კომენტარი

ოქსიმორონის ჭარბი დოზის მიღებით…

18 თებერვალი, 2014 • • 1850
ოქსიმორონის ჭარბი დოზის მიღებით…

ოქსიმორონი, მოულოდნელობის ეფექტით, შეგრძნებებს ამძაფრებს და ამიტომ, ამ ხერხით მეტყველება უფრო მოსახერხებელია პრობლემის უკეთ იდენტიფიცირებისთვის. იშვიათად, მაგრამ საკმარისია ოდნავ მაინც გავივლო გონებაში, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ტანჯვაა და იქნებ წასვლა სჯობდეს, „წამლად“ (და მინდა გითხრათ, საკმაოდ მწარე წამალია) მაშინვე ოქსიმორონები მევლინება – საზოგადოებრივი ოქსიმორონები.

 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ხატავს, ქმნის მუსიკას, იღებს კინოს, ან,  ჩემს შემთხვევაში – წერს, საქართველოში სასათბურე პირობებია იდეების თვალსაზრისით. ახლის მოფიქრება არათუ არ გჭირდება, არამედ პირდაპირ გამზადებული მხატვრული სიუჟეტები გიდევს წინ, ერთმანეთზე უფრო ეგზოტიკური ოქსიმორონებით დატვირთული. ძველი ბიჭი მღვდელი, სადისტი (და არა უბრალოდ მოძალადე) სახელმწიფო, კონსერვატორი გეი… თუ რომელიმე წყნარ და მშვიდ, საათივით აწყობილ ქვეყანაში ეს სახეები უმეტეს შემთხვევაში (გამონაკლისების გამოკლებით), მეტწილად რომელიმე არტისტის ფანტაზიის ნაყოფი იქნებოდა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოთვლილი სამი ოქსიმორონი პირდაპირ წინ გვიდევს, ჩვეულებრივ, აბსოლუტურად ჩვეულებრივ ტელე-სიუჟეტსა თუ ფეისბუქ-ფიდში; ქუჩაში თუ ეკლესიაში – თავად მოდის, მისი მოფიქრება არ გჭირდება. არტისტული ხულიგნობების მოყვარული ადამიანისთვის სხვა რა იქნება უკეთესი?

 

რა ამის პასუხია და, არტისტულ ხულიგნობას ვერ დავარქმევდი პრეზიდენტის PR-ხელმძღვანელის მიერ დღეს დაანონსებულ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას. ამხანაგი რამიშვილის ცნობით, თებერვლის ბოლოს, არც მეტი, არც ნაკლები, ავლაბრის სასახლე „თანამედროვე ნონკონფორმისტ არტისტებს“ უმასპინძლებს. სხვა შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ იდეა გადასარევია! თანამედროვე არტით შეიჭრა და მოახდინო სწორედ იმ სივრცის ექსპანსია, სადაც ყველაზე ნაკლებად გიშვებენ. ეს სახელისუფლებო კონფორმისტების ერთგვარი საკუთარ მოედანზე დამარცხება იქნებოდა, თანამედროვე ხელოვნებას ხომ ასე უყვარს ხულიგნობა და პარადოქსები. მაგრამ სამწუხარო აქ სხვა რამეა, გამოფენის იდეა, სახელწოდებით „ხელოვნება მართავს“, თავად პრეზიდენტს ეკუთვნის, რაც მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ პირიქით, ხელისუფალმა საკუთარ მოედანზე გაიმარჯვა!

 

ხელოვნება, ყოველ შემთხვევაში ის ხელოვნება, რომელსაც „სულის ინჟინრობაზე“ არ აქვს პრეტენზია, არაფერს მართავს. ის არ კითხულობს მორალს და არავის ასწავლის როგორ იცხოვროს. ის მხოლოდ რეფლექსირებს, ეძებს გზებს, ენას და გვეკითხება. მას არ აქვს მზა პასუხები და არ ცდილობს, იყოს მმართველი. მმართველობის დაუოკებელი ვნება კი სწორედ ისაა, რაც არა ხელოვნებას, არამედ ზემოთ ჩამოთვლილ ოქსიმორონებს ახასიათებთ.

 

გავიხსენოთ ბოლო ორი დღის სამი ამბავი:

 

 

1)       მეუფე იაკობმა, ქადაგებისას, საქმის გასარჩევად იხმო საეკლესიო პირები, რომლებიც მის დაუკითხავად ჯდებიან ტელეეთერში. მღვდელმა ილია ვაშაკიძემ მასთან დარეკვა სცადა. ტელეფონზე, როგორც თავად ამბობს, იაკობის ძმამ უპასუხა, უშვერად აგინა დედა და მისი ეჭვით, ლიკვიდაციით დაემუქრა. ეკლესიაში ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო! ტახტი ადრე თუ გვიან გათავისუფლდება და, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: ვინ იქნება შემდეგი მმართველი? ვიღაცამ ხომ უნდა დაიკმაყოფილოს მმართველის ვნება?

 

2)      მარიხუანასა და მსუბუქი ნარკოტიკების უფრო მეტად კრიმინალიზებაზე ისევ დაიწყო დისკუსია, ამჯერად ე.წ „სელებრითების“ ინიციატივით. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თითქმის დასრულებულია მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც ის ნივთიერებები, რომლისგანაც ე.წ. ბიონარკოტიკები მზადდება, არალეგალურად გამოცხადდება და განისაზღვრება, თუ რა სახის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გამოყენებული ბიოს ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარებაზე.

