კომენტარი

გრიგოლ ხურციძე – ექიმი საქართველოდან

22 ივნისი, 2013 • 4716
გრიგოლ ხურციძე – ექიმი საქართველოდან

ბატონო გრიგოლ, რა იყო თქვენი პრეზენტაციის თემა?

 

ინფარქტების ყველაზე ხშირ მიზეზებსა და მისი მართვის გზებზე. ამ მხრივ, საქართველოსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს, რომელიც 2 ძირითადი მიზეზით არის განპირობებული. ეს არის სამკურნალო საშუალებები, რომელიც საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს და მეორე, ის, რომ ხშირად მათი გამოყენება არასწორად ხდება.

 

ის, რომ არასწორად ხდება მედიკამენტების გამოყენება, სად ხედავთ თქვენ ამ პრობლემის მიზეზს?

 

არ არსებობს ექიმთა კვალიფიკაცია. არ მთავრდება სამედიცინო განათლების მიღება იმ დღეს, როდესაც ექიმის დიპლომს იღებ. საჭიროა მუდმივი კითხვა. ჩვენ სულ გვიწევს კითხვა. დადგენილია, რომ ყოველ 5 წელში ერთხელ მედიცინაში ინფორმაცია ორმაგდება.  მეორე პრობლემა საქართველში ეს სამედიცინო კულტურაა, რომლის შეცვლასაც არ მივიჩნევთ საჭიროდ. ვფიქრობთ, ეს უკვე ასეა და რატომ უნდა შევცვალოთ რამე?  

 

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანში იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს ამ კუთხით?

 

დაავადებების მართვა უნდა ხდებოდეს მკტკიცებულებებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, საჭიროა გაიდლაინები და გამოცდილება. სამივე კომპონენტი არის უმნიშვნელოვანესი. დღეს საქართველოშიი სამივე კომპონენტში ბევრი გვაკლია.  

 

აშშ-ში, სადაც მე ვმუშაობ, ეს ყველაფერი იქაც სარეკომენდაციო ხასიათისაა. თუმცა არსებობს მკაცრი მოთხოვნა, რომ პაციენტი უნდა წავიდეს კმაყოფილი და არ უნდა დაიღუპოს ის. თუ ერთი ნაბიჯი მაინც შეგეშალა გაიდლაინში, შეიძლება პაციენტი დაიღუპოს. სამწუხაროდ, მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, ეს არის გამოცდილება, ცოდნა, ინტუიცია და ხელოვნება. მხოლოდ წიგნიც არაფერია, თუ პრაქტიკა, ცოცხალ ავადმყოფთან შეხება არ გექნება. ისტორიკოსი შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ კითხვით, ექიმი – ვერა.

 

ჩვენს ორგანიზაციას, ქართულ-ამერიკული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციას (GAMPHA), რომელიც 2011 წელს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალესტების მიერ დაარსდა, გვინდოდა საქართველოში ყოფილიყო ერთი საუნივერსიტეტო ბაზა მაინც, სადაც ახალგაზრდა ექიმების განათლება იქნებოდა შესაძლებელი. ის განათლება, რასაც  Post-graduate education (დიპლომისშემდგომი განათლება) ჰქვია. აქ ამ მხრივ სისტემური პრობლემაა.

 

ვინ და როგორ უნდა იზრუნოს დიპლომის შემდგომ განათლებაზე?

 

მონდომება მთავრობიდან უნდა მოდიოდეს, უნდა იყოს მონდომება ხარისხიანი სამედიცინო მიწოდებისა და განათლებული ექიმების. ჩვენ უნდა მივაღწიოთ სინქრონიზაციას დასავლეთთან. ექიმებმა დასავლეთში და აქ ერთ ენაზე უნდა ილაპარაკონ. ყოველშემთხვევაში ფიზიოლოგიას არ უნდა ვიგებდეთ სხვადასხვაგვარად. ამას მაინც რომ მივაღწიოთ პირველ ეტაპზე, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

დღეს საქართველოში ექიმებმა იციან, რომ არის პრობლემები, მაგრამ არც ამას ამბობენ ღიად და არც ცვლიან რამეს, მკურნალობენ უცნაური მეთოდებით. აქ უკვე სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.

 

შესაძლოა, სამედიცინო სასწავლებლებმა ავტონომიის პირობებში თავად უნდა უზრუნველყონ სწავლის ხარისხი თავიანთ სასწავლებლებში. შემდეგ, როდესაც ერთი სასწავლებლის კურსდამთავრებულს ბევრად ხარისხიანი, ინგლისურ ენაზე განათლება ექნება მიღებული, გაუწევს კონკურენციას სხვა უმაღლესის დამთავრებულს. ამ შემთხვევაში ბაზარი დაარეგულირებს.

 

არის სხვა ფაქტორიც. შემოსავლის წყარო და ცოდნა შესაბამისი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ექიმს უწევს კომპომისზე წასვლა და კომპრომისული თამაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი