლინდება სასჯელის ეს ორი ბუნება. აღნიშნული სასჯელი გულისხმობს მსჯავრდებულის უსასყიდლოდ შრომას, რომელიც აღსრულდება თავისუფალ დროს, საზოგადოებისთვის სარგებელის მოტანის მიზნით, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებაში დარღვეული წესრიგისა და ერთგვარი ბალანსის აღდგენას ემსახურება.

 

შეიძლება ითქვას, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციასთან ერთად სამართლიანობის აღდგენაც არ არის უცხო ამ სასჯელისთვის. სისხლის სამართლის დოქტრინაში აღიარებული მოსაზრების თანახმად, დანაშაულის არსიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩადენის დროს დაზარალებული არის არა მხოლოდ ის, ვინც დანაშაულის ჩადენის შედეგად უშუალოდ დაზიანდა, არამედ მთლიანად საზოგადოება.

 

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სასჯელის არსი საზოგადოებრივი მიზნებით ყალიბდება და არა მისგან მოწყვეტით, ამ მხრივ გამონაკლისს არც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს.

 

დანაშაულისთვის სასჯელის სახით შეფარდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა ეკლესია–მონასტრებში, რომელიც საჯარო პოლიტიკური სივრცის ნაწილი არ არის, მხოლოდ რელიგიური მიზნებისთვის არსებობს და რომელიც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს სამოქალაქო ღირებულებებთან, არ შეიძლება განვიხილოთ როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის მიზნების მიღწევის საშუალება.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება უნდა მოხდეს ისეთ დაწესებულებებში, რომელიც საზოგადოებას, როგორც რელიგიურად ნეიტრალურ, ეთიკურად უნივერსალურ სივრცეს ეთანადება და მის მიზნებს ემსახურება. ცხადია, ეკლესია-მონასტრებში საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის შესრულება კონკრეტული ინდივიდის პერსონალური რესოციალიზაციის მიზნისთვის გამოსადეგ საშუალებად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა სასჯელის ამგვარი აღსრულება არ თავსდება სასჯელის მეორე ბუნებაში, რომელიც საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანას გულისხმობს.

 

ევროპის ქვეყნების (მაგალითად, გერმანია, ინგლისი, ჰოლანდია, საფრანგეთი) პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის წესს და ადგილს სასამართლო განსაზღვრავს. ასეთ ადგილებად კი სასამართლოს მიერ მიჩნეულია საჯარო დაწესებულებები, როგორიცაა მუნიციპალიტეტები ან კერძო დაწესებულებები, რომელთაც საერთო საზოგადოებრივი მიზნები აქვთ. არც ნორმატიულ დონეზე და არც პრაქტიკაში, მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან ეკლესია-მონასტრები. მსგავსი მიდგომა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას მსჯავრდებული პირები იხდიან სახელმწიფო დაწესებულებებში ან რეგისტირებული არაკომერციულ ორგანიზაციებში, რომელსაც, სასჯელის აღსასრულებლად გამოყენებამდე, ამოწმებს პრობაციის ორგანო. სახელმძღვანელო წინადადებების მიხედვით, ასეთ ორგანოებად არ შეიძლება მოიაზრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციები.

 

საინტერესოა საფრანგეთის გამოცდილება. სახელმწიფოსთან გაფორმებული შეთანხმებების ძალით მსჯავრდებულმა შეიძლება საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ისეთ არაკომერციულ ორგანიზაციაში მოიხადოს, რომელსაც რელიგიური მისია აქვს, თუმცა ასეთ შემთხვევებშიც მსჯავრდებული ამ ორგანიზაციის სოციალურ და სამოქალაქო სერვისებშია ჩართული, რაც პირდაპირ თავსდება საზოგადოების ზოგად ინტერესებში. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს სხვა რისკიც, როდესაც რელიგიური სიძულვილით ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი სასჯელის სახით შეფარდებულ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას მოიხდის ეკლესია–მონასტრებში, შესაძლოა მან ადეკვატურად ვერ გაიაზროს ჩადენილი ქმედების უმართლობა. აღნიშნულმა კი სასჯელის მიზნებისგან აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. ასეთ პირობებში სასჯელის მიზანი, რომელიც დამნაშავის გამოსწორება და სამართლებრივი წესრიგის მიმართ პატივისცემის გრძნობის მიღწევა – ვერ იქნება მიღწეული.


 თაკო გეგელია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

მასალების გადაბეჭდვის წესი