კომენტარი

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სამართლებრივი მხარეები

22 ივლისი, 2013 • 2373
ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სამართლებრივი მხარეები

ქალბატონო თამარ, რას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, რამდენია სასჯელის მაქსიმუმი და რა გარემოებებს ცნობს ამ შემთხვევაში კანონმდებლობა?

 

ძალადობრივი დანაშაული უამრავი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულს განვიხილავთ. ეს საკითხები სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით რეგულირდება და ყველა მუხლს თავისი სანქცია გააჩნია. 138-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებაში სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას ითვალისწინებს, რაც თხუთმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და შესაბამისად მძიმე სასჯელიც არის გათვალისწინებული.

 

დამამძიმებელ გარემოებად რა შეიძლება განვიხილოთ?

 

ეს არის სექსუალური ხასიათის ძალმომრეობა ჩადენილი მის მიმართ, ვისაც არ შესრულებია 14 წელი. თოთხმეტ წლამდე პირთა მიმართ, ვინც ძალმომრეობით ქმედებას ჩაიდენს, მას 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ამ დღეებში საპროცესო გარიგება გაფორმდა ათი წლის ბავშვზე მოძალადესთან. პროკურატურამ განმარტა, რომ ძალადობა არ დადასტურდა, გამოდის ცრუ ჩვენებასთან გვქონდა საქმე?

 

რა ინფორმაციაც ამ საქმესთან დაკავშირებით მივიღე, წარდგენილი იყო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედები. იქვე ხაზგასმულია, რომ არაერთგზის ქმედებასთან გვაქვს საქმე. თავდაპირველი კვალიფიკაცია იქნებოდა 138-ე მუხლის მეხუთე პუნქტი ანუ ძალმომრეობითი მოქმედება მის მიმართ, ვისაც არ შესრულებია 14 წელი, რაც 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ შემდეგ საქმე გადაკვალიფიცირდა, რადგან პროკურატურამ განაცხადა, რომ ვერ იქნა ფაქტობრივი გარემოებები მოძიებული, რომ ამ ბავშვზე რაიმე ძალმომრეობას ჰქონდა ადგილი.

 

თამარ ლალიაშვილი
თამარ ლალიაშვილი

როგორ შეაფასებთ ამ საქმეს თქვენ, როგორც იურისტი?

 

ათი წლის ბავშვი ისეთ ვითარებაში, რაც სექსუალურ ურთიერთობას შეეხება, თავისთავად უმწეო მდგომარეობაშია. მას არ აქვს გაცნობიერებული რა არის სექსუალური ურთიერთობა. ამიტომ მინიმუმ 138–ე მუხლის პირველი ნაწილიც შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. საკითხი როგორ დგას იცით? როგორ გამოიძია პროკურატურამ საქმე, როგორ იქნა წარმოებული გამოძიება დაიკითხა თუ არა ექსპერტი, შეამოწმეს თუ არა ათი წლის ბავშვი. 10 წლის ბავშვის მიერ საკუთარი ნების გარკვევა – ეს რთული პროცესია.

 

რამდენად შესაძლებელია ამ შემთხვევაში საკუთარ ნებაზე საუბარი, საქმე ხომ არასრულწლოვანს ეხება, კანონმდებლობაში ამ კუთხით რაიმე სახის დაშვება არსებობს?

 

ყველა შემთხვევაში არასრულწლოვანი უნდა აცნობიერებდეს, რომ მასთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდნენ. 10 წლის ბავშვს
საერთოდ წარმოდგენა არა აქვს რა არის ეს ურთიერთობები. ისინი ბავშვები არიან და ჯერ თავის სამყაროში ცხოვრობენ. იმის თქმა, რომ მათ გათვიცნობიერებული აქვთ ეს ყველაფერი, რთულია. ამიტომ ისინი ავტომატურად უმწეო მდგომარეობაში არიან. უმწეო მდგომარეობა ამ შემთხვევაში კი იმით გამოიხატა, რომ დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას ძილის წამალს ასმევდნენ. ამ შემთხვევაში ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა ამ ბავშვს ამ ასაკში
გაეცნობიერებინა და ნებაყოფლობით თანხმობა განეცხადებინა ასეთ ურთიერთობაზე.

 

რამდენად შესაძლებელია არასრულწლოვანზე მოძალადესთან გაფორმდეს საპროცესო გარიგება?

 

ყველა კატეგორიის დანაშაულთა საქმეზე შესაძლებელია საპროცესო გარიგების დადება. კანონი ამას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში პროკურატურას თავისი საფუძველი აქვს, დაცვის მხარეს – თავისი და სასამართლოსაც თავისი. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ყველა მხარეს გარკვეულ სარგებელს აძლევს და ეს ინსტიტუტი, თავისი ბუნებით, ახლოს არის კორუფციასთან, ამიტომ ეს გახლავთ საკმაოდ
სახიფათო ინსტიტუტი. მართალია, კანონი იძლევა ამის შესაძლებლობას, მაგრამ კანონი არ შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული. საერთაშორისო გამოცდილებით, პროკურატურა ძირითადად იმ შემთხვევაში სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას, როცა მას ნაკლები მტკიცებულებები აქვს.

 

მოძალადის ქუჩაში გაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება, თუ ის მსგავს ქმედებას განმეორებით ჩაიდენს?

 

თუ არ არის დადასტურებული, რომ პირმა ძალადობა ჩაიდინა, მას მოძალადეს ვეღარ ვუწოდებთ.

 

რას ითვალისწინებს საერთაშორისო კანონმდებლობა ამ კუთხით, ასრულწლოვნის მიმართ ძალადობას ვგულისხმობ…

 

ჩვენს შემთხვევაში დაზარალებულის უფლებები, ფაქტობრივად, განულებულია. დაზარალებული რომც არ დაეთანხმოს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, მას რაიმე გავლენის მოხდენა ამ პროცესზე არ შეუძლია. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ანალოგიური კანონმდებლობაა, იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო მიიჩნევს თავს ვალდებულად თვითონ დაიცვას სრულყოფილად დაზარალებული. გერმანიაში დაზარალებულს აქვს საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების საშუალება, ანალოგიურად იტალიაშიც. დასჯა ამ ქვეყნებშიც ბრალის ხარისხის შესაბამისად ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი