კომენტარი

დაბღვერილი სახეების კულტურა

13 დეკემბერი, 2013 •
დაბღვერილი სახეების კულტურა

ასეთი ამბები ხშირად მომხდარა და კაცობრიობაც გადარჩენილა. ბოლო პერიოდში სულ უფრო მიმძაფრდება განცდა, რომ თანამედროვე ქართული საზოგადოება, ჰიპერბოლიზებულად რომ ვთქვათ, პრე–აპოკალიპტურ ეტაპზეა და როგორც ყველა აპოკალიფსსა თუ, გნებავთ, შედარებით უწყინარ ტრაგედიას, ამასაც თავისი მიზეზები აქვს. გამოსავალთან ერთად, ცხადია.

 

“ნეტგაზეთისთვის” ჩემი პირველი საავტორო სვეტის თემას ჯერ კიდევ გონებაში ვალაგებდი, როდესაც ტელევიზორი “რუსთავი 2″–ზე გადავრთე გიორგი გაბუნიას გადაცემის სანახავად, მარტივი სათაურით: “უმცირესობები საქართველოში”. გადაცემა 10 დეკემბერს გავიდა – სწორედ მაშინ, როდესაც მსოფლიო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღეს აღნიშნავდა. პირველივე, რაც თვალში მომხვდა, იყო წამყვანის მიერ ქსენოფობიური გამოხდომებით განთქმული პოლიტიკოსის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მოხსენიება უფლებადამცველად. საქმე ის გახლავთ, რომ “უფლებადამცველის” ტიტულს მთელ ირონიულობას აძლევს არა თავად ამ რიგითი ქართველი ქსენოფობის დაბღვერილი სახე, რამდენადაც სამწუხარო ამბავი, რომელიც ამავე კვირას შევიტყეთ.

 

5 დეკემბერს მსოფლიო მე–20 საუკუნის ერთ–ერთ უდიდეს უფლებადამცველსა და სამოქალაქო აქტივისტს – ნელსონ მანდელას გამოემშვიდობა, საკმაოდ კონტროვერსიულ პიროვნებას, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რასობრივი, ეთნიკური თუ სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა. მანდელას გარდაცვალება დიდი ვერაფერი ნიუსი იყო ქართულ მედიაში. ყოველ შემთხვევაში, არც იმხელა ამბავი ამტყდარა, რაც, მაგალითად, ნინო ჩხეიძის ახალ ალბომზე. ან რა იყო ბევრი სათქმელი კაცზე, რომელმაც თავი ასეთ უინტერესო – თანასწორობის იდეას მიუძღვნა?

 

ჩვენ შეიძლება აქამდეც ბევრი გვიქილიკია დიმიტრი ლორთქიფანიძესა და სხვა მსგავს კრებსით სახეებზე, მაგრამ საქილიკოდ ნამდვილად არ მიმაჩნია ბოლო ორი კვლევა, რომლის შემზარავ შედეგებშიც, კარგად თუ დააკვირდებით, სწორედ თანამედროვე ქართული საზოგადოების პრე–აპოკალიპტურ სახეს დავინახავთ. UNICEF-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ამართლებს. ხოლო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალთახალი კვლევა გვამცნობს, რომ გამოკითხულთა თითქმის 35% ცოლს ცემის ღირსად თვლის, თუ მან შემთხვევით საჭმელი დაწვა. უფრო მარტივად, კვლევის შედეგებით, ყოველი მეორე ჩვენი თანამოქალაქე სცემს ბავშვს, სცემს ქალს…

 

კაცობრიობამ ადამიანთა თანაცხოვრების უამრავი ფორმა გამოიარა, დაწყებული პირველყოფილი თემური წყობილებიდან, გაგრძელებული ფეოდალიზმითა თუ სხვა მსგავსი ძველმოდურობებით და საუკუნეების შემდეგ, როგორც იქნა, დეკლარირებულად მაინც შეთანხმდა, რომ მტყუან–მართალს ძალა კი არა, აზრი უნდა განსაზღვრავდეს და სასწორი რაციონალური სიმართლის მხარეს იხრებოდეს. შესაბამისად, არაცივილურად ჩავთვალეთ ძალმომრეობითი თამაშები და გასაქანი მივეცით აზრს, შემოქმედებითობას – შევქმენით თანამედროვე ცივილური კულტურა.

 

იქ, სადაც კვდება აზრი, იბადება ძალადობა, რომელიც შემდგომში თავად უშლის ხელს ყოველგვარი აზრის კვლავწარმოებას. გონების, აზრის გარეშე დარჩენილი კი საკუთარ ძალაუფლებას უკიდურესი ფიზიკური აგრესიითღა ამყარებს. ძალადობა ხდება ყოველდღიური და ბანალური. ასე შედის კულტურა კრიზისში, დგება პრე–აპოკალიპტური ეტაპი, როდესაც არ ვიცით, რა მოხდება და ველით ხსნას. ზემოთ ნახსენები ორი კვლევა პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენი საზოგადოების თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე სცემს ქალს, სცემს ბავშვს – თავისზე სუსტს. თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე აზრის გარეშე მოქმედი მოძალადეა, ანუ კულტურა, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი თანაცხოვრების წესებს, ურთიერთობებს, ჩვეულებებს, ტრადიციებსა თუ ხელოვნებას – კრიზისშია.

 

გადაავლეთ თვალი ბოლო ოცი წლის მოვლენებს: სამოქალაქო ომი თუ მხედრიონი, 26 მაისი თუ 17 მაისი – ჩვენ ყველანი, აქედან თუ იქიდან, ერთი თუ მეორე კონტექსტით, ერთდროულად ძალადობის რეჟისორები, მოქმედი პირები და მაყურებლები ვართ – პრე–აპოკალიპტური კულტურის შვილები. ანდაც, რატომ პრე? ვიცით კი რამდენი ტრაგედია დაატრიალა აზრის გარეშე დარჩენამ? გვსმენია რამე იმის შესახებ, თუ დღეში რამდენჯერ სცემდა მშობელი საწყალ პატარას, რომელიც წლების მერე დიდი ბიჭი გაიზარდა და ახლა მთელი საზოგადოება “ციხის ჯალათების” სახელით ვიცნობთ?

 

პარადოქსი ისაა, რომ ძალადობის ჭარბმა დოზებმა საზოგადოება არათუ მის მავნებლობაზე დააფიქრა, არამედ მოხდა პრობლემის გაუფასურება იმდენად, რომ დღეში ერთხელ მაინც ვინმე ჭკუათმყოფელისგან გაიგებთ ამ მომაკვდინებელ და, შეიძლება ითქვას, სრულიად ამორალურ ფრაზას: “ძალადობას კი ვგმობ, მაგრამ”… ხოლო იქ, სადაც ძალადობა ყოველგვარი “მაგრამ”–ების გარეშე დაგმეს, სადაც პრობლემის გაააზრება მოხდა, ადამიანებმა იპოვეს გზა, როგორ გადარჩენილიყვნენ აპოკალიფსს.

 

ჩემს ერთ–ერთ ყველაზე საყვარელ კინორეჟისორს, თეო ანგელოპულოსს უნდა დავესესხო. მის ფილმებში ბევრი რამ ჰგავს ერთმანეთს, ბევრიც არა, მაგრამ ერთი, რაც მის, ფაქტობრივად, ყველა ფილმს აერთიანებს, არის რწმენა და იმედი ადამიანების – გადარჩენის იმედი. ანგელოპულოსის თითქმის ყველა ფილმში სწორედ მაშინ, როდესაც ტრაგედიამ პიკს უნდა მიაღწიოს, ცა და მიწა გაიხსნას, აპოკალიფსი დადგეს და როდესაც ეს–ესაა ყველაზე ადამიანური გრძნობებიც კი უნდა დასამარდეს, ხდება სასწაული: არსაიდან ჩნდება მუსიკოსთა გუნდი, რომლებიც მოკრძალებით, რაღაც დაჩაგრული, კეთილი ღიმილით, იმედის ელჩებივით შემოფრინდებიან კადრში, ორიოდე წუთით მუსიკას დაუკრავენ, დაგამშვიდებენ და გაქრებიან. ასეა ფილმში “მარადისობა და ერთი დღე”, სადაც ფიზიკურად მომაკვდავი მოხუცი მწერალი და სოციალურად მომაკვდავი მიუსაფარი ბავშვი დამეგობრდებიან და მათი განშორების, ანუ სიკვდილის წინა ღამეს, ავტობუსში მოუსმენენ ერთ–ერთი გაჩერებიდან ამოსულ მუსიკოსთა გუნდს და ბედნიერად გაიღიმებენ. ასეა “ულისეს მზერაში”, როდესაც ერთადერთი ნუგეშის ხმა, რაც ომისგან მტვრად ქცეულ ქალაქში ისმის, ხელოვნების ხმაა. ხმა, რომლის გაგონებაზეც ადამიანები იღიმიან და ფიქრობენ, რომ გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

 

ვისაც ჰგონია, რომ ანგელოპულოსი ზედმეტად არტისტულად უყურებს ხელოვნებას, როგორც გადარჩენის ყველაზე მძლავრ საშუალებას, გაგახსენებთ, რომ ორ მსოფლიო ომგადატანილი, პოსტ–აპოკალიპტური და ძალადობისგან გათიშული სამყარო სწორედ ოთხმა მუსიკოსმა მოიყვანა აზრზე, ჯგუფ ბითლზის და მოგვიანებით, ჯონ ლენონის სახით. არადა, რა ქნეს? მათ უბრალოდ იმღერეს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, თანასწორობასა და ადამიანთა შორის სიყვარულზე, ანუ კრიზისში მყოფ, ღირებულებაგამოცლილ და ძალადობრივ კულტურას ელექტროშოკივით დასცხეს, შეცვალეს და სუნთქვა ხელახლა დააწყებინეს. ასე მოხდა იქ, სადაც იმარჯვა აზრმა და გულწრფელმა შემოქმედებითობამ.

 

მაგრამ რა ხდება ჩვენთან, თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში? თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საერთო მეინსტრიმული კულტურიდან განყენებულ, ფრაგმენტულ გამონათებას, ქართველი არტისტები თუ ნებისმიერი, შემოქმედებითობასთან ახლოს მდგომი საქმიანობის მქონე ადამიანები სრულიად მოწყვეტილნი არიან დროისა და სივრცის ადეკვატურ აღქმას. მასკულტურა ყანწებისა და ხანჯლების ჩხრიალს ვერ სცდება. ჰაერში ხანჯლით აჭრილი, წვერებიანი, დაბღვერილი a la მაჩო სახე დღეს ისევე წარმოადგენს ქართული კულტურის სადემონსტრაციო პოსტერს, როგორც საუკუნის წინ, როდესაც საბჭოთა კავშირში ეროვნული ქართული ნარატივი იძერწებოდა. დროსა და სივრცეში აცდენა კი, პირველ რიგში, იმის მაუწყებელია, რომ კულტურული სივრცე მოკლებულია აზრს. მას არ შეუძლია მოახდინოს აქ და დღეს არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, თარგმნოს ის არტისტულ ენაზე და ასე გაუზიაროს მსმენელსა თუ მაყურებელს, იფიქროს მასთან ერთად.

 

ასეთი კულტურული სივრცე ყალბია და მიძინებულ აზრს ვერ გააღვიძებს. ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის ძალიან რეიტინგული გადაცემის წამყვანიც რომ იყო, როგორც არ უნდა ეცადო, ვერაფერს შეცვლი სასიკეთოდ, როდესაც ცნობილ ქსენოფობსა და ჰომოფობს უფლებადამცველად მოიხსენიებ, მით უმეტე,ს მაშინ, როცა ხუთიოდე დღის წინ ნელსონ მანდელა გარდაიცვალა. შემოქმედებით სფეროს არაფერი სძულს იმაზე მეტად, ვიდრე – სიყალბე. ასეთი შემოქმედებით კი, გინდა ჟურნალისტი იყავი, გინდა მუსიკოსი, როგორ გინდა, აგრესია და ძალადობა დათრგუნო და “ციხის ჯალათის” დედას აუხსნა, რომ შვილი არ უნდა ეცემა, ხოლო მამას – ცოლი.

 

ასე ადამიანები ვერ გაიღიმებენ. თუ არ გჯერათ, დააკვირდით მათ სახეებს ქუჩაში, ტრანსპორტში. დააკვირდით “ეროვნული ფრონტის” წარმომადგენლის შეშლილ სახეს გიორგი გაბუნიას გადაცემაში და დარწმუნდებით, რომ კულტურა სწორედ იმ კრიზისშია, როცა ეს ესაა არსაიდან ხელოვანები უნდა მოფრინდნენ და სახეზე ღიმილი მოგვგვარონ, ზუსტად ისე, როგორც “ულისეს მზერის” პერსონაჟები იღიმიან ომისგან მტვრად ქცეულ ქალაქში ორკესტრის მოსმენისას.

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი