კომენტარი

„დეიდა, შენ რამდენ სახლში გიცხოვრია?“ – 8 წლის ბიჭი სოფელ ავრანლოდან

26 დეკემბერი, 2013 •
„დეიდა, შენ რამდენ სახლში გიცხოვრია?“ – 8 წლის ბიჭი სოფელ ავრანლოდან

 

უცებ ბიჭი ჩერდება და მეკითხება: „დეიდა, შენ რამდენ სახლში გიცხოვრია? მე აი, იმ სახლში ვცხოვრობდი, მერე აი, იმაში. მერე ცოტა ხნით სხვა სოფელში გადავედით და ერთი წელია რაც ისევ აქ დავბრუნდით…“

 

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში ვიმყოფები… სოფელში, სადაც ასეულობით ეკომიგრანტი ოჯახი წლებია ელოდება სახელმწიფოსგან დახმარებას… სოფელში, სადაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის მთავრობის აპარატის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მრავალი საჯარო მოხელე ჩემი ორგანიზაციის ინიციატივითა თუ საკუთარი სურვილით არაერთხელ ყოფილან,  მოუსმენიათ რამაზისთვის, უფროსებისთვის, რომლებიც უყვებოდნენ თავიანთ გაჭირვებაზე, პრობლემებზე, მიწების სიმცირის, სხვადასხვა სერვისების ხელმიუწვდომლობის, საცხოვრებელი სახლების არ არსებობის შესახებ… მათ ეს ყველაფერი მოისმინეს, მოისმინეს და ისევ დაუბრუნდნენ თავიანთ თბილ კაბინეტებსა და მანქანებს. წალკაში კი ისევ ისეა ყველაფერი, ისევ მარტო, სახელმწიფოსგან მიტოვებულები უმკლავდებიან ყინვას, მკაცრ ზამთარს და სხვა პრობლემებს.

 

 

წალკის ყველა სოფელში მცხოვრები ოჯახის ისტორია განსხვადება ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს ორი რამ:

 

ისტორია პირველი –  იხსენებენ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ვერტმფრენს, რომელმაც რამდენიმე ეკომიგრანტი ოჯახი წალკაში ჩაიყვანა. პრეზიდენტმა ასევე, სხვა ეკომიგრანტებს მოუწოდა განრიდებოდნენ სტიქიას. წალკაში არსებული მიტოვებული სახლები მოეძებნათ, მის მესაკუთრეებს დაკავშირებოდნენ და სახელმწიფო ამ სახლებს შეისყიდდა. პრეზიდენტის დაპირების შემდეგ აჭარაში, სტიქიის ზონებში მცხოვრებმა ოჯახებმა წალკის მუნიციპალიტეტს მიაშურეს  სახელმწიფოს დახმარების იმედით, მაგრამ პრეზიდენტს დაპირება მალევე დაავიწყდა.  მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. არაერთხელ შეახსენეს პრეზიდენტს თავი, წერდნენ წერილებს, ცდილობდნენ პირადად შეხვედროდნენ, მაგრამ ამაოდ. სახელმწიფო ორგანოებს სხვა, უფრო „მნიშვნელოვანი“ საკითხები ჰქონდათ გადასაწყვეტი და მათთვის არავის ეცალა.

 

 

ისტორია მეორე –  მეორე ისტორია 2012 წელს იწყება. წინასაარჩევნოდ წალკას მომავალი პრემიერი ესტუმრა. მოუსმინა ყველას, აღშფოთდა არსებული ვითარებით და გამარჯვების შემთხვევაში ყველა პრობლემატური საკითხის გადაწყვეტას დაჰპირდა. 2012 წელი მიიწურა, 2013 დაიწყო და „მნიშვნელოვანი“ საკითხების ნუსხაში ისევ ვერ მოხვდნენ ეკომიგრანტი ოჯახები. დაპირებების ასრულების ლოდინით დაიღალნენ და აჭარაში ჩამოვიდნენ, იფიქრეს, იქნებ ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავავებით, აჭარის მთავრობა დაინტერესდეს ჩვენი „უმნიშვნელო~ პრობლემებითო. აჭარაში მოუსმინეს, გულთან მიიტანეს მათი პრობლემა, მაგრამ ისიც დააყოლეს, თქვენს საქმეს ჩვენ ვერაფერს ვუშველით, გარდა იმისა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ჩავაყენებთ საქმის კურსშიო. მართლაც, ერთ დღეს თავად პრემიერი ივანიშვილი ეახლა მათ და დაჰპირდა, მაქსიმუმ ორი თვე მოგვეცით და მერე თავად გაგიძღვებით იმ სახლებში, რომლებსაც შეგისყიდითო და წავიდა… სამოქალაქო სექტორში…

 

 

ამ ყველაფრის ფონზე ვზივარ და ვფიქრობ: რაა გამოსავალი? არსებობს კი ვინმე ამ ქვეყანაში, ვისაც გულს აუჩუყებს რამაზის ისტორია? ვინც დაფიქრდება და დაიწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას წალკაში და არა მარტო წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

 

 

არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში არსებობდეს ბიჭი, რომელიც 8 წლისაა და უკვე მეოთხე სახლი გამოიცვალა. ბიჭი, რომელმაც იცის, რომ სადღაც არის პრეზიდენტი, რომელმაც მისი ოჯახი აჭარიდან წამოიყვანა და აქ ღია ცის ქვეშ დატოვა, ბიჭი, რომელსაც უნახავს პრემიერი, რომელმაც მას სახლის შეძენა და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფა დაჰპირდა… არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ცხოვრობდეს ბიჭი, რომელსაც ადამიანების აღარ სჯერა… რომელიც ეჭვის თვალით მიყურებს და მეკითხება: „დეიდა, რომ წახვალ, კიდე ჩამოხვალ, თუ შენც სხვებივით დაგვივიწყებ?“ მინდა ჩვენს ქვეყანაში პატარებს სხვა საზრუნავი ჰქონდეთ, მინდა, რომ ჩვენი ხელისუფლება რამაზის „უმნიშვნელო“ საქმეებითაც დაკავდეს.

 

 

მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ჯერ ის აქვს გასარკვევი ხულო, შუახევი და ქედა სოფელია თუ მუნიციპალიტეტი… შეიძლება წალკა, ნინოწმინდა და სხვა მუნიციპალიტეტები  ერთი პატარა სოფელი ჰგონიათ და შესაბამისად ფიქრობენ, ჯერ „მნიშვნელოვან“ საქმეებს მივხედავთ და რიგით მოქალაქეებს მერეო.

 

 

ვფიქრობ ამ ყველაფერზე და აღარ ვიცი რა გავაკეთო, ვის მივმართო… მაგრამ ვიცი ერთი, რომ მე რამაზთან ისევ ჩავალ, ისევ დავათვალიერებთ სოფელს, ისევ ერთად ვისრიალებთ ყინულზე. მჯერა, რომ  რამაზს ისევ ექნება ადამიანების რწმენა და იმედი და ერთად დაველოდებით დღეს, როცა რამაზი „მნიშვნელოვანი“ გახდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი