კომენტარი

“ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის შემცირება შეუძლებელია”

11 ივნისი, 2013 • 1389
“ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის შემცირება შეუძლებელია”

ბატონო კობა, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების მიხედვით, რამდენად შეიძლება ავღანეთში მყოფი კონტინგენტის შემცირება მოითხოვოს ქართულმა მხარემ?

 

ეს შეუძლებელი მგონია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ ყოვლისა, ქართული ქვედანაყოფი გაიზარდა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით. შესაბამისად, თავდასხმისა და მსხვერპლის გამო ქვედანაყოფის გაყვანა ანდა შემცირება, როდესაც საბრძოლო ოპერაცია ავღანეთში 2014 წელს უნდა დასრულდეს, – საქართველოს არასანდო, მერყევ პარტნიორად წარმოაჩენს საერთაშორისო პარტნიორების თვალში. და მესამეც: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთოდ პირქუში სურათი დახატა: თუ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი დატოვებს ავღანეთს, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ასე რომ, აღებული გვაქვს საკმაოდ მძიმე ვალდებულება, რომლის რადიკალური კორექტირება შეუძლებელი ჩანს.

 

ჰელმანდის პროვინციაში ქართველებთან ერთად რომელი ქვეყნის მისია იმყოფება?

 

ძირითადად, ეს არის დიდი ბრიტანეთის ქვედანაყოფის პასუხისმგებლობის ზონა. თუმცა, ქართველ ქვედანაყოფთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ამერიკელ ინსტრუქტორებსაც.

 

თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ჰელმანდის პროვინციიდან შედარებით უსაფრთხო ზონაში გადავიდეს ქართული დანაყოფი?

 

ასეთი რამ მომხდარა ბრიტანული ქვედანაყოფის შემთხვევაში. თუმცა, ამას სჭირდება ნატოს სარდლობის მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და კოორდინირებული მოქმედება. საქართველოს სარდლობა ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. საერთოდაც, დისლოკაციის ადგილის შეცვლა არ ნიშნავს უკანდახევას და გაქცევას ბრძოლის ველიდან. მეტიც, როდესაც ავსტრალიელმა ჟურნალისტებმა ბრიტანეთის პრინცის, ჰარის ჰელმანდში ყოფნის შესახებ გაიგეს, ბრიტანეთის არმიის სარდლობამ სასწრაფოდ მოახდინა მისი ევაკუაცია სამშობლოში. თუმცა, ჰარი 2012 წელს დაბრუნდა და 5 თვე მსახურობდა ჰელმანდში ბრიტანელ ჯარისკაცებთან ერთად.

 

ჰელმანდის პროვინციაში, ყველაზე რთულ რაიონში, ქართული ჯარის განთავსება – ეს ჩვენი არჩევანი იყო თუ ვალდებულება?

 

საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა იყო, მე როგორც ვიცი. ყველაზე სახიფათო უბანზე დიდი რაოდენობით ჯარისკაცის გაგზავნით სააკაშვილის ხელისუფლება რამდენიმე პოლიტიკურ მიზანს ისახავდა. თუმცა, ის, რომ ქართველ ჯარისკაცებს ერთ-ერთ სახიფათო უბანზე ანდეს საბრძოლო დავალების შესრულება, ეს ქართული სამხედრო ძალებისადმი ნდობის დადასტურებადაც შეიძლება ჩაითვალოს.

 

კობა ლიკლიკაძე
კობა ლიკლიკაძე

ამ თავდასხმას წინ უსწრებდა რამდენიმე ფაქტი, მაგალითად, ის რომ თალიბების სახელით მუქარის შემცველი ვიდეო
გავრცელდა. ასევე საინტერესოა, რომ ჯარისკაცების დაღუპვის მეორე დღეს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ – “ნიუ იორკ თაიმსმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ქართველი ჯარისკაცების ქცევა უარყოფითად იყო წარმოჩენილი. და ეს გააკეთა იმავე სტატიაში, რომელშიც შვიდი ჯარისკაცის დაღუპვაზე იტყობინებოდა. გარდა ამისა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ერთად. საქართველოში გაიმართა აქციები – არ გვინდა ნატო. ამ კონტექსტში ითქვა პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტზეც, როცა მან კამერების წინ ჰკითხა ჯარისკაცს თალიბებთან მიმართებაში – „შენ რამდენი მოკალი“. ხედავთ თუ არა ამ ფაქტებს შორის ურთიერთკავშირს და რა წვლილი შეიძლება მიუძღოდეთ ამ ყველაფერში, მაგალითად, რუსეთის სპეცსამსახურებს?

 

საპროტესტო მოთხოვნებში მიუღებელი არაფერია. ნატოს ბევრ ქვეყანაში გაიმართა ასეთი აქციები და ზოგან შედეგსაც
მიაღწიეს. მაგრამ უფრო უპრიანი იქნებოდა, საპროტესტო აქცია გამართულიყო გასულ სექტემბრამდე, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ყოველგვარი არსებითი კამათის გარეშე, თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ასეთ გადაწყვეტილებას. მაშინ არავის უკითხავს, რატომ უნდა ჰყავდეს საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერილში ერთად აღებული ნატოს 11 სახელმწიფოზე (საფრანგეთზე, საბერძნეთზე, ავსტრიაზე, ჩეხეთზე, სლოვაკეთზე, ლიტვაზე, ლატვიაზე, ესტონეთზე, ირლანდიაზე, ისლანდიასა და სლოვენიაზე) დიდი ქვედანაყოფი? რა საერთაშორისო პოლიტიკური მიზნის მიღწევას სჭირდება ასეთი დიდი რისკი? რამდენად შეესაბამება ქართველი ჯარისკაცების ანაზღაურება მათ მიერ გაღებულ წვლილს და ასე შემდეგ.

 

ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ ჰიპერაქტიულ პიარს, რომელიც ავღანეთში ჩასული საქართველოს პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა თუ პარლამენტის წევრების პიარს ემსახურებოდა და არა თავად ქართველი ჯარისკაცების ღვაწლის წარმოჩენას. სწორედ ამ ყოვლისმომცველი თვითპიარის, ამ „სპინის“ შემადგენელი ნაწილია ის ტრაგიკული შეცდომა, როდესაც დაუმონტაჟებლად გადაიცა საქართველოს პრეზიდენტის საუბრის კადრები მოიერიშეების
განადგურებაში 13 მაისს მონაწილე ორ ქართველ ჯარისკაცთან, რაც უსაფრთხოების მოთხოვნების უხეში დარღვევით მოხდა. რაც შეეხება ცნობილ ვიდეომუქარას, ალბათ მისი ავტორების დადგენა მნიშვნელოვანია, უფრო მეტად პოლიტიკური თვალსაზრისით. რაკი მისი შექმნა ქვეყნის შიგნით არსებულ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთბრალდებების საბაბად იქცა. სხვათაშორის, ამ მხრივ ამ პროპაგანდისტული ვიდეოს ავტორებმა თავის მიზანს, შეიძლება ითქვას, რომ მიაღწიეს. მაგრამ ფაქტია და ვერც ამას გავექცევით, რომ ავღანელმა ექსტრემისტებმა მიზანში ამოიღეს ქართველი ჯარისკაცები და ამას სერიოზული დაფიქრება, უსაფრთხოების გარემოს გაანალიზება და დასავლეთის სამხედრო მოკავშირეებთან ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება სჭირდება. 


ვერსიები და ვარაუდები არ არის ჟურნალისტის საქმე. ომი ომია და, ასეთ დროს ყველა გამოწვევა, შესაძლო ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული – ამ შემთხვევაში რუსულიც, პაკისტანურიც და ირანულიც. კოალიციური ძალების საბრძოლო დანაყოფების გასვლამდე ბევრი შეეცდება წყლის ამღვრევას ავღანეთში.


რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს დიდი მსხვერპლი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოსთვის მაპის მიღების საქმეში?


პირველ რიგში, ქედს ვიხრი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე. თავის დროზე რადიო თავისუფლების საიტზე „ხსოვნის გვერდის“ შექმნის ინიციატორი ვიყავი და მიხარია, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად თუნდაც ძალიან მცირე წვლილი შევიტანე ამ მებრძოლების უკვდავყოფის საქმეში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მასზე ამომწურავ პასუხს ნატოს მომავალი წლის სამიტი გასცემს. მოელიან, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ეს იქნება ალიანსის გაფართოების სამიტი და, ასევე, მაპ-ის კანდიდატებიც დასახელდებიან. თუმცა, მე რამდენადაც ვიცი, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, ერთ-ერთი, მაგრამ არა უმთავრესი ფაქტორია გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად. ნატო უწინარესად დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსია. ამ კლუბში წევრობას უწინარესად დემოკრატიის დონე განსაზღვრავს და არა თუნდაც საერთო ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა.


ავღანეთში ქართული ჯარის ყოფნა ნიშნავს თუ არა საქართველოს უსაფრთხოებას და რატომ?


უსაფრთხოების დამატებითი გარანტია ნამდვილად არის. მაგრამ არა სრული და ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმაც დაადასტურა, როდესაც ერაყში 2000 ქართველი ჯარისკაცის ყოფნას არ შეუშლია ხელი რუსეთისთვის, წამოეწყო სამხედრო პროვოკაცია, ჩაეთრია მასში საქართველოს ხელისუფლება და განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შედეგადაც საქართველომ მთლიანად დაკარგა კონტროლი ახალგორზე, კოდორისა და დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი