კომენტარი

მონები და მეფეები

24 დეკემბერი, 2013 •
მონები და მეფეები

რეალობა და მისი მოპრანჭული ვარიანტი, ფაქტი და ინტერპრეტაცია, განცხადება და ქმედება იმდენადაა ერთმანეთს აცდენილი, რომ ყველაფერი ერთ, დიდ, საყოველთაო კარნავალს ემსგავსება, თავისი კოსტუმებით, ცეკვა-თამაშითა და როლებით. დამდგმელ რეჟისორებს არაფრის დიდებით არ სურთ მისი გაჩერება, კარნავალი მომგებიანია, ფინანსურადაც კი. ჰოდა, ადამიანებიც ერთობიან.

 

2005 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც “რუსთავი 2” კარნავალს დროებით აპაუზებდა და ახლად არჩეულ ხელისუფლებაზე კრიტიკულ შეფასებებსაც ჩაურთავდა ხოლმე, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს ერთი საინტერესო სიუჟეტი მოუმზადებია – სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აფასებენ მიშას მოღვაწეობის პირველ წელს. ამ სხვადასხვა მოსაზრებებთან ერთად, ყველაზე მეტად გოგი გვახარიას რჩევა მენიშნა მაშინ ჯერ კიდევ ახალი პრეზიდენტის მიმართ: “პრეზიდენტი არ უნდა იყოს მონების გვერდით. მონები არიან ძალიან საშიშები, ალბათ, ეს მან ჩემზე უკეთ იცის, რომ მონა შენგან დღეს ქმნის კერპს, მაგრამ სწორედ ეს მონა იქნება შენი მთავარი მტერი”. მონებზე ოდნავ მოგვიანებით. ამჯერად კარნავალის რამდენიმე განსაკუთრებით ბრჭყვიალა მონაწილეზე მინდა გესაუბროთ, ვისმა კოსტუმებმაც გასულ კვირას მოგვჭრა თვალი.

 

შედარებით მსუბუქად ბზინავდა საქართველოს მთავრობის PR ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი, რომელმაც ერთ ინტერვიუში გვახარა, მიხეილ სააკაშვილი პირველად მას გაუსეირნებია აბანოში. მთლად ახალი იყო იმის განცხადება, რომ, როგორც თავად ამბობს, მას არასდროს შეუსრულებია “მეფის კარის ჟურნალისტის” როლი. შეგახსენებთ, საუბარია ჟურნალისტზე, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ მიჰყავდა ედუარდ შევარდნაძისდროინდელ პირველ არხზე. თუმცა, ან ეს რატომ უნდა გვიკვირდეს? პირველი არხის ჟურნალისტებისგან იქამდეც არაერთი მჭექარე განცხადება გვსმენია შევარდნაძისდროინდელი, ამ სახელისუფლებო არხის ე.წ. დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე.

 

რაც კოკა ყანდიაშვილის განცხადებას ცალსახა კარნავალად, უტყუარ ფარისევლობად აქცევს, არის მისივე აღიარება რამდენიმე წლის წინ “სიმართლის დროში”. შეკითხვაზე, შეგისრულებიათ თუ არა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური დაკვეთა და შეგნებულად მოგიტყუებიათ თუ არა მაყურებელი, ბატონმა კოკამ მარტივად უპასუხა: “კი”.

 

“ეს პასუხი არის სიმართლე” – გაისმა წამყვანის ხმა.

 

ამიტომაა ძნელი, გაუგო ფარისეველ მორალისტებს. ვერასდროს მიხვდები – რას ფიქრობენ, რას აკეთებენ, რას გულისხმობენ და რას ისახავენ მიზნად. ამიტომ მიმაჩნია ასეთი ადამიანები საშიშად საზოგადოებისთვის.

 

საზოგადოებისთვის საშიშია პოლიტიკოსიც, რომელიც მაგიდაზე ბრახუნითა და შეჭმუხნული წარბებით გვმოძღვრავს, რომ “ძალიან ძლიერი და აგრესიული განათლების სისტემა გვჭირდება, სადაც პირდაპირ იქნება ბიოლოგიურად მომზადებული ბავშვი, პატრიოტი თავისი ქვეყნის, ოჯახის ერთგული”. როგორი კეთილშობილი არსების “გამოყვანაც” არ უნდა სურდეს პოლიტიკოსს და როგორი კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა ხსნიდეს ამას, საფრთხე ყველაზე მეტად ჩნდება სწორედ იქ, სადაც ვინმე, ერთი, ნებისმიერი გადაწყვეტს სხვის “ბიოლოგიურ გამოყვანას”. თუკი რამეზე აპელირებდა კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მკვლელი ჰიტლერი, ეს სწორედ ბიოლოგია და კეთილშობილური გენები იყო, მისთვის რომ გეკითხათ, კეთილშობილური მიზნებითურთ. თუმცა გუბაზ სანიკიძის ზემოთ მოყვანილი განცხადების საშიშროებას აბათილებს მისი თავისდაუნებურად გამოჟონილი მიზანი პოლიტიკაში მოსვლის: “პაჭკა-პაჭკა დოლარები”, მილიონები, მოკლედ, ფულები. სინამდვილეში, არანაირი ბიოლოგიური გამოყვანები მას არ აინტერესებს. მას მხოლოდ შეუძლია სხვის გენებზე იხალისოს, დასცინოს ადამიანის გარეგნობას. მაგალითად, დასცინოს ალბინოსებს. ამიტომაც, რა ვქნა, თუ ვერ ვუგებ და არ მჯერა მათი, ვინც საჯაროდ მორალს კითხულობს და რიგრიგობით იწვებიან ფარისევლობაში.

 

მათგან განსხვავებით, საქართველოს პატრიარქმა, როგორც სჩვევია ხოლმე, ორიგინალურობა გამოიჩინა. მისი ბოლო ქადაგება ერთდროულად წარმოადგენდა ფარისევლობისა და გულწრფელობის ნიმუშს. ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გულწრფელი წამოცდენის. “ცოდნის მიღება ურწმუნო ადამიანის მიერ საშიშია […] იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო იფიქრებს, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას აღზრდის პროგრამა, რა უნდა დაეკისროს სკოლას, ოჯახს და ეკლესიას ამ დარგში”.

 

მოდით, არ შევიმჩნიოთ უბრალო დამთხვევა, რომ გუბაზ სანიკიძეცა და პატრიარქიც, ახალი, მათთვის მისაღები სახეობის ადამიანის გამოყვანას მოითხოვენ. საინტერესო აქ სხვა რამაა: საქართველოს საპატრიარქო, ინსტიტუცია, რომლის ყოვლისმომცველი ძალაუფლება და ავტორიტეტიც, ერთი მხრივ, სრულიად ფაშისტური, ობსკურანტული განწყობებით მოქმედ საეკლესიო პირებსა და მეორე მხრივ, მეტწილად არაკრიტიკულად მოაზროვნე, ზოგადი განათლების დაბალი დონის მაჩვენებელ მრევლის წევრებზე დგას, საჯაროდ ილაშქრებს, როგორც თავად ამბობენ, განათლებული ათეისტების წინააღმდეგ.

 

ეს კანონზომიერია. ძალაუფლების მპყრობელი ებრძვის ყველას, ვისაც მისი ძალაუფლების მიმართ კრიტიკული შეკითხვები უჩნდება (კრიტიკულ შეკითხვებსა და ეჭვებს კი, მოგეხსენებათ, საბაზისო ზოგადი განათლება მაინც სჭირდება. მინიმუმ უნდა გახსოვდეს მე-5 კლასის პროგრამა და იცოდე, რომ მიწისძვრას თუ წყალდიდობას ღმერთი არ იწვევს). გასაკვირი ისაა, რომ ეს ინსტიტუცია აქამდე თუ მხოლოდ საქმით ილაშქრებდა განათლების წინააღმდეგ და შეჩვენებული ჰყავდათ კრიტიკული მოსაზრების ყოველგვარი გამოვლინება, ახლა სიტყვითაც არ მალავენ. ამგვარი წამოცდენითი გულწრფელობა (თუ შეგნებული მუქარა?) იქნებ მისასალმებელიც კია, პრობლემის დადგენაში უკეთ დაგვეხმარება. 

 

ჰოდა, რა შუაშია განათლება? თუკი რამ ვინმეს აქცევს მონად, პირველ რიგში, ესაა მისი უუნარობა, იფიქროს და იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი ცოდნისა და სინდისის ამარა. ასეთ ადამიანებს ხშირად სჭირდებათ ვინმე, ან რაიმე, რასაც მიეკედლებიან და მიიღებენ მათგან ლეგიტიმაციას, კურთხევას საზოგადოების დასანახად. სანაცვლოდ ერთადერთი რამ მოეთხოვებათ, თაყვანისცემა და უსიტყვო მორჩილება “მეფისა”. ეს მეფე შეიძლება იყოს პრეზიდენტი, პატრიარქი, ან სულაც, “საზოგადოებრივი აზრი”. გნებავთ, როგორც ერთი ცნობილი ხალხოსანი იტყოდა – “მეინსტრიმული კულტურა”.

 

ასე ჩნდება ფარისევლობა – აუცილებელი პროცედურული თვისება საკუთარი თავის ლეგიტიმაციის, დამკვიდრების გრძელ და წმინდა გზაზე მაშინ, როდესაც სოციო-კულტურული ცხოვრება მეფე-მონის ფორმულითაა მოწყობილი. ვადაგასული და დაობებული ფორმულით, რომელსაც ჯანსაღ საზოგადოებაში, წესით, ადგილი არ უნდა ჰქონდეს. (და ეს ფორმულა რომ არაჯანსაღია, თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ორიოდე დღის წინ ყოფილმა “ნაციონალმა” დეპუტატმა, ვინმე ნიკო ხაჩირიშვილმა განვლილ “9 წელზე”, როგორც ბოროტების აკვანზე, დაიწყო მოთქმა. ახალი მეფე უპოვნია?)

 

საერთოდ, ძალიან ძნელია წერო სხვის მორალიზმსა და ფარისევლობაზე ისე, რომ ჩაკირკიტებულმა მკითხველმა თავად არ შემოგიტრიალოს კითხვები და არ გიწოდოს ის, რასაც თავად აკრიტიკებ. მეტად თუ ნაკლებად, ყველას წაგვცდება ხელი, დავწეროთ, რომ რაღაც ჩვენ უკეთ ვიცით და ჩვენი წარმოდგენა სწორია, ხოლო სხვისი – მცდარი. მაგრამ მოდით, შევთანხმდეთ, რომ ამას საზოგადოებაში მიმდინარე ბუნებრივი კამათისა და დისკუსიის პროცესი ჰქვია. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არაა. ანგაჟირებულობა და ურთიერთგამომრიცხავობა კი ნამდვილადაა ის ხაზი, რომელიც ყოფს საზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობასა და ფარისევლობას ერთმანეთისგან.

 

კარნავალის რამდენიმე მონაწილე, რომელიც ზემოთ ვახსენე, სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები არიან, რომელთაც აქვთ თავისი ვიწრო პირადი ინტერესები: ბევრი ფული, ძალაუფლება და გავლენა, ქვეყნის საგარეო კურსის კორექცია თუ სააზროვნო სივრცის სრული დომინაცია. ისინი არ ფიქრობენ, თუ რა ჯობია. ისინი კითხულობენ: “რა მირჩევნია მე?” და ინტერესების შესაბამისადვე ირჩევენ მეფეს და მონებს, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერი, პატრიარქი თუ მეინსტრიმი. ეს მანკიერი წრე კი, რა ბანალურია, თუ ვიტყვი, რომ მხოლოდ განათლებით შეიძლება გავარღვიოთ. ზუსტად იმ განათლებით, რომლისაც მეფეებს ეშინიათ. განათლებით, რომელიც ადამიანს დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქედ აქცევს.

 

იქნებ, სულაც არაა შემთხვევითი, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგღა ინანა, რომ საგანმანათლებლო სფერო არ იყო ნომერ პირველი პრიორიტეტი მისთვის. იქნებ, ძალიან გვიან მიხვდა, რომ 2005 წლის რჩევა უნდა გაეთვალისწინებინა და ფარისევლებს გარიდებოდა?

 

P.S. წუხელ, ამ წერილს ჯერ კიდევ ვწერდი, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურორის, მერაბ ფარცხალაძის სკანდალის შესახებ გავიგე. აი, ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ… 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი