ზუსტად 45 წლი გავიდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ პირველად ნახა ახლა უკვე ლეგენდად ქცეული ფოტო, აპოლო 8-ს გუნდის წევრების მიერ მთვარიდან გადაღებული “დედამიწის ამოსვლა”. ეს ფოტო ამერიკელებმა უსახსოვრეს, ასე ვთქვათ, კაცობრიობის საერთო ცოდნის სკივრს. იმ ამერიკელებმა, რომლებიც, ბევრი ქართველის შეფასებით, “უკულტურო”, “უისტორიო” ერია. იმ ამერიკელებმა, რომლებიც ბევრისთვის მხოლოდ კაპიტალიზმთან და მის სიმბოლოებად ქცეულ ჰამბურგერსა და კოკა-კოლასთან ასოცირდება. ბოლოს და ბოლოს, იმ ამერიკელებმა, რომელთა ქვეყნის ისტორიაზე უფრო ძველი ლეღვის ხითაც ბევრი კულტურული, ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ამაყობს.
ასეთი პროზაულ-მეცნიერული საგანძურის მოპოვება, რაღა თქმა უნდა, “დედამიწის ამოსვლას” ვგულისხმობ და არა ლეღვის ხეს, სუნთქვას გვიკრავს ხოლმე და გვაფიქრებინებს: ვახ, რა მაგრები ვართ ადამიანები, უკვე მთვარეზეც დავჯექით. ასე ვუყურებთ მთვარიდან მშობლიურ პლანეტას, რომელიც ციდან არცთუ ისე დიდი ჩანს, როგორც მიწიდან. ასე ხდება, როცა თვალებს ფართოდ აცეცებ, საგნებს შორიდან, დისტანცირებულად აკვირდები და დიდ ჰორიზონტს ხედავ, სპილოც კი ბუზად მოგეჩვენება, ამხელა დედამიწა კი პაწაწინა ციურ სხეულად, რომელიც, ვაღიაროთ, შორიდანაც ძალიან ლამაზია.
ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. მოხდა დიდი გადაფრენები ცივი პოლიტიკური ძალებიდან – თბილ სკამებზე. გადაფრინდნენ ჯერ კიდევ შარშანდელი ძალაუფლებისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ფრინველები. შეიცვალა დისკურსი, სახეები, გამომეტყველებები და იმედები. უცვლელი კი, სამწუხაროდ, ერთი რამ დარჩა – ადამიანთა თვალები, რომლებიც მხოლოდ დედამიწიდან აკვირდებიან დედამიწას და ჰგონიათ, რომ ის ძალიან დიდია, ძლიერი, და ფეხქვეშ ეგებიან ამ ძლიერებას.
ამერიკა ტყუილად არ მიხსენებია. პირველივე, რაც ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ადვილად შესამჩნევი იყო, გახლავთ არა კონკრეტულად ამერიკის, არამედ ზოგადად ანტიდასავლური დისკურსის საოცარი გაძლიერება, პრორუსული სენტიმენტების კვალდაკვალ. ამ დისკურსში, პირდაპირ თუ ირიბად, ჩაერთო ყველა, წვრილ-წვრილი პოლიტიკანებიდან დაწყებული, მსხვილ-მსხვილი პრემიერებით დასრულებული. რა ვქნა, ამ დისკურსის მონაწილე და ხელმშემწყობი მიმაჩნია ყველა, ვინც მინიმუმ ირაკლი ღარიბაშვილის სისწრაფით, უცნაური მოწყვეტით ერთხმევა ფეხქვეშ ცნობილ სტალინისტსა და პუტინისტს, საქართველოს პატრიარქს, ვიტყოდი, სრულიად ანტისახელმწიფოებრივ ფიგურას.
ამ უხერხემლო დისკურსის პარალელურად, ბუნებრივია, ჩნდებოდა უტოპიური იდეებიც. უტოპიური, ან, უფრო სწორად, არსებულ დისკურსთან საფუძველშივე შეუთავსებელი. როგორც არასდროს უნდა დავუჯეროთ ადამიანს, რომელიც საჰარას უდაბნოში ფორთოხლის პლანტაციების მოყვანას შეგვპირდება, ასევე წარმატებით შეგვიძლია დავასახელოთ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირობა “ჩვენი დემოკრატიით გაოცებული ევროპის” შესახებ წლის პირობად.
არათუ დემოკრატიით, არამედ ვერაფრით გააოცებ ვერავის, როცა მთელი წელი უგონოდ იხარჯება დრო ბევრი და გულსატკენი ბანალურობების მტკიცებაში. მთელი წელი (წლებიც) გაიფლანგა და ჯერ კიდევ საკამათოა, არიან თუ არა მუსლიმები ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები; დაეშვნენ თუ არა გეები მარსიდან საქართველოს შესახრამუნებლად; ვართ/უნდა ვიყოთ თუ არა სეკულარული სახელმწიფო, უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. დაამარცხა თუ არა ეკლესიამ სახელმწიფო 17 მაისს? უნდა ატოლებდნენ თუ არა პოლიტიკოსები ერთმანეთს… ჰმ.. რას? ჰო, არა, ჯიპებს ვგულისხმობდი ამჯერად. უნდა ატოლებდნენ ჯიპებს, მართლა? შეიძლება თუ არა, რომ ქვეყნის პროკურორი იყოს კრიმინალური წარსულის მქონე, ყაჩაღობაში ბრალდებული უდიპლომო?
მთელი წლის მასკარადის ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა ისევ ქვეყნის სულიერ და საერო ცენტრში, საპატრიარქოში დაიდგა, პატრიარქის აღსაყდრების 36-ე წლისთავის საზეიმო ვახშამზე. თვალი მაინც შეავლეთ ამ ფეოდალიზმამდე დასულ პომპეზურობასა და მაძღრობას, ბრჭყვიალებასა და ფარისევლობას, რაც ამ დღეს, ამ შენობაში ხდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღატაკეს ებრძვის? ზოგიც, ბევრი, მარცხდება ამ ბრძოლაში და სიცოცხლეს სადმე, გადაკარგულში, ან, უკეთეს შემთხვევაში, მოსკოვის პროსპექტზე მოწყობილ შეშის გამათბობლიან კარვებში ასრულებს. და პრინციპში, რა მოხდა? მთავარია, მეფეები ხომ იღიმიან, სავსე მუცელზე ხელს ნეტარებით უფათურებენ ერთმანეთს, თვალებში შესციცინებენ და ალბათ, უჩუმრად ეკითხებიან: “რით ვერ დაგაძღეთ?”. მეორეც უჩუმრადვე პასუხობს: “არც შენ გქონია ცუდი მადა”.
გაუმაძღარ, ჯიპების დამტოლებელ პოლიტიკურ ძალთა ცვლილებას, ცხადია, “გამპრავებელთა” ახალი არმიაც მოჰყვა. წვრილ-წვრილი პარტმუშაკები, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან ხელისუფლების მადაზე წუწუნებდნენ, ინტელექტუალური, ერუდირებული კაცის გამომეტყველებებით. ახლა კი, ნასუფრალის მომლოდინეები ყოველდღე გვიმეორებენ, რომ “რაღაც ხომ კეთდება?”, “ვიღაც მაინც ხომაა კარგი პოლიტიკოსი?”. რა ვქნათ, რა ვუპასუხოთ “გამპრავებლებს”? ხომ ვიცით, რომ ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ, თუნდაც მხოლოდ ერთი წამით, გაფუჭებული საათიც კი სწორ დროს აჩვენებს.
წლის დასასრულს, ბოლო კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა გენპროკურორ ფარცხალაძის შესახებ საბოლოოდ გამიქრო უკანასკნელი იმედიც კი, რომ “ვიღაც მაინცაა კარგი” და ეს “კარგი” და “მართალი კაცი”, აქამდე დავით უსუფაშვილის სახელით რომ ვიცნობდით, ისიც კი სადღაც გაქრა. გაქრა ზუსტად იმ ერთსულოვნებაში, რაც უდიპლომო და კრიმინალური წარსულის მქონე ფარცხალაძის კბილებით დასაცავად გამოიჩინა სრულიად უმრავლესობამ, მათ შორის, მაგ ერთ დროს მართალმა კაცმაც.
ძნელად წარმოვიდგენდი, რომ ახალ წლამდე ორიოდე დღით ადრეც კი, ხელისუფლება, თავისი ლამის ღიად გაცხადებული სურვილით ძალაუფლების სრული უზუზრპაციისა, კიდევ გამაკვირვებდა. სულ რამდენიმე საათის წინ პარლამენტმა საზმაუწყებლის ბორდის ახალი წევრების განხილვისას ორი, ჩემი აზრით, მთავარი კანდიდატი, ლელა გაფრინდაშვილი და ნინია კაკაბაძე დაიწუნა. ზუსტად ის ორი ადამიანი, ვისაც არსებულ კანდიდატთა შორის ყველაზე მეტი გაუკეთებია და გააკეთებდნენ კიდეც თავისუფალი მედიისა და ზოგადად, პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი სააზროვნო საჯარო სივრცის შექმნაში. არ ვიცი, ან თამარ გურჩიანის ომბუდსმენად დაწუნების შემდეგ რატომღა ველოდი, რომ მმართველი გუნდი მაკონტროლებლად დაისვამდა მას, ვის პრინციპულობასა და გამბედაობაშიც ეჭვი, პირველ რიგში, თავად არ შეჰქონდათ? რატომ მეგონა ასე? მართლა დავიჯერე, რომ სისტემის შეცვლა ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნებოდა და ვინმეს გავაოცებდით?
თუმცა ბოლო ამბავი მაინც მესიამოვნა. ამ წლის მანძილზე, თუკი მსუყე მადიანი ხელისუფლება ვინმეს იწუნებს, თუკი მათ ვინმესი ეშინიათ, ეს, პირველ რიგში, ჭკვიანი და პრინციპული ქალები არიან, ისინი, ვინც მათ თვალებში მორჩილად არ შესციცინებთ. ციცინს რაც შეეხება, ასეთი ციცინათელები ხომ ნამდვილად არ აკლია მასკულინურ, კაცურ-ჯიგრულ სივრცეს, შიგ მოკალათებული რამდენიმე პოლიტიკოსი ქალის სახით. ისინი არც იმდენნი არიან, რომ ამ ჰალსტუხიანთა თვითტკბობაში დისონანსი შეიტანონ და არც ისეთი მაგარი გოგოები არიან, როგორიც ან თამარ გურჩიანი, ან ნინია კაკაბაძე და ან ლელა გაფრინდაშვილი. ერთადერთ მაგარ გოგოს ხელისუფლებაში, თამარ კორძაიას კი პირდაპირ მუშტებით დაემუქრნენ თვითდამტკბარი ჰალსტუხიანები.
ჰოდა, ამ ამბებზე რომ ვფიქრობ, არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს წერილი ასე დასრულდეს: “მომდევნო წელს გისურვებთ ამას და ამას”… ან, “წინა წელს გავატანოთ ესა და ეს”… ასეთი სურვილები უბრალო მეტიჩრობაა და სხვა არაფერი. სირაქლემას პოზაა, თითქოს არ ვიცოდეთ, რომ ერთი თვის ბოლო დღიდან მეორე თვის პირველ დღემდე გადასვლას არაფერი განსაკუთრებული არ მოაქვს. ეს ყველაფერი უბრალოდ კალენდარია, რიცხვები და მეტი არაფერი.
თუკი რამეს მართლა ვისურვებდი, არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ ზოგადად, ეს სურვილი დაახლოებით ასე ჟღერს: “ძვირფასო სანტა”… ანდაც, არა, ასე სჯობს: “ძვირფასო აპოლო 8-ს ეკიპაჟის წევრებო, დაავლეთ ხელი ადამიანებს და რიგრიგობით გაასეირნეთ მთვარეზე, საკუთარი თვალით ნახონ რამხელაა დედამიწა და საკუთარი თვალით შეხედონ ჰორიზონტს გარდი-გარდმო”.
ბოლოს და ბოლოს, ვუყუროთ, როგორ ამოდის დედამიწა ყოველდღე მთვარის ცაზე, ჩვენ კი როგორ ვკარგავთ დროს ჯიპების, ღიპების, ჩიპების დატოლებასა თუ სხვა მავნებლურ თამაშობებში.