კომენტარი

იაგო კაჭკაჭიშვილი: ნაცმოძრაობა სააკაშვილისაგან თავდახსნას ვერ შეძლებს

5 ნოემბერი, 2013 • • 1462
იაგო კაჭკაჭიშვილი: ნაცმოძრაობა სააკაშვილისაგან თავდახსნას ვერ შეძლებს

საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი მიხეილ სააკაშვილის სამომავალო გეგმების შესახებ. როგორია თქვენი ვარაუდი, დარჩება იგი ქართულ პოლიტიკაში, თუ უნდა ველოდოთ უცხოეთში, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გარკვეულ თანამდებობაზე?

ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბრალდებებს წაუყენებენ სამართალდამცავი ინსტიტუტები სააკაშვილს, აღმოჩნდება თუ არა მისი პრეზიდენტობის პერიოდში რაიმე ისეთი ქმედება, რომელიც სააკაშვილის ჩართულობას ეხება და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, პირველ პლანზე მოდის და პირველ რიგში, გვახსენდება ჟვანიას სიკვდილის ამბავი. ჩვენ ეს დღეები სულ გვესმის, მათ შორის მთავარი პროკურორისგან და ასევე ივანიშვილისგანაც, განცხადებები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი, სულ მცირე, დაიკითხება და რომ ჟვანიას საქმე გახსნაზეა მისული, რომ მაღალი რანგის ჩინოსნები არიან ჩართულნი და სააკაშვილიც მოიხსენიება ამ კონტექსტში. მოკლედ, თუ მოხდა ისე, რომ სააკაშვილს საქართველოში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა არ მიეცა, მაშინ, მე ვფიქრობ, მას ურჩევნია, რომ წავიდეს უცხოეთში და იქ რაღაცნაირად თავშესაფარი ნახოს, რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურაში საქმიანობის თვალსაზრისით. თუ აღმოჩნდა, რომ მას საქართველოში აქვს გარკვეული იმუნიტეტი და ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების ზემოქმედებით თუ სხვა ფაქტორების გავლენით გადაწყვეტს, რომ წარმოებაში არ ჩაუშვას სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ის დარჩება საქართველოში და გააგრძელებს თავის [პოლიტიკურ] საქმიანობას.

იმ შემთხვევაში, თუ იგი პოლიტიკაში დარჩება, როგორ ფიქრობთ, შეძლებს პოლიტიკურ რეაბილიტაციას შემცირებული რეიტინგის გაზრდის თვალსაზრისით? ბოლო ორი არჩევნების შედეგების მიხედვით, მისი პარტიის რეიტინგი 50 პროცენტით არის შემცირებული…

მე არ ველოდები, რომ სააკაშვილი შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში, როგორც ძირითადი აქტორი. მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილს ეს პერსპექტივა აქვს, თუმცა მას, რასაკვირველია, აქვს იმის პერსპექტივა, რომ იყოს ოპოზიციაში, ანუ დარჩეს პოლიტიკაში, როგორც ოპოზიციური ფიგურა. მე ვფიქრობ, რომ მისი მოღვაწეობა წინააღმდეგობრივია საქართველოს ისტორიაში: შეიძლება მოიძებნოს მის პერიოდში გაკეთებული ძალიან კარგი საქმეები და წარმატებული რეფორმები და პირიქით, შეიძლება მოიძებნოს ცუდი საქმეებიც. ამიტომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება დაივიწყოს მის მიერ გაკეთებული ცუდი საქმეები და ფოკუსირება მოახდინოს წარმატებულ რეფორმებზე. პრინციპში ასეც აკეთებს საზოაგდოების გარკვეული ნაწილი, არცთუ მცირე, სხვათა შორის, ეს არის დაახლებით 350 ათასი ადამიანი, ვინც ნაცმოძრაობის ამომრჩეველია, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, ვინც ბაქრაძეს მისცა ხმა ამ არჩევნებზე. უნდა ჩავთვალოთ, რომ ბაქრაძისთვის მხარის დამჭერი ადამიანი, ამავე დრო,ს სააკაშვილისთვის მხარდამჭერიც არის, რადგან ბაქრაძის ავტონომიურობა სააკაშვილთან მიმართებაში სიმბოლურია. მე არ ვფიქრობ, რომ ბაქრაძეს სააკაშვილთან მიმართებაში რაიმე დამატებითი ღირებულება აქვს. ასე რომ, ეს კარგი საქმეების რესურსი შეიძლება სააკაშვილს პოლიტიკაში გარკვეული გავლენის მქონე ადამიანად დარჩენის პერსპექტივას აძლევს, თუმცა არ მგონია, რომ მის მიმართ ნოსტალგია ისე გაიზარდოს ქვეყანაში, რომ ის ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ასეთი მოლოდინი მე არ მაქვს.

 

ამ პროცესში ალბათ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იმუშავებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება…

რასაკვირველია, აქ ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს, თუ როგორც მოიქცევა ახალი მთავრობა. მე არ ვიტყვი იმას, რომ კოალიციის ქმედებები პირდაპირ აისახება სააკაშვილის რეიტინგზე, მაგრამ ამ ორ მოვლენას გარკვეული გადაკვეთა ექნება. თუ მთავრობა აღმოჩნდა საკმარისად წარუმატებელი, განსაკუთრებით აქ სოციალური პროექტების განხორციელებას ვგულისხმობ, ეს უფრო მიახედებს ქართველ ელექტორატს ნაცმოძრაობისა და მათ შორის სააკაშვილისკენ. თუ მთავრობა წარმატებული აღმოჩნდა, მაშინ, რასაკვირველია, ნაცმოძრაობას კიდევ უფრო მცირე შანსი ექნება პოლიტიკური რეაბილიტაციის.

იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

თქვენ ახსენეთ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობა, თუ ეს მართლაც ასე მოხდება, სამართლებრივი დევნა ხომ არ აისახება სააკაშვილის რეიტინგზე დადებითად, იგივე საერთასორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით. ისე, როგორც იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში უკრაინაში?

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება ის მტკიცებულებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის საქმეები, რომელშიც სააკაშვილს შესაძლო ბრალეულობა იქნება წინ წამოწეული, რამდენად რეზონანსულია. თუ დამაჯერებელი არგუმენტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი რაიმე ფორმით გარეულია ჟვანიას მკვლელობის საქმეში და თუ ეს მტკიცებულებები საკმარისად საფუძლიანი აღმოჩნდება და საზოგადოება მას დაიჯერებს, მაშინ ეს სააკაშვილის იმიჯს დააზარალებს. გააჩნია, რაში დასდებენ მას ბრალს. ტიმოშენკოსთან მიმართებაში მთავარი ბრალეულობა არის ის, რომ მან რუსეთთან წარუმატებელი ეკონომიკური გარიგება განახორციელა. ეს ნაკლებად სენსიტურია იმისთვის, რომ უკრაინის საზოგადოება ტიმოშენკოს მიმართ ნეგატიურად განეწყოს. ეგეთი საქმეები თუ წაუეყენეს სააკაშვილს, ეგ არ იქნება მომგებიანი. მაგრამ თუ საქმე შეეხება რეზონანსულ და საზოგადოებისთვის საინტერესო ფაქტებს, როგორიც არის ჟვანიას მკვლელობა და ასე შემდეგ, მაშინ, რასაკვირველია, ეს მას დააზარალებს.

 

საქართველოში მომდევნო არჩევნები 6 თვეში ჩატარდება, საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორ ფიქრობთ, თუ ამ პერიოდში სააკაშვილს არავითარი ბრალი არ წაუყენეს, მიიღებს იგი პირადად აქტიურ მონაწილეობას შესაბამის საარჩევნო პროცესში, თუ ნაცმოძრაობის სხვა ლიდერები გამოვლენ წინა პლანზე?

 

ეს ცოტა რთული სათქმელია. თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის ძალაუფლების მოყვარეობას, მე ცოტა მეეჭვება, რომ მან ასე ადვილად დატოვოს ნაციონალური მოძრაობა და იქ სხვა ადამიანებს დაუთმოს ასპარეზი. ეს მე რთულად წარმომიდგენია, თუმცა, რასაკვირველია, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ერთგვარ რებრენდინგს, ანუ საკუთარი იმიჯის განახლებას. ბაქრაძის წინა პლანზე წამოწევა ამის ერთ–ერთი პროდუქტია. მათ შეარჩიეს ბაქრაძე, როგორც ყველაზე კომპრომისული ვარიანტი იმ თვალსაზრისით, რომ ეს კაცი ნაკლებად კონფლიქტურია. თან გასათვალისწინებელია ის, რომ ბაქრაძე კანდიდატად დასახელდა დემოკრატიული სისტემისთვის აპრობირებული პროცედურის საფუძველზე, რასაც ჰქვია პრაიმერი. მოკლედ, რისი თქმა მინდა, სააკაშვილის იზოლირება ნაცმოძროაბისაგან იქნება უაღრესად რთული, მიუხედავად იმისა, რომ განახლებას და ახალ სახეებს მიაწვებიან. სააკაშვილისაგან თავდახსნა ძალიან რთული იქნება, მე მგონი, ამას ნაცმოძრაობა ვერ შეძლებს. შეიძლება ამის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ არა მგონია, რომ მოახერხონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი