კომენტარი

რატომ, ამხანაგო სისტემავ?

31 იანვარი, 2014 • • 1406
რატომ, ამხანაგო სისტემავ?

აი, ის მომენტი, როდესაც მომავალ ხელისუფალს შეუძლია 1 წლის ბავშვის სიცოცხლე, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, პოლიტიკური მანიპულაციის საგნად აქციოს…


აი, ის მომენტი, როდესაც საზოგადოებას შეუძლია პატარა უდანაშაულო ბავშვის თავისებურ, ბავშვურ თანაგრძნობაზე იღლიცინოს. 


ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ყველაზე მძიმე ადამიანური ტრაგედიაც კი ტრაგედიის ჟანრიდან მარტივი ჟურნალისტიკის ჟანრში ინაცვლებს (უარეს შემთხვევაში, იუმორისტული და კომედიური შოუების სცენარებში), იქცევა ნიუსად, გაუკეთებენ  სათაურს, დაიდება ტექსტი და გათავდა. ასე ხდება ტრაგედიის, სულისშემძვრელი ამბის, ჰაერში გამქრალი ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის სრული გაუფასურება – ცინიზმით, პოლიტიკური მანიპულაციითა და ტრაგედიაზე ღლიცინით. 


„ფოთოლი რომ ხიდან ვარდება, ისიც კი ხმას გამოსცემს. როგორ შეიძლება ადამიანი ასე უკვალოდ გაქრეს?“ – ეს ფრაზა, რომელიც „რადიო თავისუფლებაზე“ თამარ გურჩიანმა დაწერა, ყველაზე ზუსტი და სამწუხარო განაჩენია თანამედროვე ქართული ყოფა-ცხოვრების, ადამიანთა აზროვნების სტილის. აზროვნების სტილის, რომელიც ლინგვისტურადაც კი გამოისახება, ნაცვლად „ადამიანისა“, ზოგჯერ ვამბობთ, „გვამი“. 


იურისტებთან რომ ვერ ვმეგობრობ, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ეს ახალი ამბავი არაა. რაღაცნაირი, მოსაწყენი ხალხი მგონია. სულ რაღაცებს ფათურობენ თავისთვის, იზეპირებენ წესებს, კანონებს, ქექავენ კოდექსებს და, რაც მთავარია, ქმნიან რაღაც საოცარ ენას, სრულიად ინდიფერენტულ, განყენებულ ენას, რომელსაც თითქოს ფაქტის ციდან, „ნეიტრალურად“ შეფასებაღა ევალება და მეტი არაფერი. ასე მოხდა, რომ ბოლო წლების ყველაზე შემზარავ ტრაგედიებს, ტრაგედია კი არა, „გირგვლიანის საქმე“, „რაფალიანცის საქმე“ და ვინ მოსთვლის, რომელი საქმე აღარ უწოდეს… სინამდვილეში ეს „საქმეები“ ყველასია, თავად დაღუპული ადამიანების გარდა. ისინი რაღას გაიგებენ, რა ხდება მათ „საქმეზე“, წავიდნენ, გაქრნენ ჰაერში და მორჩა. ჩვენ კი ეს ამბები დიდ თავსატეხად დაგვიტოვეს, ჩვენსავე უბედურების თავსატეხად. უბედურების, რომელიც იმავდროულად მათი გაქრობის მიზეზიც იყო.


აი, რა, რა და, თუკი რამეზე აღარ ვწერ, ეს „განვლილი 9 წელია“ და არა იმიტომ, რომ განვლილი ცხრა წელი თუ ისტორიული მეხსიერება მნიშვნელოვანი არაა. უბრალოდ, ამჯერად უკვე „ახალი 9 წლის“ შემოქმედებმა იმდენჯერ აფრიალეს ეს ფრაზა სრულიად უადგილოდ, საკუთარი შეცდომების გადასაფარად, რომ სხვა გზა აღარ გვრჩება, გარდა ერთისა, ავდგეთ და ვთქვათ: რაღა დროს მიშაა, თქვენს გასაკეთებელს მიხედეთ. არადა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ახალი განცხადებები, გინდა-არ გინდა, გაფიქრებინებს, რომ აზროვნების ეს სტილი, ადამიანის ნაცვლად გვამი, იქნებ ერთ დღესაც მართლა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და დაბრუნდეს იგივე სტილით? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რებრენდინგი უკვე დააანონსა, მაგრამ რას შეცვლის ეს რებრენდინგი, გარდა სახელის, სლოგანისა თუ სახეებისა? 


სიმართლე გითხრათ, ამაზე ფიქრი ნაადრევად მიმაჩნდა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა საკმაოდ ცნობილმა სახემ ფეისბუქში წერილებით არ ამაფეთქა. არ ვიცი, ამ ადამიანს რამდენად აქვს მომავალში „ცნობილი პოლიტიკოსობის“ ამბიცია, მაგრამ ფაქტია, ჩვეულებრივი გაქნილი პოლიტიკოსივით მაყრიდა კითხვებს, აბამდა ქოთანს ყურს ხან თავში, ხან ბოლოში და, რაც მთავარია, ლამის სასამართლო მომიწყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ჩემი არჩევანის გამო. 


არადა, ეს ალბათ ყველაზე რთული (და იმავდროულად უკანასკნელი) არჩევანი იყო, რომელიც საარჩევნო ყუთთან გავაკეთე. ერთი მხრივ, წინ გვედგა წლების მანძილზე ძალაუფლებით უკიდეგანოდ გარყვნილი და დაობებული ძალა, რომლის ჩინოვნიკების კისერზეც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეკიდა. მეორე მხრივ კი, პირადად ჩემთვის ყველაზე ოდიოზური, შავ-ბნელი ქაჯების საფიხვნო, თითო-ოროლა მბჟუტავი გამონაკლისით, რომელიც, წინასწარ ვიცოდი, კარგს არაფერს მოგვიტანდა. ბოლოს არჩევანი მაინც ცვლილების სასარგებლოდ გავაკეთე, „რაღაცის“ ცვლილების მაინც. სისტემა რომ 1 ოქტომბერს არ დაინგრეოდა, ეს მაშინვე ვიცოდი და ახლაც თვალნათლივ ვხედავ. ცხრა თვის შემდეგ, შარშან, მაისის ბოლოს, უკვე ვიცოდი, რომ ეს იყო უკანასკნელი არჩევნები, რომელზეც მივედი და ვინმეს ქვეყნის ბედი ჩავაბარე. 


„რაღაცის“ ცვლილების იმედი მხოლოდ ახალ ხელისუფლებაში არ მქონია. სულ ოდნავ მაინც გამკრავდა ხოლმე ეჭვი, იქნებ „ნაციონალებმა“ ახლა მაინც დაინახონ, რომ მუდმივი ძალაუფლება არ არსებობს, დაინახონ თავისი შეცდომები, სუფთად ადამიანურად დაფიქრდნენ, რომ თურმე საზოგადოებისთვის ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებიც არსებობს, მაგალითად, სიცოცხლე. თავისი გაჩენილი და გაზრდილი, თავისი ნალოლიავები სიცოცხლე.


ამბავი, რომ ბრალდებულის სკამზე ზის მამა, რომელსაც საკუთარი 4 წლის შვილის წერილზე და იქვე მიხატულ პატარა, ბოტოტა თითების დანახვაზე ცრემლი მოადგა, ყველას აგვიჩუყებდა გულს. ყველას, ვისაც ოდნავი თანაგანცდა მაინც შეგვიძლია ყველაზე ბავშვური, თავისებური გვერდში დგომისა. თუმცა ვანო მერაბიშვილის პატარა შვილის წერილი დღეს მთელმა ფეისბუქმა ცინიკური სიცილ-ხარხარით აფრიალა. ბავშვის მიერ მამის თავისებურმა გამხნევებამ ადამიანებს მხოლოდ ღვარძლი ანთხევინა, ხოლო თავად მერაბიშვილის ცრემლები (და ჩემთვის საერთოდ არაა საინტერესო, ეს სცენა დადგმული იყო თუ ნამდვილი), სასაცილოდაც არ ეყო არავის. აი, აქ ერთი მწარე კითხვა მიჩნდება: რა უნდა ქნა, როგორ უნდა მოახერხო, რომ საზოგადოება უდანაშაულო ბავშვის ცრემლებზე აცინო? როგორ და, ალბათ, თავად უნდა გეკიდოს სხვისი ცრემლები, სხვისი ტრაგედია. თავად უნდა მიგაჩნდეს ზოგი ადამიანად და ზოგიც, გვამად.


ძველი თუ ახალი, ცხრა წლის წინანდელი თუ მომდევნო ცხრა წლისა, ეს სისტემა ისევ აქაა, არსად წასულა. ეს სისტემა იყენებს 1 წლის ჩვილის გარდაცვალებას პოლიტიკური ქულების დასაწერად და აფასებს ფაშიზმს 100 ლარად. ეს სისტემა ატყვევებს ადამიანის წამებით მკვლელთა ბანდას სამი წლით, ხოლო მარიხუანას მომხმარებელს – ათით. ესაა სისტემა, რომელიც გაკვირვებული გეკითხება, თუ რატომ ვერ ხედავ „გასულ ცხრა წელში“ გაკეთებულ ამდენ საქმეს: განადგურებული ინფრასტრუქტურიდან სრულიად გამართულ ინფრასტრუქტურამდე, შეუმდგარი სახელმწიფოდან გამართულ სახელმწიფო სტრუქტურებამდე, ვერჩატარებული 17 მაისიდან მეორე დღეს ჩატარებულ 18 მაისამდე, უცნობ, ამერიკის შტატ „ჯორჯიადან“ – CNN-სა და BBC-ზე გაპიარებულ ცნობილ ქვეყანა „ჯორჯიამდე“? ეს სისტემა გეკითხება გაკვირვებული, რატომ ვერ ხედავ გაზრდილ სამედიცინო დაზღვევას, უფასო სასკოლო წიგნებს და უხვად გაყიდულ მანდარინსა და თხილს?


იმიტომ, ამხანაგო სისტემავ, იმიტომ, რომ თქვენ ადამიანებს ზოგჯერ „გვამებს“ უწოდებთ და ზოგჯერაც, ხიდან ფოთლის მოწყვეტის ხმა უფრო მკვეთრად გესმით, ვიდრე ერთი წლის ბავშვისა თუ 25 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის გაქრობის ხმა. 

გიორგი კიკონიშვილი
გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი