კომენტარი

ბექა მინდიაშვილი: საპატრიარქომ წარმოაჩინა ხელისუფლების უსუსურობა

30 აგვისტო, 2013 • • 1470
ბექა მინდიაშვილი: საპატრიარქომ წარმოაჩინა  ხელისუფლების უსუსურობა

ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი

როგორ შეაფასებთ იმ შეთანხმებას, რომელსაც საპატრიარქოში გამართული შეხვედრისას მართლმადიდებელმა და მუსლიმმა ლიდერებმა მიაღწიეს მინარეთის დასაწყობებასთან დაკავშირებით?

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას ის, რომ ჭელას მინარეთის მოშლასთან დაკავშირებით საქმე გვაქვს საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვასთან, მათ შეურაცხყოფასთან სახელმწიფოს კონკრეტული ორგანოების მხრიდან და ამ შემთხვევაში, მე ვერ ვხვდები საპატრიარქო რომელი მხარეა. ნორმალურ ვითარებაში საპატრიარქო, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული დიალოგში მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ უზრუნველყოს ყველას უფლებების განუხრელი დაცვა, მაგრამ, დღესდღეობით, ჩვენ საპატრიარქოს სახით ვხედავთ დაწესებულებას, რომელიც აგვარებს პრობლემას სახელმწიფოს ნაცვლად… რომელმაც 17 მაისს მოაგვარა სახელმწიფოს ნაცვლად პრობლემა, რომელმაც მოაგვარა დღეს სახელმწიფოს ნაცვლად პრობლემა. რა თქმა უნდა, ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც მოაგვარა დევნისა და დისკრიმინაციის დაკანონების გზით. დისკრიმინაციის უფლება როგორც ჩანს, არის ის მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის საპატრიარქო, რომლითაც აშანტაჟებს საერო ხელისუფლებას და შეიძლება ითქვას, რომ ის ამ მიზანს აღწევს კიდეც. ეს ნიშნავს იმას, რომ საპატრიარქო თავს წარმოაჩენს, თავს წარადგენს როგორც ზეკონსტიტუციურ ორგანიზაციას. საპატრიარქომ დღეს გამოაჩინა, რომ ხელისუფლება სრულიად უსუსურია იმისთვის, რომ რეალურად, კანონის შესაბამისად გადაჭრას საკითხი. გუშინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე [არჩილ] ხაბაძემ განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს მინარეთი. დღეს ამ სურვილს წინ გადაეღობა საპატრიარქო. მეორე მხრივ, ჭელას მართლმადიდებელი მოსახლეობა აცხადებდა, დაგვიბრუნეთ მინარეთიო, ეს იყო არაჩვეულებრივი მოწოდება მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან და იმედის მომცემი ნაპერწკალი, რომ მართლმადიდებლებს შერჩენიათ ქრისტიანული თვითშეგნება, შემწყანრებლობა და ზოგადად, რომ ვთქვათ საღი აზრი, მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ ეკლესიამ [ახალციხეში] გამოიყვანა საპროტესტო აქციაზე ადამიანები…

 

რატომ ფიქრობთ, რომ ეს ხალხი ქუჩაში გზის გადასაკეტად ეკლესიამ გამოიყვანა?

 

ისინი საუბრობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით… ტრაგიკულია, რომ მართლმადიდებლობის სახელით ეს ადამიანები იმუქრებოდნენ სისხლის ღვრით, იმ შემთხვევაში თუ მინარეთი დაუბრუნდებოდა ჭელელ მუსლიმებს. ამ მოწოდებებში მონაწილეობდნენ მანიფესტანტი სასულიერო პირებიც და რაც ყველაზე ცუდია, საერო ხელისუფლებაც, ახალციხის გამგებელი. ეს ყველაფერი ააშკარავებს იმას, თუ რა რეალობაში გვიწევს ჩვენ ცხოვრება. ეს, რა თქმა უნდა, იყო ხელისუფლების დაშანტაჟება, რომ არ დაებრუნებინათ მინარეთი უკან.

 

იყო თუ არა სწორი მუსლიმთა ლიდერების გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მოლაპარაკებებზე მივიდნენ საპატრიარქოში და არა შესაბამის სახელმწიფო ორაგნოებში?

 

საპატრიარქოში მისვლა ავლენს მოვლენების რეალურ წარმმართველს, ვინაიდან საბაჟო სამსახური აცხადებდა, რომ მათ სურდათ შემოწმება რამდენად სწორად იყო [მინარეთი] განბაჟებული და აქ არანაირი რელიგიური მოტივი არ იყოო. საპატრიარქოს განცხადებამ დაამსხვრია ეს მითი, ანუ იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც მიიღეს, ფაქტობრივად დაამსხრია ის ტყუილი, რომელსაც გუშინ ხელისუფლება ავრცელებდა. რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან როგორც უმრავლესობის რელიგიურ ინსტიტუციასთან რელიგიურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა არამც და არამც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რელიგიურმა უმცირესობებმა მიანდონ და გადააბარონ სახელმწიფო ფუნქციების შესრულება და გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს ნაცვლად საპატრიარქოს. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ამ შემთხვევაში [მუსლიმთა] სამმართველოს უფლებები კი არ შელახულა, არამედ შეილახა მორწმუნე მუსლიმების უფლებები… ამ შელახული უფლებების აღდგენაში ყველა შემთხვევაში სახელმწიფო უნდა მონაწილეობდეს. საპატრიარქო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან არ მიიღებს, სახელმწიფოსთვის ეს მეორე ხარისხოვანი უნდა იყოს ნორმალურ სიტუციაში, ანუ ისეთ სიტუაციაში, როცა საქმე სეკულარულ სახელმწიფოსთან და უნარიან ხელისუფლებასთან გვაქვს, მაგრამ აქ ჩანს, რომ არც ერთი არის და არც მეორე. ზოგადად ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში: პერიოდული დევნა მუსლიმების, რომელიც დასრულდა მინარეთის მოჭრით და გადაწყვეტილებით იმის შესახებ, რომ მინარეთი დასაწყობდება, ერთი მხრივ, ანგრევს იმ სტატუს-კვოს, რომელიც საქართველოში 15 საუკუნის განმავლობაში არსებობს, საუბარია პოლიტიკურ-კულტურულ-რელიგიურ სტატუს-კვოზე, როცა ისლამი და ქრისტიანობა საქართველოში მუდმივად თანაარსებობდა, მეორე მხრივ, ასევე ანგრევს და უკუაგდებს დავით აღმაშენებლის ტრადიციას ისლამთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ასევე ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს, ვინაიდან მე არ მახსენდება სხვა შემთხვევა, როცა ხდება მინარეთის დაშლა და დასაწყობება, როცა სახელმწიფოს, მასშტაბური იერიში მიაქვს მუსლიმ მოსახლეობაზე მინარეთის დაშლის გზით იმის გამო, რომ შეამოწმოს საბაჟოზე, სინჯი აუღოს მინარეთს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზისით. ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ მტრობენ ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

 

რატომ გგონიათ, რომ საპატრიარქო ან სახელმწიფო დაინტერესებულები არიან იმით, რომ მუსლიმების უფლებები შეილახოს. რა შეიძლება იყოს ამის მოტივაცია?

 

მე ამ პრობლემისა და საფრთხის წყაროს ვხედავ საპატრიარქოში, ვინაიდან მისი წარმომადგენლები გამუდმებით საუბრობენ არამარტო მუსლიმებზე, არამედ ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ჯგუფებზე, რომ ისინი არიან ქვეყნის მტრები და ასე შემდეგ. 1992-1993 წლებში პატრიარქს წარმოთქმული აქვს სიტყვები, რომ ნებისმიერი ქართველი, ვინც უღალატებს მართლმადიდებლობას, არის მტერი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისა. ეს დისკურსი გრძელდება დღემდე. ჩვენდა საუბედუროდ ეკლესია ჩამოყალიბდა სრულიად ანტიჰუმანურ ორგანიზაციად. ის ორგანიზაცია, რომელსაც საპატრიარქო ჰქვია, უნდა იცავდეს ქრისტიანულ ფასეულობებს დაკავშირებულს თანადგომასთან, სიყვარულთან, სიკეთესთან განურჩევლად ადამინის სქესისა, რასისა, ეთნიკური თუ რელიგიური იდენტობისა. ჩვენი რეალობა საპირისპიროა და ეკლესია არის წყარო შეუწყნარებლობისა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქო სარგებლობს უზარმაზარი ავტორიტეტით და ნდობით, იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქო მზად არის თავისი ძალაუფლების გაძლიერებისთვის დააშანტაჟოს სახელმწიფო, ხელისუფლებები მზად არიან ჩაერთონ ნებისმიერ მათ მიერ წამოწყებულ ინტრიგაში, ან გაურიგდნენ მათგან წამოსულ ნებისმიერ სრულიად გაუგონარ წინადადებას. ნიგვზიანში აშკარად სასულიერო პირები აქეზებდნენ ადამიანებს მუსლიმების წინააღმდეგ, სახელმწიფომ იქ ვერაფერი იღონა, წინწყაროში სასულიერო პირები არ ჩანდნენ, მაგრამ საპატრიარქოს წარმომადგენლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას, აქაც მხოლოდ გამშველებლის როლი შეასრულა სახელმწიფომ, მაგრამ სამთაწყაროში სახელმწიფო უკვე უშუალოდ იყო ჩართული მუსლიმების უფლებების შელახვაში და ბოლოს ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ სახელმწიფო თვითონ, უშუალოდ გახდა დისკრიმინატორი და უფლებების შემლახველი, იმის გამო, რომ ზარზმის ბერებს არ მოეწონათ მინარეთის აღმართვა და დაიწყეს ფაციფუცი იმაზე, რომ მინარეთი მოხსნილიყო. სწორედ ეს იყო ამ პრობლემის სათავე.

 

ზარზმის ბერები?

 

ჩემი ინფორმაციით, ზარზმიდან ბერები იყვნენ მინარეთის მოშლის ინიციატორები. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სოფელ ფლატეში, ეს იქვე მდებარე სოფელია, არის მესხების მიერ მიტოვებული მე-19 საუკუნის მეჩეთი, რომლის დაშლა და დანგრევა დაიწყეს ზარზმის ბერებმა და მრევლმა 2007 წელს იმის გამო, რომ მათ სურდათ სენაკების აშენება. დაიწყეს ამ მეჩეთის ჩამოშლა, დაანგრიეს მისი ზედა ნაწილი, მაგრამ უფლებადამცველების ჩარევის შედეგად ეს პრობლემა მაშინ მოიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი