კომენტარი

ნინო ლომჯარია: კადრები მართლმსაჯულების ფორმატში უნდა განხილულიყო და არა “სეირის ყურების” რეჟიმში

23 ივნისი, 2013 •
ნინო ლომჯარია: კადრები მართლმსაჯულების ფორმატში უნდა განხილულიყო და არა “სეირის ყურების” რეჟიმში

მინდა იმ არასამთავრობოების მიმართ წამოსულ აგრესიას გამოვეხმაურო, რაც რიგი პოლიტიკოსების თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან გამოვლინდა მას შემდეგ, რაც ჩვენ უარი განვაცხადეთ გაუპატიურების სცენების იმ ფორმატში ნახვაზე.

 

ვისაც მაგალითად და პარალელად მოჰყავთ ნიურნბერგის თუ სხვა პროცესები ვიდეოჩვენებასთან მიმართებით, მათ შევახსენებ, რომ ნიურნბერგი იყო სასამართლო პროცესი, სასამართლო!! და არა ცნობისმოყვარე ცნობადი სახეების კრებული. ჩემი პოზიცია იყო ის, რომ კადრები, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მართლმსაჯულების ფორმატში განხილულიყო და არა “სეირის ყურების” რეჟიმში.

ამბობენ იმასაც, რომ თითქოს მძიმე კარდების ყურებას ავარიდეთ თავი, რომ თითქოს ქვეცნობიერად არ გვინდოდა ამ ყველაფრის ნახვა, პირდაპირ გეტყვით, რომ მე, როგორც ადამიანს, პირიქით, ცნობისმოყვარეობის გამო და იმ “უპირატესობის” გამოც, რაც სხვებისგან განსხვავებით მე მერგო (კადრების სანახავად მიმიწვიეს), შეიძლება ძალიანაც მაინტერესებდა, რა იყო ფირზე, თუმცა ჩემს ცნობისმოყვარეობაზე მაღლა დავაყენე ამ დანაშაულის მსხვერპლი, ყველა იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლებსაც ალბათ მეორეჯერ გაიარეს ის ჯოჯოხეთი იმის გამო, რაც შსს-ში ხდებოდა.

ადამიანების არგუმენტის საპასუხოდ, რომ უფლებების ნამდვილი დამცველი არცერთ დროს და ფორმატში არ უნდა ამბობდეს უარს მსგავსი ვიდეოს გაცნობაზე, ვეტყოდი, რომ ჩემთან მოსულ ნებისმიერ მსხვერპლს, დაზრალებულს შეუძლია ჰქონდეს სრული გარანტია და იყოს მშვიდად, რომ მის ღირსებასა და ინტერესებზე მაღლა არასოდეს დავაყენებ საკუთარ პოპულარობას!

ბევრი ადამიანი ვნახე შეხვედრამდე და შეხვედრის დროსაც, რომლებიც არათუ იზიარებდნენ ამ განწყობას, არამედ აპირებდნენ, რომ მათაც უარი ეთქვათ ვიდეოს ნახვაზე, მაგრამ ხმა არავის ამოუღია, არავის გამოუხატავს სოლიდარობა მაშინ, როცა ეს საკითხი განიხილებოდა. არავის განკითხვას არ ვაპირებ, ისედაც გაბოროტებულია საზოგადოება და ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლის მეტი არაფერი მოჰყოლია ამ ყველაფერს.

2005 წლიდან, როდესაც ჯერ კიდევ საიაში ვმუშაობდი, თანამშრომლები და მოხალისეები სისტემატურად ვაწყობდით აქციებს შსს-სთან, პროკურატურასთან მოთხოვნით “არ აწამო!”, მე თვითონ მირბენია და მიხატია აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკა. მიუხედავად ანონსებისა, არავინ მინახავს ამ აქციებზე უცხო სახე, ვისაც სურვილი ექნებოდა ჩვენთან ერთად გაეპროტესტებინა, მაშინ ხომ არ ითვლებოდა უსაფრთხოდ არა თუ პროკურატურის წინ პროტესტი, არამედ ფეისბუზე კრიტიკული მოსაზრების მოწონება ან გაზიარება.

 
რაც მთავარია, იმ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით პარლამენტარებს, რომლებიც ამ ბოლო დროს ენჯეოების კრიტიკით ცდილობენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულის მოგებას, ვეტყოდი, რომ საკუთარ საქმეს მიხედონ და ენჯეოების ნაცვლად აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლონ, იქნებ შსს-დაუსვან კითხვები, მაგალითად, უკვე 8 თვეა, რაც პოლიტიკური ოპონენტების, საზოგადოების ცნობილი სახეების პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალის ამსახველი ვიდეოფაილები რომ უდევთ სამინისტროში, გამოძოება რატომ არ დაწყებულა? რატომ არ დაკითხულა არავინ და არ წაეყენა შესაბამისი ბრალი შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებს?

დაბოლოს, იცით თუ არა, რომ ზუგდიდში უკვე ყველა საუბრობს მსხვერპლის ვინაობაზე, თუმცა, აქ მისი და მისი ოჯახის წევრების სულიერი ტკივილი რა მოსატანია…

მასალების გადაბეჭდვის წესი