 

3)      ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „იდენტობა“ აქტიურად ეწევა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საწინააღმდეგო კამპანიას, მათ ვებ-გვერდზე რიგრიგობით ჩნდება (და ქრება) სტატიები, რომლებიც გვმოძღვრავენ, რა არის სწორი ცხოვრების წესი.

 

 

სამივე ამბავი ჩემთვის ერთი ხის სხვადასხვა ტოტებია. იმ ხისა, რომელზეც ნაყოფად ტკბილი და გემრიელი ხილი კი არა, მიკრო-დიქტატორები იზრდებიან. ადამიანთა მართვის, საზოგადოებრივ-მორალური თუ ყველაზე ინტიმური სტანდარტების დაწესებაშიც კი ერთმანეთს ახლა უკვე არა მხოლოდ ეკლესია და სახელმწიფო, არამედ ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც კი ედავებიან, რამდენიმე გამორჩეულ სელებრითებთან ერთად. ყველას უნდა გვასწავლოს, რა არის კარგი, სწორი, მორალური და ჯანმრთელი!

 

არადა, ვინ არიან ეს ადამიანები? მოდით, გავიხსენოთ, სად ვხედავთ მათ და როდის. გავიხსენოთ, რომ გათენებიდან, როგორც კი ჩავრთავთ ტელევიზორს , გადავშლით ჟურნალს, შევალთ ფეისბუქზე თუ გავალთ ქუჩაში, ეს ადამიანები ჩანან ყველგან. ჩვენ ყოველ წამს, უწყვეტ რეჟიმში გვესმის ამბები, რომ ჯანდაცვის სამინისტროს „დიდი მცდელობების“ მიუხედავად, 21-ე საუკუნის საქართველოში ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა. რომ სამართალდამცველი უწყებების „დიდი მცდელობების“ მიუხედავად (და ამ მცდელობაში ალბათ 10.000 პატიმრის ერთდროულად გამოშვებაც იგულისხმება), ჩვენს გვერდით ვიღაც მოკლეს, აჩეხეს, გაქურდეს. დილიდანვე გვესმის პარანოიამდე მისული სიძულვილი ეკლესიის ამბიონებიდან. გვესმის, რომ „იდენტობამ“ ვერა და ვერ დაარწმუნა საზოგადოება, რომ ადამიანის ცხოვრება ხელშეუხებელია, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არაა და საკუთარი ცხოვრება ყველამ დამოუკიდებლად უნდა წარმართოს.

 

ყოველ დღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც, ტვ-ში გადის არა მარიხუანასავით, არამედ ნამდვილი და ჭეშმარიტი საზოგადოებრივი მავნებლობები, უკიდურესად ვულგარული ცანცოს თუ მანცოს კეკელკა შოუები. ვუყურებთ პოლიტიკოსთა დასიებულ ლოყებსა და ღიპებს, რომლებიც ვერაფრით ძღება და მეტისმეტი სიხარბით, ყოველდღე ახმაურებენ ჩვენს ტელე ეთერს ერთმანეთის ჭამაში, როცა ქვეყნის მოსახლეობის 50%, ყოველი მეორე მოქალაქე, საჭმლის გარეშე, სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

 

და სწორედ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი გონებას გადაგიხურებს, მოსაღამოვდება, განსატვირთად მეგობრებთან გასვლა, დალევა, მარიხუანას მოწევა, ცეკვა თუ გართობა მოგინდება, სწორედ მაშინაც კი სადისტები კისერში გწვდებიან, თმებში მოგქაჩავენ და როგორც არ უნდა გინდოდეს მათი ამაზრზენი სახეების დავიწყება, შემოგატრიალებენ და ამ სახეს ძალით გაყურებინებენ. ეს არაა უბრალოდ მოძალადე სახელმწიფო. ეს სადისტი სახელმწიფოა, რომელიც არა უბრალოდ ძალადობს, არამედ ტკბება, რომ მათი სახის ყურებით, მათი ხმის გაგონებით გტანჯავს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.

 

სინამდვილეში? სინამდვილეში ეს ძალის დემონსტრირება მხოლოდ ძალის სიმულაციაა. ვისაც ძალა და ჭკუა აქვს, ისინი რეალური პრობლემების – უმუშევრობის, შიმშილის, გაზრდილი კრიმინალის, ქსენოფობიის და ათასი პრობლემის მოგვარებას ახერხებენ. უსუსური სადისტები კი, როგორც BDSM პორნოებშია, მხოლოდ და მხოლოდ სიმულირებენ. სინამდვილეში მათ არაფერი შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ შარვალში ხელი ჩაგიცურონ, ჩაგხადონ, მოგაფსმევინონ და შემდეგ შენს ფსელში მარიხუანას ნაკვალევი ქექონ.

 

ასეა, მარიხუანა არა, მაგრამ ოქსიმორონების ჭარბი დოზა ნამდვილად მავნებლობს. მავნებლობს იმდენად, რომ არათუ სახელმწიფოს, ეკლესიას თუ დაჩაგრულ ჯგუფებს, არამედ ხელოვნებასაც კი უნდება, გმართოს. 

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი