ბათუმის ნაპირგამაგრების ახალი პროექტი ოქროს ქვიშის გარეშე


ზღვის ნაპირიდან დაახლოებით 200-300 მეტრში მრავალწახნაგოვან ბეტონის კონსტრუქციებს ჩაალაგებენ, რამაც წყლის სიღრმეში ე.წ დამცავი კედელი უნდა შექმნას. ამ მეთოდის გამოყენებით საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბათუმის პლაჟის მუდმივ გამაგრებას გეგმავს. პროექტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარით აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. დამფინანსებელი შეარჩევს  საკონსულტაციო და აღმასრულებელ კომპანიასაც. პროექტის დეტალებზე „ბათუმელებს“ მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ესაუბრა.


ბატონო შოთა, რას ითვალისწინებს პროექტი და პლაჟის არსებობას ხომ არ უქმნის საფრთხეს?

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაკვეთილი. ახლა ვმუშაობთ პროექტის დახვეწაზე, რადგან მას ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო სახე. პროექტი ითვალისწინებს ბათუმში ნაპისამაგრი სამუშაოების ჩატარებას. დაგეგმილია ნაპირიდან კონკრეტულ მანძილზე ზღვაში ე.წ. ტეტრაპოდების ჩალაგება. ეს არის მრავალწახნაგოვანი ბეტონის კონსტრუქციები, რაც დაახლოებით შვიდი კილომეტრის გასწვრივ დაიცავს სანაპიროს. პროექტი ითვალისწინებს პორტის მხარეს, ანბანის კოშკიდან დაახლოებით მდინარე ჭოროხამდე მანძილის გამაგრებას. ეს პლაჟს საფრთხეს არ უქმნის.

 

ანუ, ის  საბოლოოდ მაინც ვერ მოხსნის ბათუმში ნაპირგამაგრების პრობლემას?

დიახ, ბათუმს კიდევ სხვა პრობლემებიც აქვს. ჭოროხს იქით ხდება ჭალების წარეცხვა და ასე შემდეგ, თუმცა არსებული პროექტი მთლიანად მოიცავს ბულვარის ტერიტორიას.

 

პროექტი პლაჟს, როგორც თქვით, საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ზღვაში მოცურავეების უსაფრთხოება როგორ იქნება დაცული, როცა წყალში ბეტონის კონსტრუქციები განთავსდება?

ზღვაში პირობითად 300 მეტრს იქით გაკეთდება ე.წ ჩაძირული დეტრაპოდები. ეს არის რამდენიმეწახნაგიანი ბეტონის ფიგურები, რომლებმაც უნდა შექმნას კედელი. წარმოიდგინეთ, რომ ზღვაში პირობითად სამას მეტრზე, შვიდი კილომეტრის გასწვრივ 90-100-მეტრიანი დაშორებით ბეტონის კედლებია გაკეთებული. ის ზღვაში მყოფ ადამიანებს არ შეუშლის ხელს. ზომები გათვლილია. ადამიანი ვერ მისწვდება მას.

 

თუ ხუთ მეტრზე ვინმე ჩაცურავს, დაინახავს იმ კედელს, მაგრამ ჩვეულებრივ დამსვენებელს ის არ შეაწუხებს. ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პლაჟის შტორმისგან დამცავი კედელი. ადრე მოიაზრებოდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ამ ყველაფრის გამოჩენას ვიზუალურად, მაგრამ გადაწყდა, ვიზუალი რომ არ დაირღვეს,

უმჯობესია ყველაფერი იყოს წყლის ქვემოთ.

 

არის სადმე ამგვარი პროექტის ანალოგი?

რა თქმა უნდა. ჩვენ  ახალი არ გამოგვიგონია. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოამზადა ჰოლანდიურმა კომპანიამ „არკადის ნიდერლამდმა“, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა შეარჩია. ბევრ ქვეყანაშია მსგავსი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებული. ანაკლიაში უკვე დაიწყო ზუსტად ამ პროექტით გათვალისწინებული  სამუშაოები. ეს არის უცხოური კომპანია და მას, როგორც პროექტის შემსრულებელს, იმხელა გამოცდილება მოეთხოვებოდა, რომ, სამწუხაროდ, ქართულმა კომპანიებმა ეს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

 

პროექტის დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან იგეგმება?

პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მომზადდა, განხორციელებასაც ეს ბანკი დააფინანსებს, თუმცა ჯერჯერობით თანხა გამოყოფილი არ არის. შემდგომ ტრანშს, როცა პროექტი საბოლოო სახეს მიიღებს, აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს სამუშაოს განსახორციელებლად. ამ ყველაფერს ახლავს გარკვეული პროცედურები, უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ტენდერი და ასე შემდეგ. პირვანდელი პროექტით გათვალისწინებული იყო ოქროს ქვიშაც, რაც მილიონის ფარგლებში აძვირებდა პროექტს. ამიტომ გადაწყდა, რომ იქ შევა ჩვეულებრივი მასალა.

 

რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადას?

სამუშაოების დაწყება ამ სეზონზე, ცხადია, არ იგეგმება.  ყველაფერს თავისი ვადა აქვს. გარდა ამასა, ჩვენ მოგვმართა აჭარის მთავრობამ, რომ ხუთი მილიონი ლარი კიდევ დამატებით წაიღონ ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის აჭარაში. როგორც  ვიცი, ეს თანხა მალე გამოიყოფა. ამ შემთხვევაში საუბარი არ არის იმ შვიდ კილომეტრზე, რომლის ნაპირგამაგრებასაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. იქ არის პრობლემური ჭოროხის მხარე და თუ არ ვცდები, დამატებით ქობულეთის სანაპიროს გამაგრებას აპირებენ. ეს არის  დამატებითი თანხა, ხუთი მილიონი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოუყოს აჭარის მთავრობას.

 

პროექტის განხორციელების შემდეგ ყოველწლიურად სანაპიროს გასამაგრებლად ინერტული მასების შეტანა აღარ იქნება საჭირო?

სანამ ეს ყველაფერი არ გამაგრდება, რა თქმა უნდა, შეტანა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ზღვა იკვებოს. ზღვა ვეღარ იკვებება მდინარეებიდან ჩატანილი მასალით, რადგან მას შემდეგ, რაც მდინარეებზე ჰესები აშენდა, ნაშალი მასალა საჭირო რაოდენობით ვეღარ ჩამოდის. ეს პროექტი გააუმჯობესებს მდგომარეობას, მაგრამ სრულად ვერ გადაჭრის პრობლემას.

 

ვერც ნაპირგამაგრების შემდეგ?

მაინც მოუწევთ შეტანა, ოღონდ არა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ახლა სჭირდება, იმიტომ, რომ სადაც მდინარე უერთდება ზღვას, იმ მონაკვეთებში მაინც დარჩება წარეცხვის საშიშროება. ეს პროექტი მხოლოდ ბულვარის სანაპიროს პრობლემას გადაჭრის. შავი ზღვის სანაპიროს გამაგრების მიზნით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სანაპირო ზოლში ყოველწლიურად ინერტული მასალა შეაქვს. ამისათვის ყოველწლიურად აჭარის ბიუჯეტიდან 1,5 მილიონამდე ლარი იხარჯებოდა. წელს ეს თანხა 6 მილიონამდე გაიზარდა. ზღვის სანაპიროს გამაგრების მიზნით ხელოვნურად ინერტული მასების შეტანის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ 2007 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ამ პროცედურისთვის მთლიანობაში ათ მილიონამდე ლარია დახარჯული.

შოთა მურღულია
შოთა მურღულია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე