კომენტარი

განათლების სამინისტროს დეკლარაცია უნივერსიტეტების აკადემიური თავისუფლების შესახებ

18 ივნისი, 2013 • 1484
განათლების სამინისტროს დეკლარაცია უნივერსიტეტების აკადემიური თავისუფლების შესახებ

სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, 2013 წლის 30 ივნისამდე წარმოდგენილი დეკლარაციის შესახებ  მოსაზრებები ელექტრონული ფოსტით სამინისტროს მისამართზე გაგზავნონ. აღნიშნულ დეკლარაციას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ: 


                                             საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 

                                                                დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა 

                                        უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების
                                                                პრინციპების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, როგორც სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი ცენტრალური რგოლი, ადასტურებს თავის ერთგულებას საზოგადოების დემოკრატიულად განვითარების პრინციპების მიმართ. ამ პრინციპების მიზანია, დაცული იყოს არა მარტო თითოეული სოციალური, ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის, არამედ თითოეული პიროვნების, მოქალაქის ფუნდამენტური თავისუფლებები და აქედან გამომდინარე ინტერესები. ეს, თავის მხრივ, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც თითოეული პიროვნება წარმოადგენს ავტონომიურ ინდივიდს, რომელიც იმავდროულად თავისუფალი,  დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრია. ჯერ კიდევ ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი აღნიშნავდა, რომ სწორედ უნივერსიტეტია (უმაღლესი სასწავლებელი) ის ადგილი, სადაც ასეთი ინდივიდის აღზრდას, ჩამოყალიბებას, თვითგანვითარებასა და თვითრეალიზებას შეეწყობა ხელი, ანუ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თვისუფალ, სამართალცნობიერ და ზნეობრივ პიროვნებად ყალიბდება. ასეთი ადამიანები, როგორც მოქალაქეები, საზოგადოებაში ერთმანეთს მოიაზრებენ და აღიარებენ თავისუფალ და თანასწორ პიროვნებებად. ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სამყაროს ნაწილის, მომავალი დამოკიდებულია ასეთი მოქალაქეებისათვის, პიროვნებებისათვის იმგვარი სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს შექმნაზე, რომელშიც და რომლის საშუალებითაც კულტურული კაცობრიობის უსაკუთრივესი და უმნიშვნელოვანესი ღირებულებები თავისუფლება და ღირსება იქნება დაცული. ასეთი გარემოს შექმნა, განვითარება და განვრცობა კი თავისუფალ აკადემიურ სივრცესა და ავტონომიურ უნივერსიტეტს შეუძლია. სწორედ იმისათვის, რომ თავისუფალი აკადემიური სივრცე შეიქმნას და ავტონომიური უნივერსიტეტი შედგეს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს და დაინერგოს ფუნდამენტური პრინციპები და დაიგეგმოს მათი განხორციელებლის გზები:

 

1. დასახული მიზნების შესაბამისად, ქართულ აკადემიურ სივრცეში სათავე უნდა დაედოს უნივერსიტეტების მოწყობის ისეთ სისტემას, რომლის2
პირობებშიც შესაძლებელი იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი ძირითადი საგანამანთლებლო ერთეულების
ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების რეალურად განხორციელება.

2. უნივერსიტეტის, როგორც ავტონომიური წარმონაქმნის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, ცოდნა არა მარტო ახალგაზრდა თაობას (სტუდენტებს)  გაუზიაროს, არამედ მთელ საზოგადოებას, რაც სწორედ იმის საწინდარი იქნება, რომ საზოგადოების თითოეული წევრი თავად ჩამოყალიბდეს ავტონომიურ ინდივიდად. ავტონომიური ინდივიდი კი არის ადამიანი,  რომელიც გონებრივ მოწიფულობას, თვითგამორკვევასა და შემდგომ თვითკმარობას საკუთარი გონების გამოყენებით მიაღწევს და არა სხვისი
კარნახით.

3. უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპი სტუდენტთა და მასწავლებელთა თავისუფლებას უზრუნველყოფს და მომდინარეობს თავად
ავტონომიურობის იდეის არსიდან, რაც აკადემიურ კონტექსტში გამოიხატება იმაში, რომ აკადემიური სივრცე თავად ადგენს თავისი ფუნქციონირების კანონებსა და წესებს, რომლებიც თავიდანვე გამორიცხავს ყოველგვარი თვითნებობის გამოვლინებას და აკადემიური თავისუფლების საფუძველი,  საყრდენი და გარანტია. ავტონომია ეფუძნება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტთა ერთიანობას და მოიცავს როგორც გარეშე ფაქტორებისაგან დამოუკიდებლობას, ისე შიდა ავტონომიურობას.

ა) გარეშე ფაქტორებისაგან დამოუკიდებლობა გულისხმობს, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის დაცული უნდა იყოს სახელმწიფოებრივ-
პოლიტიკური და ეკონომიკურ-ფინანსური ზეგავლენისაგან. უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს სრული ფინანსური ავტონომია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიუჯეტის სრული მოცულობა ან მისი დიდი ნაწილი სახელმწიფოსგან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს უნდა შეეძლოს თავისი
ბიუჯეტის გონივრული, თავისუფალი და სამართლიანი განკარგვა სრული აკადემიური თავისუფლების განხორციელებისათვის. უნივერსიტეტი არ უნდა განიცდიდეს სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფებისა თუ პარტიების გავლენას, მაგრამ ტოლერანტულად უნდა იყოს განწყობილი მათ მიმართ. ყოველი ამ ჯგუფის წარმომადგენელს თავისუფლად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა შეეძლოს აკადემიური საქმიანობის წარმართვა მის წიაღში. სახელმწიფოს ჩარევა უნივერსიტეტის ფუნქციონირებაში სასწავლო-3 კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში დაუშვებელი უნდა იყოს,  რადგან მის კომპეტენციას სცილდება სწავლების, სწავლისა და კვლევის პრინციპების განსაზღვრა.

 

ბ) უნივერსიტეტის შიდა ავტონომიურობა გულისხმობს მისი ისეთი სტრუქტურის არსებობას, რომელიც პროფესორთა კორპუსისა და სტუდენტთა მიერ თავიანთი უფლება-მოვალეობების გონივრულ, თავისუფალ და სამართლიან შესრულებას უზრუნველყოფს. პროფესორთა კორპუსი და სტუდენტები არ უნდა განიცდიდნენ არავითარ წნეხს შიდა საუნივერსიტეტო სტრუქტურების მხრიდან; არ უნდა ექცეოდნენ ცალკეული აკადემიური თუ ადმინისტრაციული თანამდებობის პირების თვითნებური გადაწყვეტილებებისა და ქმედებების გავლენის ქვეშ.

4. აკადემიური თავისუფლება არის იდეა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების იმ სახეებს და შესაბამის პასუხისმგებლობათა რიგს,
რომლებიც განსაზღვრულია უმაღლესი სასწავლებლების, მათი  მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და სტუდენტებისთვის და უპირველესად
კვლევის, სწავლებისა და სწავლის პროცესის თავისუფლებას გულისხმობს.

ა) კვლევის თავისუფლება: კვლევის თავისუფლება გულისხმობს, რომ  მეცნიერი არის თავისუფალი მისი კვლევის ობიექტის განსაზღვრაში,
მეთოდოლოგიურ მიდგომაში, ისევე როგორც კვლევის შედეგების შეფასებასა  და გავრცელებაში. თუმცა მისი ეს თავისუფლება დაკავშირებულია აკადემიურ ვალდებულებასა და სინდისიერებასთან, რაც გულისხმობს, რომ კვლევის  პროცესი და კვლევის შედეგები არ უნდა იყოს ზიანის მომტანი  საზოგადოებისა და ინდივიდებისათვის და არ უნდა იწვევდეს არავითარი  სახის დისკრიმინაციას.

ბ) სწავლების თავისუფლება: უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსს უფლება აქვს, თავისი შეხედულების მიხედვით დაგეგმოს და  განახორციელოს სასწავლო ღონისძიებები შინაარსობრივად და მეთოდოლოგიურად და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი მეცნიერული და სასწავლო-საგანმანათლებლო შეხედულებები, თუკი ისინი არ ლახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას და არ იწვევს რაიმე სახის დისკრიმინაციას. ამრიგად, სწავლების თავისუფლება წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების აკადემიურ ნაირსახეობას.

გ) სწავლის თავისუფლება: სასწავლო წესრიგის ფარგლებში სტუდენტს აქვს უფლება, თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს სასწავლო ღონისძიებები და ამავდროულად თავისი უნარებისა და ცოდნის შესაბამისად ჩაერთოს 4 უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევით პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს მისი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას და მისცემს შესაძლებლობას, გამოიმუშავოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევები. ამ უფლებიდან მომდინარეობს სტუდენტის თავისუფლება თავად დაგეგმოს საკუთარი აკადემიური განათლება. ამასთან ერთად, სტუდენტს უფლება აქვს, ჩამოაყალიბოს და გამოხატოს თავისი მეცნიერული შეხედულება.

5. თავისუფალი აკადემიური სივრცის აუცილებელ კომპონენტს სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს იმას,  რომ:

ა) სწავლისა და სწავლების პროცესში მუდმივად უნდა იყოს გათვალისწინებული კვლევის უახლესი შედეგები, რაც სწავლას უფრო სიღრმისეულსა და მრავალფეროვანს გახდის, მეორე მხრივ, კი უფრო მასშტაბურ საზოგადოებრივ დატვირთავს შესძენს სამეცნიერო-კვლევით მიღწევებს, ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების ნაყოფიერ საზოგადოებრივი დანიშნულებით და მათ ადაპტაციას სასწავლო
პროგრამაში დასანერგად.

ბ) სტუდენტები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული კვლევის პროცესების გაანალიზებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ ისე აღზრდას, რომ თავიანთი
წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს კი ნიშნავს მათ სოციალურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებას. სტუდენტი არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ სწავლების ობიექტად, არამედ უნდა გამოიკვეთოს მისი, თანასწორი მონაწილეობა როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესებში. სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესების მაქსიმალურად წარმატებული განხორციელებისათვის საჭიროა მჭიდრო ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა აკადემიურ წრესთან. ეს გულისხმობს აკადემიური გამოცდილების გაცვლისა და გაზიარების მიზნით როგორც ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, ისე პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მობილობას. ამასთანავე უნდა შეიქმნას აკადემიური გარემოს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა, რათა განათლება და კვლევა მხოლოდ თავისუფალი ბაზრის მოთხოვნებზე არ იყოს ორიენტირებული, რაც ერთი მხრივ, სამეცნიერო კვლევისა და სწავლების თვითკმარი მნიშვნელობისა და ღირებულების გარკვეულ დაკნინებას გამოიწვევდა, მეორე მხრივ, კი თავისუფალი ინდივიდის შესაძლებლობების სრულ რეალიზებას შეუშლიდა ხელს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს ყველა გზას, რათა საქართველოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ხელი შეუწყოს აკადემიური  თავისუფლებისა და ავტონომიურობის იმ პრინციპების განვითარებას, რომლებიც მოცმეულ დეკლარაციაშია განსაზღვრული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი