კომენტარი

ჩვენი მოგზაურობა საქართველოში

14 აგვისტო, 2013 • 2257
ჩვენი მოგზაურობა საქართველოში

2012-2013 სასწავლო წლებში მე და ჩემმა ქმარმა, გრეგორმა, ერთწლიანი შვებულება ავიღეთ. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ვიკითხეთ, ბინა გავარემონტეთ და რამდენჯერმე ვიმოგზაურეთ. ჩვენი მოგზაურობა სომხეთსა და საქართველოში იყო ყველაზე განსაკუთრებული ამ ერთი წლის განმავლობაში.

        

პირველად ამ მოგზაურობის იდეა დაახლოებით 6 წლის წინ გამიჩნდა. იმ დროისთვის ვენის ერთ-ერთ კინოთეატრში, რომელიც სპეციალიზებულია უცხოენოვან ფილმებზე, ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა სომხური კინოს ფესტივალი. მე მხოლოდ ორ ფილმს ვუყურე, თუმცა აღფრთოვანებული დავრჩი ნანახი პეიზაჟითა და ხალხით.

ცოტა ხნის შემდეგ გერმანულ-ფრანგულ ტელეარხ „ARTE“-ზე ვიხილე ქართული ფილმი – „მას შემდეგ, რაც ოთარი წავიდა“. საქართველომ ჩემში დიდი ინტერესი აღძრა, ვინაიდან შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალგაზრდებში გენიალური ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი  იბადება. 

 

რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ფილმებით დავტკბი, მაგრამ გავხდი უფრო ცნობისმოყვარე. მაშინ მე არაფერი ვიცოდი საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, მხოლოდ ის, რომ საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო საქართველო ტურისტებისთვის და ქართული სამზარეულო – ზღაპრულად გემრიელი.                     

უკანასკნელი წლების განმავლობაში კავკასიის რეგიონმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი. ავსტრიულ გაზეთებში არაერთხელ დაიწერა სტატია ჩეჩნეთის კონფლიქტის, მთიანი ყარაბახის ომისა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ტელევიზიიდან ჩვენ ვიცნობდით შევარდნაძეს, გავიგეთ ვარდების რევოლუციის, სააკაშვილის რეფორმებისა და ქვეყანაში არსებული დიდი ეკონომიკური პრობლემების შესახებ. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა ძალიან შეგვაშინა ავსტრიელები – ჩემს მეგობრულ წრეში არ მეგულება ადამიანი, ვისაც სურდა ამ „კრიზისული რეგიონის“ მონახულება და დასვენება. 

 

ერთ დღესაც, 2012 წლის შემოდგომაზე, ჩემმა ქმარმა მაჩვენა სამოგზაურო შემოთავაზება საზოგადოებრივი რადიოსადგურისგან. მათ შემოგვთავაზეს საქართველოს მონახულება მაისში. ამ მოგზაურობის მთავარი მიზანი იყო გადაცემისთვის ინფორმაციის მიწოდება არჩეულ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის შესახებ. სამწუხაროდ, ეს მოგზაურობა არ ითვალისწინებდა სომხეთის მონახულებასაც, მე კი ორივე ქვეყნის ნახვის სურვილი მქონდა.

 

ინტერნეტში შევარჩიეთ ბერლინში არსებული ტურისტული სააგენტო „Ex Oriente Lux”.  პოლიტიკურად საინტერესო პროგრამებს ის გვთავაზობდა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვეძლო ორ  ქვეყანაში მოგზაურობა – კერძოდ, საქართველოსა და სომხეთში.

 

ასე რომ, როგორც იქნა, მოვედით სასაუბროდ გაზეთ „ბათუმელებში”. ამ დიალოგისას ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით როგორც რედაქციის, ასევე მისი მკითხველების პოლიტიკურ ორიენტაციას. შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიცაა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ერთად ცხოვრება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი, სახელმწიფოს შესაძლებლობა გახდეს ეკონომიკურად უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი, საქართველოს ურთიერთობა ევროპასთან, ახალგაზრდების როლი ქვეყანაში, ეკოლოგიური თვითშეგნება და ასე შემდეგ. დიალოგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისა და ჩემი ქმრისათვის.

 

ჩვენ ვცხოვრობთ ავსტრიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანაში, სადაც ომი არ ყოფილა 1945 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის კორუფცია და ნეოლიბერალიზმმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მანძილი  მდიდარ და ღარიბ ფენას შორის. უკანასკნელი 15 წელია, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, თითქმის ყველაფრის პრივატიზაცია მოხდა. ეს ყოველთვის არ იყო ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. ჩვენთან არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც იყენებს ლტოლვილებისა და მიგრანტების მდგომარეობას და საარჩევნო ხმებს ამით აგროვებენ. თუმცა ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და არც ერთი კონფლიქტი არ გადაზრდილა შეიარაღებულ დაპირისპირებაში 1945 წლის შემდეგ. ჩვენ გვაქვს კარგად განვითარებული სოციალური სისტემა და უმუშევართა დაბალი პროცენტული მაჩვენებელი.   

 

სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, გვქონდეს კონტაქტი სხვა ქვეყნის მოსახლეობასთან, რათა გავეცნოთ იქ არსებულ რეალობას. საქართველოში მოგზაურობას ხშირად ვიხსენებ, რადგან გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანაში მივიღე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაგალითად, მე და ჩემი ქმარი თბილისში ყოფნისას გავემართეთ სასეირნოდ ქალაქის გარეუბანში.  იქ კორპუსების მაგივრად იდგა პატარა სახლები ეზოებითა და ბაღებით. მე დავეხმარე იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ხანდაზმულ ადამიანს ქლიავის მოკრეფაში, მან კი სახლში შეგვიპატიჟა. უკვე საღამო იყო და ამ მოხუცი კაცის ოჯახი სრული შემადგენლობით დაბრუნდა სახლში. მასპინძელთაგან ერთი ახალგაზრდა ქალი ლაპარაკობდა გერმანულად და ერთმა სკოლის მოსწავლემაც ცოტაოდენი ინგლისური იცოდა. ოჯახი ძალიან მეგობრულად და თბილად გვექცეოდა, დაგვათვალიერებინა სახლი და დესერტითაც კი გაგვიმასპინძლდა. ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი ინტელიგენტი იყო, თუმცა მხოლოდ ახალგაზრდა ქალს (მას ჰქონდა უმაღლესი განათლება) და დედამისს (მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებლად) ჰქონდა სამსახური, დანარჩენებს არ ჰქონდათ შემოსავალი და იძულებული იყვნენ, ამ ორი ადამიანის ხელფასზე ეცხოვრათ.

 

ამ ოჯახის ბინამ გამახსენა ჩემი ბინა, რომელშიც ახალგაზრდობის დროს ვცხოვრობდი. ის არც ისე დიდი, მაგრამ ძალიან მყუდრო იყო, ბევრი წიგნით. ყველა ოთახში ოჯახის რომელიმე წევრი ცხოვრობდა, ამიტომ ისედაც პატარა სახლში თაროები სხვა რაღაცისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი და არა წიგნებისთვის (ჩვენს სახლში, ვენაში, ძალიან ბევრი წიგნი გვაქვს და ძალიან გვიხარია მათი დანახვა).

 

საქართველოში ყოფნისას, ყველა ადგილის მონახულებისას მეუფლებოდა შეგრძნება, თითქოს ევროპის რომელიღაც სახელმწიფოს ვსტუმრობდი. ზოგიერთი ადგილი რუსეთს მახსენებდა, მაგალითად, მართლმადიდებლური ეკლესიები, საბჭოური დროის ნაგებობები, რომლებიც არა მარტო რუსეთში, არამედ პოლონეთში, ჩეხეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში გვხვდება.

 

ძალიან შემაძრწუნა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ინდუსტრია აღარ ვითარდება, მაგალითად, რუსთავში. ჩვენ აგვიხსნეს, რომ ფაბრიკა-ქარხნები, რომლებმაც ფუნქციონირება შეწყვიტეს, საბჭოთა პერიოდშია აშენებული და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღარ სჭირდებოდა სახელმწიფოს. მაგრამ ახალჩამოყალიბებულმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ინდუსტრიის განვითარებაზე. დღეს ამ ქარხნების მაგივრად ნანგრევებია, რომლებიც მათ შემყურე ქართველებისთვის, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან ასოცირდება.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოში სომხეთთან შედარებით უფრო პოზიტიურად არიან განწყობილი. ქართველი მოსახლეობა არც ისე ღარიბია, როგორც სომხები, მაღაზიები საქართველოში უფრო დატვირთულია პროდუქტით, ბაზრებზე აქტიურად ვაჭრობენ და კვების პროდუქტების ასორტიმენტიც მრავალფეროვანია.

 

საქართველოში მოგზაურობის ერთ-ერთი ბანალური, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი მიზანი იყო კავკასიონის ნახვა, რომლის მთებშიც მდებარეობს არაერთი უმშვენიერესი მონასტერი. პირადად მე კათოლიკე ვარ, თუმცა არც ისე დიდი რწმენით გამოვირჩევი. გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რელიგია „აყვავებულია”. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ეკლესიების მშენებლობისთვის დიდი თანხის გამოყოფა, ვინაიდან უმჯობესია ეს თანხა სოციალურ პროექტებს მოხმარდეს. სამწუხაროდ, რწმენის გასაძლიერებლად არსებული პროგრამები ადგილობრივებში, რომლებიც ადრე კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ, იწვევენ კონფლიქტებს სხვადასხვა აღმსარებლობის გამო. გარდა ამისა, ისტორიამ გვიჩვენა, რომ სიღარიბე ეხმარება რწმენის გამტკიცებას ამა თუ იმ რეგიონში. 

 

ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი მე და ჩემს ქმარს ძალიან არ მოგვწონს. როგორც კი ჩამოვედით, რამდენიმე დღეში გაიმართა სერიოზული კონფლიქტი მოსახლეობასა და იმ მომიტინგეებს შორის, რომლებიც ითხოვდნენ ტოლერანტობას ჰომოსექსუალებისთვის. განსაკუთრებით გავლენიანმა პირმა საქართველოში ილია II-მ, მიტინგის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე მოითხოვა გეი-პარადის აკრძალვა. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი კი მოუწოდებდა მოთმინებისკენ ქართულ მოსახლეობას, რომლებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილი პარადის მიმართ. მიტინგი დაარბიეს ძალიან აგრესიულად და არაჰუმანურად მართლმადიდებლებმა, რომლებსაც სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ. რამდენადაც მე ვიცი, ჰომოსექსუალიზმი საქართველოში აკრძალული არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი მართლმადიდებელი მორწმუნე უარყოფითად არის განწყობილი მათ მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საჭიროა საქართველოსთვის ავსტრიისა და, ზოგადად, ევროპის მაგალითის აღება…

 

მიმაჩნია, რომ ეკლესიის ასეთი დიდი ზეგავლენა პოლიტიკაზე დამღუპველია ქვეყნისთვის. რელიგია არ ფუნქციონირებს დემოკრატიისთვის, თუმცა ის „მუშაობს” ადამიანის გრძნობებსა და ემოციებზე როგორც დადებითად, მაგალითად, ქველმოქმედების თვალსაზრისით, ისევე უარყოფითად – იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ცხოვრების განსხვავებულ წესს ირჩევენ. ასეთი ხალხი ნორმალურად არ აღიქმება და საზოგადოება რიყავს მას, ყველაზე კარგ შემთხვევაში.  

 

საქართველოს სურს ევროპული სახელმწიფო გახდეს, ამიტომაც საჭიროა მოსახლეობამ არქაული აზროვნება წარსულს ჩააბაროს. მსგავსი პრობლემები გხვდება მუსლიმურ თურქეთში, რუსეთში თავისი მართლმადიდებლური ეკლესიით, იუგოსლავიაში.

 

მე, პირადად, პატივს ვცემ მორწმუნეებს და არასდროს ჩავიცვამ ლოცვის დროს შეუფერებლად, შეურაცხმყოფელად. თუმცა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველ გოგოებთან მიმართებაში მექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ უცნაური დამოკიდებულება აქვთ რელიგიის მიმართ. მაშინ, როდესაც მე მართლმადიდებლურ ეკლესიაში მივდივარ თავსაფრითა და ჯინსებზე კაბას ვიცვამ, ახალგაზრდა გოგოები ეკლესიაში ძალიან მოკლე ქვედაბოლოებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი მოდიან. ეს ძალიან მაკვირვებს. ავსტრიაში ახალგაზრდა გოგოები ასეთი ტანსაცმლით დისკოთეკებზე დადიან ხოლმე.

 

დავუბრუნდეთ მოგზაურობის მიზნებს – თბილისიდან ბათუმში მატარებლით ჩამოვედით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მგზავრობის წინ შევიძინეთ კარგი ქართული ღვინო, რომელსაც კუპეში ვსვამდით დესერტის თანხლებით.

 

განსხვავება ბათუმსა და თბილისს შორის ჩემთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მე ორივე ქალაქში კომფორტულად ვგრძნობდი თავს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილმდებარეობა და კლიმატიც. ბათუმი ზღვისპირა ქალაქია და ვრცელი  და უკიდეგანო ზღვა დადებითად აისახება ადგილობრივების განწყობაზე. ძველი ბათუმი (ძალიან გთხოვთ არ დამცინოთ) მახსენებს ამერიკაში, ნიუ ორლეანში გატარებულ ძველით ახალ წელს. აივნიანი სახლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ერთობლიობაში „ბოჰემური“ ცხოვრების განწყობას ქმნის. სხვათა შორის,  ფრანგული უბანი ნიუ ორლეანში, სადაც მე ვცხოვრობ, ასევე ევროპული სტილისაა. 

 

ბათუმში ყოფნისას დამეუფლა შეგრძნება, თითქოს „დიდ მსოფლიოში“ ვიმყოფებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ძალიან წყნარია და არცთუ ისე დინამიური. თურქეთის სიახლოვე მახსენებდა ჩემთვის კარგად ნაცნობ სახელებს: ერზრუმსა და ტრაპიზონს. სანაპიროზე ჯდომისას მზერას ჰორიზონტს მივაპყრობდი ხოლმე და ვიძირებოდი ფანტაზიის მორევში, ვფიქრობდი, რომ სადღაც ახლოს ოდესაა და ჩემი მშობლიური ქალაქის მდინარე – დუნაი შავ ზღვაში ჩაედინება. რამდენიმე ფოტოც კი გადავიღე რესტორანში ყოფნისას ზღვის ფონზე. ისინი ასახავენ ჩემს განწყობას ზღვაზე ყოფნისას.

 

ძალიან დიდი სურვილი მქონდა მომენახულებინა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გავსაუბრებოდი იქაურ სტუდენტებსა თუ ლექტორებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისთვის დრო აღარ მქონდა. ასევე სამწუხაროა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გადააქვთ ლამაზ თეთრ ცათამბჯენში, ეს ძალიან კარგი იქნებოდა უკეთესი განათლებისთვის.

 

თბილისი, თავისი მთების, რესტავრირებული ცენტრის, თანამედროვე და კარგად შესრულებული არქიტექტურული ნაგებობების გამო აქტიურ და ცოცხალ ქალაქად მიმაჩნია. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ქართული ენა მცოდნოდა, წავსულიყავი თეატრში, მეყიდა წიგნები და მომენახულებინა კინოთეატრი.

 

წინათ, სხვადასხვა მოგზაურობისას ხშირად მინახავს, თუ რა დაჟინებით უცქერდნენ უცხოელებს, თუ რა სიფრთხილით ეკიდებოდნენ ტურისტები თავიანთ ნივთებს, რომ, ზოგადად, ქუჩები თუ მოედნები, ან თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის დაცული კრიმინალისგან. საქართველოში ამ მხრივაც სასიამოვნო გარემო იყო.

 

საქართველო ძალიან მომეწონა, ქალაქები მოვლილი და სუფთაა, თუმცა ვნახეთ ნაგავსაყარებიც, რომლებზეც არავის სურდა პასუხისმგებლობის აღება.

 

საქართველოს ვუსურვებ, რომ მალე გაუმჯობესებულიყო პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში. შემიძლია დაუმთავრებლად ვილაპარაკო საქართველოში გატარებული დღეების შესახებ… სხვა დროს, ალბათ, აუცილებლად ვეწვევი კიდევ ერთხელ ამ ქვეყანას. 

 

თარგმნა ანანო იაშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი