კომენტარი

ვქნათ – არ ვქნათ? ანუ კითხვები ხელისუფლებას, ეკლესიას, მოქალაქეებს

28 იანვარი, 2014 • • 946
ვქნათ – არ ვქნათ? ანუ კითხვები ხელისუფლებას, ეკლესიას, მოქალაქეებს

არ ვიცი, რას ფიქრობენ, რას ამბობენ ხოლმე მორიგი შფოთის შემოტანისას? „გავიტანოთ ეგ იდეა რა, რბილად შევაპარებთ ხალხს“… ან „ვინ რას მოგვთხოვს, ტო?“, ანდაც – „ვქნათ და მერე გამოჩნდება!“ „ვქნათ“, – ამბობენ, მერე „შვრებიან“ ხოლმე, ბოლოს საკუთარ „ნაქნავში“ იკარგებიან და გვკარგავენ ჩვენც. 

 

პრემიერმინისტრის ბოლო, ახალმა ევრიკამ დამატებით ოთხი რელიგიური კონფესიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი კითხვა გამიჩინა მეც და საზოგადოებასაც. კითხვებზე კი, თქვენც წარმოიდგინეთ, გამონაკლისის გარეშე – არცერთ მათგანზე, არც ხელისუფლებას და არც ინიციატივის სამიზნე ჯგუფებს პასუხები არ აქვთ. ამიტომ, ჩვენო ყოვლისმცოდნე გონებო, სანამ გადაწყვეტდეთ, რომ ქნათ, ჯერ იქნებ გეფიქრათ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენ-ჩვენი გონი გვაქვს, რომელიც უამრავ კითხვას აგვიწრიალებს ხოლმე. ვფიქრობთ, ვშფოთავთ, ერთ დღესაც შემოგიტრიალდებით და ამ კითხვებს ისე მოგაყრით, ყველაზე სხარტი სუფლიორიც კი ვერ დაგეხმარებათ თქვენსავე გამართულ სცენაზე.

 

ასე, მაგალითად, ამბობთ, რომ საბჭოთა დროს სხვადასხვა კონფესიებმა ფინანსური, ადამიანური და სხვა სახის ზარალი განიცადეს. ამიტომ ჩვენ, ქვეყნის მოქალაქეები, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა, ვალდებულები ვართ ავდგეთ და ახლა ყველა მათგანის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ვიზრუნოთ. ჰოდა, პრობლემაც აქ იწყება. რა ვუყოთ, აი, ამ შეკითხვებს, რომელთა მოსმენასაც, გირჩევნიათ ჩაქუჩის კაკუნს უსმინოთ:


1) ვინ, სად, როგორ, რა კრიტერიუმებით დათვალა ზარალი?


2) საბჭოთა დროსაც და შემდეგაც, უამრავი ადამიანი დაზარალდა, მეანაბრეები, იპოთეკარები, ადამიანებმა საცხოვრებლები და საარსებო პირობები დაკარგეს, რაც ბევრს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მათზე ვინ იზრუნებს?


3) საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. მათ ვინ აუნაზღაურებს სიცოცხლეს, რომელიც, დამეთანხმებით, გაცილებით ღირებულია, ვიდრე რომელიმე ეკლესიისთვის გადაცემული ქვა და მიწა, ოქრო და ვერცხლი?


4) რა დააშავეს სხვა კონფესიებმა? (პირადად მე ეს ნაკლებად მაწუხებს, სხვებს აინტერესებთ უბრალოდ)


5) რა ვუყოთ გამოცდილებას, რომელიც გვაჩვენებს, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მიღებულმა ორასამდე მილიონმა ლარმა მდიდრულ გალავნიან სასახლეებში, ბუმბერაზ მანქანებში, ძვირადღირებულ დასასვენებელ საგზურებში, აიფონებსა და მარტივად – აქ ყველაზე მეტად იწვებიან ხოლმე დიდი ფარული ფინანსური შემოსავლების მქონეები – ახლად წარმოქმნილ ღიპებში დაიდო ბინა?


6) როგორ გგონიათ, მუფტი თუ კათოლიკე მამა მოკრძალებული მადის აღმოჩნდება?


7) როგორ გგონიათ, მუფტს თუ კათოლიკე მამას ცუდი გემოვნება აქვს?


8) თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, რომ ფულს ძალაუფლება და ძალაუფლების ხარბი მადა მოაქვს. როგორ გგონიათ, გაუძლებთ კონკურენციას ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენისას?


9) თუკი ეს ნაბიჯი ეშმაკური შეთქმულებაა მომავალში ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის დაფინანსების შესაწყვეტად, ან, მათ შორის შუღლის ჩამოსაგდებად, როგორ გგონიათ, ასეულობით მილიონითა და ასეულ თუ არა, ათეულ ათასობით მოქალაქე-ჯარისკაცებით ზურგგამაგრებულ ამ ორგანიზაციებს ადვილად მოერევით, როგორც, მაგალითად, 17 მაისს მოერიეთ?


10) ჰო, მართლა, ამ მოქალაქე-ჯარისკაცებს რა უხარიათ, ბატონის სიმაძღრე საკუთარი შიმშილის ფასად? BDSM ხომ არაა ეს, ღმერთმანი? რაც უფრო ვიჩაგრებით, უფრო გვსიამოვნებს?


11) ეს ყველაფერი უბრალო პიარ გათვლაც რომ იყოს… წინა ხელისუფლებას ასეულობით მილიონი დაუჯდა მართლმადიდებლობის ქომაგის იმიჯი და სახელი კი მაინც ეკლესიათმებრძოლისა შერჩათ. თქვენ ასე იაფად გინდათ გამოსვლა? არ ხუმრობთ, მართლა ფიქრობთ, რომ ოთხ-ხუთ მილიონად ტოლერანტობის ქომაგის იმიჯს იყიდით?

 

მოდით, სიტუაციური შეკითხვებიც დავსვათ:


1) რა მოხდებოდა, ეს ორასამდე მილიონი ლარი ანაფორას ამოფარებული ყოფილი კრიმინალების კი არა, ასობით და ათასობით სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლაში რომ დახარჯულიყო? აბა, კარგად დაძაბეთ თქვენი ახლომხედველი გონება, შემთხვევით, უკვე რამდენიმე წელიწადში ამ ქვეყანას სრულფასოვანი განათლებამიღებული, მთელი ახალი, ჯანსაღი თაობა ხომ არ დაუბრუნდებოდა, რომლებიც თავის ცოდნა-გამოცდილებას ისევ ამ ქვეყანას მოახმარდნენ?


2) ევროპისკენ გზა ქონიან ტუჩებზე გადის თუ განათლებაზე?


3) ანდაც, ეს თანხა რამდენი სამუშაო ადგილის შექმნაში დაეხმარებოდა წინა თუ ახალ ხელისუფალს?


4) კიდევ სხვა იდეები ხომ არ გაქვთ, როგორ დავხარჯოთ მილიონები ქვეყნის სასიკეთოდ? შემოგაშველოთ?

 

კითხვა ბევრია, პასუხი – არცერთი. პასუხები არ ისმის არც თქვენგან და არც თქვენ მიერ ხარკით ნაკვები ბატონებისგან, რომელთა ინდულგენციების ფასიც ბირჟაზე თანდათან იმატებს. პასუხები არ ისმის არც ბატონის მორჩილი მშიერი მოქალაქე-ჯარისკაცებისგან, რომლებიც ბატონთა კომფორტის სადარაჯოზე მუშტებით დგანან. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს კი ბევრი რამ აინტერესებს და ვეჭვობ, ერთხელაც აუცილებლად მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ბოლოს და ბოლოს, განზოგადებებს მოვრჩეთ, სუფთად ადამიანურად ვიკითხოთ: რა ნამუსით გვაიძულებთ, ჩვენი შემოსავლებით ვკვებოთ და ვაძლიეროთ ის ორგანიზაციები, რომელთა მხრიდან გამოვლენილი არაადამიანური სიძულვილის მოგერიებაც ლამის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს? როგორ ახერხებთ, რომ მინიმალურ შემოსავალზე, ლამის წყალსა და პურზე მყოფი მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული ფულით, მშივრების დამშევით, დამძღრები დააძღოთ?

 

იქნებ გეფიქრათ ამაზე, სანამ, გაზარმაცებულები, ტრადიციისამებრ, ადგებოდით და იტყოდით, „ვქნათ!“ 

 

გიორგი კიკონიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი