კომენტარი

გამყინვარებაში – ჩაის გარეშე

16 იანვარი, 2014 • • 1356
გამყინვარებაში – ჩაის გარეშე

ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფი, იქნება ეს, ვიწროდ, სამეგობრო წრე თუ ფართოდ, საზოგადოება, ერთიანდება არა მხოლოდ საზღვრებით, საერთო კულტურულ-ისტორიული გამოცდილებითა თუ პრაგმატული საჭიროებებით, არამედ ღირებულებებით. საქართველოში მილიონობით ადამიანი ვცხოვრობთ და, ბუნებრივია, ჩვენი, „ყველას“ დამსგავსება, გაერთნაირება, შეუძლებელი უბედურებაა (თუმცაღა სსრკ დიდხანს ცდილობდა, ერთ ყალიბზე მოერგო არათუ ერთ, არამედ 16 სახელმწიფოში მცხოვრები ასეულობით მილიონი ინდივიდი). ის, რამაც ჩვენ შესაძლოა ჩვენსავე ქვეყნისა და საკუთარი თავების სასარგებლოდ გაგვაერთიანოს, გარდა ფაქტობრივი მოცემულობისა (მაგალითად, დაბადების ადგილი), არის ღირებულებები. არა ბევრი და მსგავსი, არამედ თუნდაც ერთი საყოველთაო ღირებულება: ფიქრის, აზროვნების თავისუფლება. ეს სწორედ ის კომპონენტია, რაც ჩვენ თუნდაც ძალიან საყვარელი საოჯახო კნუტისგან განგვასხვავებს – ვაზროვნებთ! ყოველ შემთხვევაში, აზროვნების ფუნქციით ვართ აღჭურვილები და ამიტომაც გვქვია ადამიანი. ვინ როგორ იყენებს ამ ფუნქციას, ცალკე მსჯელობის საგანია.

 

ყველაზე მეტად არ მიყვარს შეკითხვა: „რატომ გიყვარს?“ – მეკითხებიან ამას მეგობარზე თუ შეყვარებულზე, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ არასდროს ვიცი ზუსტი პასუხი. არასდროს ვიცი რეცეპტი, რაც მაფიქრებინებს კონკრეტულ ადამიანზე, რომ მიყვარს. ყველაზე საინტერესოდ ეს საკითხი ჩემს დაბადების დღეზე ჩანს ხოლმე, როცა ერთად თავს იყრის ჩემი უამრავი მეგობარი: ლიბერალები თუ ულტრაკონსერვატორები, ანარქისტები თუ კაპიტალისტები, მორწმუნეები და ათეისტები, ჰეტეროსექსუალები და გეიები, კუნილინგუსის მოყვარულები და მოძულეები… მიყვარს ის მეგობრებიც, რომლებსაც შეუძლიათ ჩემთან ერთად ხმაურსა და ღრიანცელში, მთვრალებმა, თავზე დავიმხოთ „სალვე“ და მიყვარს ისინიც, ვინც ამ ხმაურს ვერ იტანს და „სალვეში“, უბრალოდ, არ ჩამოდიან.

 

ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ყველას ვემეგობრები და ყველა მიყვარს. არა, ღმერთმანი! უბრალოდ, თვალს რომ გადავავლებ ხოლმე თითოეულ მათგანს, რაღაც სიამაყის გრძნობითაც კი ვივსები, რომ ჩვენ თუნდაც ერთი ძვირფასი ღირებულება გვაერთიანებს: დამოუკიდებლად აზროვნება – ადამიანები საკუთარი თავის, საკუთარი სინდისის იმედზე ვცხოვრობთ და აქ კი შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ამიტომ მიყვარს ისინი.

 

შარშან, 16 მაისს, ცხოვრებაში პირველად მეგობარს არ მივესალმე. გამომიწოდა ხელი, „გაუმარჯოს კიკონ“, მითხრა. შევხედე (და ასეთი სახით ადამიანისთვის არასდროს შემიხედავს), თავი გავაქნიე და, უბრალოდ, დავაიგნორე. იმ წუთას, ერთდროულად მასზეც და საკუთარ თავზეც, გაბრაზებისგან დამცხა, მაგრამ რა მექნა, ფორმალურადაც კი ვერ მივესალმებოდი ადამიანს, რომელიც მომდევნო დღეს, 17 მაისს უერთდებოდა გაშმაგებული სიძულვილით მოქმედ უაზროვნოთა ბრბოს. „ხვალ, რამდენჯერაც ჩვენი მისამართით დედის გინებას გაიგებ, იმდენჯერ გაგახსენდეს ჩემი ოჯახი, დედაჩემი, მე, ადამიანები, რომლებთანაც ერთ დროს დიდი სიყვარულითა და ხალისით მოდიოდი“ – ესღა ვუთხარი ბოლოს და იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს.

 

17 მაისს, შუადღეს, მოსაკლავად და დასაფლეთად ის ადამიანები მოგვსდევდნენ, რომელთა შორისაც ჩემი, ახლა უკვე ყოფილი მეგობარი ერია. ალბათ, თავადაც, ჩოხოსნებივით სირბილ-სირბილით, აღგზნებული არ კითხულობდა „მამაო ჩვენოს“ და დედას არ გვაგინებდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მათთან იყო. აქ საბოლოოდ გათავდა ჩვენი მეგობრობის ამბავიც. მასზე გული დიდად არ დამწყვეტია. ჯერ ერთი, ჩემს უსაყვარლეს და უახლოეს მეგობრად არც არასდროს მიმაჩნდა. მეორეც, ზუსტად ვიცოდი, რომ იქ არა პერსონალური ჰომოფობიური მიზნებით, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული მოდიოდა (საბჭოთა კავშირის დანგრევა მასაც გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია). ასეთებთან კი პირადად ჩემთვის დასაკარგი ბევრიც არაფერია.

 

მაგრამ სხვა შემთხვევაა, როდესაც საკუთარი თვალებით უყურებ, ლამის ნახევარი მილიარდი ლარით დაფინანსებული ხარბი, უძლიერესი და კაცთმოძულე ინსტიტუცია როგორ უზღუდავს სააზრონო სივრცეს შენს ერთ-ერთ ყველაზე უსაყვარლეს, ყველაზე კეთილ და გულწრფელ მეგობარს. მეგობარს, რომელიც თუ იქამდე ამასვე ფიქრობდა შენზე, ერთ დღესაც მოგადგება და გეტყვის: „ცუდი კაცი ხარ შენ!“. ცუდი კაცი კი ხარ იმიტომ, რომ მის „რელიგიურ გრძნობებს“ პატივს არ სცემ.

 

რას ნიშნავს, რომელია რელიგიური გრძნობის უპატივცემლობა?

 

აი, რომელია: თუკი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონსტრის, სტალინის მოყვარულ, პუტინის მაქებარ და არათუ ანტისახელმწიფოებრივად, არამედ სრულიად ანტიჰუმანურად მოქმედი ინსტიტუციის, საქართველოს საპატრიარქოს მამამთავარს უცენზუროდ მოიხსენიებ, ეს არამეგობრული, უპატივცემულო და „ცუდი კაცის“ საქციელი ყოფილა.

 

რომელი რელიგიური გრძნობა შეურაცხვყავი, ის ხომ არა, ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ნანატრ პატარას რომ წყევლის და ახლად გაბედნიერებულ მშობლებს უბედურებას უწინასწარმეტყველებს? ან შემთხვევით, ეს ის „რელიგიური გრძნობა“ ხომ არაა, მეგობარო, შენს „ცუდ კაც“ მეგობარს თვეების წინ მოსაკლავად რომ მისდევდა? შეიძლება კი, ადამიანი დაავალდებულო, პატივისცემით ილაპარაკოს მასზე, ვინც მოკვლას უპირებდა? ბოლოს და ბოლოს, შეიძლება კი, თავად სცემდე პატივს შენი მეგობრის პოტენციურ მკვლელს?

 

ეს ამბავი, ბუნებრივია, არაა მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების სატკივარი. როგორც ამ წერილის პირველ ნაწილში უკვე ავღნიშნე, ბატონი ხარბია, ხვრეპს ყველას და ყველაფერს. მისი ხარკი დიდია. ხარკს ვერ აიღებს, თუ ერთხელაც მის მიერ გონებით დამონებულები ამ გონებით დაფიქრდებიან, გაერთიანდებიან და აჯანყდებიან. ამიტომაც, თუკი ბატონს ძალაუფლების შენარჩუნება სურს, პირველ რიგში, უნდა გაუთიშოს დამოუკიდებელი გონება ადამიანებს და გათიშოს ისინი ერთმანეთისგან, მოუწყოს მათ დიდი განმეგობრება. ასე ბატონი კომფორტში იქნება და ჯანყის არასდროს შეეშინდება. ხარკსაც ხარბად შეხვრეპს.

 

მაგრამ ერთიცაა, რაც უფრო მეტად იბერება ბუშტი, რაც უფრო მეტად ივსება ის სიცარიელით, მით უფრო ადვილი ხდება მისი გახეთქვა. ყველაზე დიდი და გაბერილი ბუშტის გახეთქვასაც კი ზოგჯერ ერთი ბეწო ნემსის ჩხვლეტა ყოფნის. ნემსიც რომ არა, ადრე თუ გვიან, თავისით სკდება, როცა საკუთარ გარსში ვეღარ ეტევა. უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ბედი ელის საქართველოს საპატრიარქოს. ძალაუფლების, ფულის, სიძულვილისა და ყოვლისმომცველი ამბიციებისგან გაბერილი, ერთ დღესაც ამ ტყავში ვეღარ ჩაეტევა და დაიძახებს – ბრახ!!! უი?!

 

საკითხავი ისაა, ჩვენ, ადამიანებს, მეგობრებს, მოქალაქეებს, რა შეგვიძლა ვქნათ ამ ბატონისგან თავის გასათავისუფლებლად? რა და, საღამოობით, ძილის წინ რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავებს, მაგალითად, ასე: კაცო, იქნებ ეს „ცუდი კაცი“, ამდენჯერ რომ გამხარებია მასთან ყოფნა, მასთან მეგობრობა, ვისაც ასე ახლოს და კარგად ვიცნობ, იქნებ ეს უფრო მართალია, ვიდრე სსრკ-გამოვლილი, სტალინისა და პუტინის მოყვარული, უდანაშაულო ჩვილებისა და მათი მშობლების მაწყევარი ბერიკაცი? იქნებ ვეფხვის კი არა და გეის, ან ჰეტეროს დედაც „ჩემზედ მწარედა სტირისა?“ და ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ჩვილის დედა რომ კიდევ უფრო მწარედ ტირის?

 

საერთოდ, რად უნდა ამაზე ფიქრს დედის ტირილი? ხომ ფაქტია, რომ საქართველოს საპატრიარქო თანდათან აფართოებს შერისხულთა სიას. აქამდე ამ უკიდეგანოდ ვრცელ სიაში გეები, სომხები, შავკანიანები, კათოლიკეები თუ იეღოველები, ჩინელები თუ საყურიან-გრძელთმიანები, ევროპელები და ამერიკელები, პანკები და ემოები (ნამდვილი ემოები, და არა იმ მავნებელი მასკარადის მომწყობები, რაც ნოდარ მელაძემ დადგა თავის დროზე), მხიარულები, სექსისა და გართობის მოყვარულები და, კაცმა რომ თქვას, ვინ აღარ შედიოდა, უბრალოდ, ბედნიერი ადამიანებიც კი. ახლა ეს სია ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ჩვილებსა და მშობლებსაც გადასწვდა და ვინ იცის, ბოლო საშობაო ეპისტოლემდე, რამდენი ასეთი მშობელი მოგვსდევდა 17 მაისს, იმ ღვთის სახელით, იქამდე რომ მათი მფარველი ეგონათ?

 

ბოლოს და ბოლოს, რად უნდა ამას სიები? უბრალოდ, ძილის წინ საკუთარ თავებს ჰკითხეთ, იქნებ მართლა სტკივათ ადამიანებს, როდესაც ეუბნები, რომ გძულს, საზოგადოების ამოსაძირკვ ხორცმეტად მიგაჩნია. როდესაც საზოგადოებრივ ზამთარში გაყინულს ეუბნები, რომ ამ დიდი გამყინვარებისას, თბილ, საყოველთაო ოთახში ერთი ფინჯანი ცხელი ჩაი არ მოიპოვება მისთვის და თან, ეს ოთახიც თანდათან ვიწროვდება. კითხეთ საკუთარ თავებს, სანამ ერთხელაც თქვენც გეტყვიან, რომ ჩაი გათავდა. 

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი